საქმე №ას-274-2021 07 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ T. G. P.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ T. G. P.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, რომელმაც მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, აგრეთვე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 29 იანვრიდან დაინიშნა მოპასუხე კომპანიაში მდივნის თანამდებობაზე, 1000 ლარის ოდენობის სახელფასო განაკვეთით უვადოდ/განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ გაფორმებულა.
3. 2018 წლის მარტის ბოლოს მოპასუხემ განუცხადა, რომ მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა. გათავისუფლების დასაბუთება გადაეცა 2018 წლის 26 მარტის წერილით, რომლითაც დასტურებოდა, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა მდივნის მოვალეობას. მოსარჩელის მიმართ განხორციერლდა დისკრიმინაციული მიდგომა და სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დისკრიმინაცია ოჯახური მდგომარეობის – დედობის ნიშნით, კერძოდ, 2015 წლის 3 მაისიდან მოსარჩელე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 24 ივლისს კი, შეეძინა შვილი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე კომპანიაში მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა ორთვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც წარუმატებლად გაიარა. სწორედ აღნიშნული გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 26 მარტის №04/03-023 გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა მდივნის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება თვეში 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2018 წლის 26 მარტიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დადგინდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ, ოჯახური მდგომარეობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის – 10 000 ლარისა და მორალური ზიანის – 10 000 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სარჩელს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მოცემულ საქმეზე 2018 წლის 26 ივნისს მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, მოგვიანებით კი, ორი დაზუსტებული შესაგებელი, რითაც არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები. ამასთან, შედავება განახორციელა სარჩელში წარმოდგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
8. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს სხდომის ოქმებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2019 წლის 15 მარტს, 2019 წლის 10 აპრილს, 2019 წლის 20 დეკემბერსა და 2020 წლის 10 იანვარს. 2019 წლის 20 დეკემბერს გამართული სასამართლო სხდომაზე საქმის შემდგომი განხილვა გადაიდო 2020 წლის 10 იანვარს, 16:00 საათზე.
9. მითითებული სასამართლო სხდომის შესახებ მოპასუხე მხარის წარმომადენლები სასამართლო უწყებაზე ხელმოწერით გაფრთხილებულ იქნენ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, და განემარტათ, გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 10 იანვარს 16.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.
11. 2020 წლის 10 იანვრის განცხადების თანახმად, მოპასუხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი სასამართლოში 16:30 საათზე გამოცხადდა, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ 17:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო სხდომა, თუმცა, მოგვიანებით შეიტყო, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
12. 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სხდომაზე მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 10 იანვარს 16.00 საათზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის.
14. საჩივრის განხილვის ეტაპზე მოპასუხის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №VI-100ა. ცნობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამკურნალო დაწესებულებას მიმართა 2020 წლის 10 იანვარს, მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნაში (დიაგონოზი) მითითებულია - მწვავე კვებითი ინტოქსიკაცია A05.9. მოკლე ანამნეზის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა ჩივილები: შეუპოვარი ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის ღრუს მთელ მოცულობაში, განსაკუთრებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და კონსულტაციების გრაფაში აღნიშნულია, რომ პაციენტმა კლინიკას მიაკითხა დღის სამი საათისათვის, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია... ექოსკოპიური კვლევით გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის მოცულობის გაზრდა 51 სმ 3 ღრუში არაერთგვაროვანი შიგთავსით, გასქელებული კედლებით; ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასებულია მწვავედ; ჩატარებული მკურნალობა - 1. კუჭის ამორეცხვა სოდიანი წყლით; 2. ინტრავენურად ფიზიოლოგიური და რინგერის ხსნარებით, „B“ და „C“ ჯგუფის ვიტამინებით. მიეცა რეკომენდაცია ამბულატორიული რეჟიმის პირობებში გადასხმის ჩატარებაზე სამი დღის განმავლობაში, T-ს კონტოროლი, ექიმის მეთვალყურეობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 315). სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საჩივარზე დართულ „სამედიცინო ცენტრი ც–ოს“ მიერ 2020 წლის 8 იანვარს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც ირკვევა მოსარჩელის წარმომადგენლის ორსულობის შესახებ, მოკლე ანამნეზში მითითებულია – ამენორეა, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა ტაქიკარდია (იხ. ტ.1, ს.ფ. 316).
15. სამედიცინო ცენტრ „ც–ოს“ მიერ 2020 წლის 8 იანვარს გაცემული №3772 ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2020 წლის 6 იანვარს და დაუდგინდა დიაგნოზი – 3-4 კვირის ორსულობა, ხოლო მოკლე ანამნეზში კი, მიეთითა ამენორეა, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და ტაქიკარდია, ასევე, დანიშნა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები (ტ.1., ს.ფ. 316).
16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი, აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
17. ზემოთ მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ცნობების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის უსაფუძვლობა. მართალია, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, რომ პაციენტს დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას, თუმცა ცნობაში ასახული დიაგნოზი – მწვავე კვებითი ინტოქსიკაცია A05.9.; ჩივილები: შეუპოვარი ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის ღრუს მთელ მოცულობაში და სხვა ჯანმრთელობის ცნობებში აღწერილი ჩივილები, ასევე, ორსულობის პერიოდში ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ას-684-645-2011; 28 ივნისი, 2011 წელი) იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
18. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოპასუხე მხარის მეორე წარმომადგენელი დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა მას თავი არ აურიდებია გამოცხადებისთვის და გამოუცხადებლობით სასამართლოს მიმართ არ გამოუჩენია უპატივცემულობა. მეტიც, მოპასუხის წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნის გამო სასამართლოში გამოცხადება ფორსირებულ რეჟიმში მოუხდა მეორე წარმომადგენელს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო პროცესზე დროულად გამოცხადება, რა დროსაც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
19. სსსკ-ის 230-ე, 241-ე, 233-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 10 იანვარს, 16.00 საათზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის. ამდენად, არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლები.
20. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ სასამართლო სხდომის დღეს მოპასუხის წარმომადგენელი იმყოფებოდა ავად, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა სასამართლოს მიერ უნდა განხილულიყო, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიობასთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს საჩივრის ავტორის სასარგებლოდ, რამდენადაც ფაქტია, რომ სხდომის დღეს მოპასუხის წარმომადგენელი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში. სააპელაციო პალატა აქვე განმარტა, რომ საქმის გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის მიმართ ინტერესი გააჩნდა დასტურდება იმითაც, რომ საქმეზე შემოტანილია სამი სხვადასხვა შესაგებელი და მის მიერ არცერთი სასამართლო სხდომა არ არის გადადებული და მხარე ყველა მათგანს ესწრებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 დეკემბრის სხდომის დროს სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ კი შესრულდა რა სასამართლოს დავალება 2019 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულება.
21. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 10 იანვარს, 16.00 საათზე გასამართ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის გამოც, არ არსებობდა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი. ასევე განმარტა, რომ ცალკე აღებული წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნის ფაქტი უკვე არის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, მხარე არ უნდა „დაისაჯოს“ იმისთვის, რომ მისმა წარმომადგენელმა, შეუძლოდ ყოფნის გამო, დასახმარებლად მიმართა სხვა წარმომადგენელს, რათა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად არ ჩათვლილიყო მისი, როგორც მხარის გამოუცხადებლობა, რაც არ შეიძლება გახდეს უკვე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი. ამდენად, მხარის წარმომადგენელი კეთილსიდისიერად მოიქცა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, და სასამართლო სხდომაზე არა გამოუცხადებლობა, არამედ მხოლოდ ერთხელ დაგვიანებით გამოცხადება (აღნიშნულს ადასტურებს განცხადება ს.ფ. 303) არ შეიძლება გახდეს უკვე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს და თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა მისი ავადმყოფობის მოტივით შესაძლებელია, იქცეს საპატიო მიზეზად, მაგრამ ამ მიმართულებითაც კანონმდებელი დამატებით მოთხოვნას უწესებს ასეთ პირს, კერძოდ, კი მას არ უნდა შეეძლოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო აღნიშნული საპატიო მიზეზის თაობაზე შეატყობინოს სასამართლოს (სსსკ-ის მუხლი 241-ე, მუხლი 215.3), საჩივრიდან კი ირკვევა, რომ მოპასუხის ერთი წარმომადგენელი დაუკავშირდა მეორე წარმომადგენელს და აცნობა თავისი მდგომარეობის თაობაზე, შესაბამისად, მას შეეძლო იგივე წარმატებით განეხორციელებინა შეტყობინება სასამართლოსათვის და ამ მიმართულებით დგინდება, რომ კომუნიკაციის ეს საშუალება მისთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი იყო. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ავადმყოფობის გამო ვერ მიიჩნევა საპატიოდ. ამასთან, მხარის წარმომადგენლებიდან ორ მათგანს, დირექტორს და მეორე წარმომადგენლს თავისუფლად შეეძლოთ, სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მათი გამოუცხადებლობა დაუდევრობის ბრალია და არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურ გარემოებად, საპატიო მიზეზად. მხოლოდ ცალკე აღებული ის გარემოება, რომ მხარე აქტიურობს და ჩართულია პროცესის მიმდინარეობაში, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი საფუძველი, რადგან ეს არ გამომდინარეობს სსსკ-ის 241-ე მუხლის დანაწესიდან.
25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები და მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მისი დასაბუთება ძირითადად აგებულია მხარის წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო მომსახურება მიიღო მხოლოდ ერთმა პაციენტმა მოპასუხის წარმომადგენელმა და არა სამმა პირმა – დირექტორმა და ორმა წარმომადგენელმა, რაც გამორიცხავს თ.ი–სა და ტ.რ–ის ჯანმრთელობის გამო დასკვნების გაკეთებას. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც მხარე პროცესზე წარმოადგენილია სამი წარმომადგენლით და მხოლოდ ერთის ჯანმრთელობის თაობაზე არსებობს კონკრეტული გარემოება (რაც თავის მხრივ საკვლევია), ასეთი გარემოების სხვა წარმომადგენელზე გავრცელება წარმოადგენს არარელევანტურ დასაბუთებას, რადგან ერთ-ერთის გამოცხადების შემთხვევაში პროცესი არსებითად გაიმართებოდა და სასამართლოს არ ექნებოდა საფუძველი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თუ ეს ჭეშმარიტებაა, რომ მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოცხადება არ იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს ცალ-ცალკე ყველა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი და ერთ-ერთი მათგანის პროცესზე გამოუცხადებლობის არასაპატიობის დადგენის შემთხვევაში უნდა დაასკვნას, რომ მხარის გამოუცხადებლობა იყო არასაპატიო. თუ მხარე არ ცხადდება პროცესზე, მისი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთის გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი უნდა გავრცელებულიყო ზოგადად მხარეზე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რითაც ის შეეწინააღმდეგებოდა ზოგადად პროცესის წარმოებას და საპროცესო სამართლის არაერთ დანაწესს.
26. კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე, 70-ე-78-ე მუხლების, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონიერად, არ არსებობდა მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, არ არსებობდა მისი გაუქმების რელევანტური ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
27. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ქვემდგომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 215, 233, 240-241-ე, 385-ე მუხლები, რადგან მოცემულ საქმეზე არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ასევე, მისი გაუქმების მოთხოვნა (საჩივარი) იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ასევე არ არსებობდა რაიმე საპატიო მიზეზი, დადგენილიყო ასეთი გარემოება უტყუარად რაც საფუძვლად დაედებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
28. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 241-ე მუხლის ის დანაწესი, რომელიც უთითებს მხარის გამოცხადების შესახებ, კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ დგინდებოდა ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის საპატიობა, ეს გარემოება ავტომატურად მიაქცია სხვა წარმომადგენელზე, რითაც დაარღვია პროცესის „მხარის“ ცნება, ბუნება და შეეწინააღმდეგა სხვადასხვა საპროცესო ნორმებსა და მათგან გამომდინარე საპროცესო ქმედებების განხორციელების წესს.
29. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის 79-ე, 83-ე, 93-ე და 98-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით მოპასუხე იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, მისი წარმომადგენლები კი არიან კომპანიის ხელმძღვანელები, დებულებითა და ბრძანებით გაწერილი ხელმძღვანელისაგან დელეგირებული პირები, ხელმძღვანელისაგან ამ კომპანიაში სხვა დასაქმებული მინდობილი პირები და სხვა წარმომადგენლები, ამასთან, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა პროცესში, ანუ პირადად კომპანიის დირექტორიც უფლებამოსილია ან თუ ადვოკატი წარმომადგენელი ან სხვა წარმომადგენელი არა ჰყავს კომპანიას, დირექტორი ვალდებულია პირადად ჩაერთოს საქმეში. ამდენად, საქმეში უკვე წარმოდგენილი დოკუმენტებით, როგორიცაა კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და მინდობილობა, ზემოთ ჩამოთვლილი პირთაგან ჩანიშნულ პროცესზე ერთ-ერთის გამოცხადება გულისხმობს მხარის გამოცხადებას და ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება მიზანშეწონილი და კანონიერია, მათ შორის არ შეიძლება მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მხარის მოცემული განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ წარმომადგენლობა და პროცესი მიიჩნია არაკანონიერად და ამ მიდგომით ითვლება, რომ თუ მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოცხადებით და მონაწილეობით დადგა მათთვის მიუღებელი/არასასურველი გარკვეული შედეგი, მაშინ სხვა წარმომადგენელს შეუძლია წარმოადგინოს რაიმე საპატიო გარემოების მამტკიცებელი დოკუმენტი და დაასაბუთოს, რომ კონკრეტულად მისი გამოუცხადებლობა ნიშნავს მხარის გამოუცხადებლობას და მოითხოვოს ამ საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმება. ან კიდევ მაგალითად თუ მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ დადგება კომპანიისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება და შევა კანონიერ ძალაში, კომპანიის დირექტორს შეუძლია, წარმოადგინოს რაიმე საპატიო გარემოების მამტკიცებელი დოკუმენტი და დაასაბუთოს, რომ კონკრეტულად მისი გამოუცხადებლობა ნიშნავს მხარის გამოუცხადებლობას და მოითხოვოს ამ საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება (ახლად აღმოჩენილი გარემოება). ასევე შესაძლებელია მოყვანილ იქნეს მრავალი გარემოება თუ მაგალითი, რომელიც შეპირისპირებულ იქნება მხარის ამ განმარტებასთან, რომელიც არღვევს ზოგადად დადგენილ საპროცესო სამართლის არსს, მრავალ საპროცესო ნორმას, ეწინააღმდეგება მათ და აზრს უკარგავს პროცესებს, პროცესში რამოდენიმე ადვოკატის ყოლას და საპროცესო ეკონომიის პრინციპს არღვევს. თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხარის ასეთ განმარტებას, ის დაადგენს ამ პრაქტიკას, რაც საქმის წარმოების ყველა პრინციპსა და სამართლიანი სასამართლო პრინციპს არღვევს, ცალსახად მიუღებელია და უზენაესმა სასამართლომ არ უნდა დაადგინოს „მხარის“ ასეთი განმარტება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დადგენილი და განმარტებული კი უნდა შეცვალოს მისი გაუქმებით.
30. სსსკ-ის 105-ე, 131-ე, 132-ე და 133-ე მუხლების თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში არსებული წერილობითი აღიარება მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის თაობაზე, რაც არ იყო გაქარწყლებული ან უარყოფილი და რაზეც კასატორი თავის შესაგებელს ამყარებდა, ამასთან, აღნიშნული აღიარებისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სხვა გარემოებებთან მიმართებით, ხოლო თუ არ გაიზიარებდა ასეთ აღიარებას, მოტივები უნდა დაესაბუთებინა გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა სათანადო დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რაც მოცემულ საქმეზე არ განხორციელდა.
31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე, 131-ე, 132-ე და 133-ე მუხლები. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით (საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
33. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
34. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
35. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე– მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება,ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
37. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.მაგრამ, რაუნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარისნება - სურვილზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017).
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით.
42. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
43. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები [სსსკ-ის 233.1. მუხლი].
44. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018წელი).
45. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020წელი).
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
47. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).
48. მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.
50. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017. )
52. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 10 იანვარს 16.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.
53. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 10 იანვარს 16.00 საათზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის, კერძოდ, საჩივრის განხილვის ეტაპზე მოპასუხის ერთ-ერთი წარმომადგენლის - ს.დ–ის მიერ წარდგენილ იქნა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №VI-100ა. ცნობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამკურნალო დაწესებულებას მიმართა 2020 წლის 10 იანვარს, მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნაში (დიაგონოზი) მითითებულია - მწვავე კვებითი ინტოქსიკაცია A05.9. მოკლე ანამნეზის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა ჩივილები: შეუპოვარი ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის ღრუს მთელ მოცულობაში, განსაკუთრებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და კონსულტაციების გრაფაში აღნიშნულია, რომ პაციენტმა კლინიკას მიაკითხა დღის სამი საათისათვის, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია... ექოსკოპიური კვლევით გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის მოცულობის გაზრდა 51 სმ 3 ღრუში არაერთგვაროვანი შიგთავსით, გასქელებული კედლებით; ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასებულია მწვავედ; ჩატარებული მკურნალობა - 1. კუჭის ამორეცხვა სოდიანი წყლით; 2. ინტრავენურად ფიზიოლოგიური და რინგერის ხსნარებით, „B“ და „C“ ჯგუფის ვიტამინებით. მიეცა რეკომენდაცია ამბულატორიული რეჟიმის პირობებში გადასხმის ჩატარებაზე სამი დღის განმავლობაში, T-ს კონტოროლი, ექიმის მეთვალყურეობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 315). სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საჩივარზე დართულ „სამედიცინო ცენტრი ც–ოს“ მიერ 2020 წლის 8 იანვარს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც ირკვევა მოსარჩელის წარმომადგენლის ორსულობის შესახებ, მოკლე ანამნეზში მითითებულია – ამენორეა, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა ტაქიკარდია (იხ. ტ.1, ს.ფ. 316). სამედიცინო ცენტრ „ც–ოს“ მიერ 2020 წლის 8 იანვარს გაცემული №3772 ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2020 წლის 6 იანვარს და დაუდგინდა დიაგნოზი – 3-4 კვირის ორსულობა, ხოლო მოკლე ანამნეზში კი, მიეთითა ამენორეა, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და ტაქიკარდია, ასევე, დანიშნა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები (ტ.1., ს.ფ. 316). სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 215.3 მუხლით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება.
54. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მხარის წარმომადგენლებიდან ორ მათგანს - დირექტორს და მეორე წარმომადგენელს თავისუფლად შეეძლოთ, სასამართლო პროცესზე გამოცხადება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად აგებულია მხარის წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო მომსახურება მიიღო მხოლოდ ერთმა პაციენტმა მოპასუხის წარმომადგენელმა და არა სამმა პირმა – დირექტორმა და ორმა წარმომადგენელმა, რაც გამორიცხავს თ.ი–სა და ტ.რ–ის ჯანმრთელობის გამო დასკვნების გაკეთებას. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც მხარე პროცესზე წარმოადგენილია სამი წარმომადგენლით და მხოლოდ ერთის ჯანმრთელობის თაობაზე არსებობს კონკრეტული გარემოება (რაც თავის მხრივ, საკვლევია), ასეთი გარემოების სხვა წარმომადგენელზე გავრცელება წარმოადგენს არარელევანტურ დასაბუთებას, რადგან ერთ-ერთის გამოცხადების შემთხვევაში, პროცესი არსებითად გაიმართებოდა და სასამართლოს არ ექნებოდა საფუძველი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თუ ეს ჭეშმარიტებაა, რომ მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოცხადება არ იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეაფასოს ცალ-ცალკე ყველა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი და ერთ-ერთი მათგანის პროცესზე გამოუცხადებლობის არასაპატიობის დადგენის შემთხვევაში, უნდა დაასკვნას, რომ მხარის გამოუცხადებლობა იყო არასაპატიო. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
55. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტეზია. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საქმის შემდგომი განხილვა გადაიდო 2020 წლის 10 იანვარს, 16:00 საათზე. მითითებული სასამართლო სხდომის შესახებ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სასამართლო უწყებაზე ხელმოწერით გაფრთხილებულ იქნენ, სსსკ-ის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, და განემარტათ, გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.( იხ. ტ.1.ს.ფ.254) დაადგინილია, რომ 2020 წლის 10 იანვარს 16.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.
56. საკასაციო პალატის განხილვის საგანია მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.
57. მოპასუხე სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ერთ-ერთი წარმომადგენლის - ს.დ–ის შემთხვევაში, მიუთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო მეორე წარმომადგენლის - თ.ი–ს შემთხვევაში - სხდომის დღის შესახებ ინფორმაციის არასწორად მონიშვნას, რის გამოც, ეს უკანასკნელი სასამართლოში გამოცხადდა დაახლოებით 16:25 სთ.ზე (იხ., ს.ფ. 308, 309, ტ.1.).
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორი ადვოკატი: ს. დ–ი და თ. ი. ს. დ–ის გამოუცხადებლობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და შეფასებები წარმოდგენილია ამ განჩინების პპ: 13-21-ში, რომელ ნაწილშიც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომელიც შეეხება სასამართლო სხდომაზე ს. დ–ის გამოუცხადებლობის საპატიოობას.
59. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენელ თ. ი–ის გამოუცხადებლობას, ამ ნაწილში, ძირითად არგუმენტად დასახელდა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის დროის გადამოწმებისას, წარმომადგენელს სასამართლოს უფლებამოსილი პირისგან არასწორად ეცნობა 2020 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომის დაწყების დრო - 17:00 საათი, ნაცვლად 16:00 საათისა (ტ.1. ს.ფ. 308, 309).
60. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მიერ დასახელებულ არგუმენტს და არ მიიჩნევს მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
61. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
62. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
63. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხის წარმომადგენლებს: თ.ი–სა და ს.დ–ს, 10/01/2020წ. სასამართლო სხდომის შესახებ, სასამართლო უწყებაზე ხელმოწერით ეცნობათ 2020 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომის შესახებ (იხ.ტ.1.ს.ფ. 254).
64. შესაბამისად, ასეთ პირობებში, არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ადეკვატურად აღიქვა და დაიმახსოვრა სასამართლო შეტყობინების შინაარსი, რისი გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორს წარმოუდგენია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმის განხილვის თარიღის არასწორად ჩანიშვნა არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. გამოუცხადებლობის საპატიობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტიც, თუ მანამდე რამდენჯერ გამოცხადდა მხარე პროცესზე“. (შდრ: სუსგ №ას-1440-1360-2017, 26 ოქტომბერი, 2018, პ.1-11; 32-33).
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით.
66. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება (შეადრ: სუსგ №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი).
67. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არის იურიდიული პირი, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავდა უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომელთაგან ერთ-ერთის - ს.დ–ის გამოუცხადებლობა მიჩნეულია საპატიოდ (სსსკ-ის 215.3 მუხლი), ხოლო მეორე წარმომადგენლის - თ. ი–ის გამოუცხადებლობა, საკასაციო პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ მიაჩნია საპატიოდ (შდრ: სუსგ №ას-800-2020, 12 ნოემბერი, 2020 წელი). საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მიერ მინდობილობა გაცემულია იურიდიული კომპანიის - შპს-ის 5 იურისტზე ( იხ. ტ.1.ს.ფ.57).
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელ გადაწყეტილებასთან მიმართებით მნიშვნელოვანი დებულებებია ასახული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
69. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).
70. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
71. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
72. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ-ები: №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი;№ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).
73. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 10 იანვარს, 16.00 საათზე გასამართ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ამ მხრივ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
74. საკასაციო პალატა ყურადღებას გამახვილებს მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც, რომელიც შეეხება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
75. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.)
76. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება.თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400).
77. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილებისას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.
79. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 26 მარტის №04/03-023 გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა მდივნის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება თვეში 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2018 წლის 26 მარტიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დადგინდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ, ოჯახური მდგომარეობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის – 10 000 ლარისა და მორალური ზიანის – 10 000 ლარის ანაზღაურება.
80. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას (იხ., სუსგ №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი).
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებლი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი)
82. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
83. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების წრე და მისცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სახეზე იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი