საქმე №ას-918-2020 25 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.რ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ.რ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. უძრავი ნივთი - ქ. თბილისი, ....... ქუჩა N9, ბინა N16, ბინის ფართი - 46.54 კვ.მ. (ს/კ .....) (შემდეგში „საზიარო საგანი“) - მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაა.
2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.09.2019წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საზიარო საგნის გამიჯვნა გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არის სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და აუქციონზე ბინის რეალიზაციის შემთხვევაში დარჩება თავშესაფრის გარეშე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება საზიარო საგანზე მისი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის კუთვნილი წილების პროპორციულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანასაკუთრებაში აქვთ საზიარო საგანი, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს უძრავი ნივთის 6/8 ნაწილი და ასევე 1/8-ის 3/4 ნაწილი, ხოლო უძრავი ნივთის 2/8-ის (1/8 ნაწილის 3/4 ნაწილის გარდა) მესაკუთრეა მოპასუხე.
4.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.09.2019წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უძრავი ნივთის გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის მათზე რიცხული წილების პროპორციული ფართების შესაბამისად, კერძოდ, მოსარჩელისათვის 39.04 კვ.მ.-ის, ხოლო მოპასუხისათვის 7.23 კვ.მ. ფართის გამოყოფა ნატურით ერთგვაროვან ნაწილებად, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეუძლებელია (ს.ფ.21-28; 32-33).
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგეში სსკ) 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით დასაშვებია, თუ საზიარო საგანი (საგნები) შესაძლებელია, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია – საზიარო საგნის რეალიზაციით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ამდენად, სსკ-ის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.
4.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ საზიარო უფლების ნატურით გაყოფა უძრავი ქონების ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე არ არის შესაძლებელი. ამდენად, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე, რის გამოც მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი რეალიზაციით და ამონაგების განაწილებით თანამესაკუთრეებს შორის.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.01.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, რომლის მიხედვითაც საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
7.2. კასატორი სოციალურად დაუცველია და მას სხვა საცხოვრისი არ გააჩნია. საზიარო საგნის აუქციონის გზით რეალიზაცია დაუშვებელია.
7.3. მოპასუხეს, როგორც სოციალურად დაუცველს, არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა. მან იშუამდგომლა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ვინაიდან არ ენდობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. სარჩელის საგანს წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება მისი რეალიზაციის გზით. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
12. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ. Nას-1441-2018, 08.05.2020წ.).
13. სსკ-ის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. სწორედ ამიტომ, სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.).
14. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანასაკუთრებაში აქვთ საზიარო საგანი (ბინა საერთო ფართით 46.54. კვ.მ), რომელზეც მხარეთა საკუთრების უფლება აღრიცხულია შემდეგი წილობრივი მონაცემებით: მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს უძრავი ნივთის 6/8 ნაწილი და ასევე 1/8-ის 3/4 ნაწილი, ხოლო უძრავი ნივთის 2/8-ის (აქედან 1/8 ნაწილის 3/4 ნაწილის გარდა) მესაკუთრეა მოპასუხე.
15. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.09.2019წ. ექსპერტიზის დასკვნით, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუძლებლადაა მიჩნეული საზიარო საგნის გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის მათზე რიცხული წილების პროპორციული ფართების შესაბამისად, გამოყოფილი ნაწილებისათვის დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე. ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა.
16. რაც შეეხება კასატორის განმარტებას მასზე, რომ არ ენდობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში საზიარო საგანი მრავალბინიან სახლში მდებარე ბინაა, რომლის ნატურით გაყოფა მისი კომუნალური ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ ხდება (შდრ. სუსგ. Nას-96-2019, 08.05.2019წ.).
17. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად გააუქმა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე