Facebook Twitter

18 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-1126 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.ც–ი “ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.ც–ი “ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე კასატორის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დატოვებით გამყიდველს მხოლოდ და მხოლოდ ქონების დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა და არა გადაუხდელი თანხის მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია შეთანხმების გაუქმებული პირობის/არარსებული ვალდებულების საფუძველზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2016 წლის 19 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ......სა და რესტორან „....“ შორის, ....... და ცირკის ასასვლელი გზის კუთხეში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #......., 1 650 000 აშშ დოლარად მიჰყიდა გადახდის განვადებით და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე და 505-ე მუხლები).

5.4. გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის შეთანხმებით (რომელიც მხოლოდ ნასყიდობის ფასსა და მისი გადახდის პირობებს შეეხო), მყიდველს გამყიდველისათვის 2017 წლის 5 ივლისამდე 200 000 აშშ დოლარი, იმავე წლის 15 ივლისამდე 100 000 აშშ დოლარი, 30 სექტემბრამდე 300 000 აშშ დოლარი, ხოლო 20 დეკემბრამდე 740 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის წლიური 7% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.5. ზემოაღნიშნული შეთანხმების 9.5 პუნქტით განსაზღვრულია, გამყიდველის უფლებამოსილება, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

5.6. მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 610 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა.

5.7. 2018 წლის 29 მარტის წერილით გამყიდველმა მყიდველს აცნობა, რომ 2018 წლის 29 მარტის მონაცემებით დავალიანება - 1 064 406 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა ( ნასყიდობის ფასი -1 040 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 24 406 აშშ დოლარი) და 2018 წლის 30 აპრილამდე დავალიანების დაფარვა მოსთხოვა.

5.8. მყიდველმა ნასყიდობის დარჩენილი საფასური გამყიდველის მიერ დაწესებულ დამატებით ვადაშიც არ გადაიხადა.

5.9. ამ განჩინების 5.5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 13 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 1 074 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

6. ნასყიდობის ფასის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 505-ე (განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში) და 508-ე (თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია) მუხლების შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, სახელდობრ, მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ/მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, არ გადაიხადა დარჩენილი თანხა, რის გამოც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

8. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დატოვებით გამყიდველს მხოლოდ და მხოლოდ ქონების დაბრუნების და არა გადაუხდელი თანხის ანაზღაურების უფლება წარმოეშვა.

8.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს შეთანხმების 9.4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მოვალე/მყიდველი ნებაყოფლობით არ ასრულებს კრედიტორის/გამყიდველის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. დადგენილია, რომ მყიდველმა გამყიდველის მოთხოვნის მიუხედავად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის დარჩენილი საფასური ხელშეკრულებით დადგენილ და არც შემდგომ, გამყიდველის მიერ დაწესებულ დამატებით ვადაში არ გადაიხადა, რის გამოც, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 13 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 1 074 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გამყიდველმა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო (ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა), არ გამოიყენა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, არ მიმართა შემძენს ნასყიდობის საგნის დაბრუნების მოთხოვნით და აღნიშნულის საპირისპიროდ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვა; აქედან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოთხოვნა სს სადაზღვევო კომპანია ჯ. ჰ–ს დაეკისროს მიღებული ნასყიდობის საფასურის ნაწილის დაბრუნება.

8.2 რაც შეეხება შეთანხმების 6.3. პუნქტის ჩანაწერს, - „მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და დაუბრუნოს მყიდველს დაუყონებლივ, ამ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადახდილი თანხა“, - მისი შინაარსი გამყიდველს ანიჭებს უფლებას და არა ვალდებულებას, ცალმხრივად შეწყვიტოს შეთანხმება, მყიდველს დაუბრუნოს გადახდილი თანხა და დაიბრუნოს ქონება ან მოითხოვოს ვადადამდგარი ვალდებულების იძულებით აღსრულება (იხ. შეთანხმების 9.4. პუნქტი). დადგენილია, რომ გამყიდველმა სწორედ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გამოიყენა, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებულია.

9. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია შეთანხმების გაუქმებული პირობის/არარსებული ვალდებულების საფუძველზე.

9.1. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის შეთანხმება მხოლოდ ნასყიდობის ფასსა და მისი გადახდის პირობებს შეეხო, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის წლიური 7% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დანარჩენ ნაწილში 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულება დარჩა უცვლელად, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 11.01.2021წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ც–ი 2-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.ც-ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს გ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 11.01.2021წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე