საქმე №ას-273-2020 29 იანვარი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - დ.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.დ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, სადავო საწარმოს დამფუძნებელი), 2019 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ.ზ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა - მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს დადებული, შპს „ლ-ფ–ის“ ს
2.
3.
4. (შემდეგში: სადავო საწარმო) 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მისთვის სადავო საწარმოს 50% წილის დაბრუნება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით მიღებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა - ა) შეწყვეტილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს დადებული საწარმოს კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე აღირიცხა სადავო საწარმოს კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ; ბ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. იმავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ: სადავო საწარმოს წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის/პირებისთვის, მათ შორის დირექტორისთვის, სადავო საწარმოს ბალანსზე რიცხული ნებისმიერი მოძრავი და უძრავი ქონების (გარდა ძირითადი საქმიანობის მიზნით წარმოებული საკვები პროდუქტის), ასევე ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის/უფლების, მათ შორის სასაქონლო ნიშნის, ლოგოს ან კომპანიის მაიდენტიფიცირებელი სხვა საშუალების გასხვისების, იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სადავო საწარმოს წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს/პირებს, მათ შორის დირექტორს, აეკრძალა სადავო საწარმოს ბალანსზე რიცხული ნებისმიერი მოძრავი ქონების (გარდა ძირითადი საქმიანობის მიზნით წარმოებული საკვები პროდუქტის), ასევე ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის/უფლების, მათ შორის სასაქონლო ნიშნის, ლოგოს ან კომპანიის მაიდენტიფიცირებელი სხვა საშუალების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
9. დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ მისი გაუქმების მოთხოვნით.
10. საჩივრის ავტორის პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება ვერ უზრუნველყოფდა განმცხადებლის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა კომპანიის 50% წილს. მისი მიზნის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი კომპანიის 50% წილის მესაკუთრე გახდებოდა და ისარგებლებდა იმ უფლებით, რასაც ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი და კომპანიის წესდება ანიჭებს. სწორედ აღნიშნული დაშვების პირობებში უნდა შემოწმებულიყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობა. თუკი მოსარჩელე კომპანიის 50% წილის მესაკუთრე გახდება, იგი კომპანიის მართვაში მონაწილეობას მიიღებს პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის გზით. კომპანიის წესდების მე-19 და 26-ე მუხლები ჩამოთვლიან იმ საკითხთა წრეს, რომელთა გადაწყვეტა აუცილებლად საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას. სხვა საკითხების გადაწყვეტაში პარტნიორი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან იგი დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება. არც წესდების მე-19 მუხლი და არც 26-ე მუხლი არ ითვალისწინებს პარტნიორთა კრების უფლებას გადაწყვეტილება მიიღოს, ან თანხმობა მისცეს კომპანიის მოძრავი ქონების გასხვისებაზე. შესაბამისად სასამართლომ კომპანიას დაუწესა აკრძალვა ისეთი უფლების გამოყენებაზე, რომელზეც ზეგავლენას ვერ მოახდენს არათუ პოტენციური 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი, არამედ რეალური 50% წილის მესაკუთრე პარტნიორიც. თუკი მოსარჩელე, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ მოიპოვებს უფლებას გავლენა იქონიოს მოძრავი ქონების განკარგვაზე, მაშინ ამ უფლების შეზღუდვა მით უფრო დაუშვებელია, როდესაც მოსარჩელე წილის მესაკუთრე არ არის. თუკი დირექტორი მოძრავი ქონების განკარგვას საწარმოს ინტერესების საზიანოდ მოახდენს, მაშინ იგი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს სოლიდარულად მთელი თავის ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
11. საჩივრის ავტორის პრეტენზიით, სასამართლო განჩინებით, კომპანიის დირექტორს ნებისმიერი მოძრავი ქონების გასხვისების გარდა, დამატებით აეკრძალა “ასევე ნებისმიერი სხვა მატერიალური სიკეთის/უფლების“ გასხვისება და გირავნობით დატვირთვა. მოძრავი ქონება თავის თავში მოიცავს ნებისმიერ მოძრავ ნივთს და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. ამის მიღმა, როდესაც სასამართლო კიდევ აწესებს აკრძალვას, ცხადია იგი შედის უძრავი ქონების სივრცეში. შესაბამისად სასამართლო თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან იგი ერთის მხრივ აცხადებს, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის საჭიროება არ დგას და მეორეს მხრივ ამ აკრძალვას მაინც ადგენს.
12. დაწესებული აკრძალვა კომპანიას უზღუდავს სამეწარმეო საქმიანობას, ვინაიდან კომპანიას არ აქვს უფლება გაასხვისოს რაიმე მოძრავი ქონება, გარდა მის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტისა. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას, გარდა საკვები პროდუქტების გასხვისებისა, შეიძლება მოუწიოს სხვადსხვა საბრუნავი საშუალებების გასხვისება (მაგალითად მოძველებული საწარმოო დანადგარების რეალიზაცია, მოდერნიზების ან ახლით ჩანაცვლების საჭიროების გამო; სადისტრიბუციო ავტომანქანების პარკის განახლება ამორტიზაციის გამო და სხვა). ეს არის ჩვეულებრივი სამეწარმეო პროცესი და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ხელს უშლის კომპანიის გამართულ საქმიანობას.
13. საჩივრის ავტორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია აგრეთვე, მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხის ვაჟების მიერ სხვა საწარმოს დაარსება, სადავო საწარმოს მსგავსი სახელწოდებით, საფრთხეს უქმნის მოსარჩელის ქონებრივ ინტერესებს და ზრდის ქონების შემცირების რისკს სადავო საწარმოში.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა იმავე სასამართლოს 2020 წლის 25 თბერვლისგანჩინება.
15. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
16. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას-69-63-2015, 19.03.2015წ; #ას-1249-2018, 30.11.2018წ; ას-1302-2019, 26.12.2019)
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სუსგ. ას-1415-2019, 26.12.2019).
18. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე, სარჩელის აღძვრამდე, თუმცა, მაშინ როდესაც მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის პრეტენზიები და მოთხოვნები, რის შესახებაც არაერთი წერილი მიიღო, მოპასუხემ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა მოთხოვნით, საკუთარი ვაჟიშვილებისთვის, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირებულიყო სადავო საწარმოზე საკუთრების უფლება, რაც ვერ მოხერხდა, მოსარჩელის მიერ გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო. მოგვიანებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხის შვილებმა, სადავო საწარმოს, თითქმის იდენტური სახელწოდებით, დააფუძნეს სხვა საწარმო. საგულისხმოა, რომ სადავო საწარმოსა და ახლად დაფუძნებულ საწარმოს დირექტორი ერთი და იგივე პირია.
20. ზემოაღნიშნული ფაქტების ერთობლიობისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, რომ მოპასუხის მიერ გატარებული გარკვეული ღონისძიებებით სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად, იქმნებოდა, სადავო საწარმოს ქონებისა და წილის ღირებულების შემცირების ვარაუდი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველმყოფი ღონისძიება.
21. საკასაციო სასამართლო დამატებით, საჩივრის ავტორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ თავისთავად კომპანიის გარშემო სასამართლო დავის არსებობა, ამცირებს მის ღირებულებას, აღნიშნულთან ერთად, გასათვალისწინებელია, სადავო კომპანიისა და ახლად დაფუძნებული სხვა საწარმოს მმართველი/დირექტორი ერთი და იგივე პირს წარმოადგენს, რის გამოც, შესაძლოა დაინტერესების შემთხვევაში, სადავო საწარმოს ქონება, ნაკლები ღირებულებით გადაეცეს სხვა საწარმოს. საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ დირექტორის პასუხისმგებლობა, კომპანიის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას, დაცულია მეწარმეთა შესახებ კანონით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მხარეს, მოცემული დავის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებისა და სადავო საწარმოს ქონების შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით აქვს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ხოლო, შესაძლო ზიანის მიდგომის შემთხვევაში, მოსარჩელეს სხვა დავის წარმოება დასჭირდება დირექტორის პასუხისმგებლობისა და ზიანის ფაქტის მტკიცებისთვის, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს, რომ დაცული იყოს მისაღები/მიღებული გადაწყვეტილება აღსრულების შეუძლებლობისგან ან აღსრულების გართულებისაგან, ამასთან, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, ერთი დავის ფარგლებში მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთობის გარკვევა, ეწინააღმდეგება.
22. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების შესახებ საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ერთის მხრივ უარი თქვა უძრავი ქონების შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, ხოლო, მეორეს მხრივ, „ნებისმიერი სხვა მატერიალური სიკეთის/უფლების“ გასხვისება და გირავნობით დატვირთვა აუკრძალა შესაბამის პირებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით განმარტებულია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოს შეხედულება, ხოლო, ამავე ზოგადი დათქმიდან, გამონაკლისის სახით, შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიუთითებს სხვა ნებისმიერ ქონებაზე, რომელთა შორის ჩამოთვლის სხვადასხვა საშუალებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე მოპასუხეს, როგორც საწარმოს რეგისტრირებულ პარტნიორს, ისედაც აქვს შეზღუდული საწარმოს უძრავ ქონებასთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებები მოთხოვნის პროპორციულია, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული თანაზომიერების პრინციპის დაცვით და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ზ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თბერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე