Facebook Twitter

საქმე №ას-442-2019 17 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „მ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „მ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის _ 39 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 17 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელზეც იმავე დღეს გაიცა #080306 სადაზღვევო პოლისი. ხელშეკრულებით მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ნორმალურ სამუშაო პროცესში გამოწვეული ზიანი, რომელიც მიადგა კომპანიაში დასაქმებული პირის სხეულს ან ჯანმრთელობას. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ. ბათუმში, ....... მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოცვივდნენ რ. და მ. თ–ები, რასაც მათი გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს მოსარჩელე კომპანია. მოსარჩელეს, მასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და მოპასუხეს შორის არსებობს დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბებული ბიზნეს პრაქტიკის თანახმად, კომპანიები ერთმანეთის მიმართ დაგროვებულ დავალიანებას ურთიერთშეთანხმებით ქვითავდნენ. 2017 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების მიმართაც ამგვარი მოლოდინი არსებობდა. დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის #080306 პოლისის თანახმად, მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი ერთ პირზე შეადგენს 100 000 აშშ დოლარს. სადაზღვევო შემთხვევის მიყენებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მოსარჩელემ ორივე დაღუპულის ოჯახს მთლიანობაში გადაუხადა 39 000 ლარი. შემთხვევის დადგომის დღესვე დროულად მოხდა მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინება. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ 2018 წლის 26 იანვრის ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებების თანახმად, გარდაცვლილი რ. თ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მამა _ ჯ. თ., ხოლო, გარდაცვლილი მ. თ–ძის უფლებამონაცვლედ მისი მამა _ მ. თ. დამზღვევს მზღვეველის 2017 წლის 15 სექტემბრის, 22 სექტემბრისა და 6 ნოემბრის წერილებით უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, შესაბამისად სადაზღვევო პოლისი არ იყო ვალიდური (აქტიური).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, რაც სადაზღვევო პოლისის ვალიდურობას და შესაბამისად, შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა. მოსარჩელემ პრემია მხოლოდ შემთხვევის დადგომის შემდეგ გადაიხადა. სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ნორმალურ სამუშაო პროცესში გამოწვეული ზიანი, რომელიც მიადგა კომპანიაში დასაქმებული პირის სხეულს ან ჯანმრთელობას. ე.ი გარდა სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობისა, დასადგენია ნორმალურ სამუშაო პირობებში ხდებოდა თუ არა სამუშაოების შესრულება. მოპასუხეს სარჩელი ისე ჩაბარდა, რომ 2018 წლის 27 მარტამდე დამზღვევს არ გადაუგზავნია აღნიშნულ ფაქტზე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი წერილობითი დოკუმენტაცია, შესაბამისად, მზღვეველი მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ზარალი და იმსჯელოს რაიმე საკითხზე, რადგანაც არ გააჩნია შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი რაიმე დოკუმენტაცია. გარდა ამისა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შემთხვევაში, გაურკვეველია, რატომ აანაზღაურა დამზღვევმა სადაზღვევო პრემია შემთხვევის დადგომის შემდგომ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 39 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 17.08.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 17.08.2017 წელს გაიცა დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის #080306 პოლისი. პოლისის თანახმად სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა ზიანი, გამოწვეული დამქირავებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობით, რომლის შედეგია თანამშრომლის სხეულსა და/ან ჯანმრთელობაზე მიყენებული დაზიანება. პოლისის მე-9 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო პრემია 5 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რომელიც დამზღვევს სამ ეტაპად: 01.09.2017წ., 01.10.2017წ. და 01.11.2017წ. უნდა გადაეხადა. თითოეულ ეტაპზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა 1 666.67 აშშ დოლარით განისაზღვრა;

1.2.2. მზღვეველმა პირველ ეტაპზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე ანგარიშ-ფაქტურა 21.08.2017 წელს გამოწერა. დამზღვევმა კი, დაზღვევის საფასურის დანიშნულებით 1 666.67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სს ,,ტ–ის“ მეშვეობით 13.09.2017 წელს ჩაურიცხა მოპასუხეს;

1.2.3. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.ბათუმში, ....... მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოცვივდნენ რ. და მ. თ–ები, შემთხვევას მოჰყვა მათი გარდაცვალება;

1.2.4. 17.08.2018წ. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამზღვევი მოითხოვს მზღვეველისათვის 39 000 ლარის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ დადგა სადაზღვევო რისკი _ მესამე პირებთან მიმართებით დადგა მისი პასუხისმგებლობა;

1.2.5. უდავოა, რომ პოლისით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სადაზღვევო პრემია გადახდილი არ ყოფილა, თუმცა, დამზღვევი სარჩელში აღნიშნავდა, რომ გარიგების დადების ეტაპზე მხარეებს შორის 17.08.2017წ. ხელშეკრულების დადებამდე არსებული საქმიანი ურთიერთობის საფუძველზე, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნების საფუძველზე პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდასთან მიმართებით მოთხოვნის გაქვითვის მოლოდინი გააჩნდა. საქმეში წარმოდგენილი 25.05.2017წ. სამმხრივი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, რომელიც სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელ თანხას წარმოადგენდა, სადაზღვევო კომპანიის მიმართ სს „მ.ა.ჯ–ას“ მოთხოვნის უფლებაში გაიქვითა. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება 17.08.2017 წლის პოლისით პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდისთვის გათვალისწინებული პერიოდისთვის (01.09.2017წ) მხარეებს შორის გასაქვითი მოთხოვნის არსებობის ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 17.08.2017 წელს დაიწყო და დამზღვევმა პირველი სადაზღვევო პრემია დაგვიანებით გადაიხადა (04.12.2018წ. 16:06:50-16:06:55), გასაქვითი მოთხოვნის თაობაზე მოთხოვნის არსებობის შესახებ მსჯელობას საფუძველს აცლის თავად მოსარჩელე მხარის ქმედება, რომლითაც მან სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე დღეში სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე პირველი პორციის ოდენობის სადაზღვევო პრემიის ოდენობის თანხა ჩარიცხა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 799-ე (1) და 839-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის დადგომის, ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მზღვეველისათვის შეტყობინებისა და მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის მითითების/დამტკიცების (შედავების შემთხვევაში) ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტები, თუმცა, მოპასუხემ განსახილველ მოთხოვნას არსებითი ხასიათის შედავება დაუპირისპირა, რომლის დადასტურებაც გამორიცხავს სარჩელს, კერძოდ, შესაგებელში მზღვეველი ძირითადად აპელირებს შემთხვევის დადგომის დროისათვის პირველი სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობაზე. სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან. ხსენებული ნორმა იმპერატიულია და სწორედ დამზღვევის მხრიდან პრემიის გადახდის ფაქტს უკავშირებს მზღვეველის ვალდებულების წარმოშობას. მხარეთა შორის უდავოა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის დამზღვევს პრემიის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, შესაბამისად, არც დამზღვევს წარმოშობია ანაზღაურების ვალდებულება. რაც შეეხება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ფაქტს, სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ მოსარჩელის მხრიდან პრემიის ანაზღაურება ვალდებულების შესრულების გამომრიცხველ ფაქტად, რის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების წარმოშობის/შესრულების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ ას-719-674-2010, 27 ივნისი, 2011 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.04.2019წ.წ. #3176336 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 950 ლარის 70% _ 1 365 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „მ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „მ.ბ–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.04.2019წ.წ. #3176336 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 950 ლარის 70% _ 1 365 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი