საქმე №ას-685-2021
30 ივნისი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ–ა “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,დ“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ოქტრომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს "დ"-ის სარჩელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 30.10.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N187 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა შპს "დ"-ის (ს/ნ ......) სასარგებლოდ თანხის გადახდა 17160.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 16990.91 ლარი და პირგასამტეხლო - 169.91 ლარი; მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პირგასამტეხლოს 1268.35 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე: გარდაბანი, ......, და სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მერიის თანამშრომელმა (სპეციალისტმა) ნ.დ–მა 2021 წლის 04 ივნისს (იხ. ტომი მეორე, ს.ფ - 26).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 5 ივნისიდან და ამოიწურა 2021 წლის 16 ივნისს. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია საპროცესო ვადის დარღვევით, 2021 წლის 18 ივნისს (იხ. ტომი მეორე, ს.ფ - 27).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის კერო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე