Facebook Twitter

საქმე №ას-1514-2019 12 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ჯ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი

გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ აღსრულების წესის განსაზღვრა, მოვალის ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.ჯ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე) მიმართ სარჩელი აღძრა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გაცემული N2ბ/4065-11 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული, დარჩენილი დავალიანების (57579,88 აშშ დოლარი) დასაფარად მოვალის მთელი ქონებისა და შემოსავლის აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. სააპელაციო სასამართლომ მოცემბულ საქმეზე შემდეგი გარემოებები დაადგინა:

4.1.1. სს „ბ.რ–სა“ და მოპასუხეს შორის, 2008 წლის 7 აპრილს, კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........, ბინა 6 (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი) წარმოადგენდა. იმავე რიცხვში მხარეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, გამომდინარე 2008 წლის 7 აპრილს დადებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის გენერალური ხელშეკრულებიდან (ს.ფ. 23-26, 27-36);

4.1.2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ზემოხსენებულ ბანკსა და მსესხებელს შორის, 2008 წლის 16 აპრილს, საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო და 70000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, 180 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, გაიცა. ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა ხელშეკრულებით შეთანხმდა. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის პირობა, კერძოდ: მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა განსაზღვრულია კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ 2008 წლის 7 აპრილის გენერალური ხელშეკრულებით (ს.ფ. 38-42). გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელ ბანკსა და მსესხებელს შორის, 2009 წლის 1 დეკემბერს, საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო და 15 000 აშშ დოლარის კრედიტი, 60 თვის ვადით, წლიური 22% სარგებლის დარიცხვით, გაიცა. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა ასევე ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა. სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულებაში განისაზღვრა დათქმა, რომ ბანკი მსესხებელზე კრედიტს გასცემს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამ პერიოდში მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაიდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება (2.2 პუნქტი).; ხოლო 4.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები განსაზღვრულია 07.04.2008 გაფორმებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით. ამავდროულად, საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავდა შემდეგ პირობას: თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ხოლო ბანკს აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე (4.4. პუნქტი; იხ. ს.ფ. 51-56).

4.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის დეკემბრის განჩინებით შპს „დ.გ.ც–ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულება შემდეგი სახით მოხდა:

ა) სს „ბ.რ–ს“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა;

ბ) შეწყვეტილად იქნა აღიარებული ბანკსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 7 აპრილს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, ასევე, მის საფუძველზე 2008 წლის 16 აპრილს და 2009 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული N60366 და N99935 საკრედიტო ხელშეკრულებები;

გ) მოპასუხეს დაეკისრა საკრედიტო დავალიანების გადახდა - ჯამში 85379,88 აშშ დოლარი; ასევე, საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 4324,42 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი - 1714,42 ლარი;

დ) დავალიანების გადახდა იპოთეკით დატვირთული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ...... ბინა N6, ფართი 33 კვ.მ. საკადასტრო კოდი ......., იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უნდა განხორციელებულიყო;

ე) მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2835,47 ლარის გადახდა დაეკისრა. მითითებულ განჩინებაზე 2011 წლის 15 დეკემბერს სააღსრულებო ფურცელი გაიცა (ს.ფ. 61-63, 59-60).

4.1.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის მოვალეს სს „ბ.რ–ს“ მიმართ დავალიანება გააჩნდა, კერძოდ, 2008 წლის 16 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 70110,92 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა 66226,99 აშშ დოლარი, სარგებელი - 3634,74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 249,19 აშშ დოლარი), ხოლო 2009 წლის 1 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15268,96 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა - 13594,22 აშშ დოლარი, სარგებელი - 1335,68 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 339,06 აშშ დოლარი; იხ. ს.ფ. 43-59).

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების პროცესში მოპასუხემ (მოვალემ) 2018 წლის 18 ოქტომბერს წერილით მიმართა კრედიტორს, სადაც იგი ვალდებულებას იღებდა, 27 800 აშშ დოლარით შეემცირებინა დავალიანება, ასევე გადაიხდიდა აღსრულებისა და სააუქციონო მომსახურების ხარჯებს, რის სანაცვლოდაც ითხოვდა იპოთეკის გაუქმებას. მოთხოვნის საფუძველზე კრედიტორმა გააუქმა იპოთეკა; კრედიტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის თანხმობაში აღნიშნულია, რომ თანახმაა იპოთეკის გაუქმებაზე, მაგრამ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას იტოვებს. უძრავი ქონება გასხვისდა და ამოღებული თანხიდან მოვალის მიერ დავალიანების ოდენობა შემცირდა (ს.ფ. 64, 67, 69-70).

4.3. მოვალემ 2018 წლის 4 აპრილს კრედიტორის სასარგებლოდ 27 800 აშშ დოლარი გადაიხადა, რომლითაც კრედიტორმა შეუმცირა 2008 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა და ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ჯამში 57579,99 აშშ დოლარი დარჩა. აქედან 16.04.2008 წლის ხელშეკრულების ნაწილში - 42310,92 აშშ დოლარი, ხოლო 01.12.2009 წლის ხელშეკრულების ნაწილში - 15268,96 აშშ დოლარი (ს.ფ. 73-78).

4.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ........, ბინა N6, სს „ბ.რ–ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი იპოთეკა, 07.04.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 71-72).

4.5. 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული შერწყმის საფუძველზე სს „თ.ბ–ი“ სს „ბ.რ–ს“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს (ს.ფ. 84-86).

4.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კრედიტორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგანი, უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, დასახლება ....... საკუთრება, ბინა N6, ფართი 33 კვ.მ. საკადასტრო კოდი ......., უზრუნველყოფდა, როგორც 2008 წლის 16 აპრილის, ასევე, 2009 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. 2008 წლის 7 აპრილის გენერალური ხელშეკრულების მე-5 (1) პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს: უძრავი ქონება მდებარე ..... 2008 წლის 7 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის შესახებ ერთიანი ხელშეკრულების თანახმად, დგინდება, რომ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია საკრედიტო ვალდებულებები, კერძოდ, ბანკსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 7 აპრილს დადებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება და, შესაბამისად, ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც ამ გენერალური ხელშეკრულების ნაწილია. გარდა ამისა, ამავე ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ფარგლებზეც, 2.2 პუნქტის თანახმად, იპოთეკის თანხა 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ იპოთეკით ბანკის მოთხოვნები სწორედ ხსენებული თანხის ფარგლებში იყო უზრუნველყოფილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ როგორც 2008 წლის 16 აპრილის, ასევე 2009 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებებში ნათლადაა მითითებული, რომ ისინი 2008 წლის 07 აპრილს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზეა დადებული, შესაბამისად, მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებულ ყველა სამართლებრივ დოკუმენტში მოვალის კრედიტები და ვალდებულებები ნახსენებია მრავლობით ფორმაში, ასევე ვინაიდან ორივე სადავო გარიგების პრეამბულა შეიცავს დათქმას, რომ მისი დადების საფუძველს სწორედ გენერალური ხელშეკრულება წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ავტომატურად ვრცელდებოდა და უზრუნველყოფდა ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მოვალეს საკრედიტო დაწესებულება სს „ბ.რ–სთან“ ან/და მის უფლებამონაცვლესთან გააჩნდა, თუმცა, ამავე ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებების ფარგლები 100 000 აშშ დოლარით იყო შემოსაზღვრული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერში მხოლოდ ერთი იპოთეკა იყო რეგისტრირებული მიიჩნეოდა, იგი მხოლოდ 2008 წელს დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებას უზრუნველყოფდა, ვინაიდან გენერალური ხელშეკრულებითა და გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა არა მხოლოდ კონკრეტულ დღეს ნაკისრი ვალდებულება, არამედ - ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც იდენტურ მხარეებს შორის, გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე დაიდებოდა.

4.7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კრედიტორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა და აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 251-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

4.7.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, სს „ბ.რ–ას“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. შპს „დ.გ.ც–ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულება შემდეგი სახით მოხდა:

ა) სს „ბ.რ–ს“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა;

ბ) შეწყვეტილად იქნა აღიარებული ბანკსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 7 აპრილს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, ასევე, მის საფუძველზე 2008 წლის 16 აპრილს და 2009 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული N60366 და N99935 საკრედიტო ხელშეკრულებები;

გ) მოპასუხეს დაეკისრა საკრედიტო დავალიანების გადახდა ჯამში - 85379,88 აშშ დოლარი; ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 4324,42 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი - 1714,42 ლარი;

დ) დავალიანების გადახდა იპოთეკით დატვირთული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ....... ბინა N6, ფართი 33 კვ.მ. საკადასტრო კოდი ......., იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უნდა განხორციელებულიყო;

ე) მოპასუხეს, სს „ბ.რ–ს“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2835,47 ლარის გადახდა დაეკისრა. მითითებულ განჩინებაზე 2011 წლის 15 დეკემბერს სააღსრულებო ფურცელი გაიცა (ს.ფ. 61-63, 59-60).

4.7.2. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი სადაც მიეთითა, რომ დავალიანების გადახდა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით უნდა განხორციელებულიყო. აღსრულების ეტაპზე მოვალემ კრედიტორს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და იპოთეკის გაუქმება მოსთხოვა. აღნიშნული მოთხოვნა ბანკმა დააკმაყოფილა, თუმცა მიუთითა, რომ იტოვებდა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს სს „ბ.რ–ას“ უფლებამონაცვლემ სს „თ.ბ–მა“ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ განცხადებით მიმართა და მიუთითა, რომ მოვალის მიერ არ მომხდარა დარჩენილი დავალიანების გადახდა, იპოთეკის რეგისტრაციის წერილის გაცემის შედეგად კი გაუქმდა იპოთეკის უფლებაც, რაც ბანკს წარმოუშობდა უფლებას დარჩენილი დავალიანების გადახდევინების მიზნით სასამართლოსთვის აღსრულების წესის განსაზღვრა მოეთხოვა. მოსარჩელის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების წესი იმგვარად უნდა განსაზღვრულიყო, რომ დარჩენილი ვალდებულების გადახდევინების მიზნით აღსასრულებლად მოვალის მთელი ქონება მიქცეულიყო;

4.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის) ზემოაღნიშნულ მტკიცება და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ აღსრულების წესი განსაზღვრა, რომელსაც მხარეები დათანხმდნენ და გადაწყვეტილება არც ერთი მხარეს არ გაუსაჩივრებია, იგი კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის მოთხოვნა, დავალიანების დაფარვის მიზნით მოვალის ნებისმიერი ქონების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შპს „დ.გ.ც–ში“ წარდგენილი განცხადება იმთავითვე არ შეიცავდა ამ მოთხოვნას, მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულება კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა, რის შედეგადაც აღსრულების ქვემდებარე აქტი - სააღსრულებო ფურცელი გაიცა (იხ. ს.ფ. 59-63), ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სხვა ქონების რეალიზაციის დათქმას არ შეიცავდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ეს ნიშნავს, რომ თეორიულად არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა/შესაძლებლობა, რომელსაც შეეძლო განესაზღვრა სხვა ქონებაზე იძულებით აღსრულების მიქცევის შესაძლებლობაც, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2011 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად, არსებობდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტების, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მოთხოვნის წინაპირობები, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების მოთხოვნის წინაპირობები (41-42-ე მუხლები), ამგვარი საპროცესო შესაძლებლობით კი მოსარჩელე მხარეს არ უსარგებლია. ამდენად, მოცემულ ვითარებაში იგულისხმება, რომ მოსარჩელე მხარე დაეთანხმა შპს „დ.გ.ც–ის“ 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ აღსრულების წესს, რასაც შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მისი ცნობა -აღსრულება მოჰყვა. ის გარემოება, რომ აპელანტმა თავისი სურვილით უარი თქვა აღსრულებაზე და მისივე თანხმობით შესაძლებელი გახდა იპოთეკის უფლების გაუქმება, მას შესაძლებლობას არ აძლევს მოვალის მიმართ განუსაზღვრელ ვადაში წარადგინოს აღსრულების წესის შეცვლისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვადასხვა მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის სააპელაციო საჩივარი, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.9. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

4.10. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, აპელანტს უნდა დაედასტურებინა, რომ აღსრულების წესის დამატებითი განსაზღვრის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები არსებობდა, თუმცა, მხოლოდ მოვალის მიერ ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა ამგვარ საფუძველს ვერ შექმნის, იმ პირობებში, როდესაც ერთხელ უკვე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოხდა აღსრულების წესის განსაზღვრა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა - აღსრულებას დაექვემდებარა და, აღსრულების ეტაპზე, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევაზე უარი თავად კრედიტორმა განაცხადა და მანვე გასცა იპოთეკის უფლების გაუქმების თანხმობის წერილი. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა გაცნობიერებულად იკისრა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის რისკი, რაც მას განმეორებითი მოთხოვნის დაყენების საფუძველს ართმევდა. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. კრედიტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი სასარჩელო მოთოვნის დაკმაყოფილების უარყოფის თაობაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კრედიტორის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებელი ბანკის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვთ წარმოდგენილი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

9. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

12. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებშია მოვალის წერილობითი მიმართვა კრედიტორისადმი, სადაც ის მზაობას გამოთქვამს შეასრულოს კრიდიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ითხოვს უძრავი ქონების, რომელიც იპოთეკის საგანია ბანკის სასარგებლოდ, გათავისუფლებას უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. კრედიტორმა მოვალის ამ წერილისა და მის საფუძველზე შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ, იპოთეკის გაუქმების თანხმობა გასცა (იხ. ს.ფ. 64-72). მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ, იპოთეკის საგანი (მოვალის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება-იხ. წინამდებარე განჩინები 4.4 ქვეპუნქტი) უზრუნველყოფდა როგორც 2008 წლი 16 აპრილის, ასევე, 2009 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რადგან ორივე საკრედიტო ხელშეკრულება, კასატორი ბანკის წინამორბედ ბანკსა და მოვალეს შორის, 2008 წლის 7 პარილს, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზეა დადებული, შესაბამისად, მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ (იხ. გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლი, ს.ფ. 24). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს, ორიენტირებულია სასესხო ფულადი თანხის გამოყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, გსხ-ის შესახებ ხელშეკრულებით ბანკი საკუთარ ოფციონალურ უფლებას (სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად: „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) იყენებს, როდესაც მოვალეს სთავაზობს წინაპირობებს კრედიტის გასაცემად, თუმცა, არა აბსტრაქტულად, არამედ მომავალში ძირითად მსესხებლებზე გასაცემი თანხის ზღვრულ მოცულობას განსაზღვრავს, ამ ტიპის ხელშეკრულების მიზანია „მსესხებელს წინასწარ გაუფორმოს უზრუნველყოფის ხელშეკრულებები იმ ღირებულების ქონებაზე, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსების ფარგლებში გამოყოფილი კონკრეტული საბანკო კრედიტების ან კრედიტის ცალკეული ტრანშების ამოღებადობას“ (იხ. საბანკო სამართალი - ზვიად გაბისონია, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017წ; გვ. 221-222). გსხ-ის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორი მოვალის გადახდისუნარიანობის შესაბამისი წინაპირობების შესწავლისას ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, უზრუნველყოფს მომავალში საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას ყოველ ცალკეულ კრედიტზე“ (იხ. სუსგ N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.).

15. კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ ასევე გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა აღსრულების წესის დამატებითი განსაზღვრის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე მოხდა აღსრულების წესის განსაზღვრა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და აღსრულებას დაექვემდებარა, ხოლო აღსრულების ეტაპზე, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევაზე უარი თავად კრედიტორმა განაცხადა და მანვე გასცა იპოთეკის უფლების გაუქმების თანხმობის წერილი. ამ ქმედებით კრედიტორმა გაცნობიერებულად იკისრა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის რისკი, რაც მას განმეორებითი მოთხოვნის დაყენების საფუძველს ართმევდა. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თვითონ კრედიტორის თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პირობებში, დავალიანების დასაფარად მოვალის მთელი ქონებისა და შემოსავლის აღსასრულებლად მიქცევაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, უკვე გაუქმებულია. ქონება, რომელიც სააღსრულებო ფურცლის მიხედვით უზურუნველყოფდაა კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, გათავისუფლდა უზურნველყოფის ღონისძიებისაგან. კასატორის მოთხოვნა პრაქტიკულად გაუქმებული უზრუნველყოფის ღონისძიების „აღდგენას“ ეხება და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველყოფილ მოთხოვნად „გადაქცევას“ თითქოსდა აღსრულების წესის განსაზღვრის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

16. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2011 წლისათვის მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლზე /საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება/ და 42-ე მუხლზე /საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება/, როგორც იმ საპროცესოსამართლებრივ საშუალებაზე, რაც კრედიტორს (კასატორს) აძლევდა პროცესუალურ შესაძლებლობას, შესაბამისი წინაპირობების განხორციელების გზით, დაეცვა საკუთარი ინტერესები.

17.კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო შედავების წარდგენა, რაც მისი მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საქმის არსებითი განხილვის შედეგად უარყოფილია მოსარჩელე ბანკის საკასაციო საჩივრის დასაბუთებლობა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "თ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებაა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური