Facebook Twitter

25 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-572-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ს.მ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის შემკვეთისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 31 მარტს შპს „ს.გ. ს.ს.კ–სა“ (შემდეგში შპს „ს.მ–ა“, წინამდებარე ტექსტში მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) და შპს „ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა N22-ბ/15 ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება).

2. ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით, ელექტრონული ტენდერის შედეგად მენარდემ, როგორც გამარჯვებულმა კომპანიამ, იკისრა შემდეგი ვალდებულება: 81 კალენდარული დღის განმავლობაში (2015 წლის 20 ივნისი) შეესრულებინა ,,კაზრეთის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ78+10-დან პკ100+02-მდე რეაბილიტაციის“ სამუშაოები 849 900 ლარად.

3. 2015 წლის 15 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა N1 შეთანხმება, რომლითაც დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა, 81 კალენდარული დღის ნაცვლად, 204 კალენდარული დღით (2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით) განისაზღვრა.

2015 წლის 9 ნოემბერს მხარეებმა კვლავ გააფორმეს შეთანხმება N2, რომლითაც ცვლილება შევიდა ნარდობის ხელშეკრულების პირველ პუნქტში (ხელშეკრულების საგანი და ღირებულება) და სამუშაოების შესრულების ვადა 254 კალენდარული დღით (2015 წლის 20 დეკემბრამდე) განისაზღვრა.

4. 2015 წლის 25 დეკემბერს, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდემ შემკვეთს წარუდგინა საავანსო საბანკო გარანტია, რის შემდეგაც მოსარჩელემ გასცა ავანსი (წინასწარი ანგარიშსწორება) – 233 327.42 ლარი.

5. მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემკვეთმა მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოპასუხის ე.წ. „შავ სიაში“ დარეგისტრირება მოითხოვა.

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2016 წლის 6 აპრილი განკარგულებით, მენარდე (მოპასუხე) ე.წ. „შავ სიაში“ დარეგისტრირდა.

6. 2016 წლის 23 მარტს, შემკვეთმა (მოსარჩელე) წერილით მიმართა სს ,,ბ.ბ–ს“ და, მოპასუხის (პრინციპალი) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ითხოვა, რომ გარანტიის ფარგლებში გადაგზავნილიყო თანდართული დოკუმენტები მითითებულ მისამართზე. მოსარჩელემ უარი მიიღო საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე.

„სვიფტით“ მიღებული პასუხით მოსარჩელემ უარი მიიღო სავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე.

7. 2016 წლის 6 აპრილს, შემკვეთმა მენარდეს წერილით მიმართა და მათ შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა. გარდა ამისა, შემკვეთმა მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხის, 233 327.42 ლარის, უკან დაბრუნება.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ივნისის დასკვნით დგინდება შემდეგი:

ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ შეასრულა გარკვეული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო, კერძოდ, სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაო. აღნიშნულ ობიექტს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალი გარეგნულად ეტყობოდა, თუმცა, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოს ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოც) ფარულად იყო შესასრულებელი, ამიტომ ექსპერტიზის დროს ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა ზუსტი მოცულობის დადგენა. გარდა ამისა, ექსპერტიზის პერიოდისთვის მაგისტრალურ არხში წყალი იყო გაშვებული, შესაბამისად, ექსპერტი ვერ იმსჯელებდა შემდეგ საკითხზე: მენარდის მიერ რეალურად შესრულებული 110 987.68 ლარის (დღგს ჩათვლით) ღირებულების სამუშაო შეესაბამებოდა თუ არა სამუშაოთა შესრულების შესახებ 2015 წლის 8 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისისა და 2016 წლის 5 თებერვლის შესრულებულ სამუშაოთა აქტებში მითითებულ მონაცემებს;

ვინაიდან მენარდის მიერ შესრულებული სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად წარმოადგენდა ფარული სამუშაოების კატეგორიას, ექსპერტი ვერ იმსჯელებდა, ხარისხიანად შესრულდა თუ არა მითითებული სამუშაოები და შეესაბამებოდა თუ არა ნარდობის ხელშეკრულებათა პირობებით გათვალისწინებულ და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს;

წარდგენილი სატენდერო ხარჯთაღრიცხვისა და N2 ფორმების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ მენარდემ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დამატებით, ექსკავატორით (ე.წ კოდალით) შეასრულა კლდოვანი ქანის დამუშავებითი სამუშაოები, ჯამური ღირებულებით 4 467.80 ლარი. იმის გამო, რომ ხსენებული სამუშაოც ფარულად შესასრულებელი იყო, ექსპერტმა მის ზუსტ მოცულობაზე და მასზე რეალურად გახარჯულ თანხაზე ვერ იმსჯელა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას თან დაერთო მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტები, მათ შორის: 2015 წლის 8 მაისის N1, 2015 წლის 28 მაისის N2, 2015 წლის 10 ივნისის N3 და 2016 წლის 5 თებერვლის N4 აქტები, რომელთა თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი თანხა 110 987.68 ლარს შეადგენდა.

ექსპერტის მითითებით, იგი ვერ იმსჯელებდა, დასახელებული თანხა შეესაბამებოდა თუ არა სამუშაოს შესრულების შესახებ ზემოაღნიშნულ აქტებში მითითებულ მონაცემებს, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი (შესაძლებელია მთლიანი სამუშაოც) ფარული სამუშაების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა ზუსტი მოცულობის დადგენა ექსპერტიზის პერიოდში ტექნიკურად შეუძლებელი იყო

9. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულდა 2015 წლის 8 მაისს, 2015 წლის 28 მაისს, 2015 წლის 10 ივნისსა და 2016 წლის 5 თებერვალს, თუმცა დასახელებული სამუშაოების ანგარიშსწორების აქტები საქმეში არ მოიპოვებოდა.

10. სასამართლოში სარჩელი აღძრა შემკვეთმა მენარდის წინააღმდეგ, რომლითაც, 2015 წლის 31 მარტის N22-ბ/15 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, საავანსო თანხის - 233 327.42 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს (მენარდე) 122 339.74 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის (შემკვეთი) სასარგებლოდ.

12. სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა უკვე აანაზღაურა მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 8 მაისს, 2015 წლის 28 მაისს, 2015 წლის 10 ივნისსა და 2016 წლის 5 თებერვალს შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება და 2015 წლის 25 დეკემბერს მენარდეზე გაცემული საავანსო საბანკო გარანტია წარმოადგენდა წინასწარ ანგარიშსწორებას მენარდის მიერ შემდგომში შესასრულებელი სამუშაოებისათვის, რაც შემდეგი არგუმენტით დაასაბუთა:

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის მე-3, მე-4, 102.1 მუხლები) გამომდინარე, მოსარჩელეს (შემკვეთი) უნდა დაემტკიცებინა, რომ მან მოპასუხის (მენარდე) მიერ შესრულებული სამუშაოები აანაზღაურა და, რომ, მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, მენარდის მიერ შემდგომში შესასრულებელი სამუშაოებისათვის ჩარიცხული თანხის წინასწარი ანგარიშსწორებაა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სხვადასხვა პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება მან საავანსო თანხის გაცემამდე აანაზღაურა. აღნიშნული გასათვალისწინებელი იყო მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის 29 დეკემბრის საგადახდო დავალების მიხედვით, ავანსის თანხა (232 327.42 ლარი) მხარეთა შორის 2015 წლის 31 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ სწორად დააკმაყოფილა და ეს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

16.1. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს სამუშაო სრულად არ შეუსრულებია და შემკვეთს შესაბამისი პროექტი შეუსრულებელი ჩაჰბარდა. მოპასუხეს სამუშაოების შესრულება უჭირდა, რის გამოც მოსარჩელე ხშირად ანგარიშს უწევდა, რათა პროექტი დასრულებულიყო. ამას მოწმობს არაერთი შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც სამუშაოთა შესრულების ვადები გრძელდებოდა. იმის გამო, რომ მენარდეს საკუთარი ხარჯებით სამუშაოების დასრულება არ შეეძლო, ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს თხოვნით მიმართა და ავანსის გაცემა სთხოვა. მოსარჩელე მოპასუხის ამ თხოვნას დაეთანხმა, რადგან ხელახალი ტენდერის გამოცხადება კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვდა, შემკვეთს კი, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ვალდებულება ეკისრა.

16.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ტერმინს „ავანსი“. ეს სიტყვა არსობრივად წინასწარ ანგარიშსწორებას გულისხმობს, შემდგომი გადახდის ანგარიშში და არაფრით უკავშირდება შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში სწორედ ავანსზეა მითითებული, მაშინ, როცა საქმეზე წარმოდგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ავანსის გაცემამდეა შედგენილი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: რამდენად სწორად არ დაკმაყოფილდა შემკვეთის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი მენარდისათვის მის სასარგებლოდ 110 987.68 ლარის დაკისრებას მოითხოვს. სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 233 327.42 ლარის დაკისრება იყო, თუმცა ეს მოთხოვნა მხოლოდ 122 339.74 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც მენარდეს (მოპასუხე) სადავოდ არ გაუხდია - დასახელებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის მართლზომიერებაზე საკასაციო სასამართლო აღარ მსჯელობს (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). პალატის განხილვის საგანი სწორედ სარჩელის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის მართლზომიერების გარკვევაა.

მოსარჩელის (შემკვეთი) მოთხოვნის საფუძველი ისაა, რომ მან მოპასუხეს (მენარდე) ავანსის სახით 233 327.42 ლარი გადასცა, თუმცა მენარდეს ნარდობის ხელშეკრულებით საამისოდ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. შემკვეთმა (მოპასუხე), თავის მხრივ, მითითებული თანხის მენარდის მიერ გადახდის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ მოთხოვნა უარყო იმაზე მითითებით, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაო შეასრულა.

22. მოსარჩელის სადავო მოთხოვნის საფუძველი უნდა ვეძიოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) მუხლების, 405.1 მუხლის პირველი წინადადებისა (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და 405.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) დანაწესებში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნაწილში სარჩელი, კერძოდ, მოპასუხისათვის 110 987.68 ლარის დაკისრების მოთხოვნა (რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა) წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებდა შემდეგს: მან ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს 110 987.68 ლარი გადასცა, მაგრამ მოპასუხეს სანაცვლოდ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (შდრ. იხ.: სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (შემკვეთი) პოზიციის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 29 დეკემბრის N84511 საგადახდო დავალება. ეს მტკიცებულება გასაზიარებელი მაშინ იქნებოდა, თუკი მოპასუხე (მენარდე) 110 987.68 ლარის ფარგლებში ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტს ვერ დაამტკიცებდა. რაკი მოპასუხემ დაამტკიცა, სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად ცნო და ვერც კასატორმა ვერ წარმოადგინა მოპასუხის მიერ შესაბამისი სამუშაოს შესრულების უარმყოფელი დასაბუთებული პრეტენზია, გამოდის, რომ მოსარჩელის სადავო მოთხოვნას საფუძველი არ აქვს (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის (მენარდისათვის მის სასარგებლოდ გადახდილი ავანსიდან (233 327.42 ლარიდან) 110 987.68 ლარის დაკისრება) მართებულობას, პირიქით, ისინი მოსარჩელის პოზიციის საპირწონე მტკიცებულებებია. ამ შემთხვევაში, პალატას მხედველობაში აქვს: 1) შესრულებული სამუშაოების შესახებ 2015 წლის 8 მაისის, 2015 წლის 28 მაისის, 2015 წლის 10 ივნისისა და 2016 წლის 5 თებერვლის აქტები, რომელთა თანახმად, N22-ბ/15 ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მთლიანი თანხა 110 987.68 ლარს შეადგენდა (ტომი 2 , ს.ფ. 128-139). 2) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ივნისის დასკვნა, სადაც საუბარია მენარდის მიერ რეალურად შესრულებულ 110 987.68 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების სამუშაოზე. უფრო მეტიც, მთელი ეს დასკვნა მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასებას ეძღვნება. 3) სარჩელზევე თანდარული სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარის 2016 წლის 4 ნოემბრის განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ N22-ბ/15 ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 8 მაისის, 28 მაისისა და 10 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტებით (ტომი 1, ს.ფ. 39).

სადავო საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი მტკიცებულებაა საყურადღებო, კერძოდ, თავად მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 29 დეკემბრის N84511 საგადახდო დავალებიდან ცალსახად ჩანს შემკვეთის მიერ მენარდისათვის ავანსის (233 327.42 ლარი) გაცემის მიზანი. აღნიშნულ საგადახდო დავალებაში პირდაპირაა მითითებული, რომ მოსარჩელემ 233 327.42 ლარი მოპასუხეს სწორედ N22-ბ/15 ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა (ტომი 1, ს.ფ. 35).

24. რაც შეეხება მოსარჩელის (აპელანტი) მიერ იმაზე აპელირებას, რომ მოპასუხისათვის ავანსის (233 327.42 ლარი) გაცემის დროს მას უკვე ანაზღაურებული ჰქონდა მენარდის მიერ N22-ბ/15 ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაო და ავანსი დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად გადაიხადა (ტომი 2, ს.ფ. 7), პალატა განმარტავს შემდეგს:

ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთზე არსებობს საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება. კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება, დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-1152-1072-2017, 29.12.2017). კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს (სსკ-ის 429.1 მუხლი), თუმცა კანობმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს (იხ. სუსგ №ას-194-2019, 27.05.2019). ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-194-2019, 27.05.2019). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ფაქტი მით უფრო ვერ დადგინდება მხოლოდ მოსარჩელის მხოლოდ სიტყვიერ მითითებაზე დაყრდნობით.

ამდენად, თუკი მივიჩნევდით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა (233 327.42 ლარი) ის თანხაა, რომელიც მენარდის მიერ შემდგომში შესასრულებული სამუშაოს ანაზღაურებას უნდა მოხმარებოდა და ხსენებული სამუშაოს ღირებულება შემკვეთმა მენარდეს ამ თანხის გაცემამდე აუნაზღაურა, მაშინ მოსარჩელეს მის მიერ მითითებული ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი უნდა დაემტკიცებინა. ვინაიდან მოსარჩელემ ავანსის გაცემამდე მოპასუხისათვის ფულადის ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება საგადახდო დავალებაში მითითებული თანხიდან უნდა ანაზღაურებოდა, რომლის გადახდაც სწორედ სადავო ნარდობის N22-ბ/15 ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-194-2019, 27.05.2019).

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8 000 ლარის) 70% – 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.მ–ას“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება - #957, გადახდის თარიღი - 25.03.2020), 70% - 5 600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე