საქმე №ას-436-2021 21 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ი.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.დ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი), 2019 წლის 17 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დ.ზ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს დადებული შპს ,,ლ-ფ–ის’’ (შემდეგში: შპს ან კომპანია) 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მოსარჩელისათვის კომპანიის 50% წილის დაბრუნების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო; შეწყვეტილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს დადებული შპს „კ–ის“ 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე აღირიცხა შპს „კ–ის“ 50 % წილის მესაკუთრედ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2020 წლის 25 თებერვალს, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა, კერძოდ: შპს-ის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს/პირებს, მათ შორის - დირექტორს, აეკრძალოთ შპს-ის ბალანსზე რიცხული ნებისმიერი მოძრავი და უძრავი ქონების (გარდა ძირითადი საქმიანობის მიზნით წარმოებული საკვები პროდუქტის), ასევე ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის/უფლების, მათ შორის სასაქონლო ნიშნის, ლოგოს ან კომპანიის მაიდენტიფიცირებელი სხვა საშუალების გასხვისება, იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შპს-ის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს/პირებს, მათ შორის დირექტორს, აეკრძალათ შპს-ის ბალანსზე რიცხული ნებისმიერი მოძრავი ქონების (გარდა ძირითადი საქმიანობის მიზნით წარმოებული საკვები პროდუქტის), ასევე ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის/უფლების, მათ შორის სასაქონლო ნიშნის, ლოგოს ან კომპანიის მაიდენტიფიცირებელი სხვა საშუალების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
6. სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 4 თებერვალს, განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა ს.ს–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძველზე მითითებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით დასრულდა სამოქალაქო დავა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რის შედეგადაც მოსარჩელე შპს-ის 50 % წილის მესაკუთრედ აღირიცხა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის ს.ს–ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 31 მარტს, საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა 2021 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მის სახელზე შპს-ის 50% წილის აღრიცხვით არ აღმოფხვრილა საფრთხე, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს უზრუნველყოფა. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით ძალაში დარჩა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები და მოსარჩელე შპს-ს 50 % წილის მესაკუთრედ აღირიცხა, მაგრამ კომპანიიდან ქონების გადინების საფრთხე რეალურად ისევ არსებობს, რამდენადაც შპს-ის მოქმედი დირექტორი (ო.ა–ძე) დანიშნულია 2020 წლის 24 დეკემბერს მოპასუხის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და მასზე დამოკიდებულ პირს წარმოადგენს.
9. საჩივრის ავტორის განმარტებით, ო.ა–ძე მიზანმიმართულად ახორციელებს მოსარჩელისათვის ხელის შეშლას პარტნიორული უფლებების განხორციელებაში და უარს აცხადებს იმ დოკუმენტის გადაცემაზე, რაც კომპანიის პარტნიორს კანონით ეკუთვნის. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორს მოეხსნა უზრუნველყოფის ღონისძიებით გათვალისწინებული აკრძალვა, იგი კომპანიის და საჩივრის ავტორის საწინააღმდეგოდ განახორციელებს კომპანიის მოძრავი ქონების გასხვისებას, მით უმეტესდირექტორს, კომპანიის მოქმედი წესების თანახმად, ასეთი გასხვისებისათვის პარტნიორთა კრების თანხმობა არ სჭირდება, ხოლო მოქმედი წესდება მიღებულია სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) კომპანიის წილი მოპასუხეს მიჰყიდა, წილზე უფლების აღდგენამდე.
10. საჩივრის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არაუფლებამოსილმა პირმა მოითხოვა, რის გამოც სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა განცხადება, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის, მათ შორის დირექტორის მიმართ. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა მოპასუხეს, არამედ = თავად კომპანიას.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, საკასაციო სასამართლოს გადმოეგზავნა.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ 2021 წლის 4 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, 2021 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, შპს-ის 50%-იან წილზე რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, ხოლო 50%-იან წილზე - მოსარჩელის საკუთრების უფლება. აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებულია.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191-ე მუხლზე მითითებით განმარტა: განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რა მიზნითაც მან სარჩელი აღძრა სასამართლოში. შესაბამისად დაუსაბუთებელია საჩივარში მითითებული გარემოება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კვლავ საჭიროების თაობაზე, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე საქმეზე დავა დასრულდა და ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
14. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არაუფლებამოსილმა პირმა მოითხოვა, აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დადგენილია, რომ დავა მიმდინარეობდა მოსარჩელესა (საჩივრის ავტორს) და მოპასუხეს (აპელანტს) შორის, ანუ ეს უკანასკნელი პირი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს და შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. წინამდებარე განჩინების 12-14 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ფაქტი არ აზიანებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 191.1-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
18. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მიღწეულია, რადგან საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებულია, შესაბამისად, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და უარყოფს საჩივრის ავტორის პრეტენზიას მოპასუხის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეს, როგორც დავის მონაწილეს, და შპს-ის 50 %-იანი წილის მესაკუთრეს ჰქონდა უფლებამოსილება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოეთხოვა.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას კომპანიის დირექტორის მიერ მომავალში მისაღები გადაწყვეტილებების კომპანიის ინტერესებთან შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს ასეთი მიზანი არ აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის და სხვა მრავალ უფლებას, არამედ, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, მხარეთა უფლებრივი კონკურენციის დაბალანსებასაც. მიმართვის უფლება და სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულების პრინციპი, პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზებისათვის, დღის წესრიგში უდავოდ აყენებს მოპასუხის ნებაზე ზემოქმედებისა და მისი თვითნებობის გამორიცხვის საკითხს, თუმცა, სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის არსებობა და მისი მარეგლამენტირებელი თითოეული ნორმის არსებული რედაქცია მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფაზე. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დავა დასრულებულია, სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების თაობაზე იმ დასაბუთებით, რაც წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტებშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორთან კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის შესაძლო პრეტენზია და თუნდაც პოტენციური დავა, რომელიც ამ საქმეში განხილულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების განხილვის საგანი არ ყოფილა, არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ საპროცესოსამართლებრივ წინაპირობას მხარეთა შორის უკვე დასრულებული დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვებისათვის.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური