საქმე №ას-436-2019 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების და დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამავალი) სარჩელი სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოს” (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა;
1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 157 617,805 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 24 841,0557 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე- მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3150 ლარის გადახდა; მოპასუხესვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურის - 2000 ლარის და გადასახდელი ჰონორარის სახით 6000 ლარის, ჯამში 8000 ლარის გადახდა;
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში, უცვლელად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი;
2.1. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2.2. მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 148 123,88 ლარის გადახდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ- ტ.2, ს.ფ.295);
2.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2.5.მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს პირველ ინსტანციაში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარისა და 150 ლარის გადახდა დაეკისრა;
2.6. მოპასუხის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1015 ლარის გადახდა მოსარჩელეს დაეკისრა;
2.7. მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 5924.95 ლარის გადახდა მოპასუხეს დაეკისრა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ- ტ.2, ს.ფ.295);
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ის არ არის სათანადო მოპასუხე აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით;
3.1. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილია მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, მოპასუხედ აპელანტი დაასახელა და ამ უკანასკნელისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა. სარჩელი აღძრული იქნა მოპასუხის მიმართ, რომელთანაც მოსარჩელე მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, საქმის მასალებში (ტ.1. ს.ფ. 21-22) განთავსებული დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ 2009 წლის 16 ნოემბერს მოპასუხედ დასახელებულ საქართველოს წარმომადგენლობას, მოსარჩელესა და ე.ხ–ს შორის შუამავლობის ხელშეკრულება დაიდო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობისას დაირღვა მისი უფლებები, რის გამოც მან დარღვეული უფლების დასაცავად სარჩელი აღძრა ხელშემკვრელი მხარის (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) წინააღმდეგ;
3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან; ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-5 მუხლი აწესრიგებს მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობებს და განსაზღვრავს საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, ესენია: ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება; ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა; გ) საწარმოს იურიდიული მისამართი; . . . . და ა.შ. სპეციალური კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევებს და მისი რეგისტრაციის წესს. მე-5 ნაწილის თანახმად: უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) გაატაროს რეგისტრაციაში;
3.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული სპეცილაური კანონის მე-16 მუხლი ერთმანეთისაგან განასხვავებს საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალსა და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს; კერძოდ, პირველ შემთხვევაში, კანონმდებელი საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალს არ მიიჩნევს იურიდიულ პირად, შესაბამისად ის რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ხოლო რაც შეეხება უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს - კანონი მის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. რეგისტრაციის შემდეგ კი სუბიექტი იძენს იურიდიული პირის სტატუსს (სპეცალური კანონის მე-4, მე-5, მე-16 მუხლები; სსსკ-ის მე-80 მუხლის მესამე ნაწილი);
3.4. სააპეალციო სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართლებრივ აბსტრაქციასთან. ის არის ერთგვარი სოციალური ერთობა, რომელსაც მართლწესრიგი უფლებაუნარიან წარმონაქმნად აღიარებს. იურიდიულ პირს სამართალსუბიექტად აქცევს ის გარემოება, რომ კანონმდებელმა მას საკუთარი დამფუძნებლისაგან დამოუკიდებელი იდენტობა მიანიჭა; იურიდიული პირის ორი უნივერსალური და ცენტრალური ნიშნის გამოყოფაა შესაძლებელი: 1) ზეინდივიდუალური ორგანიზაციული ერთობა და 2) მისი პერსონიფიცირება უფლებაუნარიანობის სამართლებრივი ფიგურის მეშვეობით. ერთი მხრივ, გვაქვს მიზანმიმართული ორგანიზაციული სუბიექტი, რომელიც ფიზიკური პირისაგან განსხვავებული იდენტობის მატარებელია და, მეორე მხრივ, ამ განსხვავებულ იდენტობას მართლწესრიგის მხრიდან აღიარება სჭირდება, ვინაიდან უფლება - მოვალეობების ტარების გარეშე ის ვერ იარსებებს. ამიტომაც მას აქვს უფლებაუნარიანობა, ანუ შეუძლია საკუთარი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში და იყოს უფლება - მოვალეობათა სუბიექტი. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის ფარგლებში.
3.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი იდენტობამინიჭებული სუბიექტი უთანაბრდება იურიდიულ პირს და მასზე არ ვრცელდება საქართველოში რესგისტრირებული საწარმოს ფილიალისათვის დადგენილი ნორმები.განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, 2007 წლის 12 იანვარს, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი, რეგისტრაციაში გატარდა მოპასუხე საფირმო სახელწოდებით: სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში”, მას მიენიჭა სიდენტიფიკაციო ნომერი: №....., იურიდიული მისამართით: საქართველო, ქ. ბათუმი, ...... (ტ.1. ს.ფ. 24-25);
3.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხე არის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე, რომლის წინააღმდეგაც შუამავალს სასამართლოში სარჩელი აქვს აღძრული და, პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოპასუხის მიმართ სამართალწარმოება მართებულია, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რომელმაც შეიძლება აგოს პასუხი მის მიერ დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე;
3.7.დადგენილია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეს (შუამავალს) და ე.ხ–ს შორის გაფორმდა შუამავლობის და საკომისიო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად საკომისიოს მიმღებ პირებს, მოსარჩელესა და ე.ხ–ს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის უნდა მოეძებნათ საჭირო ტერიტორია (ნაკვეთი) და უნდა უზრუნველეყოთ ნაკვეთის მეპატრონესა და მითითებულ საზოგადოებას შორის ხელშეკრულების გაფორმება. შეთანხმების თანახმად მოძიებული ნაკვეთი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 1000 კვმ ფართის, მთლიანი კვადრატული მეტრაჟი მინიმუმ 10 000 კვმ, ამასთან პირველი სართული უნდა ყოფილიყო კომერციული მიზნებისთვის გამოსადეგი, მოძიებული ნაკვეთის სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ნებართვა მზად უნდა ყოფილიყო და პროექტის და ნებართვის ოფიაციალურად მოპასუხეზე გადასვლის შემდეგ 7 დღის განმავლობაში მშენებლობის დასაწყებად მზად უნდა ყოფილიყო (ტ.1. ს.ფ.21.- 22);
3.8. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლის ,,დ” პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ/აღნიშნულ მომსახურებაში მოპასუხე შუამავლებსა და საკომისიოს მიმღებ პირებს გადაუხდიდა ,,სუფთა მოგებიდან 168 000 აშშ დოლარს და ამასთანავე დამატებითი სახით ისევ სუფთა მოგებიდან, 30%-ს საშუამავლო და საკომისიო საზღაურს (ტ.1, ს.ფ.21).
3.9. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, საკომისიოს მიმღებ პირებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში 168 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ასაშენებელი მშენებლობიდან მოპასუხის საკუთრებაში დარჩენილი დამოუკიდებელი ნაწილიდან გაიცემოდა დამოუკიდებელი ფართი, რომელიც უნდა ყოფილიყო მე-2 სართულის ზემოთ. ამასთან, ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაღდი ფულით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, გადახდა მშენებლობის დასრულების და გაყიდვების დაწყებიდან და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების ამოღების შემდეგ უნდა ანაზღაურებულიყო (ტ.1. ს.ფ.21);
3.10. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მეორე მუხლის ,,ვ” პუნქტით მხარები შეთანხმდნენ მოგების გაანგარიშების წესზეც, რომლის თანახმად მოგების გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: ,,მშენებლობის პროცესში ყველა ოფიციალური ან არა ოფიციალური ხარჯები, მასალა, მუშახელი, საკონსულტაციო ხარჯები დაიანგარიშება და აღნიშნული ხარჯები მთლიანი გაყიდვის ხარჯებს გამოაკლდება და ამდაგვარად სუფთა მოგება გამოიკვეთება” (ტ.1. ს.ფ.21);
3.11. უდავოდაა დადგენილია, რომ შუამავლებმა (საკომისიოს მიმღებმა პირებმა) შეასრულეს 2009 წლის 16 ნოემბრის ,,შუამავლობისა და საკომისიო ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ დადგენილია, რომ მათი შუამავლობით, 2009 წლის 24 ნოემბერს, მოპასუხესა და ხ–ძეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის და წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმში, ....... შეძენილ იქნა მიწის ნაკვეთი, სადაც ააშენა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ასევე დადგენილია, რომ ამჟამადაღნიშნული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულებულია და სახლი შესულია ექსპლუატაციაში;
3.12. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
3.13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შუამავალმა (მოსარჩელემ) 2013 წელს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საწარმოს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისათვის 2009 წლიდან 2013 წლის 5 სექტემბრამდე რეალიზებული ფართებიდან მიღებული მოგებიდან 15%-ის დაკისრების მოთხოვნით; ამ სარჩელის (წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული შუამავლის პირველი სარჩელის) განხილვის დროისთვის ქ. ბათუმში, ...... მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ასევე დასრულებული იყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და შესული იყო ექსპლუატაციაში. მითითებულ საქმეზე ექსპერტთა დასკვნებით გაანგარიშებული იქნა საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი, ასევე მიღებული სუფთა მოგება და დადგენილი იქნა, რომ, 2009 წლიდან 2013 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხემ ფართების რეალიზაციით 6 816 416 ლარი მიიღო; ამავე პერიოდში მის მიერ გაწეული, დადასტურებული ხარჯი იყო 6 245 096 ლარი; შესაბამისად, მითითებულ პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა მოგებამ 571 320 ლარი შეადგინა, რომლის 15% - იყო 85 698 ლარი, სწორედ აღნიშნული თანხა დაეკისრა გადასახდელად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ (2009 წლიდან 2013 წლის 5 სექტემბრამდე ფართების რეალიზაციით მიღებული სუფთა მოგების 15%-ის სახით);
3.14. დადგენილია, რომ შუამავალსა (მოსარჩელსა) და მოპასუხეს შორის 2013 წელს აღძრულ ანალოგიურ დავაში სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დაანგარიშებულ თანხას - 6 816 416 ლარს გამოაკლდა საწარმოს მიერ მშენებლობისთვის გაწეული და დადასტურებული ხარჯები - 6 245 096 ლარი. დადგენილია, რომ მითითებული პერიოდისათვის მშენებლობა დასრულებული იყო და ის შესული იყო ექსპლოატაციაში, ასევე დაწყებული იყო ბინების რეალიზაცია (ისევე, როგორც ამჟამად განსახილველ საქმეზე). დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე შუამავლისათვის 16.11.2009 წლის ,,შუამავლობისა და საკომისიო ხელშეკრულების’’ ფარგლებში გადასაცემ თანხებს ერთხელ უკვე გამოაკლდა მშენებლობისათვის საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, რაც ამჟამად განსახილველ ანალოგიურ დავაზე გამორიცხავს ბინების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხებიდან (ფართების რეალიზაციით მიღებული სუფთა მოგების 15%) ამ ხარჯების გამოკლებას;
3.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელით შუამავალი მოპასუხისაგან ითხოვს 2013 წლის 5 სექტემბრის შემდეგ 2016 წლის 16 აგვისტომდე 1271.665კვ.მ. ფართის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის სუფთა მოგებიდან 15%-ის დაკისრებას; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა პროცენტი არა ყველა შემოსავლიდან, არამედ - მხოლოდ, ფართების რეალიზაციით მიღებული თანხიდან, მხოლოდ მითითებულ თანხას უნდა გამოკლებოდა ყველა დადასტურებული ხარჯი. კერძოდ, მშენებლობის პროცესში გაწეული ყველა სახის ოფიციალური და არაოფიციალური ხარჯები, მასალა, მუშახელი, საკონსულტაციო ხარჯები; განსახილველ შემთხვევაში სადავო პერიოდში საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯის დასადგენად საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე საექსპერტო/აუდიტის დასკვნა, თუმცა ყველაზე სრულად და დამაჯერებლად სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2018 წლის 20 ივლისის №005039118 დასკვნა მიიჩნია. მითითებული დასკვნა მომზადდა ორივე მხარის მონაწილეობით და ექსპერტიზა ჩატარდა უშუალოდ მოპასუხე საწარმოს იურიდიულ მისამართზე. ექსპერტს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა და შეესწავლა საწარმოში არსებული, პრაქტიკულად, ყველა საბუთი და მოესმინა მხარეთა მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; ამ დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, საქმეში არსებული მასალების (ნასყიდობის ხელშეკრულებების და საგადახდო დავალებების) მიხედვით, 2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით მოპასუხეს ფართების რეალიზაციიდან (1266.39 კვ.მ, მათ შორის: 5.09.2013-31.12.2013 პერიოდში - 250.361 კვ.მ; 1.01.2014-16.08.2016 პერიოდში -1016.35 კვ.მ) მიღებული შემოსავალი, დღგ-ის გარეშე 987492.53 ლარს შეადგენს .
3.16. ზემოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტმა 2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით რეალიზებული ფართებიდან მიღებულ შემოსავლებს - 987492.53 ლარს გამოაკლო ასევე 2009 წლიდან 2013 წლის 5 სექტემბრამდე რეალიზებული ფართებიდან გამომდინარე მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შუამავლისათვის (მოსარჩელისათვის) გადასახდელი თანხა, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, სულ - 107 122.5 ლარის ოდენობით და ასევე რეალიზებული ფართების თვითღირებულება - 577 970.93 ლარი და ამდაგვარად გამოითვალა მოგება (სხვაობა), რამაც ექსპერტის აზრით 302399.1 ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება კი (მოგების გადასახადის გამოკლებით) - 257039.24 ლარი.
3.17. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ექსპერტის მითითითებული დაანგარიშება განსახილველი დავისათვის ვერ იქნება გამოსადეგი, რადგან ამ სახით მოგების დაანგარიშება, ზემოთ მითითებული დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, არ არის სწორი. სასამართლომ საქმეში წარდგენილ №005039118 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია ექსპერტის დასკვნაში მითითებული ფაქტი, რომ ,,2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით მოპასუხე საწარმოს მიერ ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე 987492.53 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საკომისიო და ბინების თვითღირებულების ხარჯებს - განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელისათვის გადახდილი საკომისიო თანხა - 107 122.5 ლარი (რომელიც არის 2009 წლის 16 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შუამავლობის და საკომისიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2009 წლიდან 2013 წლის 5 სექტემბრამდე რეალიზებული ფართებიდან მიღებული, შუამავლისათვის გადასაცემი თანხა), არ უნდა გამოაკლდეს სადავო პერიოდში (2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით) ფართების რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამს - 987492.53 ლარს და ამ თანხას ასევე არ უნდა დააკლდეს ფართების თვითღირებულების თანხა - 577970.93 ლარი, რადგან რეალიზებული ფართების თვითღირებულების, მშენებლობის, მუშა ხელისა და სხვა ხარჯი სრულად იქნა გამოკლებული ანალოგიურ დავაზე შუამავლის მიერ 2013 წელს აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით (04.03.2015 წ.). შესაბამისად ხელმეორედ ამ ხარჯების გამოკლება არამართებულია და საპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, მოპასუხე საწარმოს მიერ ფართების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ჯამიდან - 987 492.53 ლარიდან უნდა დაანგარიშდეს სადავო თანხა - შუამავლისათვის (მოსარჩელისათვის) გადასაცემი 15%, რაც - 148 123.88 ლარს შეადგენს.
3.18. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არასწორია ქვემდგომი სასამართლოს მითითება ცალკე კომერციულ ფართებთან დაკავშირებით და აქედან მიღებულ შემოსავალზე. მხარეთა შორის 2009 წლის 16 ნოემბერს დადებული შუამავლობის და საკომისიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს შუამავლისათვის უნდა გადაეხადა მის მიერ წარმოებული მშენებლობის შედეგად ექსპლუატაციაში შესული მრავალსართულიანი შენობის ფართების რეალიზაციით მიღებული თანხის (სუფთა მოგების) 15%. ამ თვალსაზრისით კი საქმეში წარმოდგენილია 20.07.2018 წლის №005039118 ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ზოგადად ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია დაანგარიშებული და 987492.53 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ფართების დიფერენცირებას ვერ მოახდენს, რადგან სარჩელის მიზნებისთვის აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს; 2009 წლის 16 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შუამავლობის და საკომისიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მიერ 2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 148 123.88 ლარი (987 492.53 X15%=148 123.88);
3.19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის- 11596,48 ლარის ანაზღაურება (იხ. დამატებითი გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ. 312-317).
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამავლის სარჩელი და არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინების (რომლითაც ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა) და 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და სარჩელის უარყოფა.
4.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვება იქნა ცნობილი მოპასუხის საკასაციო საჩივარი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
8. სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა პროცესუალურ საკითხზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სათანადოობას უკავშირდება; უპირველესად, სწორედ ეს პროცესუალური სტატუსი უნდა შემოწმდეს, რადგან სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 3.1-4.6 ქვეპუნქტებშია ასახული სავსებით დასაბუთებულია და გამომდინარეობს კანონიდან. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საწარმოს (მომგებიანი/კომერციული იურიდიული პირის) ფილიალის შესახებ, ერთი მხრივ, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული საწარმო აფუძნებს ფილიალს და, მეორე მხრივ, როდესაც უცხოეთში რეგისტრირებული საწარმო საქართველოში არეგისტრირებს ფილიალს. საკასაციო სასამარტლომ განმარტა: სპეციალური კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონში შეტანილი 2009 წლის 3 ნოემბრის N 1974 ცვლილების საფუძველზე, რომელიც 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ამ კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ. დასახელებული კანონის მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) გაატაროს რეგისტრაციაში. (3.11.2009. N1974, ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან.) სპეციალური კანონის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირის ფილიალი არ საჭიროებს რეგისტრაციას, ხოლო უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის ფილიალის საქართველოში რეგისტრაცია სავალდებულოა (იხ. სუსგ N ას-1884-2018, 23.07.2020წ.).
10. კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმო საქართველოში რეგისტრირებულია როგორც სააქციო საზოგადოება, მისი სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი (იხ. ტ.1, ს.ფ.111-112). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). კანონმდებელი საწარმოს (კომერციული, იურიდიული პირის) რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს მის წარმოშობას. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება, ხოლო იგივე მუხლის მე-5 ნაწილით საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოში დაარსებული სამეწარმეო საზოგადოების და უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის - ფილიალის საქართველოში რეგისტრაციის სავალდებულობა ერთ-ერთი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტაციის მოთხოვნა და იმის განსაზღვრა, რომ სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი ენიჭებათ მხოლოდ საწარმოებს (მათ შორის უცხო ქვეყნის მიერ საქართველოში დაფუძნებულ ფილიალს, როგორც საწარმოს და არა ძირითადი საწარმოს ერთ-ერთ განშტოებას, რაც საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალია), ყველა იმ დანაწესს განსაზღვრავს, რომლის საფუძველზედაც კანონმდებელმა დამოუკიდებელ სამართალსუბიექტად მიიჩნია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (შეად. სუსგ N ას-1884-2018, 23.07.2020წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება, თუმცა, ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და, რა თქმა უნდა, მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება (ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება- ფილიალი, რეგიტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. საქმე N ას-981-945-2016, 23.12.2016წ.).
11. სადავო არაა, რომ მოსარჩელე, როგორც შუამავალი, სახელშეკრულებო მოთხოვნას აყენებს მოპასუხე საწარმოს მიმართ, რომელიც გამოიხატება მოსარჩელისათვის იმ გასამრჯელოს გადახდაში, რაც შუამავლობითაა განსაზღვრული (იხ. სსკ-ის 744-ე მუხლი), რადგან მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია საწარმოს მიერ 2013 წლის 5 სექტემბრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების 15% (სსკ-ის 361.2-ე მუხლი).
12. კასატორს უმთავრეს არგუმენტად მიაჩნია ის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ხელშეკრულების არსებითი პირობებით და უნდა დაედგინა, რას ნიშნავს „სუფთა მოგება“, რადგან შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ გამოსაქვით ხარჯებში არ იანგარიშა შუამავლისათვის წინა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე გადახდილი თანხა; კასატორის პრეტენზიით სასამართლომ შეითავსა ექსპერტის როლი და, სპეციალური ცოდნის არქონის პირობებში, თვითონ დაადგინა ხარჯები ან/და შემოსავლები; თავისსავე დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნას არ დაეყრდნო და მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა დასკვნები.
13. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინებაშია ასახული, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას, ეს სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა, რადგან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, სასამართლოს ამოცანაა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. ამდენად, სარჩელის იურიდიული გამართულობის, ანუ იმის შემოწმება, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს ვალდებულებაა, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ ამოწმებს და არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მაგრამ არკვევს, გააჩნია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას. მოთხოვნის მატერიალური საფუძვლის მართებულად განსაზღვრაზეა დამოკიდებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება და დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხე საწარმოსათვის დაკისრებული თანხა და მისი გაანგარიშების წესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივარი და მას გადასახდელად დააკისრა სწორედ ის გასამრჯელო, რომელიც შუამავალს ეკუთვნოდა ხელშეკრულების საფუძველზე. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოსარჩელე შუამავლისათვის 16.11.2009 წლის ,,შუამავლობისა და საკომისიო ხელშეკრულების’’ ფარგლებში გადასაცემ თანხებს ერთხელ უკვე გამოაკლდა მშენებლობისათვის საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, რაც ამჟამად განსახილველ ანალოგიურ დავაზე გამორიცხავს ბინების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხებიდან (ფართების რეალიზაციით მიღებული სუფთა მოგების 15%) ამ ხარჯების გამოკლებას; სსსკ-ის 106-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია წინამდებარე განჩინების 4.12 ქვეპუნქტში) გამოყენებისას უპირველესად უნდა განიმარტოს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტებს, რომლებიც ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, იგი საერთოდ ვერ დაექვემდებარება დასახელებულ ნორმას. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტის პრეიუდიციული მნიშვნელობის დადგენისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, როგორც პროცესუალური, ისე _ მატერიალურსამართლებრივი კუთხით. პირველი იმას გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს ამავე მხარეებს შორის სამოქალაქო დავაზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, ამ მხრივ სავალდებულო ძალის მატარებელია არა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები, არამედ მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სწორედ ამ ფაქტების შეფასებით უნდა განსაზღვროს მოსამართლემ მხარის ქმედების კანონიერება და სხვა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების კვლევის საკითხი (იხ. წინამდებარე განჩინების 4.13-4.17 ქვეპუნქტები; შეად. სუსგ-ას N ას- 1299-2018, 29.11.2019წ.) . ამდენად, არ არის გაზიარებული წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული არც ერთი საკასაციო პრეტენზია.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. ის გარემოება, რომელიც უნდა დაამტკიცოს მხარემ დამოკიდებულია სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიებაზე და მისი დეფინიციით განსაზღვრული წინაპირობების შესრულებაზე, რაც უნდა შემოწმდეს, ერთი მხრივ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შესატყვისი მტკიცებულებების მიხედვით) და მის პასუხად შესაგებელში წარდგენილი გამაქარწყლებელი მტკიცების ურთიერთშეპირისპირებისა და გაანალიზების შედეგად.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხე საწარმოს საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მისთვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შედეგადაც კი არ გამოვლინდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (აქვე იგულისხმება მასში უსწორობის გასწორების შესახებ 2019 წლის 10 იანვრის განჩინება, რაც სარეზოლუციო ნაწილში ცალკე არ მიეთითება), უცვლელად დატოვების საფუძველია; შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ამავე სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება, მოპასუხის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის ხარჯების დაკისრების თაობაზე.
17. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური