საქმე №ას-1004-2020 25 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - გ.რ., მ.ს–ძე, ხ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო წილზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილებით გ.რ.ის, მ.ს–ძის და ხ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მესამე მოსარჩელე“, ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 04.12.2012წ. ნოტარიუსის მიერ მ.ბ–ძეზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (#121292..) და პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ......, ბინა #16ა - 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილზე.
2. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. 10.05.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა ამავე სასამართლოს 04.10.2017წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენით და 20.02.2020წ. განჩინებით განცხადება არ დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას), ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე (ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე"-"ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე) და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე მხარის ინტერესების სასარგებლოდ. განმცხადებელმა ასეთ გარემოებებად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.02.2016წ. და ამავე სასამართლოს 06.02.2017წ. გადაწყვეტილებებით დადგენილ ფაქტებზე მიუთითა.
5.2. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების კვლევის მიზნებისთვის, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
5.2.1. მოსარჩელეები არიან ა.რ–ის (მამკვიდრებლის) და ი.ს–ძის შვილები. მოპასუხე არის ა.რ–ის რეგისტრირებული მეუღლე.
5.2.2. ი.ს–ძე გარდაიცვალა 17.02.1996წ.. 21.01.2010წ. ა.რ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა მოპასუხესთან. ამ დროისათვის მამკვიდრებლის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ტექბიუროში აღრიცხული იყო ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე 87 კვ.მ. ფართი, რომლის ნაწილიც (46.54 კვ.მ.) მან დაარეგისტრირა საჯარო რეეტრში საკადასტრო კოდით #......... და 12.10.2010წ. ხელშეკრულებით აჩუქა განმცხადებელს. რაც შეეხება დარჩენილ 40.46 კვ.მ. ფართს, იგი ტექბიუროში დარჩა ა.რ–ის სახელზე.
5.2.3. ა.რ–ი გარდაიცვალა 05.04.2011წ.. მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მოსარჩელეები (შვილები) და მოპასუხე (მეუღლე).
5.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.04.2012წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე ა.რ–ის სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონების -40.46 კვ.მ. ფართობის 3/8 წილზე (თითოეული 1/8 წილზე) მესაკუთრეებად. ბათილად იქნა ცნობილი 12.10.2010წ. ა.რ–სა და მოპასუხეს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. #9 ფართობი 46.54 კვ.მ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 3/8 ნაწილში. მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 46.54 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონების 3/8 წილზე (თითოეული 1/8 წილზე) მესაკუთრეებად. გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციის დროს იყვნენ ა.რ–ის ოჯახის წევრები და ამდენად, შესაბამის წილებზე მოპოვებული ჰქონდათ საკუთრების უფლება მიუხედავად ამ უძრავი ქონების ა.რ–ის სახელზე პრივატიზაციისა (საქართველოს რესბუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107 დადგენილება).
5.2.5. მოპასუხეზე 04.12.2012წ. გაიცა სამკვიდრო მოწმობა (#12129...) ქ. თბილისი, ......... ქ. #9, ა.რ–ის საკუთრებაში დარჩენილი უძრავი ქონების (40.46 კვ.მ.) 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 6.3 კვ.მ-ს შეადგენდა.
5.2.6. დადგენილია, რომ ა.რ–ის სახელზე პრივატიზებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოდავე მხარეებზე ორი საკადასტრო კოდით. კერძოდ: 1) საკადასტრო კოდი ......, ფართი 46.54 კვ.მ., მესაკუთრეები: მოპასუხე - 5/8 ნაწილი, პირველი მოსარჩელე - 1/8 ნაწილი, მეორე მოსარჩელე - 1/8 ნაწილი და მესამე მოსარჩელე - 1/8 ნაწილი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 12.10.2012წ. და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.04.2012წ. გადაწყვეტილება); 2) საკადასტრო კოდი ....... (ძველი საკადასტრო კოდი ..........), ფართი 35.46 კვ.მ., მესაკუთრეები: მოპასუხე - 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა №12129....., დამოწმების თარიღი 04.12.2012წ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.04.2012წ. გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2015წ. გადაწყვეტილება).
5.2.7. მოსარჩელეებმა მოპასუხის წინააღმდეგ ახალი სარჩელი აღძრეს და 04.12.2012წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის (#121292....) ბათილად ცნობა და მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილზე მესაკუთრეებად ცნობა მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 04.12.2012წ. ნოტარიუსის მიერ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (#1212928...) და პირველი და მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ბინა #16ა (ფართი 35,46 კვ.მ.) - 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილზე. სააპელაციო პალატამ სარჩელი იმ საფუძვლით დააკმაყოფილა, რომ მამკვიდრებლის მიერ სამკვიდროს გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ჩუქების ხელშეკრულებით მოპასუხე გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება ბევრად აღემატებოდა სამკვიდროში მოპასუხის წილის ღირებულებას, რაც გამორიცხავდა ამ სამკვიდრო წილის მიღებას. დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1455-ე მუხლით (სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში).
5.2.8. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.02.2017წ. გადაწყვეტილების მიხედვით (სამოქალაქო საქმე #2/30487-16), ნ., ნ. და დ. ს–ები სარჩელს აფუძნებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მათ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის #107 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდათ საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ......... ქ. #9 მისამართზე მდებარე #16 ბინის თითო მერვედ წილზე; აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ., ნ. და დ. ს–ები, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად წარმოადგენენ ქ. თბილისში, ......... ქ. #9 მისამართზე მდებარე #16 ბინის დამქირავებლებს. პრივატიზაციის მომენტისათვის სადავო ბინაში ოჯახის რვა წევრი იყო ჩაწერილი და რვავე მათგანს სადავო ბინაზე თანასაკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა თანაბარ წილში, თითოეულს 1/8 წილზე. შესაბამისად, ბინის პრივატიზაციის თითოეულ მონაწილეს მხოლოდ საკუთარი წილის განკარგვა შეეძლო. ა.რ–მა საზიარო საგნიდან 12.10.2010წ. ჩუქების ხელშეკრულებით განკარგა 46,54 კვ.მ, რაც აღემატებოდა პრივატიზირებული 87 კვ.მ. ფართიდან მის კუთვნილ 1/8 ნაწილს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 06.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და ნ., ნ. და დ. ს–ები ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე ტექნიკური აღრიცხვის არქივში ა.რ–ის საკუთრებად აღრიცხული 40,46 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების 3/8 წილზე მესაკუთრეებად (თითოეული 1/8-1/8-1/8 ნაწილი). ბათილად იქნა ცნობილი 12.10.2010წ. ა.რ–სა და მოპასუხეს შორის ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე #16 ბინასთან დაკავშირებით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 5/8 ნაწილიდან 3/8 ნაწილში და ამ ნაწილში მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ ნ., ნ. და დ. ს–ები, თითოეული 1/8-1/8-1/8 ნაწილში.
5.2.9. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.02.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები (როგორც დედის - ი.ს–ძის მემკვიდრეები) ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, ......... ქ. #9-ში მდებარე #16 ბინიდან მოპასუხის სახელზე აღრიცხული 5/8 ნაწილიდან 1/8 ნაწილის 3/4 ნაწილის მესაკუთრეებად, რის შედეგადაც ა.რ–ის სამკვიდრო მასა კვლავ შემცირდა და დარჩა 6.3 კვ.მ. (სამკვიდრო მასის განსაზღვრა შემდეგ დაანგარიშებას ემყარება: ორი საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული 87 კვ.მ. ბინის ორივე ფართიდან (40,46 მ2 და 46,54 მ2) ა.რ–ს დარჩა 1/8, როგორც საკუთარი წილი და 1/8-ის 1/4 ნაწილი, ანუ 1/32, როგორც გარდაცვლილი მეუღლის ი.ს–ძის სამკვიდროდან მიღებული წილი (ი.ს–ძეს ჰყავდა სულ 4 მემკვიდრე). ამდენად, თითოეული ფართიდან ა.რ–ის წილი შეადგენდა მხოლოდ 5/32-ს (1/8+1/32=5/32). შესაბამისად, 40,46 კვ.მ უძრავი ქონებაში ა.რ–ის სამკვიდრო მასა შეადგენდა 6.3 კვ.მ-ს (40,46-ის 5/32-დი=6.3 კვ.მ.).
5.2.10. უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სახეზე იყო შემდეგი მოცემულობა: მოპასუხის წილი ჩუქებით მიღებულ ქონებაში შეადგენდა 29,09 კვ.მ-ს, ა.რ–ის სამკვიდრო მასა კი - 25,25 კვ.მ-ს. ახლად აღმოჩენილი გარემოებებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ჩუქებით მიღებული ქონება შეადგენს 7,23 კვ.მ-ს, ხოლო სამკვიდრო მასა - 6,3 კვ.მ-ს (აღნიშნული გარემოება განმცხადებლის მიერ სადავოდ არ გამხდარა. იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:29-12:40).
ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ მამკვიდრებელ ა.რ–ისგან ჩუქებით მიღებული ქონება (7,23 კვ.მ. ფართი) აღემატება არა მარტო ა.რ–ის სამკვიდროში მის წილს, არამედ იგი მთლიან სამკვიდრო მასაზე (6,3 კვ.მ.) მეტია. ეს ფაქტი კი საფუძველია დასკვნისათვის, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სსკ-ის 1455-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში. იმ მემკვიდრეთა უფლებები, რომლებსაც მამკვიდრებლისგან ქონება ჩუქებით არ მიუღიათ, დაცულია როგორც ანდერძის არარსებობის პირობებში - ქონების თანაბარი განაწილებით, ისე ანდერძის არსებობისას - სავალდებულო წილის მიღების გზით. ამდენად, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს მამკვიდრებლის და იმ მემკვიდრის დამატებით შეზღუდვა, რომელმაც მამკვიდრებლის სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება.
6.2. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას, რომლითაც განმცხადებელი დასაჩუქრდა 46.54 კვ.მ ფართის ბინით, იკვეთებოდა დამსაჩუქრებლის განზრახვა, დასაჩუქრებულს მიეღო მთლიანი ბინა, თუმცა, სხვადასხვა სარჩელის შედეგად განმცხადებელის წილი უძრავ ქონებაში შემცირდა და დარჩა ძალიან მცირე ფართი. აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რის თაობაზეც განმცხადებელს არ შეიძლება სცოდნოდა 04.10.2017წ. გადაწყვეტილების მიღებისას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ Nას-1455-2019, 15.11.2019წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ. Nას-796-796-2018, 06.07.2018წ).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 04.12.2012წ. ნოტარიუსის მიერ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (#121292834), პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ......... ქ. #9, ბინა #16ა - 5/8 ნაწილის 1/4 ნაწილზე (ტ.2, ს.ფ.90-103).
12. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილება რეგისტრირებული უფლების დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია, ანუ გადაწყვეტილება აღსრულებულია (ტ.2, ს.ფ.218).
13. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგად მისი საკუთრების წილი ...... საკადასტრო კოდით აღრიცხულ უძრავ ნივთში შემცირდა და ჩუქების ხელშეკრულებით მიღებული ქონების ღირებულება აღარ აღემატება სამკვიდროში მის კუთვნილ წილს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ეს გარემოება საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან არ იარსებებდა სსკ-ის 1455-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის (ტ.2, ს.ფ.428-431), რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებებით მოპასუხის მიერ ჩუქებით მიღებული ქონება შეადგენს 7,23 კვ.მ.-ს, ხოლო სამკვიდრო მასა - 6,3 კვ.მ.-ს. ამდენად, მოპასუხის მიერ მამკვიდრებლისგან ჩუქებით მიღებული ქონება აღემატება არა მარტო სამკვიდროში მის წილს, არამედ მამაკვიდრებლის მთლიან სამკვიდრო მასას. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ.: Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ Nას-1455-2019, 15.11.2019წ.; სუსგ. Nას- 1603-2018, 31.01.2019წ.).
16. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/3/1337 29.12.2020წ. გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებლის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/3/1337 29.12.2020წ. გადაწყვეტილება). აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ აქვს რეტროაქტიული ეფექტი. საქართველოს კონსტიტუციით (ძველი რედაქციით 89-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი რედაქციით მე-60 მუხლის მე-5 პუნქტი) გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი გავლენას ვერ ახდენს (სუსგ №ას-653-620-2014, 24.09.2015; №ას-495-471-2013, 25.03.2014წ.). ხოლო თუ სასამართლოს საქმე უკვე განხილული აქვს, გადაწყვეტილება მიღებულია და კანონიერ ძალაშია შესული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას (ასევე იხ.: სუსგ № ას-12-11-2017, 05.07.2017წ.).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2020წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე