Facebook Twitter

საქმე №ას-608-2019 19 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.თ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს და ჯარიმის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, ან კასატორი) და შპს „ლ.თ“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან აპელანტი) შორის, 2016 წლის 8 აპრილს შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მიმწოდებელმა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების N1 დანართში ჩამოთვლილი სახეობების და რაოდენობის ძალოვანი ტრანსფორმატორების (სასაქონლო მატერიალური ფასეულობების) მიწოდების ვალდებულება იკისრა. შეთანხმების მიხედვით, ტრანსფორმატორები მიღებულად მხოლოდ მათი შემსყიდველისთვის მიწოდებისა და მხარეთა მიერ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ ჩაითვლებოდა. საქონლის მიწოდება ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. მთლიანი სახელშეკრულებო ფასი 164 964 აშშ დოლარს შეადგენდა.

2. შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღებისას შემსყიდველს მისი ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღების პროცესში და/ან მის ექსპლუატაციაში შესვლის დროს, გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელს საკუთარი ხარჯებით უნდა განეხორციელებინა (3.3 პუნქტი). მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას მკაცრად დაეცვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემსყიდველისთვის ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო შესრულება განეხორციელებინა, რომელიც საკონკურსო წინადადებისა და სერთიფიკატების შესაბამისი ან უკეთესი ხარისხის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები იქნებოდა (5.2.1. პუნქტი).

3. ხელშეკრულების N1 დანართის თანახმად, ძალოვანი ტრანსფორმატორების მიწოდების ვადები და რაოდენობა შემდეგი სახით განისაზღვრა: პირველ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში - 15 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორი; მე-2 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში - 8 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორი; მე-3 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში - 7 ერთეული ტრანსფორმატორი; მე-4 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში - 7 ერთეული ტრანსფორმატორი, ხოლო მე-5 ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე შემსყიდველის დაკვეთის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 80 დღის ვადაში - 6 ცალი ტრანსფორმატორი.

4. ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეებმა მათი პასუხისმგებლობის წესი განსაზღვრეს, კერძოდ: მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, შემსყიდველისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო - ვადაში მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0,1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, გადაეხადა (9.1. პუნქტი). გარდა ამისა, თუ მიმწოდებელი მნიშვნელოვნად დაარღვევდა (14 კალენდარული დღით გადააცილებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ მოწოდების ვადებს) ან/და უარს განაცხადებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა და ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად მიმწოდებელისთვის ჯარიმა - მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების 10%, დაეკისრებინა (9.2. პუნქტი).

5. შემსყიდველს ხელშეკრულების N1 დანართით დადგენილ ვადაში ძალოვანი ტრანსფორმატორების ვადაგადაცილებით მიეწოდა, კერძოდ: 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ვადაგადაცილება 6 დღეს, 2016 წლის 6 ივლისისთვის - 23 დღეს, 2016 წლის 26 ივლისისთვის - 8 დღეს, ხოლო, 2016 წლის 30 აგვისტოსთვის - 4 დღეს შეადგენდა.

6. მიმწოდებელს, შემსყიდველისთვის ჯამში 43 ცალი ძალოვანი (ძალური) ტრანსფორმატორი უნდა მიეწოდებინა, რომელთაგან მე-5 ეტაპით გათვალისწინებული შეკვეთა (6 ცალ ტრანსფორმატორზე) შემსყიდველის მხრიდან არ მომხდარა, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ 26 ცალზე გაფორმდა.

7. ლოტი 1-სთვის გათვალისწინებული ტექნიკური დავალების თანახმად, ძალური ტრანსფორმატორები შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ТМГ ტრანსფორმატორები, სამფაზიანი, ძალური ზეთის, ჰერმეტული; სიმძლავრე - 1000 კვა, 630 კვა, 400 კვა და 250 კვა; მაღალი ძაბვა - 6 კვ; შეერთების სქემა და ჯგუფი - Д/Ун-11; სიხშირე - 50 ჰერცი; სახვევის მასალა - ალუმინი; ტრანსფორმატორული ზეთის მარკა - Т-1500 ГОСТ 982-80; ექსპლუატაციის ტემპერატურა - 300С-დან +400С-მდე; კომპლექტში: სწრაფმოქმედი ავარიული სარქველით, მინის თერმომეტრით და კონტაქტური (აპარატული) მომჭერებით (4 ცალი), სალტეების მისაერთებლად, 4 თვალი. ხოლო სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების მიხედვით, ТМЗ - ს ტიპის ტრანსფორმატორებისთვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი უქმის სვლის დანაკარგების დასაშვები პარამეტრები დადგინდა.

8. მხარეებს შორის, 2016 წლის 8 აპრილს დადებული ხელშეკრულება, 2016 წლის 2 ნოემბერს, მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეწყდა.

9. მიმწოდებელს, 2016 წლის 17 ნოემბრის წერილით გაეგზავნა მოთხოვნა ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 1827.35 აშშ დოლარის და ჯარიმის - 6766.83 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

10. სარჩელის საფუძვლები

10.1 შემსყიდველმა, 2017 წლის 1 ივნისს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და, მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 1827.35 აშშ დოლარის და ჯარიმის - 6766.83 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

10.2 სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს ეფუძნება.

11. მოპასუხის პოზიცია

11.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემსყიდველმა უსაფუძვლოდ არ მიიღო მისაწოდებელი პროდუქცია და არ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

12.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 327-ე, 405-ე, 380-ე, 487-ე, 488-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით.

12.3 სასამართლომ მიუთითა, რომ შემსყიდველის მხრიდან ტრანსფორმატორების ნაწილზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი ტრანსფორმატორების უქმი სვლის დანაკარგების პარამეტრებთან შეუსაბამობა იყო.

12.4 საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული ტრანსფორმატორების ის ნაწილი, რაზეც შემსყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტი არ გააფორმა ნაკლიანი იყო. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მიწოდებული პროდუქცია ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს შეესაბამებოდა, ვინაიდან უქმის სვლის დანაკარგებთან დაკავშირებით ხელშეკრულებით მოთხოვნა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

12.5 სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ტრანსფორმატორების ვადის გადაცილებით მიწოდება სადავოდ არ გახადა, თუმცა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით ჯამური დავალიანება 907,60 აშშ დოლარს შეადგენდა.

12.6 დადგენილია, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისთვის სულ 43 ცალი ძალოვანი (ძალური) ტრანსფორმატორი უნდა მიეწოდებინა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ 26 ტრანსფორმატორზე გაფორმდა. დანარჩენი ტრანსფორმატორებიდან შემსყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტი არ გააფორმა მათი ნივთობრივი ნაკლის გამო. რაც შეეხება მე-5 ეტაპით გათვალისწინებულ შეკვეთას (6 ცალ ტრანსფორმატორზე) შემსყიდველმა საერთოდ არ შეუკვეთა, ვინაიდან ხელშეკრულების გაგრძელება შემსყიდველმა ვალდებულების დროულ და ხარისხიან შესრულებას დაუკავშირა და მიმწოდებლის მიერ მანამდე არსებული არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულება შეწყვიტა.

12.7 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ ნივთის ხარისხზე კონკრეტულად არ იყო შეთანხმება, შემსყიდველს ინტერესი ჰქონდა ჩვეულებრივი სარგებლობისთვის საჭირო ხარისხის ტრანსფორმატორები მიეღო, რომელიც დააკმაყოფილებდა სახელმწიფოთა შორისი სტანდარტით კონკრეტული სიმძლავრის ტრანსფორმატორებისთვის დადგენილი უქმი სვლის დანაკარგის პარამეტრებს. აღნიშნული ვალდებულება კი მოპასუხის მხრიდან ყველა მიწოდების შემთხვევაში ჯეროვნად არ შესრულდა.

12.8 სასამართლომ სსკ-ის 417-ე მუხლზე დაყრდნობით, შემსყიდველის სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს და ჯარიმის (ხელშეკრულების 9.2 პუნქტი) დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.

13. აპელანტის მოთხოვნა

13.1 მოპასუხემ (მიმწოდებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის (მიმწოდებლის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

14.1.1 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 1827.35 აშშ დოლარი დაეკისრა.

14.1.2 სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის - 6766.83 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

14.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო, (მათ შორის მისი ოდენობა) მართებულად დაეკისრა.

14.3 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 60 დღის ვადაში 2016 წლის 07 ივნისამდე მიმწოდებელს შემსყიდველისათვის 54,842.86 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა. თუმცა, 6 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 13 ივნისს მიმწოდებელმა შემსყიდველს მხოლოდ 25 263,8 აშშ დოლარის საქონელი, ხოლო 23 დღის დაგვიანებით, ანუ 2016 წლის 06 ივლისს დარჩენილი 29 579,06 აშშ დოლარის საქონელი მიაწოდა. შესაბამისად, 2016 წლის 07 ივნისის მდგომარეობით მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 54,842.86 აშშ დოლარს შეადგენდა, ამიტომ პირველი 6 დღის დაგვიანებაზე (რა დროშიც აპელანტს შემსყიდველისთვის საერთოდ არ მიუწოდებია საქონელი) პირგასამტეხლოს ოდენობა სწორედ ამ ღირებულებიდან გამოითვალა, რამაც 329,06 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დარჩენილ 23 დღის გადაცილებაზე პირგასამტეხლოს ოდენობა არა სრული თანხიდან, არამედ მიუწოდებელი საქონლის ღირებულებიდან გამოითვალა, რამაც 680,32 აშშ დოლარი შეადგინა.

14.3.1 მეორე მიწოდება 8 დღიან გადაცილებით განხორციელდა, აპელანტს შემსყიდველისთვის 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით 31,458.80 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 26 ივლისს მოხდა, ამ დროისთვის დაგვიანებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 25 936,4 აშშ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, პირგასამტეხლომ 207,49 აშშ დოლარი შეადგინა.

14.3.2 მესამე მიწოდება 4 დღიან ვადაგადაცილებით მოხდა, აპელანტს შემსყიდველისთვის 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით 27 510,52 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა, რის გამოც აღნიშნულ ოთხ დღეზე პირგასამტეხლო 97,65 აშშ დოლარი დაეკისრა.

14.3.3 მეოთხე მიწოდება 28 დღიან დაგვიანებით განხორციელდა, აპელანტს შემსყიდველისთვის 2016 წლის 05 ოქტომბრის მდგომარეობით 27,510.52 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 02 ნოემბერს განხორციელდა, ამ დროისთვის დაგვიანებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 27,510.52 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, პირგასამტეხლომ 770,29 აშშ დოლარი შეადგინა. დარიცხული პირგასამტეხლოდან შემძენმა გარკვეული თანხები გაქვითა, რაც მოპასუხემ სადავოდ არ გახადა.

14.4 სააპელაციო სასამართლომ აპელანტის (მიმწოდებლის) პრეტენზიიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხზეც იმსჯელა და განმარტა, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ვინაიდან როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე იურიდიული პირები არიან მიიჩნევა, რომ აპელანტი (მიმწოდებელი) ხელშეკრულების სუსტ მხარეს არ წარმოადგენს. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მხოლოდ 0,1 პროცენტს შეადგენს, სასამართლომ იგი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიიჩნია.

14.5 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა შემსყიდველის მიერ სწორედ იმ პრინციპით მოხდა, რაზეც მხარეები ხელშეკრულების 9.1 პუნქტში შეთანხმდნენ.

14.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ გამოვლენილი იყო ჯარიმის (ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით) დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

14.7 სასამართლომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტსა (შინაარსი იხ. მე-4 პუნქტში) და სსკ-ის 52-ე მუხლზე „ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“ მიუთითა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი ბუნდოვან დათქმას არ შეიცავს. როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე გონივრული განსჯის შედეგად, დგინდება, რომ აღნიშნული დებულებით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობებზე, მათ კი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ვადაგადაცილება და შესრულებაზე უარის თქმა წარმოადგენდა. მოსარჩელე ჯარიმის დაკისრებას მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მიუწოდებელი საქონლის ღირებულებას უკავშირებდა, თუმცა, ამავე დროს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემკვეთს მიაწოდა, რომელმაც ნაკლის გამო მის მიღებაზე უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მხრიდან არა ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას, არამედ ნაკლიან შესრულებას, რაც ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად შემსრულებლისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობა ვერ გახდება.

14.8 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ზემოაღნიშნული პუნქტის გამოყენებას რელევანტურად მიიჩნევდა, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შესრულების ნაკლოვანება სადავოდაა გამხდარი.

14.9 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა (იხ. სუსგ Nას-854-804-2015, 07.03.2016წ) და აღნიშნა, რომ ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრებოდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. ამის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებობს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის N1 დანართიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემკვეთისთვის ТМГ-ს ტიპის ტრანსფორმატორები მიეწოდებინა, რომელთან მიმართებით ხელშეკრულებით უქმი სვლის დანაკარგის არსებობა გათვალისწინებული არ ყოფილა. ასევე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ სახელმწიფოთაშორისო სტანდარტის ტექნიკური პირობებზე, რომელშიც მართალია უქმი სვლის დანაკარგების არსებობა გაწერილია, თუმცა, იგი შეეხება არა ТМГ-ს ტიპის, არამედ ТМЗ-ს ტიპის ტრანსფორმატორებს, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, აპელანტის (შემსყიდველის) მიერ განხორციელებული შესრულება ნაკლოვანად შეფასების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა.

14.10 სასამართლომ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ჯარიმის დაკისრება ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. მოსარჩელემ (შემსყიდველმა) შესაბამისი მტკიცებულებებით ნაკლიანი შესრულებისა და ჯარიმის დაკისრების, ხელშეკრულების 9.2 პუნქტის გამოყენების წინაპირობები ვერ დაამტკიცა, რაც სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

15.1 მოსარჩელემ (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

15.3 მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 44 ტრანსფორმატორი უნდა მიეწოდებინა. 2016 წლის 2 ნოემბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის) მიწოდებული იყო მხოლოდ 26 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორი, შესაბამისად დანაკლისს 18 ერთეული ტრანსფორმატორი წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემსყიდველმა მიმწოდებელს სახელშეკრულებო პირობიდან გამომდინარე ჯარიმა დააკისრა, რომელიც კანონიერი და სამართლიანია.

15.4 სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია 2016 წლის 25 ნოემბერს განხორცილებული ე.წ „შესრულება“ ვალდებულების შესრულებად.

15.5 შემსყიდველმა 2016 წლის 8 ივნისის სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული სამი ცალი ტრანსფორმატორი უქმი სვლის დანაკარგის ზენორმატიული მაჩვენებლის გამო არ მიიღო და მათზე მიღება-ჩაბარების აქტი ამ საფუძვლით არ გაფორმდა. რაც მოპასუხეს თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება 2016 წლის 25 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებში მითითებულ 5 ტრანსფორმატორის მიღებაზე უარს, მათი მიღება არ დაადასტურა შემსყიდველმა, ვინაიდან 2016 წლის 2 ნოემბრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.

15.6 სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრებოდა არასწორია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ტრანსფორმატორების ნაწილი ნაკლის გამო უკან წაიღო.

15.7 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საქონლის მიწოდება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებად, რითაც გამორიცხა 9.2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მნიშვნელოვნად გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, რაც ჯარიმის დაკისრების წინაპირობაა.

15.8 კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არასწორად აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხიც. გაურკვეველია, რატომ დაეკისრა მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ვინაიდან მოპასუხეს სამართალწარმოების ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟი ვერ ექნებოდა გადახდილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ.სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

22. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი შემსყიდველისთვის ძალოვანი ტრანსფორმატორების (სასაქონლო მატერიალური ფასეულობების) მიწოდებას (შესყიდვას) უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის სსკ-ის 477-ე მუხლით „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი“ „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო.

23 მოცემულ შემთხვევაშჭი სადავოა მიმწოდებლისთვის ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად ჯარიმის - მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების 10%-ის დარიცხვის (9.2 პუნქტის შესაბამისად) მართლზომიერების საკითხი.

24 კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, მოპასუხეს მისაწოდებელი ჰქონდა 18 ერთეული ტრანსფორმატორი, შესაბამისად მისი ღირებულების, 10%-ის ჯარიმის დაკისრება სახელშეკრულებო პირობიდან გამომდინარეობს.

25 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

26 კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.: სუსგ Nას-549-521-2015, 18.11.2015წ).

27 დადგენილია, რომ შემსყიდველმა ჯარიმის 10%-ის დაკისრება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მიუწოდებელი საქონლის ღირებულებას დაუკავშირა.

28 სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

29 ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

30 საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეებმა ზუსტად და არაორაზროვნად განსაზღვრეს მიმწოდებლისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობი (თუ მიმწოდებელი მნიშვნელოვნად დაარღვევდა (14 კალენდარული დღით გადააცილებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ მოწოდების ვადებს) ან/და უარს განაცხადებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა და ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად მიმწოდებელისთვის ჯარიმა - მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების 10%, დაეკისრებინა (9.2. პუნქტი), რაც აღნიშნული პირობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვან ვადაგადაცილებასა და შესრულებაზე უარის თქმას გულისხმობს.

31 განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემკვეთს მიაწოდა, თუმცა ნაკლის გამო მიღებაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მიმწოდებლის მხრიდან გამოვლენილია არა ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, არამედ ნაკლიან შესრულება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერის ამოწმედების შესაძლებლობას.

32 საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

33. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

34. განსახილველ შემთხვევაში იმ სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, იყო თუ არა მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქცია უხარისხო ანუ ნაკლის მქონე და არსებობდა თუ არა ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციის ამოქმედების წინაპირობები სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს (მყიდველს) ეკისრება, რაც კასატორმა სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა.

35 საკასაციო სასამართლო, კასატორის იმ პრეტნზიასთან მიმართებით, რომელიც სახელმწიფო ბაჟის არასწორად განაწილებას შეეხება, განმარტავს, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, თუმცა თუკი კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟი არასწორად დაეკისრა, მას შეუძლია უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მიმართოს.

36 ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

37 სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "თ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "თ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 917 ლარის (საგადახდო დავალება N86875, გადახდის თარიღი 2019 წლის 3 მაისი), 70% – 641,9 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე