საქმე №ა-3168-გან-4-2021 14 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი –ე.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ბ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ე.ხ–სა და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე.ხ–სა და გ.მ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე.ხ–სა და გ.მ–ძეს დაუბრუნდათ მათ მიერ 2020 წლის 13 ოქტომბრის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 52 ფურცლად; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საკასაციო სასამართლოს, 2021 წლის 29 ივნისს, განცხადებით მომართა ე.ხ–მა (შემდეგში: განმცხადებელი) და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
3. განმცხადებლის განმარტებით, მას არ მოუთხოვია ის, რაც უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში - კასატორების მოთხოვნაშია მითითებული. განმცხადებლის განმარტებით მას არ მოუთხოვია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს გადწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტებას ითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
5. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
7. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.
8. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არც ზ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და არც ე.ხ–სა და გ.მ–ძის შეგებებული სარჩელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით დგება, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლოს განჩინება აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან ახალი გადაწყვეტილებით არცერთი მხარის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
9. განმცხადებელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას არ მოუთხოვია ის, რაც კასატორების მოთხოვნაში წერია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დავის ორივე მხარე ასაჩივრებდა საკასაციო საჩივრებით, შესაბამისად კასატორი იყო როგორც მოსარჩელე (ზ.ბ–ი), ასევე მოპასუხეები (ე.ხ–ი და გ.მ–ძე), შესაბამისად საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში ორივე კასატორის მოთხოვნა მიუთითა სტრიქონში სახელწოდებით კასატორების მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე.ხ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე