საქმე №ა-3678-19 1 აპრილი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება
განცხადების ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განცხადებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი ნ.ს–ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და, დარჩა განუხილველი.
2019 წლის 25 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ს–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.
2021 წლის 29 იანვარს განმცხადებლის წარმომადგენელმა შ.ქ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, უარი თქვა საქმის განახლების მოთხოვნაზე და მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ნ.ს–ის წარმომადგენლის შ.ქ–ძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 25 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ს–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.
2021 წლის 29 იანვარს განმცხადებლის წარმომადგენელმა შ.ქ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, უარი თქვა საქმის განახლების მოთხოვნაზე და მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
საქმის მასალებში განთავსებულია ნ.ს–ის მიერ შ.ქ–ძისთვის მინიჭებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც იგი არის ნ.ს–ის წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს/ფ 75 ).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ.ქ–ძე უფლებამოსილია, ნ.ს–ის სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ს–ის განცხადებაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ს–ის მიერ განცხადების არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, სრულად უნდა დაუბრუნდეს, შ.ქ–ძის მიერ, 2020 წლის 14 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ნ.ს–ის განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე;
3. ნ.ს–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, შ.ქ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2020 წლის 14 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე