საქმე №ა-2433-ა-7-2018 26 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ფ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა.პ–ის (შემდეგში: განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, განუხილველად იქნა დატოვებული კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გამოუსწორებლობის გამო.
2. 2018 წლის 2 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა განმცხადებლის წარმომადგენელმა, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
3. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განმცახდებელს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული ხარვეზის განჩინება განმცხადებელს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 6 თებერვალს. 2018 წლის 14 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მზია თოდუამ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული კერძო საჩივარი.
4. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, კასატორმა ვერ შეძლო თავისი გასაჩივრების უფლების გამოყენება, რის თაობაზეც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა მოტივირებული განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის დავალებით, კერძო საჩივრის მომზადება დაევალა თანამშრომელს - მ.მ–ძეს, რომელმაც აღნიშნული საქმის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და დაეუდევრობა. კერძოდ. უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა აღნიშნული ხარვეზი. მის განმარტებით, მ.მ–ძემ კერძო საჩივარი მოამზადა 13 თებერვალს და შეიტანა 14 თებერვალს, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 12 თებერვალს. წარმომადგენლის განცხადებით, მან როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება და მ.მ–ძე გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან. მისი განმარტებით, როგორც მისთვის, ასევე ა.პ–ისთვის უცნობი იყო, იურისტ მ.მ–ძის მიერ, ვადის გაშვების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის წარმომადგენელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის ავტორის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
7. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა დაარღვია ადვოკატის გულგრილობით. კერძოდ უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო აღნიშნული ხარვეზი. მისი განმარტებით, მ.მ–ძემ კერძო საჩივარი მოამზადა 13 თებერვალს და შეიტანა 14 თებერვალს, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 12 თებერვალს.
8. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:
- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩნების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესის დაცვით (სსსკ-ის 73-ე მუხლი), თუმცა აცხადებს, რომ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება დაევალა წარმომადგენლის მზია თოდუას თანამშრომელს მ.მ–ძეს, რომელმაც საქმის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა, დაუდევრობა და დაარღვია ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. წარმომადგენლის განცხადებით, მან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიიღო გადაწყვეტილება და მ.მ–ძე გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან. მისი განმარტებით, როგორც მისთვის, ასევე ა.პ–ისთვის უცნობი იყო, იურისტ მ.მ–ძის მიერ ვადის გაშვების ფაქტი.
11. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ მან თანამშრომელს დაავალა კერძო საჩივრის შედგენა და თანამშრომლის გულგრილობით დაირღვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა, ვერ გახდება საპატიო მიზეზი, ვინაიდან წარმომადგენელი ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, 2018 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებას, რომელიც შედგენილია 2018 წლის 13 თებერვალს, ხელს აწერს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მზია თოდუა. შესაბამისად, მითითება იმის თაობაზე, რომ წარმომადგენლისთვის ცნობილი არ იყო ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაშვების თაობაზე, დაუსაბუთებელია. მისი განმარტება, იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის შემომტანი პირი გათავისუფლდა სამსახურიდან დაუსაბუთებელია, რადგან სსსკ-ის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოა, ძალაში დარჩება.
12. ამასთან, განცხადებაში წარმომადგენელი უთითებს, რომ კასატორმა ვერ შეძლო თავისი გასაჩივრების უფლების გამოყენება. მისი განცხადებით, როგორც მისთვის, ასევე ა.პ–ისთვის უცნობი იყო იურისტ მ.მ–ძის მიერ ვადის გაშვების ფაქტი და აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად ა.პ–ს ჩაბარდა (ტ.1, ს/ფ119). შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორისთვის ცნობილი იყო ხარვეზის და მისი გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის თაობაზე, ასევე ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, მითითება, რომ კერძო საჩივრის ავტორისთვის არ იყო ცნობილი ვადის გაშვების ფაქტი დაუსაბუთებელია. წარმომადგენლის მითითება, რომ მის თანამშრომელს დაავალა კერძო საჩივრის შედგენა და თანამშრომელის დაუდევრობით დაირღვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა, არ მიიჩნევა საპატიო მიზეზად, ვინაიდან წარმომადგენელი ვალდებული იყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული(მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმომადგენელი მოქმედებს პირის სახელით, შესაბამისად მის მიერ განხორციელებული ქმედება ის საპროცესო ქმედებაა, რომელიც ერთხელ უკვე შეაფასა საკასაციო სასამართლომ.
14. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განცხადებას და უარს ამბობს საქმის წარმოების განახლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.პ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე