Facebook Twitter

საქმე №ას-1870-2018 12 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.ჯ–ი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი _ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი) სარჩელი შპს "ბ.ჯ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან კასატორი) წინააღმდეგ მიუღებელი ხელფასის - 8043 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და უცვლელად დარჩა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

3.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა დასაქმებულმა, მოპასუხედ დაასახელა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული საწარმო და ამ უკანასკნელისაგან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა;

3.2. საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე-78-ე მუხლების თანახმად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის შესახებ.

3.3. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.

3.4. სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3.5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის შესახებ, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, მისი გამოუცხადებლობა სხდომაზე არასაპატიოდ უნდა მიჩნეულიყო. შესაბამისად, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.

3.6. ფოთის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 18 იანვარს, საჩივრით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, როდესაც ის ხელფასის ასაღებად მივიდა ბანკომატთან, აღმოჩნდა, რომ ანგარიშზე სახელფასო თანხა არ იყო დარიცხული. მან მოიკითხა ამის შესახებ მოპასუხე საწარმოს ბუღალტერიაში, რა დროსაც შეიტყო, რომ ის 30 ნოემბრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მოსარჩელე მაშინვე შეუძლოდ გახდა, სუნთქვა შეეკრა, თვალებში დაუბნელდა და საერთო სისუსტე იგრძნო. მას ეგონა, რომ ინფარქტი მიიღო, შეეშინდა და სასწრაფოდ ექიმთან წავიდა. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა. საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე უჩივის გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზს, ვეგეტო დისტონიას.

3.7. მოსარჩელის საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის ცნობაში მითითებული არ იყო საათი, ამიტომ გაურკვეველია სასამართლო სხდომის დაწყებამდე, თუ მის შემდეგ მიმართა საავადმყოფოს საჩივრის ავტორმა. გარდა ამისა, 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სხდომა დაგვიანებით, 14:09 საათზე დაიწყო, მაგრამ არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო გამოცხადებულიყო, თუკი მოსარჩელე ვერ ცხადდებოდა სასამართლოში- სხდომაზე არ გამოცხადებულადნ. ამდენად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, არ გამოვლენილა სსსკ-ის 232-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების გზით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.

4. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1.მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება. მათი გაუქმება და საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:

4.1.1. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით დღის 11 (თერთმეტ) საათზე, გახდა შეუძლოდ, სასწრაფოდ წავიდა ექიმთან, რომელმაც ჩაუტარა შესაბამისი მკურნალობა და განუმარტა, რომ ეს, ნერვული სტრესი იყო, რაც გახდა მიზეზი სასამართლო სხდომაზე დროულად მისი გამოუცხადებლობისა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დააგვიანდა ხუთი წუთით, მაგრამ როდესაც სასამართლოს შენობაში შევიდა, უთხრეს, რომ პროცესი უკვე ჩატარებული იყო;

4.1.2. აპელანტის მითითებით, მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო არსებული გარემოებების შესახებ, თუმცა საჩივრის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებია სსსკ-ის 233-ე მუხლი და დაედგინა, რომ მოსარჩელეს სასამართლოში დროულად გამოცხადებაზე დაუძლეველმა ძალამ შეუშალა ხელი.

4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება; სამოქალაქო საქმე №2-699/17, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

4.3. სააპელაციო სასაამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში აღნიშნა:

4.3.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ, მოპასუხედ დაასახელა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ ჯგუფში მითითებული საწარმო და, მიუღებელი ხელფასის სახით, მოპასუხისათვის 8043 ლარის დაკისრება მოითხოვა;

4.3.2. დადგენილია, რომ სარჩელის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, 2017 წლის 26 ოქტომბერს 13:30 საათზე, რაც გადაიდო 2017 წლის 8 დეკემბერს, სადაც მოსარჩელე გამოცხადდა წარმომადგენელთან, ადვოკატ ნ.ს-მ–თან ერთად (იხ.სასამართლო უწყება, ს.ფ.64, 08.12.2017წ.სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.75-82). სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 8 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 22 დეკემბერს 14:00 საათზე, თუმცა 22 დეკემბრის სხდომის დღის, საათისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე მოსარჩელეს გაფრთხილების თაობაზე, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილი ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უწყება საქმეში არ მოიპოვება;

4.3.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, რა დროსაც მოპასუხის წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4.3.4. დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და მას უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

4.4. სააპელაციო სასამართლომ საააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 229.1-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 233.1-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ამავე კოდექსის 72.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები; ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

4.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, 14:00 საათზე, მოსარჩელე მხარის მოწვევისა და გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება- სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილის ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უწყება, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოვლენილია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი წარდგენილ საჩივარში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე 5 წუთის დაგვიანებით მივიდა, თუმცა სააჩივარში დაფიქსირებული ასეთი მოსაზრება ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა საპროცესო მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელის სხდომაზე მიწვევის ფაქტს;

4.6. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საჩივრის ავტორის არგუმენტების გაუზიარებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რადგან მოსაჩელეს (საჩივრის ავტორს) ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით სასამრთლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით, არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს მისი ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობას დაადასტურებდა, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა, სათანადო წესით სხდომაზე მიწვევის შემთხვევაში, მისი გამოცხადება.

4.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა, რადგან 2017 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარე მოწვეული არ ყოფილა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა სარჩელს, საბოლოოდ ამან საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 208 წლის 2 აპრილის განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა.

5.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხე საწარმოს საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საპროცესოსამართლებრივი საკითხია შესაფასებელი, იყო თუ არა დადგენილი წესით სასამართლოს სხდომაზე მიწვეული მხარე, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნა იმას ემყარება, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, 14:00 საათზე, მოსარჩელე მხარის მოწვევისა და გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება - სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილის ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უწყების სახით, გამოვლენილია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო უთითებს: მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი წარდგენილ საჩივარში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე 5 წუთის დაგვიანებით მივიდა, თუმცა სააჩივარში დაფიქსირებული ასეთი მოსაზრება ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა საპროცესო მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელის სხდომაზე მიწვევის ფაქტს.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის სხდომის ოქმზე (12:44:18-12.:42:50), რომლის მიხედვით დგინდება, რომ სხდომას ესწრებიან, ერთი მხრივ, თვითონ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი ნ.ს-მ. (იხ. მინდობილობა- ს.ფ. 70), ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელი- ლ.გ–ი (იხ. სხდომის ოქმი-ს.ფ. 75-82); ამ სხდომაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს დატვირთული განრიგის გათვალისწინებით, ორივე მხარესთან ათანხმებს მორიგი სხდომის თარიღს. მოსარჩელის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ იმდენად გადატვირთულია საერთო სასამართლოები, რომ, მაგალითად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძლივს გამოძებნა შესაძლებლობა თავის განრიგში, რომ მომავალი წლის 6 თებერვალს ჩაენიშნა ერთ-ერთი საქმის მოსმენა, სადაც მხარეს ნ.ს-მ. წარმოადგენს.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარე სათანადოდ არ იყო მოწვეული სხდომაზე. საქმის მასალების მიხედვით, სავსებით ცხადია, რომ მოსარჩელეს ჰყავს წარმომადგენელი, რომელთან ერთად ესწრება 2017 წლის 8 დეკემბრის სხდომას, სადაც მხარეებთან შეთანხმებით განისაზღვრა მორიგი სხდომის დღე (თარიღი, დრო და ადგილი). ამ გარემოებას თვითონ მოსარჩელეც არ უარყოფს, ამასთან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მის მიერ წარდგენილი საჩივრების არგუმენტები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, კერძოდ, მოსარჩელე 2018 წლის 18 იანვრის საჩივარში უთითებს მოულოდნელად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (იხ. საჩივარი-ს.ფ.93-97) და თითქმის იდენტური შინაარსის სააპელაციო საჩივარში „ამატებს“, რომ სულ 5 წუთით დააგვიანდა მხარეს საქალაქო სასამართლოში მისვლა, რაც დადასტურდება სასამართლოს შენობის მისაღებში დამონტაჟებული ვიდეო-თვალის 2017 წლის 22 დეკემბრის ჩანაწერით 13:55-დან 14:10 სთ-მდე (იხ. საჩივარი- ს.ფ.117). საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელე არ ხდის სადავოდ მისთვის სხდომის თარიღის დადგენილი წესით შეტყობინებას, თუმცა, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგება სასამართლოს შესაფასებელია და, მოცემულ შემთხვევაში, სრულიად ცხადად დგინდება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის სხდომის ოქმიდან, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 22 დეკემბერს, 14 საათზე, რაც მხარეეთან შეთანხმებით, შესაბამისად, მათი კანონით დადგენილი წესით ინფორმირების გზით მოხდა (იხ. ს.ფ.81).

10. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის გამოუცხადებლობის არასაპატიოობა, ხოლო საკასაციო სასამართლომ მოისმინა სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი უფლებამოსილი გარიგებითი წარმომადგენელი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყვნენ მიწვეული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლი 8 დეკემბრის სხდომაზე, რაც არ არის სადავო, ეს სხდომა 12:02:30 საათზე დაიწყოდა 14:00 საათზე დასრულდა, ხოლო ამავე სხდომის ოქმით დგინდება, რომ მორიგი მოსამზადებელი სხდომის (გაგრძელების) თარიღი მხარეებთან შეთანხმებით განისაზღვრა იმავე წლის 22 დეკემბერს, რაც ცხადად ეცნობათ სხდომის მონაწილე მხარეებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, განცალკევებული სახით ხელწერილის/უწყების შედგენის სავალდებულობა მოსამზადებელი სხდომის მორიგი თარიღის განსაზღვრის შესახებ იმ მხარეებისათვის, რომლებიც გამოცხადებული არიან და მონაწილეობენ სხდომაში, სადაც სასამართლოს მორიგი სხდომის თარიღი განისაზღვრება, არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება, რომლებიც თანასწორად უზრუნველყოფს მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების რეალიზაციას.

12. მოცემულ შემთხვევაში არ არის სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა გამოვლენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს "ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება, ძალაში დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური