საქმე №ას-575-2019 12 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ „თ.კ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი/შემკვეთი, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. ინდმეწარმე თ. კ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი/მენარდე ან მოვალე), მოსარჩელის სასარგებლოდ 3 200 ლარის გადახდა დაეკისრა;
1.2. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 3 244,80 ლარის დაკისრების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
1.3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა;
1.4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა: მოსარჩელემ მისი გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და შესაბამისად - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კრედიტორისა და მოვალის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებები დაადგინა:
4.1. შემსყიდველი სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორსა და ინდმეწარმე თ.კ–ას (მიმწოდებელი) შორის, 2016 წლის 26 ივლისს, გაფორმდა №389 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, შემსყიდველმა გამოაცხადა SPA60017437 - ელექტრონული ტენდერი, კლასიფიკატორის (CPV) კოდი: .. - მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტების (საშეშე მერქანი) სახელმწიფო შესყიდვაზე და მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება 32 000 ლარზე მიიღო (ს.ფ. 19-22);
4.2. ხელშეკრულების მესამე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომლის თანახმადაც - მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტი - საშეშე მერქანი) №1 დანართით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე; შემსყიდველმა აიღო ვალდებულება, აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებსა და ფორმით (ს.ფ.19);
4.3. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა საქონლის მიწოდების პირობები, 5.1 პუნქტის თანახმად: მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, №1 დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად; 5.2 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშეშე მერქნის მიწოდება დაჭრილი სტანდარტულად საშეშე ღუმელის ზომაზე და დაპობილი ოთხ ნაწილად;
4.4. ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესზე, კერძოდ: მისაწოდებელი საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საქონლის გადაცემა ხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდების ადგილის მიხედვით (პ. 8.1). ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის მიწოდებად არ ითვლება წუნდებული ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო საქონლის წარმოდგენა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება- ჩაბარების აქტი არ ფორმდება (პ. 8.2);
4.5. ხელშეკრულების მე-11 მუხლი ეხება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას; მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (პ. 11.1); თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან ბ) ხელშეკრულების № 1 დანართით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების ან 6.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.39%-ის ოდენობით(პ.11.3);
4.6. ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მოწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა; ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ (პ.12.3);
4.7. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად: წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 26 ივლისიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.;
4.8. №389 ხელშეკრულების №1 დანართის მიხედვით დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ მოსარჩელისათვის დასამზადებელი და მისაწოდებელი საშეშე მერქნის ოდენობამ შეადგინა 500 კბ/მ, საიდანაც 150 კბ/მ მოპასუხეს უნდა მოეპოვებინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხის სატყეო უბნის, სქურის სატყეოში (ყოფილი სატყეო საკოლმეურნეო ტყე) გამოყოფილი სოციალური ჭრის №008-05-0014108 ტყეკაფიდან, ხოლო 350 კბ/მ საშეშე მერქანი - წალენჯიხის სატყეო უბნის, ჯვარის სატყეოს კვარტალ №36-ში გამოყოფილი სოციალური ჭრის №008-05-0013739 ტყეკაფიდან. მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, რაც 2016 წლის 24 ოქტომბერს იწურებოდა (ს.ფ.23);
4.9. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და მითითებული ხელშეკრულების №1 დანართით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზემოთ მითითებული ვალდებულების სრულად და ზედმიწევნით შესრულებისათვის მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა 32 000 ლარი;
4.10. მოსარჩელემ - სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დამზადების მომსახურებისათვის მოსაკრებელი გადაიხადა მომსახურების გაწევამდე 2016 წლის 8 აგვისტოს და 2016 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ.34-35);
4.11. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს გაიცა №20160035747 ხე-ტყის დამზადების ბილეთი წალენჯიხის სატყეო უბანში - სქურის სატყეოში. ბილეთის ვადად განისაზღვრა - 21.09.2016 წელი (ს.ფ.33);
4.12. დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ №389 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად, მოპასუხემ მოსარჩელეს 500 კბ/მ საშეშე მერქნიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მიაწოდა რცხილას ჯიშის მხოლოდ 100 კბ/მ საშეშე მერქანი. კერძოდ, 13 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ განხორციელდა 25 კუბ.მ საშეშე მერქანის მიწოდება (ს.ფ.29); 2016 წლის 14 ნოემბრის მიღება ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 48 კუბ.მ საშეშე მერქანი (ს.ფ.30); ხოლო იმავე წლის 19 ნოემბრის მიღება - ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 27 კუბ.მ საშეშე მერქანი მიაწოდა. საერთო ჯამში მენარდემ შემკვეთს მხოლოდ 100 კუბ.მ საქონელი მიაწოდა (ს.ფ.31);
4.13. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების №389 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეულია მოპასუხის მიერ. ამასთან დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 25 დღით;
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან;
6. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
9. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება; მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ - მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე - სუსგ №ას-1191-1133-2014, 14.05. 2015 წ.);
12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არაჯეროვნად იქნა შესრულებული. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადასწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
13. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე (მიმწოდებელი) ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირებს მოსარჩელის (შემსყიდველის) ბრალეულ მოქმედებას და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმადადგენილ დროს არ გადაიხადა ტყე-კაფვის გადასახადი და მეწყერის ასალაგმად თანხა, რამაც გამოიწვია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; თუმცა, მოსარჩელის ასეთ ვალდებულებას მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს სათანადო მტკიცებულებებით.
14. უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოპასუხემ (მენარდემ) მოსარჩელის მიმართ №389 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა; მენარდემ მოსარჩელეს (შემკვეთს) მისაწოდებელი 500 კბ/მ-დან 2016 წლის 13 ოქტომბრის, 14 და 19 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით რცხილას ჯიშის მხოლოდ 100 კბ/მ საშეშე მერქანი მიაწოდა;
15. უდავოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების №389 ხელშეკრულების 11.3 მუხლით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, კერძოდ: თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების პირობებს ვერ
შეასრულებდა (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერბის პრინციპს შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ა) შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%- ის ოდენობით ან ბ) ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების, ან 6.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში (მიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა წუნდებული საქონლის შეკეთება/შეცვლა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე), მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0,39%-ის ოდენობით (პ.11.3);
16. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მხრიდან სახეზეა ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების, როგორც არაჯეროვანი შესრულება, ისე შესრულების ვადის დარღვევა;
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას; ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდესჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესრულების ვადის გადაცილება კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება;
18. სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე. ამ კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მხარეები თავისუფალი არიან ნების გამოვლენაში ხელშეკრულების დადებისას. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებული ნება იყო, გაეთვალისწინებინათ პირგასამტეხლო, როგორც ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ისე - ვადაგადაცილებისთვის.
19. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა გარიგების დაცვითი ფუნქციის მიზანზე რომელიც ზოგადად მართლწესრიგის დაცვითა და ამგვარად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპის განმტკიცებას ემსახურება; საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს, რომელიც არაერთ ნორმატიულ რეგულირებას უდებს სათავეს (შეად. სუსგ-ას N ას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი, პ-19);
20. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია გარანტირებულად დაცულია. მხარეებს შეუძლიათ, განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება, ისინი თავისუფლად განკარგავენ საკუთარ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაჰენტთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
21. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, ,,ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას და მის არაჯეროვან შესრულებას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი" (შეად. სუსგ-ები N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016); სასამართლოს არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, რასაც მხარეები თავის დროზე დაეთანხმნენ, მაგრამ სასამართლოს ვალდებულებაა, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სწორედ ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-418-ე მუხლები: /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიცმოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს/; მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
22. დასახელებული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება; ამრიგად, სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება; პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა- გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
23. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევის ხარისხის, ხასიათის გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილ №389 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0,39% არის შეუსაბამოდ მაღალი და მას (ორივე შემთხვევაში 10%-საც და 0,39%-საც) ამცირებს გონივრულ ოდენობამდე - 0,08%-მდე;
24. უდავოა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 32 000 ლარი. ვადის გადაცილების პერიოდი კი არის 25 დღე; 32 000 ლარის 0,08%-ის ჯამის ნამრავლი 25 დღეზე არის 640 ლარი (32000/0,08%=25,6X25=640). პირგასამტეხლოს თანხის 8-ჯერ შემცირების პირობებში პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 2560 ლარს, აღნიშნულ თანხას დამატებული 640 ლარი შეადგენს 3200; სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შეუსრულებელ ვალდებულებათა და ვადაგადაცილ დღეთა გავალისწინებით, პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობა გონივრული და სამართლიანია, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას და ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი უცვლელი უნდა დარჩეს.
25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
25.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა სამინისტრომ, რომელაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
25.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. საკასაციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად ყველა მნიშვნელოვანი გარემოება აქვს დადგენილი და საკასაციო მოთხოვნა სწორედ ამ ფარგლებში განიხილება (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის (შემსყიდველის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, რადგან დადგენილია მოვალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, კერძოდ: ა) მიმწოდებლის მიერ №389 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად, მოპასუხემ მოსარჩელეს 500 კბ/მ საშეშე მერქნიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მიაწოდა რცხილას ჯიშის მხოლოდ 100 კბ/მ საშეშე მერქანი. კერძოდ, 13 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ განხორციელდა 25 კუბ.მ საშეშე მერქანის მიწოდება (ს.ფ.29); 2016 წლის 14 ნოემბრის მიღება ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 48 კუბ.მ საშეშე მერქანი (ს.ფ.30); ხოლო იმავე წლის 19 ნოემბრის მიღება - ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 27 კუბ.მ საშეშე მერქანი მიაწოდა. საერთო ჯამში მენარდემ შემკვეთს მხოლოდ 100 კუბ.მ საქონელი მიაწოდა (ს.ფ.31)- იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.12 ქვეპუნქტი; ბ) სახელმწიფო შესყიდვების №389 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეულია მოპასუხის მიერ. ამასთან დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 25 დღით -იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.13 ქვეპუნქტი; მოვალის მიერ დარღვეული ვალდებულების ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სასამართლომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, უნდა დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ვალდებულების გამო მოვალეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა, არა იმ ოდენობით, რაც კრედიტორის გამდიდრებას გამოიწვევს და არც იმგვარად შემცირებით, რომ პირგასამტეხლომ თავისი ვალდებულ პირზე ე.წ. „ზემოქმედებისა“ და პრევენციული ფუნქციები დაკარგოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: №ას-428-428-2018, 13.07.2018წ: N ას- 1076-2019, 22.11.2019წ.).
29. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ები N ას-1378-2018, 17.01.2019წ; N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016). ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შეად. საქმე №ას-176-157-2014).
30.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
31. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ნაწილობრივ გააჩნია საფუძველი, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც გამოიხატა ნაკისრი ვალდებულების 500 კბ/მ საშეშე მერქნიდან შემკვეთისათვის მხოლოდ მეხუთედი ნაწილის - 100კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %, რაც ხელშეკრულების 11.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ეფუძნება და 3200 ლარს (32000 ლარის 10 %) შეადგენს, ხოლო 25 -დღიანი ვადაგადაცილებისათვის, საკასაციო სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს გაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 32 000 ლარის 0.09%-ის გათვალისწინებით, რაც ერთი ვადაგადაცილებული დღისათვის 28.8 ლარს შეადგენს და 25 ვადაგადაცილებულ დღეზე გადაანგარიშებით 720 ლარით განისაზღვრება. საერთო ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, ისე - ვადაგადაცილებისათვის 3920 ლარს შეადგენს, რაც გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს და სწორედ ამ სახით უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხეს. კასატორის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში გაზიარებული არ არის.
32. მოსარჩელის სასარგებლოდ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების შესახებ მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რაც სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მოწესრიგებას ემყარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ი/მ თ.კ–ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისროს 3920 (სამი ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა;
5. ი/მ თ.კ–ას (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 470,4 ლარის გადახდა;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე