Facebook Twitter

11 ივნისი, 2021 წელი,

საქმე№ას-1179-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს ს.კ. „ჯ.ჰ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ი.მ. ს.პ.კ–ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ი.მ. ს.პ.კ–ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა სს ს.კ. „ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი, ს.კ., მოვალე, კასატორი) წინააღმდეგ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურებისა (5 109.28 ლარი) და პროცესის (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი - 153.28 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი - 100 ლარი) ხარჯების დაკისრება მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებები:

ა) სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს აცნობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე;

ბ) სასამართლო გზავნილის მიხედვით, სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად;

გ) მოსარჩელემ უზრუნველყო სასამართლოს დავალების შესრულება, კერძოდ, 2019 წლის 22 ოქტომბერს, სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა; ჩაბარება დადასტურებულია, როგორც სადაზღვევო კომპანიის (მოპასუხე) უფლებამოსილი პირის, ა.ა–ას ხელმოწერით, ასევე, კანცელარიის შტამპით; მისამართი (ქ.თბილისი, .......), რომელზეც მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა, ამ უკანასკნელის იურიდიული მისამართია;

დ) მოპასუხისათვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების (2019 წლის 22 ოქტომბერი) მომდევნო დღიდან, 2019 წლის 23 ოქტომბრიდან და 2019 წლის 1 ნოემბერს ამოიწურა.

ე) მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია.

ვ) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

6.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში გამართლებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6.3. რაც შეეხებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობას, ასეთად მოპასუხემ შემდეგი გარემოება დაასახელა: სასამართლო გზავნილის მიმღებმა, ოფის-მენეჯერმა, სარჩელი (თანდართული მასალებით) შეცდომით მიიჩნია განმეორებით წარდგენილ დოკუმენტაციად და შესაბამისი მსვლელობა არ მისცა.

სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ზემომითითებული პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურა გააჩნია და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა. ვინაიდან სასამართლოს შესაბამისი კორესპონდენციის ჩაბარება დადასტურებულია, როგორც სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილი პირის, ა.ა–ას ხელმოწერით, აგრეთვე, კანცელარიის შტამპით (ს.ფ. 54), აღნიშნული უდავოდ მოწმობს, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ორგანიზაციის უფლებამოსილ მოხელე იყო, რომელმაც კორესპონდენცია სსსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად ჩაიბარა და სასამართლოში მოცემული საქმის წარმოების თაობაზე მოპასუხის ჯეროვანი ინფორმირების პასუხისმგებლობა იკისრა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, გასაზიარებელი არ იყო მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადაზღვევო კომპანიის ოფის-მენეჯერის შეცდომის გამო არ მოხდა მოპასუხის ინფორმირება წარდგენილი სარჩელის თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:

7.1. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების (როგორც საპროცესო დასჯის მექანიზმის) არსიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით, უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე. იმ პირობებში, როდესაც გამოკვეთილია მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება, გააქარწყლოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ამაში უნებური შეცდომის ან/და გაუფრთხილებლობის გამო ხელი ეშლება, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოვიდეს.

7.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი პირობა იმის ვარაუდიცაა, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და, ამიტომ, თავის დაცვის ინტერესი დაკარგა. თუკი ეს მართლაც ასეა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამართლებულია. იმ მოპასუხის წინააღმდეგ კი, რომლის ქმედებამაც სასამართლოს მსგავსი რწმენა ვერ შეუქმნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.

7.3. როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი, სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების იმგვარად მოწყობის საშუალებას აძლევს, რომ სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას ხელი შეუწყოს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის კუთხით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ შეიძლება შესრულდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

სსსკ-ის 2321 მუხლის შინაარსი შემდეგია: მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

12. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით.

მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

ამასთან, მოპასუხე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას სადავოდ არც ხდის. ამავე მუხლის საფუძველზე, დადგენილადაა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი და საჭირო დოკუმენტაცია (ფორმა №100 და ოპერაციის კალკულაცია), რათა პაციენტისათვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება მომხდარიყო.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოპასუხემ გასცა საგარანტიო წერილი, რომლითაც მან 4 959 ლარის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა;

ოპერაციის მსვლელობისას შეიცვალა ჩარევის კოდი, რის შედეგადაც პაციენტს გაეწია შემდეგი სამედიცინო მომსახურება - ფარისებრი ჯირკვლის ცალმხრივი ლიბექტომია, რომლის ღირებულებამაც 5 170.76 ლარი შეადგინა.

მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ცვლილების შესახებ საჭირო ინფორმაცია, როგორიც იყო ოპერაციის ზუსტი დასახელება, მისი ჯამური ღირებულება - ჩაშლილი კალკულაცია.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მზღვეველმა ახალი საგარანტიო წერილი გასცა, რომლითაც 5 109.38 ლარის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა. მოპასუხემ მის მიერ გაცემულ წერილში მიუთითა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა პაციენტის დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ, საბოლოო დოკუმენტების (ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და ფორმა №100) წარდგენის საფუძველზე.

მოსარჩელემ მოპასუხეს სრულად მიაწოდა შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაცია. ამასთან, მოვალეს, როგორც ზეპირად, ასევე, წერილობით ეცნობა, რომ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეესრულებინა.

2019 წლის 3 ივნისის წერილით მოსარჩელემ მოვალე საბოლოოდ გააფრთხილა, რომ თუკი 5 სამუშაო დღის ვადაში თანხას არ გადაიხდიდა, მოსარჩელე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავდა.

მოპასუხემ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეასრულა და ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით სრული სამედიცინო მომსახურების ბარათი მოითხოვა.

პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოებები სწორად ჩაითვალა სარჩელის დაკმაყოფილების საწინდრად, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316-ე, 317-ე, 8431, 879-ე, 881-ე და 888-ე მუხლებიდან.

14. შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შემდეგი გარემოებები უნდა მივიჩნიოთ:

ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია და არ გაფრთხილებულა შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე;

ბ) არსებობს საპატიო მიზეზი, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეშალა მხარისათვის შესაგებლის დროულად წარდგენაში (სსსკ-ის 241-ე და 215.3 მუხლები).

კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი შემდეგ არგუმენტზე აპელირებს: სასამართლო გზავნილის მიმღებმა, ოფის-მენეჯერმა, სარჩელი (თანდართული მასალებით) შეცდომით მიიჩნია განმეორებით წარდგენილ დოკუმენტაციად და შესაბამისი მსვლელობა არ მისცა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რომლის დასკვნებიც სრულიად მართებულია. პალატა დამატებით დასძენს შემდეგს:

სსსკ-ის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ერთი რამ ნათელია: მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი დაკავშირებულია, ამ უკანასკნელისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლის ჩაბარების ფაქტთან და არა იმასთან, თუ რამდენად სწორად შეაფასებს მოპასუხის სახელით გზავნილის მიმღები პირი (მოცემულ შემთხვევაში, ოფის-მენეჯერი) ჩაბარებულ კორესპონდენციას და მისცემს თუ არა იგი სასამართლო გზავნილს შესაბამის მსვლელობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, ამოსავალია ისაა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხის სახელით უფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რის გამოც მოპასუხეს განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულება წარმოეშვა, თუმცა მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

ამდენად, კასატორის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლომ იგი სწორად არ გაიზიარა.

15. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ვერ შეფასდება, სასამართლოს მხრიდან მხარეთა თანასწორობის პრინციპის (ან სხვა პროცედურული გარანტიების) უგულებელყოფად, რაზეც კასატორი აპელირებს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სამართლიანი სასამართლოს უფლების პრინციპს არ არღვევს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლებზეც ზემოთ უკვე მიეთითა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1956-2018, 24.05.2019). ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას, უნდა შეფასდეს სსსკ-ის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად იქნას მიჩნეული (შდრ. იხ. სუსგ: №ას-729-682-2017, 29.09.2017).

მცდარია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით საპროცესო თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ამიტომ ასეთი სახის გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული უნებური შეცდომის (ან/და გაუფრთხილებლობის) გამო მოპასუხის ხელშეშლის პირობებში. საკანონმდებლო დანაწესში, რომლითაც სასამართლოს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს, საუბარია შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობაზე.

სსსკ-ის 241-ე (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) და 215.3 (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას...) მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შესრულება საპატიოდ ეთვლება.

პალატის განსჯით, მოცემულ საქმეზე დასახელებული მიზეზი, საპატიოდ ვერ მიიჩნევა, რადგან მოპასუხე იურიდიული პირია, რომლის სახელითაც გზავნილის მიმღებმა სუბიექტმა (ოფის-მენეჯერი) გზავნილის ჩაბარებისას მოპასუხის ინფორმირების ვალდებულება იკისრა. მითითებული სუბიექტის შეცდომა, კერძოდ, სარჩელის (თანდართული მასალებით) შეცდომით განმეორებით წარდგენილ დოკუმენტაციად მიჩნევა და შესაბამისი მსვლელობის მიუცემლობა, შესაგებლის ვადაში წარუდგენლობას საპატიოდ ვერ აქცევს, რადგან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1671-2019, 13.03.2020; №ას-1183-2019, 13.12.2019; №ას-1563-2019, 12.12.2019).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ს.კ. „ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ს.კ. „ჯ. ჰ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - # 111573081, გადახდის თარიღი - 30.07.2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე