საქმე №ას-1690-2018 27 ნოემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს მ. „რ.ე–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბ–ი, ი.შ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.ბ–ისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან მოვალე) და ი.შ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მოვალე) სარჩელი მოპასუხე შპს მ. „რ.ე–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი, მ., აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა;
2. დადგენილ იქნა, რომ პირველი მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ 2013 წლის 31 მარტს დადებული №522806 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის სახით, 8750 აშშ დოლარს შეადგენს; პირველ მოსარჩელეს, მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის №522806 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალეს პირგასამტეხლო ათჯერ შეუმცირდა და პირგასამტეხლოს ოდენობა 581 აშშ დოლარით განისაზღვრა;
3. დადგენილ იქნა, რომ მეორე მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ 2013 წლის 31 მარტს დადებული №522815 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის სახით, 13020 აშშ დოლარს შეადგენს; მეორე მოსარჩელეს, მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის №522815 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო ათჯერ შეუმცირდა და პირგასამტეხლოს ოდენობა 871.5 აშშ დოლარით განისაზღვრა.
4. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კრედიტორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ მოცემბულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
4.2.1. პირველი მოვალესა და მ.-ს შორის, 2013 წლის 31 მარტს, დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა, მსესხებლისათვის სესხად გადაეცა 14 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, მოქმედების ვადა - 6 თვით - 2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოვალის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული 14 000 აშშ დოლარად;
4.2.2. მეორე მოვალესა და მ.-ს შორის, 2013 წლის 31 მარტს, დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა, მსესხებლისათვის ი.შ–ისთვის სესხად გადაეცა 21 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, მოქმედების ვადა - 6 თვით -2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოვალის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული - 21 000 აშშ დოლარად;
4.2.3. პირველმა მოვალემ, 2013 წლის 31 მარტის ხელშეკრულებების საფუძველზე, კრედიტორის სასარგებლოდ ჯამში 5250 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მოვალემ - 7980 აშშ დოლარი.
4.2.4. კრედიტორის ცნობით, პირველი მოვალის შემთხვევაში დავალიანების ოდენობაა ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი, სარგებელი - 784 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 5810 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოვალის შემთხვევაში - ძირითადი თანხა - 21 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1176 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 8715 აშშ დოლარი.
4.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ვადის გადაცილების პროცენტზე, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ 2013 წლის 30 სექტემბრის შემდგომ გადახდილი თანხები უნდა მიმართულიყო ძირითადი ვალდებულების (სესხის ძირითადი თანხის დაფარვისკენ) შემცირებისკენ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეიძლება არსებობდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორმა განიცადა. ამასთან, სსკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, სესხის მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება არ შეიძლება განხილული იქნას სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული თანხები მართებულად მიიჩნია მოვალეთა მიერ სესხის ძირითადი თანხის დასაფარად გადახდილად;
4.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, ხოლო პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება - შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს;
4.5.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართოომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი არის, რაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ მოვალეები (მოსარჩელეები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც ახორციელებდნენ თანხის გადახდებს, ამასთან, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად დაფარონ მ.-ს მიმართ არსებული დავალიანება და ამდენად, სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სწორედ ვალდებულების დარღვევის ხასიათზე, მოვალის კეთილსინდისეირებასა და ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.
4.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2013 წლის 21 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მ-ს მიერ დაანგარიშებული პირველი მოსარჩელის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა _ 5810 აშშ დოლარი, ასევე, მეორე მოსარჩელის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 8715 აშშ დოლარი, ზემოღნიშნული მსჯელობისა და იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, რომელაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა:
5.1.1. პირველი მოვალის ვალდებულების- სესხის ძირითადი თანხის სახით 8750 აშშ დოლარის განსაზღვრაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. მოვალეს ხუთჯერ შეუმცირდეს და სესხის ვადის გასვლიდან (30.09.2013 წლიდან) აღსრულებამდე განხორციელდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო გადახდილი 5250 აშშ დოლარი ჩაითვალოს პირგასამტეხლოს ნაწილობრივ გადახდად;
5.1.2 მეორე მოვალის ვალდებულების- სესხის ძირითადი თანხის სახით 13 020 აშშ დოლარის განსაზღვრაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. მოვალეს ხუთჯერ შეუმცირდეს და სესხის ვადის გასვლიდან (30.09.2013 წლიდან) აღსრულებამდე განხორციელდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო გადახდილი 7980 აშშ დოლარი ჩაითვალოს პირგასამტეხლოს ნაწილობრივ გადახდად.
5.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კრედიტორის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საკასაციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად ყველა მნიშვნელოვანი გარემოება აქვს დადგენილი და სწორედ მათ ფარგლებში განიხილება საკასაციო მოთხოვნა (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია მხოლოდ პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში, რადგან მოვალეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ამასთან, მ.-ს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ძირითადად სარგებლიანი სესხების გაცემაში გამოიხატება, მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სასამართლომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, უნდა დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ვალდებულების გამო მოვალეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა, არა იმ ოდენობით, რაც კრედიტორის გამდიდრებას გამოიწვევს და არც იმგვარად შემცირებით, რომ პირგასამტეხლომ თავისი ვალდებულ პირზე ე.წ. „ზემოქმედებისა“ და პრევენციული ფუნქციები დაკარგოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: №ას-428-428-2018, 13.07.2018წ: N ას- 1076-2019, 22.11.2019წ.).
9. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ები N ას-1378-2018, 17.01.2019წ; N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016). ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შეად. საქმე №ას-176-157-2014).
10.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ნაწილობრივ გააჩნია საფუძველი, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რაც 2013 წლის 30 სექტემბერს შეადგენს, პირგასამტეხლო შემდეგი სახით უნდა განისაზღვროს: პირველი მოსარჩელისათვის გაცემული სესხის ძირითადი თანხიდან 14 000 აშშ დოლარიდან ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს პირგასამტეხლო 0.05 %-ით, ნაცვლად 0.5 %-ისა, რაც 7 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და 539 ვადაგადაცილებულ დღეზე (2015 წლის 24 მარტს მოვალეთა მიერ სარჩელის შეტანამდე პერიოდია) გადაანგარიშებით პირველ მოსარჩელეს, კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 3773 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; მეორე მოვალისათვის სესხად გადაცემული ძირითადი თანხის ოდენობის- 21 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს პირგასამტეხლო 0.05 %-ით, ნაცვლად 0.5 %-ისა, რაც 10.5 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და 539 ვადაგადაცილებულ დღეზე (2015 წლის 24 მარტს მოვალეთა მიერ სარჩელის შეტანამდე პერიოდია) გადაანგარიშებით მეორე მოსარჩელეს, კრედიტორის სასარგებლოდ 5659.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
12. დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
13. მოპასუხის სასარგებლოდ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების შესახებ მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რაც სსსკ-ის 53.3-ე მუხლის მოწესრიგებას ემყარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3-ე, 257-ე, 408.3-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მიკროსაფინანსო კომპანიის „რ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა:
2.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ქ.ბ–ს, მასსა და შპს მ. „რ.ე–ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის # 522806 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეუმცირდა ათჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 581 აშშ დოლარით;
2.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ი.შ–ს, მასსა და შპს მ. „რ.ე–ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის # 522815 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეუმცირდა ათჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 871.5 აშშ დოლარით;
2.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შპს მ. „რ.ე–ისათვის“ მოსარჩელეების ქ.ბ–სა და ი.შ–ის სასარგებლოდ დაკისრებული, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1770 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ქ.ბ–ისა და ი.შ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. მოსარჩელე ქ.ბ–ს, მასსა და შპს მ. „რ.ე–ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის # 522806 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს მ. „რ.ე–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 3773 (სამი ათას შვიდას სამოცდაცამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა;
6. მოსარჩელე ი.შ–ს, მასსა და შპს მ. „რ.ე–ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის # 522815 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს მ. „რ.ე–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 5659.5 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი აშშ დოლარისა და ორმოცდაათი ცენტის) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა;
7.დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;
8. ქ.ბ–ს შპს მ. „რ.ე–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 129.78 (ას ოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
9. ი.შ–ს შპს მ. „რ.ე–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 191.52 (ას ოთხმოცდათერთმეტი აშშ დოლარი და ორმოცდათერთმეტი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური