Facebook Twitter

საქმე №ას-1497-2020 23 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ა.დ–ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, სააგენტო, აპელანტი ან კასატორი) და სს „ა.დ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე ან მიმწოდებელი) შორის, 2014 წლის 4 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №106 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს შემსყიდველის კუთვნილი 76 ერთეული ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების №2 დანართის - თანახმად, ერთ-ერთი დაზღვეული ავტომობილი MITSUBISH L-200 სახელმწიფო ნომრით ..... იყო.

2. ხელშეკრულების №1 დანართის ტექნიკური დავალების პირველი პუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც დადგა უფლებამოსილი მძღოლის მიერ საპირისპირო მიმართულებით მობრუნების ან ცენტრალური გზიდან გადახვევის მიზნით, ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევის შედეგად. ასევე, უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დაშვებული ზღვრული სიჩქარის გადაჭარბების შედეგად.

3. იმავე №1 დანართის ტექნიკური დავალების მე-3 პუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა ანაზღაურებული ზარალი, თუ შემსყიდველი განზრახ გააყალბებდა ინფორმაციას რაიმე სარგებლის მიღების მიზნით.

4. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა MITSUBISH L-200, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც გ.დ–ძე მართავდა, 2014 წლის 28 დეკემბერს, ქ. ონის მიმართულებით მოძრაობდა. წვიმიან ამინდში თოვლით დაფარულ სავალ ნაწილზე მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, მოუცურდა მანქანა, გადაკვეთა ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, შემდეგომ - მინდორში და ამობრუნდა.

5. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2014 წლის 28 დეკემბერს, ავტომანქანის მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №187372 შედგა, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში: ასკ) 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც არ გასაჩივრებულა.

6. მოსარჩელემ, 2014 წლის 29 დეკემბერს და 2015 წლის 16 მარტს, განცხადებებით მიმართა მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. მოპასუხემ (მიმწოდებელმა) 2015 წლის 25 მარტის წერილით, ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1 შემსყიდველმა, 2015 წლის 29 მაისს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და, მოსარჩელის სასარგებლოდ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების - 13 882 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 21 694 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე, 829-ე მუხლებით.

9.3 საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის მძღოლი დასაშვებზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა ბრალის სადაზღვევო ხელშეკრულების ფორმატში მოწესრიგებული პირობა და მოცემული სადაზღვევო შემთხვევა, სსკ-ის 829-ე მუხლისა და დაზღვევის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებაზე მითითებით, უხეში გაუფრთხილებლობის კატეგორიათა რიცხვს მიაკუთვნა. შესაბამისად, სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.

10. აპელანტის მოთხოვნა

10.1 მოსარჩელემ (შემსყიდველმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

11.3 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 28 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას მოსარჩელის (შემსყიდველის) საკუთრებაში რიცხულ ავტომანქანას MITSUBISH L -200, სახელმწიფო ნომრით ..... არაუფლებამოსილი პირი მართავდა.

11.4 სასამართლომ ხელშეკრულების №1 დანართის ტექნიკური დავალების პირველი პუნქტის მე-12 ნაწილზე „წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისთვის უფლებამოსილ მძღოლად ითვლება მართვის მოწმობის მქონე სააგენტოს ყველა მოქმედი თანამშრომელი (ასევე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მყოფი თანამშრომელი), რომლის ასაკი აღემატება 21 წელს“ დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს სადავოდ გახადა მძღოლის უფლებამოსილება, გ.დ–ძის უფლებამოსილ მძღოლად მიჩნევისთვის საჭირო მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.

11.5 ავტომანქანის მძღოლის უფლებამოსილების დასადასტურებლად საქმეში წარდგენილი იქნა სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, გ.დ–ძე სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 25 აგვისტოდან 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით დაინიშნა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ გ.დ–ძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება 2014 წლის 26 ნოემბერს ეწურებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 2014 წლის 28 დეკემბერს მოხდა, შესაბამისად ბრძანება არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი სააგენტოს მოქმედი თანამშრომელი იყო.

11.6 სასამართლოს შეფასებით სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, რომ აღნიშნული პირი, შემთხვევის დროიდან დღემდე სააგენტოს თანამშრომელია, საქმეში წარდგენილი არ არის, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ გ.დ–ძის უფლებამოსილების საკითხი სადავოა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის.

11.7 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაშვებული ზღვრული სიჩქარის გადაჭარბებით მართავდა.

11.8 სასამართლომ მიუთითა, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მხარეთა შორის სადავო იყო გ.დ–ძის, როგორც მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებით მხარეთა მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის დასკვნა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში მყოფი მგზავრების გამოკითხვის ოქმები, თუმცა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მძღოლის მიერ დაშვებული ზღვრული სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს სადავოდ არ ხდიდა (იხ. 14.07.2020წ, სხდომის ოქმი, 12:41:00 სთ; 12:42:30სთ).

11.9 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გარდა მოსარჩელის წარმომადგენლის აღიარებისა, რომ მძღოლი ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, საქმეში წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე 52 კმ.სთ სიჩქარე. იმავე დასკვნის თანახმად, მოცემულ პირობებში, თუ გავითვალისწინებთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს (ავტომობილის მოცურებულ მდგომარეობაში გადაადგილების მანძილს, გზიდან გადასვლის შემდეგ გადაბრუნებას და ავტომობილის ძარის სახურავზე ფაქტიურად არსებულ დაზიანებებს დეფორმაციის სახით) შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის სიჩქარე ბევრად აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო სიჩქარეს, რამაც ავტომობილის მოსახვევში შესვლისას მისი მოცურება და საბოლოოდ იმ კოორდინატებში აღმოჩენა გამოიწვია, როგორც ეს სქემაზეა მოცემული.

11.10 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოსარჩელის აღიარების (სსსკ-ის 131-ე მუხლის) საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით.

11.11 სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სხვა სადავო ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიც შეაფასა.

11.12 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა ავტომობილის მართვის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე განპირობებული იყო სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ სააგენტოს თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა ტყიანი ტერიტორიების მონიტორინგია, შესაძლოა მოუწიოთ სწრაფი რეაგირება (მაგალითად ხანძრის შემთხვევაში), რაც თავის თავში, ადგილზე დროულად გამოცხადების მიზნით, გზაზე დასაშვები სიჩქარის გადაჭარბებას მოიცავს.

11.13 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული სიჩქარის გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და მიზეზით გადაჭარბებული სიჩქარის შედეგად დამდგარი ზიანი ანაზღაურდება, არამედ მზღვეველის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რამაც გამოიწვია ასეთი სამართალდარღვევის აუცილებლობა.

11.14 საქმეში წარდგენილი მძღოლისა და მგზავრების გასაუბრების ოქმების თანახმად, 2014 წლის 28 დეკემბერს, ისინი სოფერ უწერაში იმყოფებოდნენ, საიდანაც ბრუნდებოდნენ დაზღვეული ავტომობილით, შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის წინ დაზღვეული ავტომობილის მგზავრები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად არ მიიჩქაროდნენ. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მძღოლის მიერ ავტომობილის მართვის სიჩქარის გადაჭარბება სამსახურებრივი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

11.15 სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც 2014 წლის 28 დეკემბერს მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობდა.

11.16 მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე: 1. ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა დეკემბრის თვეში, რაჭაში, ონის რაიონში, მაშინ, როდესაც გზისპირი იყო სველი თოვლით დაფარული, წვიმდა და ავტომობილი მოძრაობდა სერპანტინზე; 2. მძღოლი რეგიონის მკვიდრია, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ხშირად უწევდა გზის ამ მონაკვეთის გავლა, შესაბამისად მას უნდა სცოდნოდა აღნიშნულ გზაზე ავტომობილის მართვის სპეციფიკა; 3. მძღოლისთვის, 2014 წლის 16 ოქტომბერს, სააგენტოს კუთვნილი დაზღვეული ავტომობილის გადაცემისას შედგენილი აქტის თანახმად, ავტომობილს ესაჭიროებოდა სავალი ნაწილის შეკეთება, ხოლო საბურავების ვარგისიანობა 30%-ს შეადგენდა (ავტომობილის შემდგომი შეკეთების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში წარდგენილი არ არის).

11.17 სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში სიჩქარის გადაჭარბება იმ ხარისხით, რომ მოცურების შემდეგავტომობილმა 25 მეტრი იცურა, გადაკვეთა თოვლიანი გზის გვერდული და საბოლოოდ მინდორში ამობრუნდა, სასამართლოს დასკვნით, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობაა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ავტომობილის ამობრუნება ვერ იქნებოდა გამოწვეული გზაზე არსებული ორმოთი ან გზის საფარის რაიმე სხვა დაზიანებით, როგორც ამას მოსარჩელე აღწერდა, გამომდინარე იქედან, რომ შემთხვევის ადგილზე შედგენილი სქემის თანახმად, გზის იმ მხარეს, სადაც ავტომობილი ამობრუნდა, ზემოაღნიშნული ასახული არ არის.

11.18 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით 2014 წლის 28 დეკემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია.

11.19 დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის ტექნიკური დავალების მე-3 პუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, „ანაზღაურების გამონაკლისს წარმოადგენს ზარალი, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით“.

11.20 სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრისა და 2015 წლის 16 მარტის წერილების შინაარსისა და საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის მიზეზი, დაზღვეულმა მზღვეველს არასწორად/ არასრულად მიაწოდა, რაც ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების ზემოხსენებული გამონაკლისის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოსარჩელემ (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორი სადავოდ ხდის და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობებს, რომელთა მიხედვით: 1. ავტომანქანის მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უფლებამოსილი მძღოლი არ იყო და 2. მძღოლს სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აუცილებელი და გადაუდებელი შემთხვევის დროს შეეძლო.

12.3 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მოპასუხე შესაგებელში არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვის საკითხზე მიუთითებდა. მოპასუხე შესაგებელში გ.დ–ძეს უფლებამოსილ მძღოლად მოიხსენიებს. მიმწოდებელმა ეს საკითხი არსებითი განხილვის ეტაპზე ზეპირსიტყვიერად მიუთითა. რამდენადაც ეს საკითხი მხოლოდ სხდომაზე გაჟღერდა, სასამართლოს აღნიშნული თაობაზე მოსარჩელისთვის მტკიცებულების წარდგენა არ დაუვალებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს მძღოლის უფლებამოსილების თაობაზე მტკიცებულება უნდა წარედგინა არასწორია.

12.4 კასატორის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს, სადავოა მხოლოდ გადაჭარბების ოდენობა. დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება ერთი კმ. საათითაც უკვე გადაჭარბებად ითვლება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი გადაჭარბება პასუხისმგებლობას არ იწვევს, თუნდაც ადმინისტრაციულს. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რამდენი კვ.მ საათით გადააჭარბა ავტომანქანის მძღოლმა დასაშვებ სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპატრულო ეკიპაჟს მძღოლი ამ მიზეზით არ დაუჯარიმებია. ამდენად, სიჩქარის გადაჭარბება იურიდიულად დამტკიცებული არ არის.

12.5 კასატორის პრეტენზია წინამდებარე განჩინების 11.12-11.20 ქვეპუნქტებში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ შეფასებებსა და მსჯელობსაც შეეხება.

12.6 კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებაში არ არსებობს დათქმა, რომ მზღვეველის ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ სიჩქარის გადაჭარბება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იქნება გამოწვეული. სადავოა წინამდებარე განჩინების 11.20 პუნქტში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, დაზღვეულის მხრიდან დამზღვევისათვის არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, კასატორის განმარტებით, გაუგებარია, რა გავლენას ახდენს ავტომანქანაში მსხდომი მგზავრების გამოკითხვის ოქმები ავტოსაგზაო შემთხვევის რეგულირებაზე.

12.7 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა დაზღვევის მომწესრგებელი ნორმები და სადაზღვევო ხელშეკრულების პირობა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (შემსყიდველის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

21. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“ გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.

24. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების N1 დანართით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობს სადაზღვევო კომპანია, ხოლო მესამე მუხლი მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება. კერძოდ, მესამე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ ანაზღაურდება ზარალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახი ქმედებით.

26. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (შდრ. სუსგ #ას-566-566-2018, 13.07.2018 წ.).

27. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა MITSUBISH L-200, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც გ.დ–ძე მართავდა, 2014 წლის 28 დეკემბერს, ქ. ონის მიმართულებით მოძრაობდა. წვიმიან ამინდში თოვლით დაფარულ სავალ ნაწილზე მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, მოუცურდა მანქანა, გადაკვეთა ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, შემდეგ - მინდორში და ამობრუნდა; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2014 წლის 28 დეკემბერს, ავტომანქანის მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №187372 შედგა და, ასკ 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც არ გასაჩივრებულა.

28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ასახულ შეფასებებსა და მსჯელობებს (იხ. წინამდებარე განჩინების 11.7-11.10 ქვეპუნქტებში), რომ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში სიჩქარის გადაჭარბება იმ ხარისხით, რომ მოცურების შემდეგ ავტომობილმა 25 მეტრი იცურა, გადაკვეთა თოვლიანი გზის გვერდული და საბოლოოდ მინდორში ამობრუნდა, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობაა.

29. „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლეში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-ას-654-2019, 26.06.2020წ).

30. რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. სუსგ-ები: N ას-745-713-2014; Nას-654-2019, 26.06.2020წ).

31. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია, ავტომობილი მოსრიალდა გზის სველ მონაკვეთზე, რის გამოც იგი გახდა უმართავი, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში, შემდეგ - მინდორში და ამობრუნდა.

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმს, კანონიდან გამომდინარე პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ იგი კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დაეთანხმა ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა იმოქმედა მანევრირების წესების დარღვევით, ასკ-ის 125.10-ე მუხლის თანახმად დაჯარიმდა შესაბამისი თანხით. ამასთან, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ავტომობილს საავტომობილო გზაზე მოცურებულ მდგომარეობაში გადაადგილების პირობებში უნდა ჩაეხშო 52 კმ. სიჩქარე, რის შედეგადაც ავტომობილი გადავიდა გზიდან, გადალახა გვერდული და ამობრუნდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე 52 კმ.სთ სიჩქარე. იმავე დასკვნის თანახმად, მოცემულ პირობებში, თუ გავითვალისწინებთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს (ავტომობილის მოცურებულ მდგომარეობაში გადაადგილების მანძილს, გზიდან გადასვლის შემდეგ გადაბრუნებას და ავტომობილის ძარის სახურავზე ფაქტიურად არსებულ დაზიანებებს დეფორმაციის სახით) შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის სიჩქარე ბევრად აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო სიჩქარეს, რამაც ავტომობილის მოსახვევში შესვლისას მისი მოცურება და საბოლოოდ იმ კოორდინატებში აღმოჩენ აგამოიწვია, როგორც ეს სქემაზეა მოცემული. ამრიგად, გამოვლენილია სსკ-ის 829-ე მუხლისა და ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო წინაპირობები, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი. საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელსაც მან თავი ვერ გაართვა. შესაბამისად, არ ვლინდება სსკ-ის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების) განმაპირობებელი საფუძვლები.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგენილი გარემოებები ცალსახად ადგენენ მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხელობლობას, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაჟღერებული პრეტენზიები გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2-12.7 ქვეპუნქტები) სარჩელის წარმატებულობას ვერ განაპირობებენ.

34. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 884 ლარის (საგადახდო დავალება N17696, გადახდის თარიღი 2020 წლის 26 ოქტომბერი), 70% – 618,8 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე