საქმე №ა-2155-შ-47-2021 9 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „დ.მ–ომ“
მოწინააღმდეგე მხარე – რ.შ-ლ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ.მ–ომ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. რ.შ-ლ–ას შპს „დ.მ–ომ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის – 1400 000 რუბლის, პროცენტის – 476 000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების – 93 800 რუბლის, სულ 1 969 800 რუბლის გადახდა.
შპს „დ.მ–ომ-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 12 თებერვალს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „დ.მ–ომ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარის – რ.შ-ლ–ას საცხოვრებელი ადგილია საქართველო, ქ.ცხინვალი, ..... და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, დაავალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რ.შ-ლ–ას ფაქტობრივი მისამართის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.
2021 წლის 28 მაისის წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკასაციო სასამართლოს აცნობა, რომ დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში სახელითა და გვარით: რ.შ-ლ–ა იძულებით გადაადგილებულ პირად არ ფიქსირდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „დ.მ–ომ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ.მ–ომ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. რ.შ-ლ–ას შპს „დ.მ–ომ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის – 1400 000 რუბლის, პროცენტის – 476 000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების – 93 800 რუბლის, სულ 1 969 800 რუბლის გადახდა.
შპს „დ.მ–ომ-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 12 თებერვალს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.მ–ომ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.შ-ლ–ას შპს „დ.მ–ომ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის – 1400 000 რუბლის, პროცენტის – 476 000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების – 93 800 რუბლის, სულ 1 969 800 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი