საქმე №ა-2062-შ-45-2021 6 ივლისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ჯ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჯ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:
1.1. საქართველოში, ქ. თბილისში, ..... მცხოვრებ, 1983 წლის 26 ნოემბერს დაბადებულ ბ.ჯ–ასა (საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის პასპორტი №...., გაცემული უკრაინაში, ქ. ოდესაში 2013 წლის 22 იანვარს საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ), რომლის სახელითაც 2016 წლის 22 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (მინდობილობა დამოწმებულია საქართველოში, ქ. თბილისში, ნოტარიუს ე.შ–ის მიერ) მოქმედებს უკრაინის მოქალაქე, 1987 წლის 21 მაისს დაბადებული ო.პ. ასული ლ–ა (2008 წლის 4 ივლისს უკრაინის შსსმს ქ. კიევის ობოლნისკის რგ-ის მიერ გაცემული МЕ .... პასპორტი) (მისამართი: ქ. კიევი, ...... სახლი 41, ბინა 161, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის რეგისტრაციის ნომერი 3191712884) და უკრაინის მოქალაქე, 1986 წლის 18 მაისს დაბადებულ ო.გ. ასულ ჯ–ას (2011 წლის 10 მარტს ოდესის ოლქის შსსმს ილიჩოვსკის სგ-ის მიერ გაცემული ..... პასპორტი) (მისამართი: უკრაინა, ქ. ჩორნომორსკი, ზელენის შესახვევი 4) შორის დამტკიცდა მორიგება;
1.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ №501/2278/16ц საქმეზე, სადაც მოსარჩელის მოთხოვნას ალიმენტის თანხის შეცვლა და მისი მყარი ფულადი ოდენობით განსაზღვრა წარმოადგენდა, დავა მოგვარდებოდა ორმხრივი დათმობების საფუძველზე:
1.2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ქ. თბილისში, ..... მცხოვრები, 1983 წლის 26 ნოემბერს დაბადებული ბ.ჯ–ა (საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის პასპორტი №09AT03277, გაცემული უკრაინაში, ქ. ოდესაში 2013 წლის 22 იანვარს საქართველოს გენერალური საკონსკულოს მიერ) უკრაინის მოქალაქე, 1986 წლის 18 მაისს დაბადებულ ო.გ. ასულ ჯ–ას (2011 წლის 10 მარტს ოდესის ოლქის შსსმს ილიჩოვსკის სგ-ის მიერ გაცემული КМ 708295 პასპორტი) (მისამართი: უკრაინა, ქ. ჩორნომორსკი, ..... 4) სასარგებლოდ თავისი შვილის, 2011 წლის 17 მარტს დაბადებული ი.ბ. ასული ჯ–ას დასახმარებლად გადაიხდიდა ალიმენტს - 250 ევროს ეკვივალენტ გრივნას, გადახდის მომენტში უკრაინის ნაციონალური ბანკის გრივნის ოფიციალური კურსის შესაბამისად, მორიგების ძალაში შესვლიდან იმ დრომდე, როცა ი.ბ. ასულ ჯ–ას შეუსრულდება ოცდასამი წელი, ანუ 2034 წლის 17 მარტამდე;
1.2.2. მორიგებაზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთშეთანხმებით ცვლიან 2014 წლის 26 დეკემბრის №501/2278/16ц სამოქალაქო საქმით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობას და მისი გადახდის ხერხს მოსარჩელისგან მოპასუხის სასარგებლოდ და გოგონას დასახმარებლად;
1.2.3. მორიგებაზე ხელმოწერის შემდგომ მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია და მოთხოვნები მოგვარებულად ითვლება;
1.2.4. მხარეები ადასტურებენ და გარანტიას იძლევიან, რომ მორიგების დადება შეესაბამება მათ ინტერესებს და თავისუფალ ნებას; მორიგების პირობები გასაგებია და შეესაბამება მხარეთა რეალურ შეთანხმებას; მორიგების პირობები შეესაბამება კანონს და არ არღვევს სხვა პირთა ან/და სახელმწიფოს უფლებებს, თავისუფლებას და ინტერესებს;
1.2.5. მხარეები ადასტურებენ და გარანტიას იძლევიან, რომ მათ გააჩნიათ უფლებამოსილება მორიგების დადებისა და მისი დამტკიცებისათვის; მორიგებით დაკისრებული შედეგები, რომლებიც გათვალისწინებულია უკრაინის სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, მხარეებისათვის ცნობილი და გასაგებია;
1.2.6. მორიგების დამდები მხარეები სრულად აცნობიერებენ მის პირობებს, მიზანსა და არსს, ისევე როგორც მის სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, 1) მორიგების დამტკიცებით სასამართლო ცვლის ბ.ჯ–ას მიერ ო.გ. ასულ ჯ–ას სასარგებლოდ და ი.ბ. ასულ ჯ–ას დასახმარებლად ალიმენტის ოდენობასა და მისი გადახდის წესს; 2) სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებით ბ.ჯ–ა ვალდებული იქნება გადაიხადოს, ხოლო ო.ჯ–ას უფლება ექნება მოითხოვოს ალიმენტის გადახდა იმ წესითა და პირობებით, რომელიც განსაზღვრულია მორიგებით;
1.2.7. მორიგებით სასამართლო ხარჯების განაწილება არ ხდება, თითოეული მხარე გადაიხდის თავის დანახარჯებს.
1.3. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ბ.ჯ–ას სარჩელის გამო ო.ჯ–ას მიმართ სამოქალაქო საქმის სამართალწარმოება ალიმენტის თანხის შეცვლისა და მისი მყარი ფულადი ოდენობით განსაზღვრის შესახებ შეწყდა;
1.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყევტილება შეიძლება იძლებით აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების კანონით დადგენილი წესით;
1.5. მორიგება კანონიერ ძალას იღებს მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან;
1.6. მორიგება შეიძლება გასაჩივრდეს ოდესის ოლქის სააპელაციო სასამართლოში ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში;
1.7. გადაწყვეტილების სრული ტექსტი შედგენილია 2018 წლის 25 მაისს.
2. 2021 წლის 22 აპრილს ო.ჯ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე 2018 წლის 24 მაისს ესწრებოდა უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესს.
4. უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივნისს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ო.ჯ–ას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ: 1) შუამდგომლობის ავტორმა ო.ჯ–ამ უკრაინის სასამართლოს მიმართა უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო მისი იძულებითი აღსრულების მოთხოვნით; 2) უკრაინის სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ; 3) უკრაინის სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; აგრეთვე, 4) ზემოაღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული ქართული თარგმანი. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
6. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი რუსულ თარგმანთან ერთად შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2021 წლის 15 ივნისს.
7. შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში, 2021 წლის 2 ივლისს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას, შესაბამისად თანახმა იყო შუამდგომლობა დარჩენილიყო განუხილველი. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მათი თარგმანების მისთვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო.ჯ–ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის ხარვეზის განჩინება შუამდგომლობის ავტორს 2021 წლის 15 ივნისს ჩაბარდა. შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2021 წლის 5 ივლისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შევსებულა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება.
16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ო.ჯ–ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ჯ–ას შუამდგომლობა უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური