Facebook Twitter

3 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-1392 -20220 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა.მ–ო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ვ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.მ–ო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მჩუქებელი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.ვ–ისთვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) 34 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ბანკის თანამშრომლის მიერ შედგენილ დოკუმენტს გაეცნო მშობლიურ/რუსულ ენაზე და დაეთანხმა გადარიცხვაზე, სადაც ჩუქება ნახსენები არ ყოფილა. რაც შეეხება ინგლისურ ენაზე შესრულებულ ტექტს, არც გაცსნობია.

2.1. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ რაკი თანხის ნაწილი დაუბრუნა, სწორედ იმის დასტურია, რომ საჩუქრად არ მიუღია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2015 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელემ 23 000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 7 ნოემბერს 50 000 აშშ დოლარი მოპასუხეს გადაურიცხა შემდეგი მითითებით - „საჩუქარი. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით და მომავალში თავისუფლდება ნებისმიერი დაპირებით საჩუქრის უკან დაბრუნებაზე“ (იხ. #769 და #2360 გადარიცხვის ქვითრები).

5.4. მოპასუხემ 12 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა და 12 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადასცა.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, თანხის დაკისრება, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 385-ე (ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი) მუხლები და 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), რომელთა შემადგენლობის არარსებობამ კასატორის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა განაპირობეს.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული სსკ-ის 623-ე მუხლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მსესხებელს უნდა ჰქონდეს გადაცემული თანხა საკუთრებაში და კისრულობდეს განსაზღვრული ვადის მიხედვით, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

7.1 მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თანხის მიღებას სადავოდ არ ხდის, მისი პრეტენზია ეხება თანხის სესხის სახით მიღებას და აღნიშნავს, რომ თანხა საჩუქრად მიიღო, რომლის უკან დაბრუნების ვალდებულება არ უკისრია.

7.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი - სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია, მიუთითოს და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც. ამდენად, მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა).

7.3. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის რუსეთიდან/მოსკოვიდან გადმოგზავნის გზით მოპასუხესთან თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე, პირიქით, გადარიცხვის შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია - „საჩუქარი. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით და მომავალში თავისუფლდება ნებისმიერი დაპირებით საჩუქრის უკან დაბრუნებაზე“. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო თანხის გადაცემის დანიშნულებაში მითითებულია - საჩუქარი, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაც გამოირიცხება.

7.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას უნდა ვლინდებოდეს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობისას უნდა ვლინდებოდეს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნულის დასტურად მოპასუხის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელისათვის 12 693 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, სადაც დანიშნულებაში პირადი გადარიცხვაა მითითებული, ასევე თანხის ოდენობასა და გადარიცხვებს შორის არსებული შუალედი არ იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ ნასესხებ თანხას აბრუნებდა, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.

7.5. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ ინგლისური ენის არცოდნის გამო, გადარიცხვის დანიშნულებაში საჩუქარი მიეთითა. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გადარიცხვები შესრულებულია სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2015 წლის 22 ოქტომბერსა და იმავე წლის 7 ნოემბერს, შესაბამისად, თუ პირველი გადარიცხვისას რაიმე შეცდომა გამოვლინდა, მყისიერად უნდა აღმოფხვრილიყო, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მოპასუხეს სოლიდურ თანხას ურიცხავდა, შესაბამისად, მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

8.საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება. ამდენად, ნიშანდობლივია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმების დაცვითი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი/მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია, ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. ამდენად, სსკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. შესაბამისად, საკასაციო პალატა უბრუნდება წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომლის მიხედვით იმ ვითარებში, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სადავო თანხა მიიღო საჩუქრად, უსაფუძვლო გამდიდრებისა და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებაც გამოირიცხება.

9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით) მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმით ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრულად ეკვივალენტური და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან, ამასთან, შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებითაც იყოს განპირობებული.

9.1. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ. ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ, მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას.

9.2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოპასუხე მისგან იღებდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ საჩუქარსა და შესრულებას, რაც საკასაციო სასამართლოს უქმნის დასკვნის საფუძველს მასზე, რომ მოსარჩელეს საკმარისი მოტივები ჰქონდა, გამოეხატა მოპასუხის მიმართ კეთილგანწყობა და აესახა, თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებით (სკ-ის 524-ე მუხლი), მით უფრო მაშინ, როცა გადარიცხვის დანიშნულებაში ტერმინი "საჩუქარი" ნათლად და გარკვევითაა მითითებული, რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც.

10. ამდენად, საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერებითა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ.დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5100 ლარისა (საგადასახდო დავალება #10105246543, გადახდის თარიღი 12.11.2020წ) და 442 ლარის (საგადასახდო დავალება #10256780648, გადახდის თარიღი 21.12.2020წ), ჯამურად - 5 542 ლარის 70% - 3 879,4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.მ–ოს (64#.....) დაუბრუნდეს დ.დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5100 ლარისა (საგადასახდო დავალება #10105246543, გადახდის თარიღი 12.11.2020წ) და 442 ლარის (საგადასახდო დავალება #10256780648, გადახდის თარიღი 21.12.2020წ), ჯამურად - 5 542 ლარის 70% - 3 879,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე