საქმე №ას-1497-2020 23 აპრილი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ა.დ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სს "ა.დ–ას" (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხის 2019 წლის 8 ივლისის შუამდგომლობა მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების საფასურის 700 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებაში მოპასუხის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ უმსჯელია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53.1-ე მუხლზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხესა და ადვოკატს შორის დადებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, განხორციელებული წარმომადგენლობისათვის მომსახურების ღირებულება 2000 ლარით განისაზღვრა.
7. სააპელაციო სასამართლომ, საქმის სირთულის, დავის საგნის ღირებულების, საადვოკატო მომსახურების ფარგლებისა და კანონით განსაზღვრული პროცენტული ცენზის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სააგენტოს მოპასუხის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 700 ლარი უნდა დაეკისროს.
8. სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმების მოთხოვნით.
9. კასატორის განმარტებით, საადვოკატო მომსახურების ხარჯების საკითხი მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა გაცხადებული არც სააპელაციო შესაგებელში და არც სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, შესაბამისად, მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ მოპასუხეს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა. ეს საკითხი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ დამოუკიდებელი განცხადებით დაისვა. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა 700 ლარი, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება. მით უმეტეს, რომ მოსარჩელე წაგებული მხარეა.
10. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას რომ ემსჯელა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე, კასატორს საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დამატებით არ მოუწევდა და დაკისრებული თანხა სადავო თანხის საერთო რაოდენობაში შევიდოდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს დამატებით გადაწყვეტილებაზე, წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააგენტოს (კასატორის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. განსახილველ შემთხვევაში კასატორი დამატებით გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის რამდენიმე საფუძვლით: 1. საადვოკატო მომსახურების ხარჯების საკითხი მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა დასმული არც სააპელაციო შესაგებელში და არც სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, შესაბამისად, მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ მოპასუხეს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა; 2. სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა 700 ლარი, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება; 3. სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას რომ ემსჯელა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე, კასატორს საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დამატებით არ მოუწევდა და დაკისრებული თანხა სადავო თანხის საერთო რაოდენობაში შევიდოდა.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს ზემოაღნიშნული მოტივებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
16. საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება (ან მხარეთა შორის განაწილება) სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე - მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
17. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 - დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას უკავშირებს(იხ. სუსგ №ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
18. კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი).
19. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მხარემ დასვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, მითითებული ნორმა არეგულირებს ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და მისი რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი). ზემოთ დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში.
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ; 2. მოპასუხემ საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრება მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში, 2019 წლის 8 ივლისს, თუმცა სასამართლოს თავის საბოლოო განჩინებაში აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია; 3. სააპელაციო სასამართლომ, კანონით დადგენილ 7- დღიან ვადაში, 2020 წლის 12 აგვისტოს მიიღო დამატებითი გადაწვეტილება მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება სსსკ-ის 261-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მიიღო და წაგებულ მხარეს სწორად დააკისრა მოგებული მხარის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის არც იმ პრეტენზიას იზიარებს, რომ დაკისრებული თანხა 700 ლარი, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
24. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4%-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა 700 ლარით განსაზღვრა, რაც სასამართლოს შეფასებით არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს (იხ. სუსგ ას-818-784-2016, 16.11.2016წ).
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწვეტილებაში ასახულ მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) და მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი მოპასუხის მიმართ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის ნაწილის - 700 ლარის ანაზღაურების მოსარჩელისათვის დაკისრება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოდ დაკისრებასთან მიმართებით.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ვინაიდან სსსკ-ის 47-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა (იხ. სუსგ ას-818-784-2016, 16.11.2016წ).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N00064, გადახდის თარიღი 2021 წლის 18 იანვარი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე