Facebook Twitter

საქმე №ას-783-2020 2 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. (გ.) ნ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. (გ.) ნ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგინდა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა 2020 წლის 23 იანვარს 11:00 საათზე გაიმართებოდა.

7. 2020 წლის 15 იანვრის სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოსამართლის თანაშემწე ესაუბრა აპელანტის წარმომადგენელს, ნ.ც–ს (შემდგომში - „აპელანტის პირველი წარმომადგენელი“), რომელსაც აცნობა სასამართლო სხდომის დრო და თარიღი.

8. 2020 წლის 22 იანვარს მოსარჩელის პირველმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი 2020 წლის 23 იანვარს მონაწილეობს თელავის რაიონული სასამართლოს სხდომაში სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი, ნ.ს–ი (შემდგომში - „აპელანტის მეორე წარმომადგენელი“) 2020 წლის 2 იანვარს მოყვა ავარიაში და ორივე ბარძაყისა და ძვლების მოტეხილობის გამო დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი.

9. 2020 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა სხდომა და აპელანტის პირველი წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

10. 2020 წლის 10 იანვრის სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ აპელანტს ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და თარიღი (2020 წლის 20 თებერვალი 11:00 საათი).

11. 2020 წლის 19 თებერვალს აპელანტის პირველმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, აღნიშნა, რომ იმყოფებოდა ავად და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. მოსარჩელის პირველმა წარმომადგენელმა განცხადებას თან დაურთო საავადმყოფო ფურცლის ასლი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.ხ–ვამ (შემდგომში - „აპელანტის მესამე წარმომადგენელი“) წარადგინა საჩივარი, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინა საავადმყოფო ფურცლის ასლი, რომელიც არ იყო ხელმოწერილი დაწესებულების ხელმძღვანელის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ; დოკუმენტიდან არ იკვეთება მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. სხდომის გადადების შესახებ სისტემატურმა შუამდგომლობებმა სასამართლოს გონივრული ეჭვი აღუძრა სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზანმიმართულ მცდელობაზე.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი ემყარება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას. აპელანტის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულების მიერ სათანადო წესით გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი), რაც სასამართლოს დაარწმუნებდა 2020 წლის 20 თებერვლის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობაში.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

18. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომა ორჯერ ჩაინიშნა, რომლებზეც აპელანტი არ გამოცხადდა. აღნიშნული კი საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს ორივე შემთხვევა ერთობლიობაში შეეფასებინა, როგორც სასამართლო პროცესის განზრახ გაჭიანურების მცდელობა. 2020 წლის 20 თებერვლის სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა კი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რამდენადაც წარდგენილი არ იყო ავადმყოფობის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი და იგი ხელმოწერილი არ იყო მკურნალი ექიმის მიერ;

18.2. სააპელაციო სასამართლომ ტენდენციურად, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ შეაფასა 2020 წლის 23 იანვრისა და 20 თებერვლის სასამართლო სხდომებზე აპელანტის გამოუცხადებლობის ობიექტურად არსებული მიზეზები, რითაც მოსარჩელე მხარე დაზარალდა. მოსარჩელე დაინტერესებულია უკანონო ქმედებებით წართმეული უფლებების აღდგენით, სასამართლომ კი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საქმის განხილვის გაჭიანურებაში. ორივე შემთხვევაში საქმის განხილვის გადადება მოთხოვნილი იყო არა პროცესის გაჭიანურების, არამედ გაუთვალისწინებელი, არაგანზრახი, არაპროგნოზირებადი მოვლენებით. პირველ შემთხვევაში, აპელანტის მეორე წარმომადგენელმა მიიღო ტრამვა, რის გამოც იგი დღემდე მკურნალობს, პირველი წარმომადგენელი კი 2020 წლის 23 იანვარს უნდა გამოცხადებულიყო სისხლის სამართლის პროცესზე თელავის რაიონულ სასამართლოში; რაც შეეხება მეორე შემთხვევას (2020 წლის 20 თებერვალი), აპელანტის პირველი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი, ჰქონდა სიცხე. ამ პერიოდში მოქმედებდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ადამიანებს რჩევისათვის მიემართათ სამედიცინო დაწესებულებებისა და ოჯახის ექიმებისათვის, ნაკლები კონტაქტი ჰქონოდათ გარეშე პირებთან, რათა თავი დაეცვათ კორონა ვირუსით დაავადებისაგან. სწორედ ამ მიზეზით მიმართა წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გახსნილი ჰქონდა საავადმყოფო ფურცელი, რომელიც მას ათავისუფლებდა საადვოკატო საქმიანობისაგან საავადმყოფო ფურცლის დახურვამდე. დოკუმენტზე მკურნალი ექიმის ხელმოწერის არარსებობა არ ნიშნავს, რომ დოკუმენტი ყალბია, რამდენადაც მასში შეტანილია წარმომადგენლის რეკვიზიტები, დოკუმენტი წარმოადგენს დაწესებულების ოფიციალურ ბლანკს და მასზე დასმულია ოფიციალური ბეჭედიც. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან;

18.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის. სამოქალაქო საქმეებზე პრობლემატურ საკითხებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში (2007 წლის 25 ივლისი) საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმების შინაარსიდან აშკარად ჩანს (233-ე და 241-ე მუხლები), რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვის ერთადერთი და სავალდებულო გარემოება არ არის დაუძლეველი ძალის არსებობა, არამედ საკმარისია „სხვა მოვლენის“ არსებობა, რასაც მხარის გამოცხადების ხელის შეშლა შეეძლო. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ „სხვა მოვლენას“ წარმოადგენს გავრცელებული პანიკური შიში პანდემიის მოლოდინის წინა პერიოდში, ამიტომ წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნა და დახმარებისათვის სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვა, 2019 წლის დეკემბრის თვიდან კორონა ვირუსის გავრცელების გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკური ზომების მისაღებად შექმნილი აუცილებლობით იყო გამოწვეული და სასამართლოს უნდა შეეფასებინა სწორედ კანონში მითითებულ „სხვა მოვლენად“, გამოუცხადებლობა კი საპატიოდ უნდა მიეჩნია; აღნიშნულს ადასტურებს მომდევნო პერიოდში ყველა სფეროში, მათ შორის, სასამართლო სისტემაში შემოღებული დღის წესრიგი და შეზღუდვები;

18.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სასამართლოებს მოუწოდებს დაიცვან სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპი - დისპოზიციურობა; მხარეს უნდა მიეცეს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუნდაც სასამართლოს ეჭვი ეპარებოდეს მისი გამოუცხადებლობის მიზეზის საფუძვლიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უარს არ აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე და გამოხატავს ნებას, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს. მოცემული საქმის შინაარსი და კასატორის ინტერესები სრულ თანხვედრაშია უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან, რამდენადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია იმ პირობებში, როდესაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე;

18.5. სასამართლომ დაუსაბუთებლად ეჭქვეშ დააყენა კასატორის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც სასამართლოში წარდგენილი იყო ასლის სახით. კასატორის ყოფილმა წარმომადგენელმა (პირველი წარმომადგენელი) ამ დოკუმენტის დედანი, რომელიც საკასაციო საჩივარს ერთვის, წარმოადგინა 2020 წლის 2 ივლისის შემდგომ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი 2020 წლის 2 ივლისის სხდომაზე წარდგენა, თუმცა სასამართლოსათვის მანამდე წარდგენილი ასლი იმავე შინაარსს ატარებს, რასაც დედანი დოკუმენტი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ყველა პირისათვის გარანტირებულ, სამართლიანი სასამართლოს უფლებას;

18.6. მოსარჩელემ დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობის აღსადგენად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი უფლებებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვა, თუმცა 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 2 ივლისს მიღებული განჩინებით კასატორს უკანონოდ ეთქვა უარი საქმის განხილვაზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილისა [ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ] და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

28. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები, ხოლო საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

29. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ისე საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით. საპატიო მიზეზად კი იგი პროცესის დღეს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას ასახელებს, რაც მისი სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას ქმნიდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითი ხასიათის გამო სასამართლო მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

30. სსსკ-ის 215-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1) გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს ავადმყოფობით ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2) აღნიშნული ავადმყოფობა ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა); 3) ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი იმპერატიულია და სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს გამოუცხადებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმომწერი პირისა და მასში გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე მითითების არსებობა. ამავე დროს, არსებობს ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე უზენაესი სასამართლოს სტაბილური, ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციას. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ №ას1109-1029-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი, 2019 წელი; №ას-874-2019, 4 ივლისი, 2018 წელი).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის ავადმყოფობის გამო მისი პროცესზე გამოცხადება საპატიოდ მიიჩნიოს, ავადმყოფობის დასადასტურებლად სასამართლოსათვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ კრიტერიუმებს.

33. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა საავადმყოფო ფურცელის ასლი. სადავოა აღნიშნული დოკუმენტის ფორმალური ნაწილის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტი არ არის დედანი, იგი არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ექიმის მიერ, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად. ამავე დროს, დოკუმენტის შინაარსის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ობიექტურად შეუძლებელი იყო, რამდენადაც დოკუმენტში არ არის მითითებული პაციენტის დიაგნოზის შესახებ; ამავე დროს სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.

34. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2020 წლის 17 მარტს. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლომ იმ მოტივით, რომ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულება წარდგენილი იყო ასლის სახით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კომპეტენტური პირის მიერ, ასევე არ ჩანდა მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. მიუხედავად ამისა აპელანტმა 2020 წლის 19 აპრილს წარდგენილ საჩივარს, რომელიც ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ეხებოდა, კვლავ არ დაურთო საავადმყოფო ფურცლის დედანი, რომელიც კომპეტენტური პირის მიერ იქნებოდა ხელმოწერილი. აღნიშნული დოკუმენტი შესაბამისი ფორმალური და შინაარსობრივი სახით არც საჩივრის ზეპირ განხილვაზე წარადგინა მხარემ, რომელიც 2020 წლის 2 ივლისს (დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ) გაიმართა. კასატორის მითითება იმაზე, რომ მისმა ყოფილმა წარმომადგენელმა (პირველი წარმომადგენელი) ამ დოკუმენტის დედანი მას მხოლოდ 2020 წლის 2 ივლისის შემდგომ პერიოდში გადასცა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი 2020 წლის 2 ივლისის სხდომაზე წარდგენა, ვერ იქნება მიჩნეული საპატიო გარემოებად, რამდენადაც იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ვერ იქნა შესრულებული.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დოკუმენტი წარდგენილია ასლის სახით, რომელსაც ხელს არ აწერს უფლებამოსილი პირი, ასევე, არსადაა მითითება სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე და არც დოკუმენტში ასახული პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ანალიზით ირკვევა, რომ მას ექიმთან მიმართვისას ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესება აღენიშნებოდა, რაც პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აღნიშნული მტკიცებულება. პროცესის დღეს არ იკვეთებოდა აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობაში დაარწმუნებდა სასამართლოს.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

37. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას [საავადმყოფო ფურცლის დედანი], საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (საავადმყოფო ფურცელი) ერთ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 141).

39. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. (გ.) ნ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელი;

3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. გ. (გ.) ნ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (საავადმყოფო ფურცელი), „1“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 141);

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

. გასიტაშვილი