18 ივნისი, 2021 წელი,
საქმე №ას-66 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ.ა–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც.ჭ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ა–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ც.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, სარჩელზე დართული მტკიცებულებით/საბანკო ქვითრებით, ცალსახად დასტურდებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სწორად და ჯეროვნად არ შეაფასეს საქმეში დაცული მტკიცებულებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. 2016 წლის 11 თებერვალს გამსესხებელმა მსესხებელს - 2 200 აშშ დოლარი, 2016 წლის 24 ნოემბერს - 8 800 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 14 თებერვალს - 11 000 ლარი ასესხა.
5.3. 2017 წლის 22 თებერვალს მხარეებს შორის ეროვნულ ვალუტაში/ლარში კვლავ დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა სესხი - 10 600 ლარი, ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით, 3 თვით - 2017 წლის 22 მაისამდე. პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.17% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 623-ე, 625-ე მუხლები).
5.4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრულია, გამსესხებლის უფლებამოსილება, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
5.5. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
5.6. ამ განჩინების 5.3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 32-34), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 10 600 ლარით და 2017 წლის 22 მაისიდან პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.17%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აღსრულებამდე.
5.7. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულება 12 300 (10 600 ლარი ძირითადი თახა, 1 700 ლარი პირგასამტეხლო) ლარით განისაზღვრა (პირგასამტეხლოს ნაწილში კრედიტორმა მოთხოვნა შეამცირა).
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ვალდებულების შესრულების აღიარება და ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 4 მარტს გაცემულ #190231009 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი) მუხლები. კასატორისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, სახელდობრ:
7. იმისათვის, რომ ვალდებულება სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდეს კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
8. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს კრედიტორმა/მოპასუხემ მოსარჩელეს 3 თვის ვადით 10 600 ლარი ასესხა, ყოველთვიური 3% - იანი სარგებლის დარიცხვით; ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა ან დარღვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.17 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 102-ე მუხლი), სახელდობრ;
8.1. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებით. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად აუცილებელია ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მქონე მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ. Nას-705-2019 , 12.07.2019წ.; Nას-251-2019 05.06.2019წ). ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც სასამართლოს სასესხო დავალიანების ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
8.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სხვადასხვა დროს, განსხვავებული ვალუტით დადებულია რამდენიმე სასეხო ხელშეკრულება, ამასთან, საქმეში დაცული მტკიცებულებებით/საბანკო ქვითრებით, დასტურდება, რომ მოსარჩელის მამამ, დ.ა–ამ, 2017 წლის 7 აპრილს მოპასუხეს 550 აშშ დოლარი, იმავე წლის 24 მაისს, 300 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის დედამ, ც.გ–ძემ, 2017 წლის 3 მაისს, 550 აშშ დოლარი, 2018 წლის 10 იანვარს, 3, 870 აშშ დოლარი გადაურიცხა, თუმცა გადარიცხვის დანიშნულებაში მიზნობრიობა მითითებული არ არის. ამასთან, ამ მტკიცებულებების შინაარსიდან დგინდება, რომ მოსარჩელის მშობლებმა საკრედიტო ვალდებულება გადაიხადეს არა იმ ვალუტით, რითაც სესხი გაიცა, კერძოდ, სადავო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სესხი გაიცა ლარით, წარდგენილი საბანკო ქვითრებით კი, მოპასუხის ანგარიშზე გადაირიცხა დოლარი. საქმეში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტებიც, უცხოური ვალუტით, დოლარით შესრულებული, თუმცა მათი ჯამი არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელემ სრულად დაფარა მხარეთა შორის არსებული ყველა სასესხო ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები მხარეთა შორის 2017 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად ვერ მიიჩნევა.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგს გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება (იხ.: სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.).
მოცემულ შემთხვევაში კასატორი 2017 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს ვერ ასაბუთებს და აქედან გამომდინარე არაა გამოკვეთილი სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ა.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 615 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.02.2021წ), 70% - 430,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.ა–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ა.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 615 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.02.2021წ), 70% - 430,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე