№ას-64-2019 5 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი (მოსარჩელე) – ბ.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ.თ–ძე
მეორე კასატორი (მოპასუხე) – რ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ.დ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება/საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ბ.დ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე ან პირველი კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მის სასარგებლოდ რ.თ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი, აპელანტი ან მეორე კასატორი) 32 135 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხესვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1230 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მისი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 9615 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
3.2. იმავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, აპელანტს 673 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 352 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2012 წლის 13 თებერვალს დაიწყო, მაშინ, როცა მათ შორის შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო თანხა 25 100 აშშ დოლარი 6 თვის ვადით - 2012 წლის 13 აგვისტომდე, 4%-იანი სარგებლის დარიცხვით, სარგებლის თანხა 1004 აშშ დოლარს შეადგენდა. სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით დაიტვირთა თვითონ მოსარჩელის, ც. დ–ძისა და ხ. დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, ........ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მსესხებელსა და სხვებს, გამსესხებლის (იმ დავაში მოსარჩელის) სასარგებლოდ 32 128 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ. თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ......., რეალიზაცია დადგინდა. დადგენილია, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ის შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება ასევე მიექცა იძულებით აღსასრულებლად. იძულებით აღსასრულებელი თანხა ჯამში 33 395 აშშ დოლარს შეადგენდა (რომელიც მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, პროცენტს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხასა და აღსრულების ხარჯს).
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში მოვალე მხარე დადგა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ, შეეცადა მოწინააღმდეგე მხარესთან დავის მორიგებით დასრულებას. საქმის მასალებში, ს.ფ. 137-139-ზე, განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, 2015 წლის 20 მაისის N1992 ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტის თაობაზე. მითითებული ბრძანების თანახმად, 2015 წლის 13 მაისს გამოცხადებული აუქციონი (რომელიც დასრულდებოდა 21 მაისს) უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაური, ........ (ს.კ. ........) შეწყდა. აუქციონის შეწყვეტას საფუძვლად დაედო სააღსრულებო საქმის მხარეების (მოვალისა და კრედიტორის) განცხადება აუქციონის შეწყვეტის შესახებ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უფლებრივი დატვირთვისაგან გათავისუფლდა დ–ძეების საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული უძრავი ქონება;
6. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა საქმის მასალებში, ს.ფ. 80-ზე, განთავსებულ 2015 წლის 5 ივნისის სს „ს.ბ–ის“ შიდასაბანკო საგადასახადო დავალებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ თემურ დ–ძემ გამსესხებელს გადაურიცხა თანხა 24 875 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის დ–ძეების მხრიდან მიღების ფაქტს გამსესხებელი (ამ დავის მოპასუხე და აპელანტი) ადასტურებდა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე დაადასტურა სააპელაციო საჩივარშიც.
7. საქმის მასალებში, ს.ფ. 34-49-ზე, განთავსებულია შემოსავლის ცხრილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, მსესხებელს გამსესხებლისათვის გადახდილი აქვს 18 135 აშშ დოლარი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებაც, ანუ 18 135 აშშ დოლარის დ–ძეების მხრიდან მიღების ფაქტი - დაადასტურა გამსესხებელმა (მოპასუხემ). პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით (იხ. ტ.1, ს.ფ. 98), თუმცა მოპასუხე მხარემ იმაზე მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა დ–ძეებმა გადაიხადეს სხვა სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით და არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2012 წლის სასესხო ურთიერთობის (რომელიც ჯამში 33395 აშშ დოლარის დავალიანებას შეადგენს დ–ძეების მხრიდან) გარდა სხვა სასესხო ხელშეკრულების არსებობა მსესხებელ-გამსესხებელს შორის საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დ–ძეების დავალიანება გამსესხებლის წინაშე 33395 აშშ დოლარს შეადგენდა (იმ ანგარიშით, რომ 2012 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული იყო 32 128 აშშ დოლარი და 2140 ლარი, რაც იმდროინდელი კურსის დოლარზე გაანგარიშებით შეადგენდა 1267 აშშ დოლარს, ანუ, ჯამში, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 33 395 აშშ დოლარს /32 128+2140 ლარი ანუ 1267 აშშ დოლარი = 33 395 აშშ დოლარს/).
8. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ ამ თანხის, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით შეიმუშავეს მხარეებმა მისი გადახდის გრაფიკი, რაც საქმის მასალებში ს.ფ. 34-49-ზეა განთავსებული და ყოველდღიურ გადახდებს ითვალისწინებდა. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით დ–ძეებმა გადაიხადეს 18 135 აშშ დოლარი და 24 875 აშშ დოლარი, ანუ ჯამში მათი მხრიდან გადახდილია 43 010 აშშ დოლარი. გამსესხებლისადმი გადასახდელ დავალიანებას კი -33 395 აშშ დოლარი შეადგენდა, ანუ მოვალეს კრედიტორისათვის 9 615 აშშ დოლარი ზედმეტად აქვს გადახდილი, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც მსესხებელს უნდა დაეკისროს.
9. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ყოველგვარ ლოგიკასა და დასაბუთებასაა მოკლებული კრედიტორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ 33 395 აშშ დოლარის დავალიანების პირობებში, მან მოვალეს ახალი სესხი - 33 395 აშშ დოლარი მისცა, ისიც, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე და თან იმავე ვადაში (2012 წ.დეკემბერი), რა დროიდანაც მას, სავარაუდოდ იძულებით აღსრულებაზე უნდა ეზრუნა. ამასთან, მტკიცების ტვირთის გონივრული და სამართლიანი გადანაწილების პრინციპის შესაბამისად, ის, რომ მოვალემ თანხები დაუსწრებელი გადაწყვეტილების (2012 წ. 06 დეკემბერი) ძალაში შესვლის შემდეგ გადაიხადა არ არის სადავო, ხოლო ეს თანხები რომ ახალი ვალდებულების (ახალი სესხის) გამოა გადახდილი - მოპასუხის (გამსესხებლის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მის მიერ ვერ იქნა სარწმუნოდ დადასტურებული; დაუსაბუთებელია, თუ რატომ უნდა დაეწყო მოვალეს ახალი ვალდებულების გასტუმრება, თუ კი ასეთი საერთოდ არსებობდა იმ დროს, როდესაც ჯერ ძველი დავალიანება გაუსტუმრებელი ჰქონდა, რისი მტკიცებაც კრედიტორის მხრიდან სრულიად არალოგიკური და არადამაჯერებელია.
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სადავო სამართალურთიერთობის შესაფასებლად გამოყენებული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტი ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. ამავე კოდექსის 987.1 მუხლის თანახმად, თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორმა (მოპასუხემ) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისარგებლა მოვალის (მოსარჩელის) ქონებით. შესაბამისად, კრედიტორი გამდიდრდა უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად. შეძენილი სიკეთის ამოღებით კი უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ზემოხსენებული ნორმის მიზანია მოსარგებლისაგან ამოიღოს ის თანხა, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა სხვას.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სულ მოვალის მიერ გადახდილია 24 875 აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 80-საგადასახადო დავალება) და 18135 აშშ დოლარი, რაც ჯამში 43 010 დოლარია, ხოლო, გადასახდელი თანხის ოდენობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეადგენდა 32 128 აშშ დოლარი და 2140 ლარი, ანუ 2014 წლის დროინდელი კურსით 33395 აშშ დოლარი. მოვალეს ზედმეტად გადახდილი აქვს: 43 010 დოლარს - 33 395 აშშ დოლარი = 9615 აშშ დოლარი (რაიმე სხვა თანხის ზედმეტად გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 102-მუხლის შესაბამისად, ამ ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება). სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კრედიტორს, მოვალის სასარგებლოდ, ზედმეტად გადახდილი 9 615 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
12.2. პირველმა კასატორმა (მოსარჩელემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
12.3. მეორე კასატორმა (მოპასუხემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
12.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391- ემუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ხოლო კრედიტორის საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
15. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
20. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და სარჩელში მითითებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია კონდიქც. სარჩელი, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი „ 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. მოხმობილი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქც. ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქც. ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
21. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ-ები: №ას-360-342-2015, 03.06.2015; Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016წ; Nას-225-215-2016, 25.05.2016წ; Nას-184-171-2015, 20.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05. 2018 წ; N ას-822-822-2018, 13.05.2019წ; N ას-1266-2019, 29.05.2020წ.).
22. მოსარჩელის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ემყარება სასესხო ურთიერთობას, რასაც არც მოპასუხე უარყოფს (იხ.ტ.1, სარჩელი- ს.ფ. 1-22; შესაგებელი - ს.ფ. 96-104) და მართებულად აქვს შეფასებული სააპელაციო სასამართლოსაც, ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტში ასახული მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიების შემოწმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მე-5 ფაქტობრივი გარემოების (მოსარჩელის მტკიცებით, საბოლოოდ საერთო ჯამში სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2012 წლის 22 დეკემბრიდან /პირველი ანგარიშსწორება/ 2014 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს 18 135 აშშ დოლარი გადაუხადა - იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.7) პასუხად, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მას მოვალისაგან, 22.12.2012-დან 16.11.2014 წლამდე, მიღებული აქვს 18 135 აშშ დოლარი, რომელიც, მოპასუხის (კრედიტორის) მტკიცებით, მასსა და მსესხებელს შორის 22.12.2012წ. დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ამ თანხას საერთო არაფერი აქვს 06.12.2012 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ.98). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა (მსესხებელ-გამსესხებელი) შორის, გარდა სესხისა, სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, ისევე, როგორც დადასტურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით შეიმუშავეს მხარეებმა მისი გადახდის გრაფიკი, რაც ს.ფ. 34-49-ზეა მოთავსებული (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ.53-54). აქედან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც მოვალემ სწორედ უსაფუძვლოდ (ზედმეტად) გადახდილი 18 135 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა მოპასუხისათვის (იხ. ტ.1- სასარჩელო მოთხოვნა -- ს.ფ.5, 7, 9, 10, 12; ასევე- პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე- ს.ფ.86-90; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 182-183) და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სადავო გახადა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი, რაც 8520 აშშ დოლარს შეადგენს, ამასთან მიუთითა მოპასუხის შესაგებელში მითითებული მე-5 ფაქტობრივ გარემოებაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომდგენლის განმარტებებზე, საკასაციო პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლომ მოისმინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის სხდომის ოქმი. მითითებული სხდომის ოქმის მოსმენა განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მისი რეალიზაციის შემოწმებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ხორციელდება (სსსკ-ის 407-ე მუხლი) და მნიშვნელოვანია საქმის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისა და დასაბუთებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ოქმის მიხედვით, მოსაჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქმის მასალებში მოთავსებული გადახდის გრაფიკი (ცხრილი), რომლის მიხედვით დასტურდება მოვალის მიერ ყოველდღიურად 50 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული 4 %-ია. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელშიც უთითებს, რომ მისი, როგორც მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, 06.12.202წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით შემოფარგლულია 32 128 აშშ დოლარითა და 2140 ლარით (იხ. ტ.1- სარჩელი, ს.ფ. 9), ხოლო 18 135 აშშ დოლარი, როგორც კრედიტორისათვის ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნოს მოპასუხემ. ამავე სხდომის ოქმის მიხედვით მოპასუხის (კრედიტორის, მეორე კასატორის) წარმომადგენელი განმარტავს, რომ იმავე მხარეებს შორის 22.12.2012წ. დაიდო ხელშეკრულება 33 395 აშშ დოლარზე, სწორედ ეს თანხა ასესხა მოვალეს კრედიტორმა, ამასთან, ისიც მიუთითა, რომ მხარეებს არ ჰქონდათ საკმარისი სამართლებრივი განათლება, რომ ხელშეკრულება დაედოთ; მოსარჩელის წარმომადგენლის შეკითხვების პასუხად, მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის 22.12.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული და სანამ მსესხებელი გადაიხდიდა თანხას, იქამდე უნდა გადაეხადა; მოპასუხის (გამსესხებლის) წარმომადგენელმა მიუთითა, რომ, როგორც ეს მისთვის მარწმუნებლისგან არის ცნობილი, 22.12.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის არ არსებობს; რაც შეეხება ცხრილში მითითებული თანხისა და 22.12.2012წ. ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისათვის სესხად გადაცემული თანხის ოდენობების დამთხვევას, ამის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი და შეიძლება ითქვას: „არსებობს ორი მარინე ფერაძე, ორივე გიორგის ასული“.
23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე მხარეთა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე მართლმსაჯულების განხორციელების გზით, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შესატყვისი, სათანადო, განკუთვნადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებია საქმეში წარდგენილი, ისევე, როგორც თანმიმდევრული და დასაბუთებულია მოსარჩელის სტადიაზე მისი პოზიცია, როგორც წერილობითი მტკიცების, ისე ზეპირი განმარტებების ეტაპის ჩათვლით, რომლის საპირისპიროდ. მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის, მისი წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციისა და მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, მოპასუხის მტკიცება ურთიერთგამომრიცხავი, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, უნდა დაკმაყოფილდეს და, მოვალის სასარგებლოდ, კრედიტორს დამატებით 8520 აშშ დოლარის, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხის, დაბრუნება უნდა დაეკისროს. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად სრულიად უარყოფილია მეორე კასატორის (გამსესხებლის) საკასაციო განაცხადის დასაბუთებლობა, რომელმაც წინააღმდეგობრივი მტკიცება შესთავაზა სასამართლოს, რაც მოცემულ საქმეზე შესაგებლის სტადიიდან მოყოლებული, საქმეში მოთავსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შემოწმდა მისი საკასაციო საჩივრის ფარგლებში არსებითი განხილვის გზით.
25. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს, მოსარჩელის, სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1137 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. რ.თ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდა ბ.დ–ძის სარჩელი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ბ.დ–ძის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს და რ.თ–ძეს, ბ.დ–ძის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისროს 8520 აშშ დოლარის გადახდა;
5. რ.თ–ძეს ბ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1137 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური