Facebook Twitter

საქმე №ას-273-2020 29 იანვარი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - დ.ზ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.დ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, სადავო საწარმოს დამფუძნებელი) და დ.ზ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) არიან ნათესავები, კერძოდ, მოპასუხე მოსარჩელის მეუღლის მამაა. მოპასუხე ფლობდა ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას „ზ–ძე“, ამჟამად შპს „შ–ე“. 2008 წლის 15 დეკემბერს დაფუძნდა შპს „ლ-ფ–ი“ (შემდეგში: სადავო საწარმო), რომლის 100% წილის მესაკუთრე და დამფუძნებელი იყო მოსარჩელე (ტ.3,ს.ფ.22-23). მოსარჩელემ, დ. ზ–ძეს (შემდეგში: მოპასუხის ვაჟი) 2012 წელს გადასცა სადავო კომპანიის 50% წილი. მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა კომპანიების ,,ლ-ფ–ი’’-ს, ,,შ–ე’’-ს, ,,ე’’-ს და "Z"-ს გაერთიანება, რის შემდეგაც გაერთიანებულ კომპანიაში წილები გადანაწილდებოდა შემდეგი პროპორციით: მოპასუხის ვაჟი - 40%, ვ. ზ–ძე - 40%, მოსარჩელე - 20%. უარის მიღების შემდეგ მოპასუხემ დაიწყო ზეწოლა მოსარჩელეზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა 2018 წლის 21 მარტს სრულად გადაეფორმებინა მისი კუთვნილი წილი სადავო კომპანიაში მოპასუხისთვის.

2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებულია 1 000 000 ლარი, რაც ბევრად ნაკლებია მის რეალურ საბაზრო ფასზე. მოსარჩელე წინადადებას დასთანხმდა გაერთიანებულ აქტივებში 20%-ისა და 1 000 000 ლარის მიღების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ წილის ნასყიდობის შესაბამისად, თანხა მოსარჩელეს უნდა მიეღო რეგისტრაციიდან 45 დღეში, ეს ვალდებულება არ შესრულებულა. მოსარჩელის არაერთი ზეპირი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა და მას არც წილი მიუღია გაერთიანებულ კომპანიაში და არც საკომპენსაციო თანხა. 2019 წლის 2 მაისს მოსარჩელემ გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოპასუხეს, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა 2019 წლის 3 მაისს. გაფრთხილების წერილით მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების შესრულება და კიდევ ერთხელ განსაზღვრა დამატებითი ვადა - 5 სამუშაო დღე. წერილზე მოპასუხეს არაფერი უცნობებია მოსარჩელისათვის და არც ვალდებულება შეუსრულებია. მოსარჩელემ სრულად დაკარგა მოპასუხესთან დადებული გარიგების ინტერესი, ამასთან, გასულია გაფრთხილების წერილით განსაზღვრული დამატებითი ვადა და ვალდებულება შესრულებული არ არის (ტ.3 ს,ფ, 2-50).

3. სარჩელის მოთხოვნა

3.1. საწარმოს დამფუძნებელმა 2019 წლის 17 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო და იმავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს დადებული სადავო საწარმოს 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო საწარმოს 50% წილის მესაკუთრედ.

4.2. დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

4.3. საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილი არ წარმოადგენდა სარჩელსა და მასზე დართულ დოკუმენტებს, აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ არ ჩაბარებულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, გზავნილი გაიგზავნა და ჩაჰბარდა სადავო საწარმოს თანამშრომელს - მ.კ–ს, რომელიც მოპასუხის თანამშრომელი ან ოჯახის წევრი არ არის, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული საწარმო არ წარმოადგენს მოპასუხის სამუშაო ადგილს.

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

5.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მიიღო განსახილველად და 2019 წლის 20 მაისს მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დააკისრა (ტ. 3, ს.ფ. 53).

6.3. იმავე წლის 10 ივნისს, მოსარჩელის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისთვის, შპს ,,ს–ს’’-ს მიერ გაცემული, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მისამართზე - ქ. მცხეთა, ....., გაგზავნის დამადასტურებელი ცნობა წარუდგინა, რომლის მიხედვით გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 22 მაისს სადავო კომპანიის თანამშრომელს - ნ.კ–ს (პ/ნ .....) მოპასუხეზე გადასაცემად (ტ.3, ს.ფ. 72).

6.4. მოპასუხეს, წერილობითი შესაგებელი სასამართლოში 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით უნდა წარედგინა, თუმცა, არც შესაგებელი წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის.

6.5. აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა (საპროცესო დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გაშვება) დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა იყო და შესაბამისად, 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა (ტ. 3, ს.ფ. 76-79).

6.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ.კ–ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის სადავო საწარმოს ოფისის მენეჯერი და უფლებამოსილება აქვს ჩაიბაროს ყველა წერილი. 2019 წლის 22 მაისს, მან ჩაიბარა გზავნილი მოპასუხისთვის გადასაცემად, რომელიც დადო მის სამუშაო ოთახში, მაგიდაზე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მ.ბ–ას შეატყობინა აღნიშნულის შესახებ.

6.7. მოწმის სახით დაიკითხა აგრეთვე, საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მ.ბ–ა, რომელმაც განმარტა, რომ მოპასუხისგან დავალება აქვს, რომ მის სახელზე მისული ყველა წერილი მიიღოს და გახსნას. 2019 წლის 22 მაისის გზავნილი აიღო მოპასუხის მაგიდიდან, სასამართლოს გზავნილი არ ყოფილა, კონვერტი არ შეუნახავს.

6.8. მოპასუხემ, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როდესაც კურიერი დაუკავშირდა ერთ-ერთი გზავნილის გადაცემის მიზნით, კურიერს უთხრა, რომ იგი იმყოფებოდა მცხეთაში, სამსახურში, 12 საათიდან ყოველთვის იქ არის (იხ. სხდომის ოქმი 11.07.2019, 11:49:16 სთ). ამასთან, საქმეში არსებული ფოსტის შეტყობინების ბარათის მიხედვით, 2019 წლის 3 მაისს მოპასუხემ პირადად ჩაიბარა მოსარჩელის გზავნილი, საწარმოს მისამართზე: მცხეთა, ......

6.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, პირველი ინსტანციის მიერ დადგენლი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სადავო საწარმოს კაპიტალის 100%-ის მფლობელი პარტნიორია, კომპანიის ოფისში, მისამართზე მცხეთა, ......, აქვს სამუშაო ოთახი და ამ მისამართზე პირადად იბარებს სხვა გზავნილებს, ასევე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის აქვს მიცემული მითითება, გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა მისამართზე სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოპასუხისათვის მისი ჩაბარება კანონმდებლობის მოთოხვნათა დაცვით.

6.10. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის პრეტენზიის თაობაზე, რომ 2019 წლის 22 მაისს, ფოსტის მეშვეობით, საწარმოს თანამშრომლისთვის ჩაბარებული კონვერტში არ იყო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები განმარტა:

6.10.1. მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ს“-ს კურიერმა შ. ი–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 მაისს მან მიიტანა გზავნილი სადავო საწარმოს ოფისში და ჩააბარა ნ.კ–ს, კონკრეტულად სასამართლოს კონვერტი იყო თუ არა, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით სხვა დროსაც, მოპასუხის სახელზე არსებული გზავნილი ჩაუბარებია მოპასუხისთვის სადავო საწარმოს ოფისში.

6.10.2. საქმეში წარდგენილია საწარმოს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები და მოსარჩელის მეუღლის (მოპასუხის შვილის) - ი.ზ–ძის და ნ.კ–ის სატელეფონო მიმოწერა (ტ. 3, ს.ფ. 215-224), რომლის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს და ადრესატებს. ნ.კ–ი სატელეფონო შეტყობინებაში ადასტურებს, რომ ორივე გზავნილი პირადად გადასცა მოპასუხეს.

6.10.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მოხელის, 2019 წლის 17 მაისს შედგენილი აქტითა და გზავნილით, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, მოპასუხისთვის გადასაცემად და მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღე წერილობითი შესაგებლის წარსადგენად (ტ.3,ს.ფ.51-52). იმავე წლის 20 მაისს, მოსამართლის თანაშემწემ აცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს სარჩელის განსახილველად მიღება (ტ.3,ს.ფ.53).

6.10.4. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ზ.დ–ძემ მიუთითა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შეტყობინების შემდეგ, მოსარჩელის წარმომადგენლის დავალებით მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი თანდართული მასალით 2019 წლის 21 მაისს შპს ,,ს“-ს საშუალებით, გზავნილი უკან არ დაბრუნებია (სხდომის ოქმი: 18.07.2019).

6.11. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებულ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნებზე მიუთითა და განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საწარმოს ოფისში მისულ, ვიდეო კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით შეესაბამებოდა არა ორფურცელმოთავსებულ კონვერტს, არამედ მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამებოდა კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. სააპელაციო სასამართლომ, დასახელებულ დასკვნასთან მიმართებით გაიზიარა, მოსარჩელის წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში გათვალისწინებული გარემოება, რომ დასახელებული დასკვნის მიხედვით დადგინდა არა კონვერტში მოთავსებული ფურცლების რაოდენობა, არამედ გარემოება, შეესაბამებოდა თუ არა კონვერტი 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს სისქის მიხედვით. გასათვალისწინებელი იყო, რომ ექსპერტისთვის შეკითხვაც სწორედ ამგვარად იყო დასმული და მოთხოვნილი არ ყოფილა კონვერტში ფურცლების რაოდენობის განსაზღვრა.

6.12. დასახელებული დასკვნის საპირისპიროდ, აპელანტის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით შეუძლებელი იყო ვიდეოჩანაწერის მიხედვით დადგენილიყო რამდენი ფურცელი იდო კონვერტში. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება (კონკრეტულად რამდენი ფურცელი იდო კონვერტში) არც ყოფილა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის საგანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლო იყო აპელანტის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი დასკვნა ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას.

6.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონვერტის ფერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირით მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად კი, მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნებოდა მუქი შეფერილობის გაფორმება.

6.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია აპელანტი კონვერტის ფერის განსაზღვრით (სასამართლოს მიერ კანცელარიის მეშვეობით გაცემული კონვერტი, რომელშიც თავსდება სარჩელი და თანდართული მასალები ნაწილობრივ არის ლურჯი ფერის) ცდილობდა დაედასტურებინა, რომ 2019 წლის 22 მაისს ფოსტის კურიერს სადავო საწარმოს ოფისში არ მიუტანია სასამართლო გზავნილი, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით, ანუ ისე, რომ ეს გარემოება არ შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ვერ დადასტურდება რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით.

6.15. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე და 172-ე მუხლების მოხმობით განმარტა, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს.

6.16. სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი აღნიშნავდა, რომ კონვერტი ორივე მხრიდან თეთრი ფერის იყო, ამასთან განმარტავდა, რომ ვიდეოჩანაწერში მამაკაცს ხელში ეჭირა ქაღალდის ფურცლები, ფურცლებს შორის სავარაუდოდ იყო ქაღალდის ფორმატის ზომის კონვერტიც. ვიდეოჩანაწერებში ცალკეულ მომენტებში მამაკაცის ხელის პოზიცია იმგვარად იცვლებოდა, რომ მის ხელში არსებული ქაღალდები და ქაღალდებს შორის მოქცეული კონვერტის დანახვა ნაწილობრივ იყო შესაძლებელი. ამავე დასკვნის მიხედვით, სხვადასხვა პოზიციაში ჩანდა ქაღალდების შეკვრა როგორც პირითი მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან, რომლებიც იყო თეთრი ფერის. იმ მომენტში, როდესაც მამაკაცი შენობის გარეთ მოძრაობდა ქარის ზემოქმედებით, როგორც ზედა მხარის ფურცლები, ასევე ქვედა მხარის ფურცლები ფრიალებდა და ჩანდა მათ შორის მოქცეული სხვა ფურცლების და კონვერტის შეფერილობა, რომლებიც ასევე იყო თეთრი ფერის. მიუხედავად იმისა, რომ აფრიალებული ფურცლების შედეგად ქვემოთ მყოფ ფურცლებზე ჩრდილის სახით აისახებოდა ოდნავ მუქი ანუ ღია მონაცრისფრო შეფერილობა (ქაღალდებზე აგრეთვე აისახებოდა მამაკაცის სხეულის და მარჯვენა ხელის ცერა თითის ჩრდილიც მონაცრისფრო შეფერილობით), საქალაქო სასამართლოს კონვერტის მკვეთრი ლურჯი ფერის მსგავსი შეფერილობის ფურცელი ან კონვერტი ვიდეოჩანაწერში ასახული მამაკაცის ხელში არ ჩანდა.

6.17. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილებზე, რომლის მიხედვითაც, კონვერტის დანახვა ნაწილობრივ იყო შესაძლებელი, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტმა კონვერტის დანახვა სრულად შეძლო და დაადასტურა, რომ სასამართლო კონვერტს, დამახასიათებელი ლურჯი შეფერილობა არ აღენიშნებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასკვნის აღნიშნული ნაწილი ურთიერთგამომრიცხავი იყო, რის გამოც იმ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რომ 2019 წლის 22 მაისს ფოსტის კურიერს სადავო საწარმოში სასამართლო გზავნილი არ მიუტანია.

6.18. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტა, რომ 2019 წლის 22 მაისს ფოსტის მეშვეობით, სადავო საწარმოს თანამშრომლისთვის ჩაბარებული კონვერტი წარმოადგენდა სასამართლო გზავნილს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების სახით. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, გზავნილის ჩაბარების დადასტურების პირობებში, მოპასუხე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ ჩაბარებული გზავნილი არ იყო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. ასეთი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა.

6.19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სათანადო წესით ჰქონდა ჩაბარებული, ხოლო შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, ამასთან ვერ დაამტკიცა, რომ ჩაბარებული გზავნილი არ შეიცავდა სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს, შესაფასებელი იყო სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

6.21. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 352-ე, 405-ე, 477-ე მუხლებზე და წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.2. კასატორი, საკასაციო საჩივარში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ზემდგომი ინსტანციის (სააპელაციო) სასამართლოს მიერ ამავე გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების განჩინების, უცვლელად დატოვების არამართლზომიერების დასადასტურებლად, ორ ფაქტობრივ გარემოებაზე უთითებს:

7.2.1. მოპასუხეს სარჩელი არ ჩაბარებია და მაშასადამე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა;

7.2.1.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ფოსტის საშუალებით ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. სასამართლო ეყრდნობა საფოსტო მომსახურების გამწევი კომპანიის შპს „ს“-ის (ტ.ე.ტ) 07.06.19 წლის #148/01 წერილს, რომლითაც შპს „ს“-ის ადმინისტრატორი მოსარჩელეს ატყობინებს შემდეგს: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ 2019 წლის 21 მაისს გაგზავნილი გზავნილი (003.. შპს „ს“-ის საშუალებით დ.ზ–ძის სახელზე ჩასაბარებლად მისამართზე: ქ. მცხეთა, ......, გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 22 მაისს ლ ფ–ის თანამშრომელს ნ.კ–ს (პ/ნ .....) დ.ზ–ძეზე გადასაცემად.“

7.2.1.2. ფოსტის დასახელებულ წერილში არ ეწერა რა იყო გზავნილის შიგთავსი, ხოლო კასატორი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ გზავნილში არა სარჩელი, არამედ პირადი წერილი იყო;

7.2.1.3. კასატორის მტკიცებით, 2019 წლის მაისის თვეში, 3 მაისსა (2019 წლის 3 მაისს ჩაბარდა ორი გზავნილი (ორი ა-4 ფორმატის კონვერტი). თითო კონვერტი თითო წერილს შეიცავდა. თითოეული წერილი ორ-გვერდიანი იყო. ორივე წერილი 29 აპრილით იყო დათარიღებული. მათ იდენტური შინაარსი ჰქონდათ. ამ წერილებით მოსარჩელე (სიძე) მოპასუხისგან (კასატორისგან) ითხოვდა 5 სამუშაო დღის ვადაში სამი კომპანიიდან („ლ-ფ–ი“, „შ–ე“ და „ე“), თითოეულიდან 20% წილის გადაცემას და შესაბამისი თანხის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შპს „ლ-ფ–ში“ 50% წილის დაბრუნებას მოითხოვდა - „გაფრთხილების წერილები“. ეს ორი გზავნილი პირადად მოპასუხემ (კასატორმა) ჩაიბარა 2019 წლის 3 მაისს.) და 21 მაისს (ჩაბარდა სამი გზავნილი (სამი ა-4 ფორმატის კონვერტი). თითო კონვერტი თითო წერილს შეიცავდა. თითოეული წერილი ორ-გვერდიანი იყო. ორი წერილის ადრესატი იყო მოპასუხე, ხოლო მესამე წერილი განკუთვნილი იყო შპს “ლ-ფ–ის“ დირექტორისათვის. სამივე წერილი 18 მაისით იყო დათარიღებული. მოპასუხისთვის განკუთვნილ წერილებს იდენტური შინაარსი ჰქონდათ. ამ წერილებით მოსარჩელე ატყობინებდა მოპასუხეს, რომ იგი გადიოდა მასსა და მოპასუხეს (კასატორს) შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და ითხოვდა შპს „ლ-ფ–ში“ 50% წილის დაბრუნებას. შპს “ლ-ფ–ის“ დირექტორის სახელზე გაგზავნილ წერილში მოსარჩელე შპს „ლ-ფ–ის“ დირექტორს ატყობინებდა, რომ მის მიერ დაწყებულია დავა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეკრულებიდან გასვლისა და 50% წილის დაბრუნების მოთხოვნით და ამავდროულად დირექტორისაგან შპს „ლ-ფ–ის“ შესახებ გარკვეულ ფინანსურ ინფორმაციას ითხოვდა.), მოსარჩელემ, მოპასუხეს ჯამში 5 გზავნილი ჩააბარა. აღნიშნულიდან, ყველა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიმართული გამაფრთხილებელი წერილები იყო, საწარმოს წილებთან მიმართებით. სადავო მეექვსე წერილიც (რომელიც 2019 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა სადავო საწარმოს თანამშრომელს), მსგავსად სხვებისა, გამაფრთხილებელი წერილი იყო და არა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. დასახელებული გზავნილებიდან, ყველა გაგზავნილი იყო მოსარჩელის ადვოკატის ოფისიდან და ყველა გზავნილი სადავო საწარმოს ოფისში მიიტანა კურიერმა - შალვა იაშვილმა.

7.2.1.4. სადავო მე-6 კონვერტი, მოსარჩელის ადვოკატის იმავე ოფისიდან გაიგზავნა სადავო საწარმოს მისამართზე, და ადგილზე იმავე კურიერმა მიიტანა.

7.2.1.5. აღნიშნული, სადავო კონვერტით მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხეს სარჩელი ჩაჰბარდა, ხოლო მოპასუხის მტკიცებით კვლავ ორგვერდიანი „გაფრთხილების წერილი“ ჩაიბარა.

7.2.1.6. კასატორის განმარტებით, საფოსტო კურიერის, საწარმოში, 2019 წლის 22 მაისის სადავო ვიზიტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების მიხედვით, კურიერს ხელში თეთრი ფერის კონვერტი უჭირავს, შესაბამისად, ის არ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დამახასიათებელი ლურჯი ფერით გაფორმებული კონვერტი, რაც გამორიცხავს სარჩელის გაგზავნასა და ჩაბარებას სათანადო წესით.

7.2.1.7. ამავე კონვერტის ჩაბარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი საქმეშია, რომლის თაობაზეც ჩატარებულია ექსპერტიზა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის (რომელიც მიმართვის დღესვე, 17 ივლისსაა გაცემული, რაც დამატებით საეჭვოს ხდის დასკვნის ობიექტურობას) მიხედვით, კონვერტის კუთხეებში ექსპერტი მუქ შეფერილობას ამჩნევს, ამასთან სისქით 49 ფურცლიან კონვერტს ჰგავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერიმენტის სახით, კასატორის ადვოკატების ოფისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ლურჯი ფერის კონვერტი გაიგზავნა სადავო საწარმოს მისამართზე, რომელიც იმავე კურიერმა მიიტანა (იხ. პუნქტი 7.2.1.3) საწარმოში. სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ მასალაში ნათლად ჩანს კონვერტის ლურჯი შეფერილობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2019 წლის 22 მაისის სადავო კონვერტი, არ იყო სასამართლოს კონვერტი და არ შეიცავდა სარჩელს.

7.2.1.8. კასატორმა სასამართლოს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ა–ას“ 2019 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ა) სამეთვალყურეო კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც 2019 წლის 22 მაისს კურიერის სადავო საწარმოს ოფისში შესვლას ასახავს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც კურიერს ხელში უჭირავს, და ბ) ექსპერტიზაზე წარდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლურჯი კონვერტის ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ, ექსპერტიზაზე წარდგენილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის.

7.2.1.9. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული კურიერის განმარტებით, იცის, რომ სასამართლოს მიერ გამოგზავნილი კონვერტი არის ლურჯი შეფერილობის, რადგან საქმიანობის პერიოდში არაერთხელ ჩაუბარებია სასამართლო გზავნილი. მოწმის განმარტებით, არ ახსოვს, რომ სასამართლო გზავნილი მიეტანოს სადავო საწარმოში.

7.2.1.10. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, როდესაც მსჯელობა, მოსარჩელის მეუღლესა და საწარმოს თანაშრომლის სატელეფონო მიმოწერას ეხება, კერძოდ, სასამართლო განჩინებაში საუბარია, რომ აღნიშნული მიმოწერის მიხედვით, საწარმოს თანამშრომელმა გზავნილები პირადად გადასცა ადრესატს (კასატორს), თუმცა, ის ნაწილი, სადაც საწარმოს თანამშრომელი ადასტურებს, რომ 2019 წლის 22 მაისს მიღებული კონვერტი მთლიანად თეთრი იყო არ არის წარმოჩენილი და შეფასებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ადვოკატის ოფისის მენეჯერის - ზ.დ–ძის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 21 მაისს მან ლურჯი კონვერტით გაუგზავნა სარჩელი მოწინააღმდეგე მხარეს.

7.3. კასატორის მიერ მითითებული მეორე ფაქტობრივი გარემოება, რაც მისი მტკიცებით საფუძველს აცლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერებასა და შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, სარჩელში მითითებულ გარემოებებს ეხება, რომელიც, კასატორის მტკიცებით იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

7.3.1. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2018 წლის 21 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს მიჰყიდა წილი, დაიდო მოპასუხისა და მისი ვაჟების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად (იხ. სარჩელის მე-7 ფაქტობრივი გარემოება). მოპასუხე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ამ გარემოებას, მაგრამ შეპასუხების წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო ის, რომ მოსარჩელემ წილი ფიზიკური ძალადობის მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაყიდა. მოსარჩელე, საწარმოს 50% წილს ითხოვს არა იმიტომ, რომ 2018 წლის 21 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება უკანონო და ბათილი იყო, არამედ იმიტომ, რომ დ.ზ–ძემ არ შეასრულა მისი პირობა და მას არ გადაუხადა 1,000,000 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 405-ე და 477-ე მუხლებს უთითებს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით სასამართლოს უნდა დაედგინა ის, რომ 2018 წლის 21 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. არ შეიძლება მხარეს პასუხისმგებლობა დააკისრო იმ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც თურმე ფიზიკური ძალადობის მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იქნა დადებული. ამ ფაქტობრივი გარემოების პირობებში კი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის - ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მოსარჩელეს დაუბრუნდეს საწარმოს 50% წილი - დაკმაყოფილება, იურიდიულად დაუშვებელი იყო.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მხარეთა დისტანციური დასწრების ფორმით ჩაატარა ზეპირი მოსმენა 2020 წლის 8 სექტემბერს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 29 დეკემბერს კვლავ ჩაატარა საქმის არსებითი განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენით სხდომა, რომელიც გადაიდო, მხარეთა მიერ, მორიგებისათვის მზაობის გამო. მოგვიანებით, 2021 წლის 21 იანვარს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა კვლავ დაადასტურების საქმის მორიგებით დამთავრების სურვილი, ამასთან, განმარტეს, რომ გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ და უმოკლეს დროში სასამართლოს წარუდგენენ ნოტარიულად დამოწმებულ შეთანხმებას. 2021 წლის 25 იანვარს, მხარეებმა, ინდივიდუალურად, სხვადასხვა განცხადებები წარმოუდგინეს სასამართლოს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზიები, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოთხოვნით, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ორ ძირითად გარემოებაზეა დაფუძნებული:

11.1. მოპასუხეს არ ჩაბარებია სარჩელი, ხოლო ჩაბარებული კონვერტი, მოსარჩელის ე.წ „გაფრთხილების წერილს“ შეიცავდა (კასატორის პრეტენზიები ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 7.2.1.1.-7.2.1.10.);

11.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 17 მაისს (ტ.3,ს.ფ.2). საქმეში არსებული, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გადაეცა მოსარჩელეს, მოპასუხისთვის ჩასაბარებლად, საქალაქო სასამართლოსთვის დამახასიათებლად გაფორმებულ გზავნილთან ერთად, რომლის მიხედვითაც, ხდება მოპასუხის ინფორმირება, სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში წარდგენისა და წარუდგენლობის შედეგების შესახებ. იმავე სასამართლოს, 2019 წლის 20 მაისის სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ სარჩელი მიღებულია განსახილველად და მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება (ტ.3,ს.ფ.51-53). შპს „ს–ს“ 2019 წლის 7 ივნისის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხის სახელზე, გაგზავნილი გზავნილი, მისამართზე: ქ. მცხეთა, .........., 2019 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა ლ. ფ–ის თანამშრომელს ნ.კ–ს (პ/ნ:6.....), ადრესატზე (მოპასუხეზე) გადასაცემად (ტ.3,ს.ფ.72).

11.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ.დ–ძემ მიუთითა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შეტყობინების შემდეგ, მოსარჩელის ადვოკატის დავალებით მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი თანდართული მასალით, 2019 წლის 21 მაისს ფოსტის საშუალებით, გზავნილი უკან არ დაბრუნებია. მოწმისვე განმარტებით, სადავო გზავნილის მსგავსად სხვა დროსაც ხშირად გაუგზავნია სასამართლოს მიერ მათთვის, როგორც მოსარჩელისთვის გადაცემული, დალუქული კონვერტი ადრესატებისთვის(სხდომის ოქმი: 18.07.2019).

11.1.3. საქმეში წარდგენილია სადავო საწარმოს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები და მოსარჩელის მეუღლის (მოპასუხის ქალიშვილის) - ი.ზ–ძის და ნ.კ–ის სატელეფონო მიმოწერა, რომლის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს და ადრესატებს. ნ.კ–ი სატელეფონო შეტყობინებაში ადასტურებს, რომ ორივე გზავნილი პირადად გადასცა მოპასუხეს, თუმცა არ იცის კონვერტში მოთავსებული გზავნილი რა შინაარსის იყო (ტ.3,ს.ფ.215-218; 2019 წლის 5 ივნისის მიმოწერა, 15:01 სთ-დან 15:13 სთ-მდე). აღნიშნულ საკითხზე, იმავე პირებს შორის, 2019 წლის 5 ივლისს, წინა საუბრიდან, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გაგრძელდა საუბარი, სადაც, ნ.კ–ი ადასტურებს, რომ მიღებული კონვერტი თეთრი იყო და არა სასამართლო კონვერტისთვის დამახასიათებელი ფერის, ამასთან, პირადად ადრესატისთვის არ გადაუცია (მოპასუხის წარმომადგენელი, სხდომაზე, ნ.კ–ის დაკითხვის ერთ-ერთ მიზნად სწორედ იმ გარემოებას უთითებს, რომ ადრესატისთვის აღნიშნულ პიროვნებას გზავნილი არ გადაუცია. იხ. სხდომის ოქმი - 16.07.2019, 16:43:10). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საუბრებიდან, ნათლად ჩანს, რომ ნ.კ–ს 2019 წლის 22 მაისს გარკვეული გზავნილი მიღებული აქვს და გადასცა პირადად ადრესატს. თუმცა, მოგვიანებით, იმავე პირთან საუბრისას, იგივე შინაარსის პასუხი აღარ გაუცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ.კ–ი, მოპასუხის საწარმოს თანამშრომელია (ამასთანავე, მოპასუხე, მისი მამამთილის ბიძაშვილია იხ. სხდომის ოქმი - 16.07.2019, 16:43:10), რომლის ჩვენება, აგრეთვე, ერთთვიანი შუალედით არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მიმოწერა სასამართლოს ვერ შეუქმნის მყარ რწმენას, მის მიერ მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევისთვის. სასამართლოს მსჯელობა, თანხვედრაშია, აგრეთვე, მოპასუხის (კასატორის) იმ კრიტიკულად მოხსენიებულ შეფასებასთან, რომელიც, მოსარჩელის მხარის მიერ წარდგენილი მოწმის ჩვენებას ეხებოდა, რომლითაც თავისმხრივ, მოსარჩელეს სურდა დაედასტურებინა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები დალუქული სახით იყო, მოსარჩელის საადვოკატო ბიუროში, რომელიც, სწორედ აღნიშნულმა მდივანმა - ზ.დ–ძემ გადასცა ფოსტის კურიერს მოპასუხეზე ჩასაბარებლად, მას შემდეგ, რაც სასამართლომ აცნობა, სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი (იხ. სხდომის ოქმი - 18.07.2019, 10:10:37).

11.1.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფოსტის კურიერმა შ. ი–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 მაისს მან მიიტანა გზავნილი სადავო საწარმოს ოფისში და ჩააბარა ნ.კ–ს, კონკრეტულად სასამართლოს კონვერტი იყო თუ არა, რა სისქის ან რა ფერის, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით სხვა დროსაც, მოპასუხის სახელზე არსებული გზავნილი ჩაუბარებია მისთვის საწარმოს ოფისში, მათ შორის ერთ-ერთი გზავნილი, მოპასუხეს, პირადად ჩააბარა, სადავო საწარმოს შენობაში, მისივე კაბინეტში (იხ. სხდომის ოქმი, 10:26:31სთ, 18.07.2019). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მოწმის ჩვენების მიხედვით, კურიერს არ ახსოვს რა სახის, ან ფერის კონვერტი აქვს მიტანილი საწარმოში 2019 წლის 22 მაისს.

11.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ.კ–ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის სადავო საწარმოს ოფისის მენეჯერი და უფლებამოსილება აქვს ჩაიბაროს ყველა წერილი. 2019 წლის 22 მაისს მან ჩაიბარა გზავნილი მოპასუხისთვის გადასაცემად, რომელიც დადო ამ უკანასკნელის კაბინეტში, მაგიდაზე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მ.ბ–ას შეატყობინა აღნიშნულის შესახებ (მოწმის აღნიშნული ჩვენება თანხვედრაშია საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებთან. ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.1 ქვეპუნქტი).

11.1.6. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა აგრეთვე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მ.ბ–ა (მხარეთა განმარტებით, სადავო კონვერტი, ადრესატის სამუშაო ოთახიდან, რომელიც, ნ.კ–მა დატოვა, სწორედ აღნიშნულმა პირმა გაიტანა), რომელმაც განმარტა, რომ მოპასუხისგან აქვს პირდაპირი დავალება, რომ მის სახელზე მისული ყველა წერილი მიიღოს და გახსნას. 2019 წლის 22 მაისის გზავნილი მან აიღო მოპასუხის მაგიდიდან, სასამართლოს გზავნილი არ ყოფილა, კონვერტი არ შეუნახავს (აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების უფროსი, 2019 წლის 11 ივლისის სხდომის მიმდინარეობისას, სასამართლო შენობაში იმყოფებოდა, თუმცა, მოსამართლის შეთავაზების მიუხედავად, მოწმედ დაეკითხათ, მოპასუხემ უარი განაცხადა მის დაკითხვაზე, ამასთან კონვერტის ჩაბარების შესახებ განაცხადა: „მე, რომ ამას ვამბობ, უსაფრთხოების უფროსი სხვა რამეს იტყვის?“(იხ. სხდომის ოქმი - 11.07.2019, 11:08:47; აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამონათქვამი კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს რწმენას, მოწმის ჩვენების მიმართ).

11.1.7. საყურადღებოა, რომ თავად მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როდესაც კურიერი დაუკავშირდა მას ერთ-ერთი გზავნილის გადაცემის მიზნით, კურიერს უთხრა, რომ იგი იმყოფებოდა მცხეთაში, სამსახურში, 12 საათიდან ყოველთვის იქ არის (იხ. სხდომის ოქმი 11.07.2019, 11:49:16 სთ). ამასთან, საქმეში წარდგენილი ფოსტის შეტყობინების ბარათის მიხედვით, 2019 წლის 3 მაისს მოპასუხემ პირადად ჩაიბარა მოსარჩელის გზავნილი სადავო საწარმოს მისამართზე: მცხეთა, 7...........

11.1.8. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის ძირითადი არგუმენტის, რომ ჩაბარებული გზავნილი არ შეიცავდა სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს, არამედ ე.წ „გაფრთხილების წერილი“ იყო, დასტურად, კასატორის წარდგენილ ვიდეო ჩანაწერზე გაამახვილებს ყურადღებას. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სასამართლოში ორივე მხარეს აქვს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

11.1.9. საქმეში წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) დასკვნა (ტ.3,ს.ფ.258-274), რომლითაც გამოკვლეულია 2019 წლის 22 მაისს ფოსტის კურიერის მისვლა სადავო საწარმოს ოფისში გზავნილის ჩაბარების მიზნით. დასკვნის თანახმად „კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება კონვერტში ორფურცელმოთავსებულ კონვერტს და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს“. აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტმა დაადგინა არა კონვერტში მოთავსებული ფურცლების რაოდენობა, არამედ, გარემოება, კონვერტი, სისქით შეესაბამებოდა თუ არა 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს.

11.1.10. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ,,ა–ას’’ დასკვნის თანახმად ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირით მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის. თუმცა საყურადღებოა თავად კვლევის მიმდინარეობის შესახებ ამავე დასკვნაში გადმოცემული ექსპერტის განმარტებები, კერძოდ: დასკვნის მე-4 გვერდზე (ტ.5,ს.ფ.19), ექსპერტი განმარტავს შემდეგს: ,,ვიდეოჩანაწერში მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდის ფურცლები, ფურცლებს შორის სავარაუდოდ არის ქაღალდის ფორმატის ზომის კონვერტიც. ვიდეოჩანაწერებში ცალკეულ მომენტებში მამაკაცის ხელის პოზიცია ისეთნაირად იცვლება, რომ მის ხელში არსებული ქაღალდები და ქაღალდებს შორის მოქცეული კონვერტის დანახვა ნაწილობრივ ხდება შესაძლებელი’’. ამავე დასკვნის მე-5 გვერდზე (ტ.5,ს.ფ.20) ექსპერტი განმარტავს შემდეგს: ,,მეორე კითხვაზე პასუხის გასაცემად წარმოდგენილ ფოტოსურათზე და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს თუ არა ერთნაირი შეფერილობა, დეტალურად ყველა პოზიციაში შევისწავლე ვიდეოჩანაწერებში მონაწილე მამაკაცის ხელთ არსებული ქაღალდების შეკვრა და ქაღალდებს შორის მოთავსებული კონვერტი. სხვადასხვა პოზიციაში ჩანს ქაღალდების შეკვრა როგორც პირითი მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან, რომლებიც არის თეთრი ფერის. იმ მომენტში, როდესაც მამაკაცი შენობის გარეთ მოძრაობს ქარის ზემოქმედებით, როგორც ზედა მხარის ფურცლები, ასევე ქვედა მხარის ფურცლები ფრიალებს და ჩანს მათ შორის მოქცეული სხვა ფურცლების და კონვერტის შეფერილობა, რომლებიც ასევე არის თეთრი ფერის. მიუხედავად იმისა, რომ აფრიალებული ფურცლების შედეგად ქვემოთ მყოფ ფურცლებზე ჩრდილის სახით აისახება ოდნავ მუქი ანუ ღია მონაცრისფრო შეფერილობა (ქაღალდებზე აგრეთვე აისახება მამაკაცის სხეულის და მარჯვენა ხელის ცერა თითის ჩრდილიც მონაცრისფრო შეფერილობით), საქალაქო სასამართლოს კონვერტის მკვეთრი ლურჯი ფერის მსგავსი შეფერილობის ფურცელი ან კონვერტი ვიდეოჩანაწერში ასახული მამაკაცის ხელში არ ჩანს’’.

11.1.11. კასატორის (მოპასუხის) მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, თუმცა, ეს გარემოება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით კვლევის საგანი არც ყოფილა და შესაბამისად არც დადგენილა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი დასკვნა ეწინააღმდეგება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და გამორიცხავს ექსპერტიზის მეშვეობით კონვერტში ფურცლების რაოდენობის დადგენის შესაძლებლობას. სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია თუ როგორი სისქის შეიძლებოდა ყოფილიყო კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იქნებოდა 49 ფურცელი და ექნებოდა თუ არა მას განსხვავება კონვერტთან რომელშიც ორი ფურცელია მოთავსებული. ბუნებრივია, წარდგენილ, და ვიდეოში არსებულ კონვერტებზე (ხარისხის, ფერის, გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით) ჩატარებული ვერანაირი ექსპერტიზა ვერ დაადგენს, დალუქული კონვერტის შიგნით არსებული ფურცლების რაოდენობას ზუსტად. დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება კი მოსარჩელეს სურდა მოპასუხის იმ განმარტების გასაბათილებლად, რომ კონვერტში, რომელიც ჩაბარდა 2019 წლის 22 მაისს ნ.კ–ს, მოთავსებული იყო მხოლოდ ორ ფურცლიანი წერილი და არა 49 ფურცელი სარჩელი, თანდართული მასალებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, და მისი შეფასება ზოგადი სტანდარტის მიხედვით ხდება (იხ. სსსკ-ის 105-ე და 172-ე მუხლები). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას შეიცავს, კონვერტის ფერთან დაკავშირებით (ერთის მხრივ, ექსპერტი ამბობს, რომ ვერ ხერხდება კონვერტის ფერისდადგენა, მეორეს მხრივ იმავე დასკვნით ირკვევა, რომ კონვერტს ლურჯი ფერი არ აღენიშნება), შესაბამისად, ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის შინაარსს.

11.1.12. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მიკერძოებულია ( იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.5,ს.ფ. 336), რის დასადასტურებლადაც, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვისა და ამ მიმართვის საფუძველზე ჩასატარებელი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროზე მიუთითა, განმარტავს, რომ მოსარჩელემ, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით 2019 წლის 17 ივლისს მიმართა და იმავე დღეს მიიღო დასკვნა. მოპასუხე, მისი პოზიციის დასადასტურებლად, მის მიერვე წარდგენილ ექსპერიმენტის სახით ჩატარებულ და წარდგენილ დასკვნაზე მიუთითებს, რომელიც მისივე განმარტებით, დაიწყო 2019 წლის 19 ივლისს და დასრულდა 4 დღის დაგვიანებით - 2019 წლის 22 ივლისს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2019 წლის 17 ივლისი ოთხშაბათი დღე იყო, და დასკვნა მოსარჩელეს მიმართვის დღესვე გადაეცა, ხოლო მოპასუხემ, იმავე წლის 19 ივლისს, პარასკევს მიმართა ბიუროს, ხოლო დასკვნა, 22 ივლისს, ორშაბათს მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვის შემდეგი ორი დღე, შაბათი და კვირა არასამუშაო დღეები იყო, ხოლო, პირველივე სამუშაო დღეს დასკვნა მიიღო მოპასუხემ, მისი პრეტენზიები, დასკვნის მომზადების დროის არალოგიკურობასთან, რაც შესაძლოა მიკერძოებულობაზე მიუთითებდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაუსაბუთებელია.

11.1.13. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. გარდა ამისა, კასატორი ვერ ასაბუთებს საკუთარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სარჩელისა და თანდართული მასალების მისთვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობები. უდავოა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია (აღნიშნულს თავად მხარეც ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია, რის გამოც შესაგებელს ვერ წარადგენდა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა „სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონშიც და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი)“ (შდრ. სუსგ. №ას-989-2018; 25.06.2019).

11.1.14. საქმის მასალებით, აგრეთვე დადგენილია, რომ 2019 წლის 8 მაისს, მოსარჩელემ, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც ამავე სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დასახელებული განჩინების თაობაზე, 2019 წლის 10 მაისს (სარჩელის აღძვრამდე 7 დღით, ხოლო სადავო გზავნილის ჩაბარებამდე 12 დღით ადრე), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა - გ.ნ–მა, რომელმაც განმარტა - „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენს წარმოებაშია ი.დ–ძის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ დ.ზ–ძის მიმართ....“. დასახელებული განცხადების საფუძველზე, ამ უკანასკნელს სასამართლომ გაუგზავნა უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სასამართლოს განჩინება (ტ.1,ს.ფ. 2-36). აღნიშნული გარემოების შემდეგ, მოპასუხემ არაერთხელ მიმართა საქალაქო სასამართლოს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 21 მაისს (სადავო გზავნილის ჩაბარებამდე 1 დღით ადრე და მოსარჩელის მიერ, სარჩელის აღძვრამდე, უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნიდან 12 დღეში), მოპასუხის წარმომადგენელმა - გ.ნ–მა, კვლავ მიმართა საქალაქო სასამართლოს საჩივრით, რომლითაც მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება. დასახელებულ განცხადებაზე, საჩივრის ავტორს (მოპასუხეს) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კი, იმავე სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე პუნქტში დასახელებული გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და სსსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ“ და იმავე კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის(განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე“ გათვალისწინებით განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე, მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვიდან (2019 წლის 8 მაისიდან), ამავე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი, მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამდე (2019 წლის 21 ივნისამდე), გასულია ერთ თვეზე მეტი. ამდენად, მოპასუხეს, არათუ უნდა ევარაუდა, არამედ უნდა სცოდნოდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სარჩელი, ან სარჩელის არარსებობის პირობებში, უნდა მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, არა ამავე უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაუსაბუთებლობის, არამედ სსსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

11.1.15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით დადგენილია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების ფაქტი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ჩაბარებული კონვერტი სისქით, უფრო 49 ფურცლიან კონვერტის ზომას შეესაბამებოდა, საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, ვერ გაქარწყლდა კონვერტის სისქის თაობაზე ეროვნული ბიუროს დასკვნა, დადგენილია, რომ კონვერტი უფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რომელიც არ უარჰყოფს აღნიშნულ ფაქტს, ხოლო უსაფრთხოების უფროსის ჩვენებით კონვერტი გადააგდო (გასათვალისწინებელია, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს, მინიმუმ ის კონვერტი უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის, რომელიც 2019 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა; აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 ივლისის სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა ა.თ–მა სთხოვა მოწინააღმდეგე მხარეს სადავო კონვერტის წარმოდგენა), დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის შესახებ, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა. უდავოა, განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, კანონიერია გასაჩივრებული განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებისა და თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11.2. სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას (კასატორის პრეტენზია ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 7.3.1);

11.2.1. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელე ითხოვდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობასა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად იმავე წილის დაბრუნებას.

11.2.2. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ძირითად პირობასა „აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს, სადავო კომპანიის 50% წილი გაუფორმა, სანაცვლოდ კი აღნიშნული წილის საფასური და გაერთიანებული კომპანიის 20% წილი უნდა მიეღო“ და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაზე „შეწყვეტილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტს გაფორმებული სადავო საწარმოს 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მოსარჩელეს დაუბრუნდეს საწარმოს 50% წილი“ და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესრულების მოლოდინიც გააჩნდა მოსარჩელეს. აღნიშნული გარემოება დასტურდება თავად მხარის სასარჩელო მოთხოვნიდან და მანამდე არსებული ე.წ. „გაფრთხილების წერილების“ შინაარსიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულებას სთხოვდა, და საამისოდ, დამატებითი ვადაც დაუწესა (ტ.3,ს.ფ.47-48). საგულისხმოა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენდა და მოთხოვნის სასამართლოში წარდგენამდე არსებული მისი მოქმედებებიც, ხელშეკრულების შესრულების ინტერესად ან ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობად უნდა განვიხილოთ და არა იძულებით დადებულ გარიგებად, რომლის წინაპირობად ცალსახად დადგენილი არამართლზომიერი გარემოებებია, ხოლო შედეგი ამავე გარიგების ბათილობაა.

11.2.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნაც და მისი დამადასტურებელი გარემოებებიც წარდგენილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, ხოლო დავის არსის მოკლე მიმოხილვაში, ზოგადი ხასიათის მითითება აქვს, ხელშეკრულების დადებამდე, მხარეთა შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს და სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს.

11.2.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს სსკ-ის 352-ე „1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)...“, 405-ე „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.“ და 477-ე „1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; 2 მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.“ მუხლები წარმოადგენს, წინამდებარე შემთხვევაში სხვა მოთხოვნის არარსებობის პირობებში, მით უფრო მაშინ, როდესაც, სარჩელში მითითებული გარემოებების შეფასება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში წარმართული საქმისწარმოების დროს ხდება (აღსანიშნავია, რომ საპირისპიროზე, მიუხედავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა, მოპასუხეს, საქმის წარმოების შემდეგ ეტაპზეც არ მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის, მაგალითად: წილის გადაფორმების სანაცვლო ანაზღაურების მოსარჩელისთვის გადახდის ან ამ მოთხოვნის გამომრიცხავი მტკიცებულებები).

11.2.5. აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერების პირობებში, განხილვის საგანი არც შეიძლება იყოს, სადავო საგანთან მიმართებით არსებითი კვლევა, თუმცა საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარი ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, კანონი არ მიიჩნევს სავალდებულოდ მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების ბრალეულ დარღვევას. საკმარისია მხოლოდ დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში, დარღვევის ფაქტის არსებობა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომელიც ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეს დაცული აქვს აგრეთვე, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კონტრაჰენტისთვის შეტყობინების გაგზავნა, გასვლის შესახებ (სსკ-ის 355-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის დამაბრკოლებელი სხვა, კანონისმიერი საფუძვლები, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს უნდა გამოეკვლია (იხ. სსკ-ის 358-ე, 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ა.შ). საკასაციო სასამართლო კვლავ გაამახვილებს ყურადღებას ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, კერძოდ, მოპასუხეს გადახდილი არ აქვს წილის ნასყიდობის საფასური, რაც ხელშეკრულების არსებითი პირობაა და ბუნებრივია, კრედიტორის ინტერესი მაღალია ასეთი მნიშვნელოვანი პირობის შესრულებაზე.

11.2.6. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელე, და მის მიერ განხორციელებული მოქმედებები (ე.წ „გაფრთხილების წერილების“ გაგზავნა და დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების შესასრულებლად), ცხადჰყოფს, მოსარჩელის ინტერესს შესრულებულიყო სახელშეკრულებო ვალდებულება, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოება (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები), იურიდიულად გამართლებულია, რაც მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

11.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე.

11.4. სსსკ-ის 3911 მუხლით კანონმდებელი ზუსტად და ამომწურავად განმარტავს შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა, დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

11.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა მითითებული ნორმით გათვალისწინებული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემის რომელიმე საფუძვლის არსებობა ვერ დაადასტურა და შესაბამისად მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ იკვეთება.

11.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე