Facebook Twitter

საქმე №ა-840-შ-16-2021 20 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ბ–ა

წარმომადგენელი – ე.ფ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი

წარმომადგენელი – კ.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ვ. ასული ბ–ას სასარჩელო მოთხოვნა გ.კ–ის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ე.გ. ასული კ–ის (დაბადებული 2014 წლის 29 სექტემბერს) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან, ე.ვ. ასულ ბ–ასთან.

2. 2021 წლის 24 თებერვალს ე.ბ–ას წარმომადგენელმა ე.ფ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

3. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არაერთხელ გაეგზავნა შეტყობინება სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილ ყველა მისამართზე, თუმცა უწყება მოპასუხეს არ ჩაბარდა. მოპასუხე სათანადო წესით გაფრთხილებულად მიიჩნია სასამართლომ, რამდენადაც მას სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ საჯარო შეტყობინების გზითაც ეცნობა. საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად მოხდა.

4. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 4 აგვისტოს. მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით ე.ბ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინების ასლი და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .......). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 18 მარტს.

7. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე, შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. 2021 წლის 19 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წამოადგინა გ.კ–ის წარმომადგენელმა კ.გ–მა.

9. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, წარმოდგენილ მოსაზრებაში იშუამდგომლა საქმის შეჩერების თაობაზე და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

9.1. 2020 წლის 20 ივლისს მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო №02-0219/2020 წერილი, რომელიც დასათაურებული იყო, როგორც „უწყება“, ხოლო გამომგზავნი გახლდათ ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლო. აღნიშნული წერილით მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა, რომ 2020 წლის 24 ივნისს ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოში შუამდგომლობის ავტორის სარჩელის გამო დაბარებული იყო მოპასუხის სტატუსით;

9.2. უწყების მიღების დღესვე მოწინააღმდეგე მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ცნობა საქმის მიმდინარეობის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2.21716-19 ცნობის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ 2019 წლის 3 სექტემბერს სარჩელი აღძრა შუამდგომლობის ავტორის მიმართ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, ამავე დროს შუამდგომლობის ავტორმაც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით;

9.3. შუამდგომლობის ავტორის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დათარიღებულია 2019 წლის 19 დეკემბრით, ხოლო შეგებებული სარჩელი 2020 წლის 15 იანვრით, თუმცა არცერთ დოკუმენტს არ ერთვის რაიმე ცნობა ან ინფორმაცია ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ;

9.4. თბილისის საქალაქო სასამართლოდან ცნობის მიღების შემდგომ მოწინააღმდეგე მხარე ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს მომართვაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (lublinsky.msk.sudrf.ru) და განმარტა, რომ, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს იმავე მხარეებს შორის დავას, იმავე საფუძვლითა და იმავე მოთხოვნებით, მოსკოვის სასამართლოში უნდა შეწყვეტილიყო საქმისწარმოება. აღნიშნულ წერილს ერთვოდა ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. არც მანამდე და არც ამის შემდგომ მოწინააღმდეგე მხარეს ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოდან არ მიუღია უწყება ან გადაწყვეტილება, არ ჰქონია შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პროცესში;

9.5. რუსეთის ფედერაციაში არ უნდა მომხდარიყო საქმის განხილვა, რამდენადაც დავის საგანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ასეთ მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს განსჯადობა განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. მოსკოვში საქმის განხილვისას და ამჟამადაც ბავშვი ცხოვრობს საქართველოში და ამის შესახებ შუამდგომლობის ავტორისთვისაც ცნობილი იყო. როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონულ სასამართლოს აცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ რუსეთის ფედერაციაში ჯერ საქმეზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული;

9.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ დაადგინოს როგორ აისახება არასრულწლოვნის ინტერესებზე ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემოს შეცვლა; დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რამდენადაც დაირღვევა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები;

9.7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმისწარმოებას“. ასეთი წინაპირობა განსახილველ საქმეში არ არის. უცხო ქვეყანაში აღნიშნული საქმისწარმოება არ უნდა მომხდარიყო, რადგან დავის საგანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ასეთ მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს განსჯადობა განისაზღვრება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. ამავე პუნქტის შესაბამისად, საქმისწარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდეს, რადგან საკითხი გადასაწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განაგრძოს საქმის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ.კ–ის სარჩელისა და ე.ბ–ას შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებისას მოსკოვის ლუბლინსკის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა;

9.8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ;

9.9. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოში სხდომა ოთხჯერ დაინიშნა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ ერთხელ ეცნობა, ამასთან უწყებასთან ერთად არ მიუღია სარჩელი და სხვა დოკუმენტები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 27 აპრილსა და 20 მაისს გამართულ სხდომებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.ბ–ას შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

15. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება.

16. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

18. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი; საქმე №ა-2631-შ-65-1016, 24 იანვარი 2017 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არაერთხელ გაეგზავნა შეტყობინება სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილ ყველა მისამართზე, თუმცა უწყება მოპასუხეს არ ჩაბარდა. მოპასუხე სათანადო წესით გაფრთხილებულად იქნა მიჩნეული, რამდენადაც მას სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ საჯარო შეტყობინების გზითაც ეცნობა. საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად მოხდა.

20. საქმის მასალებში მოიპოვება ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი მხოლოდ ერთი უწყება, რომლის თანახმად, ე.ბ–ას სარჩელის განხილვის გამო გ.კ–ი დაბარებული იყო ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 24 ივნისს.

21. მოწინააღმდეგე მხარემ როგორც წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში, ისე საქმის ზეპირი მოსმენისას მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული უწყება მას დაგვიანებით, 2020 წლის 20 ივლისს ჩაბარდა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს არ წარდგენია.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყებით სხდომის თარიღი განსაზღვრულია 2020 წლის 24 ივნისით, ხოლო ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 26 ივნისის სხდომაზე.

23. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია დოკუმენტი (სასამართლო სხდომის ოქმი ან სხვა სათანადო მტკიცებულება), რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოს წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში აღნიშნულ შეუსაბამობის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მოპასუხე ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის სხდომის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული, რამდენადაც მისთვის გაგზავნილ უწყებაში სხდომის თარიღად მითითებულია 2020 წლის 24 ივნისი, ასეთ პირობებში კი მარტოოდენ შუამდგომლობის ავტორის ზეპირი ახსნა-განმარტებით მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების საკითხის დადგენა შეუძლებელია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იყო ინფორმებული 2020 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის, მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

26. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და განმარტავს, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - შეჯიბრებითი სამართალწარმოების წინაპირობაა.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომელიც რაიმე ფორმით, მათ შორის, საქმის განხილვაზე მიუწვევლობით არ შეიძლება შეეზღუდოთ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტებს (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

29. საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არსებობს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი კიდევ ერთი გარემოება.

31. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ აღიარებული გადაწყვეტილება, ან/და თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე.

32. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

33. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად იხილავს. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, შუამდგომლობის ავტორს რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესის შესახებ საქალაქო სასამართლოსათვის არ უცნობებია, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია. შუამდგომლობის ავტორმა საქალაქო სასამართლოს რუსეთში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ ინფორმაცია საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას მიაწოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ ე.ბ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი