Facebook Twitter

საქმე №ას-463-463-2018 14 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ჭ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ჭ–სა (შემდგომში - „მოპასუხე”, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და თ.მ–ს (შემდგომში - „მოსარჩელე“) ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2002 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ლ.ჭ–ი.

2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.

3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტ–ის ადმინისტრაციული ერთეულის 2015 წლის 20 დეკემბერს გაცემული №07 ცნობის თანახმად, მოპასუხესთან ცხოვრობს ი.ჭ–ი (პაპა), რომელიც რეგისტრირებულია ტ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში. მოპასუხე უვლის და პატრონობს პაპას.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: 1) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1996 წლის 28 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა; 2) მოპასუხისათვის მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ.ჭ–ის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანის დღიდან მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიური ალიმენტის სახით - 1000 ლარის დაკისრება; 3) მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებისა (მდებარე: ქ. თბილისში, ...... ქუჩა, მე-2 სართული, №36 ბინა, საკადასტრო კოდი №.......) და სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი - „ბმვ X6, სანომრე ნიშნით - LEQ 999, გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - AV874.....“) (შემდგომში ერთად - „სადავო ქონება) 2/3 ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა; 4) თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად.

5. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. მოპასუხე ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, მოსარჩელის მიმართ აგრესიული ქმედებით გამოირჩეოდა და არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეუღლეს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას;

5.2. მხარეთა შორის ქორწინება ორი წელია შეწყვეტილია და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

5.3. მოპასუხე არ იღებს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობას და არ უწევს მას ფინანსურ დახმარებას;

5.4. მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა გაიღოს შვილის რჩენასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი. მოპასუხე მხარე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და აქვს შესაბამისი შემოსავალი. ამასთან, გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირი მის კმაყოფაზე არ იმყოფება;

5.5. მხარეებმა ქორწინების განმავლობაში შეიძინეს სატრანსპორტო საშუალება (მარკა, მოდელი - ,,ბმვ X6, სანომრე ნიშნის - ....., გამოშვების წელი - 2008) და ქ. თბილისში, ...... ქუჩა №3-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ......), რომლებიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. სადავო ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, მოსარჩელეს მითითებულ ქონებაზე თანასაკუთრება კანონით ეკუთვნის;

5.6. მოპასუხე უარს აცხადებს განქორწინებასა და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელესთან ცხოვრობენ შვილები, მათ შორის, არასრულწლოვანი, ამ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს მეუღლეთა წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძველი.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ოჯახის შენარჩუნება. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილისათვის, ლ.ჭ–ისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის ნაწილში, რამდენადაც მოპასუხე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და უგზავნის ფულს თავის შვილსა და მოხუც მამამთილს (მოპასუხის პაპას). სხვა სახის შემოსავალი მოპასუხეს არ გააჩნია. სადავო სატრანსპორტო საშუალება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და მოსარჩელეს აქვს აღნიშნულ მოძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება, თუმცა არა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით. მოპასუხე თანახმაა მოხდეს მოსარჩელის მოძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და გაუქმდეს საზიარო უფლება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ა/მანქანაზე და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეთა შორის მათი წილების შესაბამისად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2002 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ლ.ჭ–ის რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტის - 250 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1) გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1996 წელს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №443); 2) მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - ლ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე; 3) მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო სატრანსპორტო საშუალების ½ წილის მესაკუთრედ. დადგინდა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეებს შორის განაწილება, მათი წილების შესაბამისად; 4) მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, დადგინდა საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეებს შორის განაწილება; 5) დადგინდა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა არც მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა შემდეგზე:

11.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, მედიკამენტების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში ჩართულობის ფაქტი;

11.2. საქმეში წარდგენილი ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხის სახელზე სს ,,თ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხის ბრუნვა და სხვადასხვა სახის ტრანზაქცია, ძირითადად კი - ანგარიშიდან თანხის უცხოური ვალუტით გატანა. მოპასუხის დედა საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ და საქართველოში ფულს შვილის, მოპასუხის სახელზე აგზავნის. საქმეში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

12. სააპელაციო სასამართლომ ალიმენტზე მსჯელობისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მართებულად განისაზღვრა ალიმენტი ყოველთვიურად 220 ლარით და არ არსებობს მისი გაზრდის ან/და შემცირების რაიმე საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ თ.მ–ის ცნობის ნაწილში მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა. გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა სატრანსპორტო საშუალებაზე საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით.

15. სააპელაციო პალატამ საზიარო უფლებების განმარტებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 961-ე, 963-ე და 964-ე მუხლებით.

16. მოპასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ქონების აუქციონზე რეალიზაციის ნაცვლად მოპასუხისთვის სადავო ნივთების ღირებულებიდან კონკრეტული თანხის გადახდის დაკისრებას შეეხებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საზიარო უფლების გაუქმების მსგავს ალტერნატივას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და აღნიშნული საკითხი, შესაძლოა, გადაწყდეს მხოლოდ მხარეთა მორიგების ფარგლებში, ორივე მხარის მიერ დისპოზიციური ნების გამოვლენის შედეგად.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

18. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით დააკისრა სასამართლომ კასატორს ალიმენტის სახით 220 ლარის გადახდა. კასარტორი არ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მას თვეში მხოლოდ 100 ლარის გადახდის შესაძლებლობა აქვს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საერთოდ არ არის დასაქმებული და თავად იმყოფება საზღვარგარეთ მყოფი დედის კმაყოფაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის რეალური მატერიალური მდგომარეობა. გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად განიმარტა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლი, რამდენადაც, მართალია, მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები, თუმცა ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მშობლის უნარი და შესაძლებლობა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ამასთან, აუქციონზე რეალიზაციის გზით სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება კასატორს უსახლკაროდ დატოვებს და იძულებული იქნება საცხოვრებელი ბინა იქირაოს, რომელიც გაზრდის მის ხარჯებს;

18.2. მოპასუხე ითხოვდა ქონების აუქციონზე რეალიზაციის ნაცვლად, სადავო ქონების ღირებულებიდან კონკრეტული თანხის გადახდის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მსგავს ალტერნატივას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს, რაც კანონის არასწორი განმარტების შედეგია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მოქმედი კერძო ავტონომიის პრინციპი, რომლის ფარგლებში მოპასუხის მოთხოვნა გონივრული და მისაღები უნდა ყოფილიყო;

18.3. უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას აუქციონზე რეალიზაციის გზით ორივე მხარისთვის მძიმე შედეგი მოყვება. კასატორი და მისი დედა ბინის გარეშე დარჩებიან, რამდენადაც არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი. პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ დადგინდა სადავო უძრავი ქონების ღირებულება, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა სადავო ქონების ღირებულების ნახევრის მეორე პირისათვის დაკისრება. სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონის თანახმად, აუქციონზე გასატანი ქონება აუქციონზე გადის საბაზრო ღირებულების 75%-ით და აუქციონის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ ქონება ხელმეორედ უფრო დაბალი ფასებით გადის, რაც არცერთი მხარისათვის არ იქნება ხელსაყრელი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა [იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი], რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა (იხ. სუსგ №ას-1231-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი). განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება საზიარო უფლების გაუქმებასა და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვის საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპი

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე - შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი).

26. ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).

27. საკასაციო პალატის მითითებით, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წელი).

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება საკასაციო საჩივრის ავტორის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობა, თუმცა კასატორს სს ,,თ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე უფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხების ბრუნვა და სხვადასხვა სახის ტრანზაქციები, ძირითადად კი - ანგარიშიდან თანხის უცხოური ვალუტით გატანა. საკასაციო საჩივრის ავტორს საკუთრებაში აქვს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. იმ მიზეზით, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, არ შეიძლება, იგი გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან.

30. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივ გარემოებები და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 220 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

31. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 18.2. და 18.3. პუნქტებში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. დასახელებული მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება. ამასთან, ერთ-ერთი მეუღლე უნდა ითხოვდეს საერთო ქონების გაყოფას, რაც ნიშნავს საერთო ქონების რეალურ/იდეალურ წილად ტრანსფორმირებას. რაც შეეხება საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს, ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული წინაპირობები სახეზეა.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ისე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ საქმე №ას-39-39-2016, 1 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი; საქმე №ას-774-741-2014, 20 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

34. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზიარო უფლების გაუქმება კასატორის მიერ დასახელებული ალტერნატივით. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციის [ან სხვა შემთხვევაში, ნატურით გაყოფის] ნაცვლად, სადავო ქონების ღირებულებიდან კონკრეტული თანხის გადახდის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის მსგავსი ფორმით გადაწყვეტა მხოლოდ მხარეთა შეთანხმებითა და მოლაპარეკებით, მორიგების ფარგლებშია შესაძლებელი. წინამდებარე დავის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად მცდელობისა ვერ მორიგდნენ, სწორედ ამიტომ, სასამართლო შეზღუდულია საზიარო უფლების გაუქმების მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით.

35. კასატორმა წინამდებარე დავის განხილვისას აღნიშნა, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების შეუძლებლობა, შესაბამისად, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის დანაწესის მიხედვით.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ №ას-131-131-2018, 19 ივლისი, 2018 წელი; №ას-505-505-2018, 5 ივლისი, 2018 წელი; №ას-331-331-2018, 15 ივლისი, 2019 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.ჭ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ს.ღ–ის (პ/ნ: ........) მიერ 2018 წლის 27 აპრილს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე