11 ივნისი, 2021 წელი,
საქმე №ას-818-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.კ.ა–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ქ.ს. - მ.კ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 1 ივლისს დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო სს „ს.კ.ა–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, კასატორი) და შპს „ქ.ს-მ.კ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, დამზღვევი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის.
ხსენებული ხელშეკრულებით, მზღვეველმა ვალდებულება იკისრა, რომ სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, დამზღვევისთვის აენაზღაურებინა მყიდველის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.
ხელშეკრულებით, „მყიდველი“ განიმარტა, როგორც ნებისმიერი პირი, მათ შორის, დამზღვევის მომხმარებელი, რომელსაც დამზღვევის მიმართ ფულადი ვალდებულება აქვს (სავაჭრო კრედიტის დაზღვევით გათვალისწინებული სავაჭრო ოპერაციებისათვის შეთანხმებული პირობებით).
ამავე ხელშეკრულებით „ზიანი“ განიმარტა, როგორც დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულება, რომელიც მყიდველს არ გადაუხდია, მოცდის პერიოდის ვადის ამოწურვის დროისათვის (შესაბამისი გამონაკლისების გათვალისწინებით).
ხელშეკრულების თანახმად, სხვა ვალდებულებებთან ერთად დამზღვევს ევალებოდა, ხელშეკრულებითა და შესაბამისი დაზღვევის პოლისით დადგენილი პირობებისა და ნაკისრი მოვალეობების დაცვა.
ხელშეკრულებით, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი იყო - მზღვეველისათვის მის ხელთ არსებული და ზიანთან დაკავშირებული მზღვეველის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება. თავის მხრივ, მზღვეველი ვალდებული იყო, ზიანის განსაზღვრისათვის ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე შეედგინა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სადაზღვევო აქტი და განესაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების თანხა.
დაზღვევის ხელშეკრულება შეიცავს დანართს - „სასაქონლო კრედიტებზე რისკის ოპტიმიზაციის მიზნით“ მზღვეველის მოკლე ინსტრუქციას, რომლის პირველი პუნქტითაც დადგენილია შემდეგი: არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეს.
2018 წლის 14 მარტს მხარეებმა სადაზღვევო შემთხვევის აქტი (დაზღვეული რისკი - მყიდველის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა დამზღვევთან) შეადგინეს, რომლის თანახმად, დადგენილი ზარალის ჯამური ოდენობა 20 515 ლარით განისაზღვრა და ფრანშიზის თანხის გამოკლებით, მზღვეველმა მოსარჩელეს 18 464 ლარი აუნაზღაურა.
სადაზღვევო კომპანიამ 16 094.83 ლარი არ აანაზღაურა, რაც რამდენიმე მყიდველის (შპს „პ.ბ.“, შპს „ჩ.“, ი/მ ნ.მ–ძე, ი/მ ბ.ბ–ძე და ი/მ ლ.შ–ძე, შემდეგში, ასევე, მოხსენიებული, როგორც: მყიდველები, სავაჭრო ობიექტები) დამზღვევის მიმართ გადაუხდელ თანხას მოიცავდა.
2. სასამართლოში სარჩელი აღძრა დამზღვევმა მზღვეველის წინააღმდეგ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 16 094.83 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს დაზღვევის ხელშეკრულებით ევალებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა, რადგან ცალკეულმა სავაჭრო ობიექტებმა (მყიდველები) არ გადაიხადეს მიწოდებული საქონლის ღირებულება. დამზღვევმა ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიას აცნობა, მაგრამ მოპასუხემ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადა. მზღვეველს აღნიშნული უარის მიზეზი წერილობით არ აუხსნია, თუმცა ზეპირი კომუნიკაციისას განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველი გრაფის მიხედვით, პროდუქციის მყიდველი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 16 094.83 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მზღვეველმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ მოდავე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიას უნდა აენაზღაურებინა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 799.1 მუხლზე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა იგი ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ასეთ დროს არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციისა და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი. აქვე სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
5.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისეთ სპეციფიკურ ხელშეკრულებაში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებაა, სადაც ხელშეკრულების საგანი გარკვეული რისკის დაზღვევაა, აუცილებელია საგამონაკლისო პირობები გარკვევით, ამომწურავად და სტრუქტურირებულად იყოს აღწერილი. ამდენად, განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლო იმ გარემოების კვლევას შეუდგა, თუ რამდენად შეიძლებოდა, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი, ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისების გარდა, სხვა საფუძვლით ყოფილიყო პროვოცირებული.
მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებაზე გაამახვილა: ვინაიდან დამზღვევი (მოსარჩელე) სადისტრიბუციო საქმიანობას ეწევა, ამიტომ მან მყიდველის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაზღვევისათვის დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობა, დააზღვია. დამზღვევის საქმიანობიდან გამომდინარე, გონივრულია თუ ვივარაუდებთ, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას ამ უკანასკნელის მიზანი, შეძლებისდაგვარად, მეტი რისკის დაზღვევა იყო. მხარეებმა დაზღვევის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით, საგამონაკლისო შემთხვევად განზრახი, გაუფრთხილებელი და ფორსმაჟორული აქტები დააკვალიფიცირეს. რაც შეეხებოდა ხელშეკრულების დანართებს, მათ შორის, სადავო დანართს (რომელიც სასაქონლო კრედიტების რისკის ოპტიმიზაციის მიზნით მზღვევლის მოკლე ინსტრუქციადაა დასათაურებული), სასამართლოს აზრით, იგი ძირითადი ხელშეკრულების მე-3 პუნქტთან ერთობლიობაში უნდა წაკითხულიყო. ასეთ პირობებში ნათელია, რომ დანართი სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული პირისთვის რისკების ოპტიმიზაციის ინსტრუქციის მიცემის მიზანს ისახავდა, მასში მითითებული რისკები მხარეებმა მე-3 პუნქტში დააკონკრეტეს და დაზღვევის არეალიდან მხოლოდ განზრახი/გაუფრთხილებელი და ფორსმაჟორული მოქმედებები გამორიცხეს.
მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა მზღვეველმა (მოპასუხე) იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ სადავო შემთხვევებში ინდმეწარმეებს საკუთარი/დაქირავებული სავაჭრო ფართები არ ჰქონდათ, რაც ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობებს ქმნიდა. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეების მიერ საკუთარი ან/და დაქირავებული სავაჭრო ფართების არარსებობა მოსარჩელე კომპანიის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა, ასევე, ეს მიზეზი დაზღვევის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ საგამონაკლისო შემთხვევას არ ერგებოდა, რის გამოც სასამართლომ იგი სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერ საფუძვლად არ მიიჩნია.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, თუკი დაზღვევის ხელშეკრულების დანართში მითითებულ პირობებს, მე-3 პუნქტთან ერთად, სადაზღვევო ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევად მივიჩნევდით, სარჩელი მაინც არ იქნებოდა უპერსპექტივო, აღნიშნული დასკვნა შემდეგი არგუმენტით დასაბუთდა:
სადაზღვევო კომპანიის მიერ შედავებული დანართის 1-ლი პუნქტი ორ კუმულატიურად შესასრულებელ პირობას ითვალისწინებდა, კერძოდ, არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება. ამ დანაწესის, როგორც სიტყვასიტყვითი, ლოგიკური, ასევე, გრამატიკული განმარტების შედეგად დგინდება, რომ თუ მხარეები ხსენებულ პუნქტს სადაზღვევო გამონაკლისად მიიჩნევდნენ, ასეთ დროს ადგილი უნდა ჰქონოდა მითითებული ორი პირობის კუმულატიურად არსებობას. ერთ-ერთი მათგანის არსებობა კი, უკვე ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებს გამორიცხავდა.
მოცემული თვალსაზრისით, კიდევ ერთი დეტალი იყო საინტერესო: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე თავის შედავებას აყრდნობდა არა მხოლოდ სავაჭრო ფართების არარსებობის, არამედ სადავოდ გამხდარი საწარმოების სამთვიანი გამოცდილების არარსებობას. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ საქმეზე სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები წარმოადგინა, რომელიც კომპანიების არა მხოლოდ სამთვიანი გამოცდილების არსებობას, არამედ მათი მიმდინარე რეგისტრაციის ფაქტს ადასტურებდა, მოპასუხემ შედავება მხოლოდ სავაჭრო ფართის არარსებობის ფაქტზე დააფუძნა. გარდა იმისა, რომ დანართის პირობა კუმულატიურად შესასრულებელ დათქმას ითვალისწინებდა, გონიერი დამკვირვებლის თვალით, თითქმის შეუძლებელია, რომ სადაზღვევო კომპანია ეთანხმებოდეს მუშაობის სამთვიანი გამოცდილებისა და ინდმეწარმის მუშაობის ფაქტს და ამავდროულად აცხადებდეს, რომ მას არ გააჩნია საკუთარი ან დაქირავებული სავაჭრო ობიექტი. ასეთ პირობებში, გაუგებარია, სად ხდებოდა პროდუქციის დისტრიბუცია და შემდგომ რეალიზაცია, აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს პროდუქციის დისტრიბუციის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები არ არსებობდა, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურება უნდა გაცემულიყო.
6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი, როდესაც მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი კუმულატიური პირობიდან მხოლოდ ერთის არსებობის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა უსაფუძვლოა.
6.3. მოპასუხეს სადაზღვევო რისკის არსებობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სადაზღვევო რისკის არსებობა საკმარისი არ იყო, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის. დაზღვევის ხელშეკრულების 3.1.1.2 პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარანტიის, ვალდებულების, შეთანხმების ან განცხადების შეუსრულებლობა, არსებითი დარღვევა, უზუსტობა ან მცდარობა, წარმოადგენდა გამონაკლისს და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევმა არ შეასრულა დაზღვევის ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 4.3.1, 4.3.8, 4.3.1.2 პუნქტები) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მან მზღვეველს არ წარუდგინა შპს „პ.ბ.ს“, შპს „ჩ.ს“, ი/მ ნ.მ–ძის, ი/მ ბ.ბ–ძისა და ი/მ ლ.შ–ძის საკუთარი/დაქირავებული სავაჭრო ფართის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვინაიდან დამზღვევმა დაზღვევის ხელშეკრულების მოთხოვნები დაარღვია, აღნიშნული ამავე ხელშეკრულების 3.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
6.4. დაზღვევის ხელშეკრულების დანართში იმ პირობის დადგენა, რომ კლიენტს მფლობელობაში საკუთარი დაქირავებული სავაჭრო ფართი უნდა ჰქონდეს, სადაზღვევო რისკის შემცირებას ემსახურებოდა. აღნიშნული პირობა, დამზღვევს კლიენტთა შერჩევის პროცესში ბოჭავდა და კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპიდან გამომდინარე, ავალდებულებდა - მოეძიებინა და სავაჭრო ურთიერთობები დაემყარებინა მხოლოდ იმ კლიენტებთან, რომელთაც საკუთარი ან დაქირავებული სავაჭრო ფართი გააჩნდათ.
მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ იძენს სუბროგაციის უფლებას, ანუ მას შეუძლია ისარგებლოს დაზარალებულის ყველა უფლებით, ზარალის დადგომაში დამნაშავე პირის მიმართ და მოსთხოვოს ამ უკანასკნელს კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არსებობის დადგენა მზღვეველისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საკუთარი უფლებების სუბროგაციის წესით დაცვის დროს, რის შედეგადაც იგი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით დაცული იქნება დავალიანების გადაუხდელობისაგან.
6.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი კუმულატიური პირობიდან ერთ-ერთის არსებობა, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს გამორიცხავდა. დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველი პუნქტი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველ პუნქტში ასახული პირობები კუმულატიური პირობებია. შესაბამისად, დამზღვევს სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა დაედასტურებინა ორივე პირობის არსებობა, რათა მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება გაეცა. მოსარჩელეს ასე არ უმოქმედია, ამიტომ სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მინიმუმ 3-თვიანი მუშაობის გამოცდილება და ამ პირობის დადასტურება, ანაზღაურების გაცემის საფუძველია.
6.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მითითებული მისამართი ესაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზეც წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნაა შესაძლებელი, მაგრამ აღნიშნული არ ამტკიცებს საკუთრების/დაქირავებული ფართის ფლობის არსებობას. ამდენად, საწარმოს რეგისტრაციისას იურიდიულ მისამართად შეიძლება მიეთითოს არა თავად საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულებით მფლობელობაში მქონე ფართი, არამედ სხვა პირის (მაგალითად, დირექტორის, წილის მფლობელის ან სხვა მესამე პირის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი. საწარმოს რეგისტრაციისას, საამისოდ საჭიროა, მხოლოდ შესაბამისი პირის წერილობითი თანხმობა.
საქმეზე წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „პ.ბ.“, შპს „ჩ.“, ი/მ ნ.მ–ძე, ი/მ ბ.ბ–ძე და ი/მ ლ.შ–ძე საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს ფლობენ. ამასთან, ვინაიდან მითითებული პირობის არსებობა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წინაპირობაა, დამზღვევის მიერ მისი შეუსრულებლობა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა დამზღვევის (მოსარჩელე) მოთხოვნა მზღვეველის (მოპასუხე) მიერ მისთვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის (16 094.83 ლარი) ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლიდან.
12. სადავო საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, რამდენიმე გარემოება:
1) მოსარჩელის (დამზღვევი) მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ ხუთმა სამეწარმეო სუბიექტმა (შპს „პ.ბ.“, შპს „ჩ.“, ი/მ ნ.მ–ძე, ი/მ ბ.ბ–ძე და ი/მ ლ.შ–ძე) დამზღვევის მიმართ ფულადი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, წარმოიშვა 2016 წლის 1 ივლისის დაზღვევის ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხის (მზღვეველი) ვალდებულება - მოსარჩელისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2) მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 1 ივლისის დაზღვევის ხელშეკრულების 1.7 პუნქტის მიხედვით, „სადაზღვევო შემთხვევის“ ქვეშ იგულისხმება, მყიდველის მიერ, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაზღვევისათვის დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობა. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მზღვეველი, შეთანხმებული სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანი, რომელიც პირდაპირ გამოწვეულია მყიდველის მიერ, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დამზღვევისათვის დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობით.
3) 2018 წლის 14 მარტს მხარეებმა სადაზღვევო შემთხვევის აქტი (დაზღვეული რისკი - მყიდველის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა დამზღვევთან) შეადგინეს, რომლითაც ზარალის ჯამური ოდენობა 20 515 ლარით განისაზღვრა და ფრანშიზის თანხის გამოკლებით, მზღვეველმა მოსარჩელეს 18 464 ლარი აუნაზღაურა.
4) სადაზღვევო კომპანიამ 16 094.83 ლარი არ აანაზღაურა, რაც რამდენიმე მყიდველის (შპს „პ.ბ.“, შპს „ჩ.“, ი/მ ნ.მ–ძე, ი/მ ბ.ბ–ძე და ი/მ ლ.შ–ძე) დამზღვევის მიმართ გადაუხდელ თანხას მოიცავდა.
5) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მზღვეველის უარი იმითაა მოტივირებული, რომ სადავო შემთხვევებში ინდივიდუალურ მეწარმეებს არ ჰქონდათ საკუთარი/დაქირავებული სავაჭრო ფართები, რაც ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობებს ქმნიდა.
6) დაზღვევის ხელშეკრულების დანართის (სასაქონლო კრედიტებზე რისკის ოპტიმიზაციის მიზნით მზღვეველის მოკლე ინსტრუქცია დამზღვევისათვის) პირველი პუნქტის თანახმად, არსებული/პოტენციური კლიენტი უნდა ფლობდეს საკუთარ/დაქირავებულ სავაჭრო ფართს და გააჩნდეს მუშაობის მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება.
ზემომითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, კასატორს მათთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემული დავის სწორად შესაფასებლად გადამწყვეტია იმის გარკვევა, თუ რამდენად მართებულია მოპასუხის უარი მოსარჩელისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე. ბუნებრივია, რომ მითითებული საკითხის გარკვევა ხსენებული უარის მიზეზად დასახელებული არგუმენტის საფუძვლიანობის შეფასების გზითაა შესაძლებელი.
საქმე ისაა, რომ მოპასუხე (მზღვეველი) პირველი ინსტანციის სასამართლოში თავის შედავებას მყიდველთა მხრიდან მარტო სავაჭრო ფართების არარსებობაზე არ აფუძნებდა, მისი განმარტებით, მყიდველებს არც სამთვიანი გამოცდილება არ გააჩნდათ, რაც დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველი პუნქტის მეორე პირობაა. მოსარჩელემ (დამზღვევი) მოპასუხის ამ პრეტენზიის საპასუხოდ სასამართლოში წარადგინა სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, რომლებითაც სამთვიანი გამოცდილების არსებობის კუთხით კითხვის ნიშნები მოიხსნა. ამის შემდეგ, მოპასუხის შედავება მყიდველთა მხრიდან სავაჭრო ფართის არარსებობის ფაქტზე მითითებით შემოიფარგლა.
საკასაციო პალატა ეთანხმება მოცემული საკითხის სააპელაციოსასამართლოსეულ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის (მზღვეველი) პოზიცია არაა გასაზიარებელი, შემდეგი ორი მიზეზის გამო:
ა) დაზღვევის ხელშეკრულების დანართის პირველი პუნქტი მაშინ ამოქმედდება, თუკი მასში მითითებული ორი პირობა ერთდროულად იარსებებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუკი მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საგამონაკლისო შემთხვევად ხსენებული „დანართის პირველ პუნქტს“ მიიჩნევს, მაშინ ამ პუნქტში მითითებული ორი პირობა ერთდროულად უნდა არსებობდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მყიდველებს მუშაობის მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება აქვთ, რასაც მოპასუხე არ შედავებია (ე.ი. საწინააღმდეგო გარემოება არ დაუმტკიცებია).
ბ) მართებულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ: ლოგიკური მსჯელობის შედეგად, შეუძლებელია, რომ სადაზღვევო კომპანია ეთანხმებოდეს სამთვიანი გამოცდილებისა და საწარმოთა რეალურად მუშაობის ფაქტს და ამავდროულად აცხადებდეს, რომ მას საკუთარი ან დაქირავებული სავაჭრო ობიექტი არ გააჩნია. ასეთ დროს, მართლაც ჩნდება შეკითხვა: მაშინ სად ხდებოდა პროდუქციის დისტრიბუცია და შემდგომ რეალიზაცია, მით უფრო, როდესაც მოსარჩელის მიერ პროდუქციის დისტრიბუციის ფაქტი საქმეზე სადავო არ გამხდარა.
ამდენად, კასატორის (მოპასუხე) პრეტენზია იმის შესახებ, რომ სადავო შემთხვევაში, მყიდველებს საკუთარი ან დაქირავებული სავაჭრო ობიექტი არ გააჩნდათ, საქმეში არსებული სხვა გარემოებების და ლოგიკური მსჯელობის შედეგად არაა გასაზიარებელი. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მყიდველთა მხრიდან სამთვიანი გამოცდილებისა და რეალურად მუშაობის ფაქტები, არადამაჯერებელია მსჯელობა, რომ მათ საკუთარი ან დაქირავებული სავაჭრო ობიექტი არ გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა დაზღვევის ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული (რაზეც მოპასუხემ მიუთითა) საგამონაკლისო შემთხვევა არ იყო, ამიტომ მოპასუხის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმას მართლზომიერი საფუძველი არ გააჩნდა, რამაც მზღვეველის სარჩელის დაკმაყოფილება სწორად განაპირობა.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-594-2019, 12.02.2021; №ას-470-470-2018, 30.07.2018).
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მთლიანობაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (805) 70% – 563.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 805 ლარის (მათ შორის: 2020 წლის 24 მარტს გადახდილი 644 ლარი, საგადასახადო დავალება - № ExcNo: 15800405 და 2020 წლის 6 აპრილს გადახდილი 161 ლარი, საგადასახადო დავალება - № ExcNo: 15800405) 70% - 563.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე