Facebook Twitter

2 ივლისი, 2021 წელი,

საქმე №ას-131 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.თ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.თ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის ამღები, მსესხებელი ან მოვალე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1.1. პირველ მოპასუხეს, ზ.თ–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) და პ.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე) 2019 წლის 9 ივლისის მონაცემებით 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4974,07 ლარისა (ძირითადი თანხა - 2816.66 ლარი, პროცენტი - 1131.43 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი, დაზღვევა - 25.98 ლარი) და ძირითად თანხაზე - 2816.66 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 29%-ის (ყოველთვიურად - 68.06 ლარი) სარგებლის სოლიდალურად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად - 6500 ლარი განისაზღვრა;

1.2. პირველ მოპასუხეს, ი.გ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე) და ა.დ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე) 2019 წლის 9 ივლისის ვითარებით 2016 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 585,57 ლარის (ძირითადი თანხა - 8 000 ლარი, პროცენტი -2 585.57 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 1000 ლარი), ძირითად თანხაზე - 8 000 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 25%-ის (ყოველთვიურად - 166.66 ლარი) სარგებლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად - 10400 ლარი განისაზღვრა; კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მითითებით, კრედიტის აღების შემდეგ მისი ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, ამჟამად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას, რაც თავდებების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია.

2.1. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური პირობების გამო, ვადა გადაცილებულად არ უნდა ჩაეთვალოს და არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2015 წლის 11 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე წლის 17 დეკემბერს მათ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა - 5 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა 24 თვეს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 29%-ს შეადგენდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).

5.4. კრედიტის მოქმედების პერიოდში შეთანხმების დამატებითი პირობა „ G. ჰ–ში“ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევით განისაზღვრა.

5.5. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა მეორე და მესამე მოპასუხესთან გააფორმა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებიც, რომელთა მიხედვითაც, ამ უკანასკნელებმა ბანკის წინაშე იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ წერილობითი ვალდებულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა - 6 500 ლარით განისაზღვრა (სსკ-ის 891-ე მუხლი).

5.6. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2017 წლის 10 დეკემბრიდან შეწყვიტა გადახდა. 2019 წლის 9 ივლისის მონაცემებით დავალიანება 6090, 74 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 2816,66 ლარი, პროცენტი - 1131,43 ლარი, ჯარიმა - 2116,67 ლარი, ხოლო სადაზღვევო მომსახურების ანაზღაურება - 25,98 ლარია.

5.7. 2016 წლის 31 ოქტომბერს პირველ, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, 2015 წლის 11 სექტემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა - 8 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა შეადგენდა 26 თვეს, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 25%-ს. პირგასამტეხლო - სესხის გადახდის გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარს, ხოლო გადაცილებული ერთი დღის შემდეგ გადასახდელი თანხის 1%-ს შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.8. კრედიტის მოქმედების პერიოდში შეთანხმების დამატებითი პირობა „ G. ჰ–ში“ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევით განისაზღვრა.

5.9. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა მეოთხე და მეხუთე მოპასუხესთან გააფორმა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, ამ უკანასკნელებმა ბანკის წინაშე იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ წერილობითი ვალდებულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა - 10400 ლარით განისაზღვრა.

5.10. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 20 ივნისიდან შეწყვიტა გადახდა. 2019 წლის 9 ივლისის ვითარებით დავალიანება 13 934,77 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 8 000 ლარი, პროცენტი - 2 585.57 ლარი, ხოლო ჯარიმა - 3 349.20 ლარია.

6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სესხის/საბანკო კრედიტის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, სამომავლო და პირობით ვალდებულებებისათვის), 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლები.

7. განსახილველ საქმეზე სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (შდრ. #ას-914-864-2015, 04.12.2015წ). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (შდრ. სუსგ #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.), შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (შდრ. სუსგ #ას- 932-882-2015, 15.03.2016წ).

7.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო, მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან, თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (შდრ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).

7.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 სექტემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებელი 29%-ით, ხოლო 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით 25%-ით განისაზღვრა, რასაც მსესხებელიც დაეთანხმა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ოდენობით პროცენტის გამოანგარიშების შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთება და კასატორს სწორად დაეკისრა როგორც საპროცენტო სარგებელი ისე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილი ზიანი წლიური საპროცენტო სარგებლის ექვივალენტი თანხის სახით.

8. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სოციალურ ეკონომიკური პირობების გამო, არც პირგასამტეხლოს გადახდა არ უნდა დაეკისროს.

8.1 კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

8.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

8.3. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 11 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში პირგასამტეხლო - 2116,67 ლარი, ხოლო 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3349, 20 ლარია, რომლებიც მოსარჩელემ 1000 ლარამდე შეამცირა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების, გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას 2015 წლის საბანკო კრედიტის ფარგლებში, სადაზღვევო თანხის დაკისრების თაობაზეც და აღნიშნავს, რომ პირველ მოპასუხეს/კასატორს სადაზღვევო თანხა მხარეთა შორის შეთანხმების ფარგლებში დაეკისრა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 461. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე