საქმე №ას-1163-2020 13 ნოემბერი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო(მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მემკვიდრეობით მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხეები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა.
3. მოცემულ საქმეზე შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი:
3.1. მოსარჩელემ 2018 წლის 8 აგვისტოს იარაღის რეგისტრაცია-გადაფორმების მიზნით მიმართა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და წარადგინა ცეცხსასროლი იარაღი ,,ზაუერი’’-ს სისტემის შაშხანა. აღნიშნული იარაღის დათვალიერებისას აღმოჩდა, რომ ლულას აღენიშნებოდა სავარაუდო ფიზიკური ზემოქმედებისა და გადაკეთების კვალი. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა იარაღის რეგისტრაციაზე;
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, 2018 წლის 8 აგვისტოს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №007080818005 საქმეზე, მოსარჩელის მიერ ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით;
3.3. გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 8 აგვისტოს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა ამოღების საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც ქ. თბილისში, .....№55-ში მდებარე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში მყოფი მოსარჩელისაგან ამოღებულ იქნა რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ცეცხსასროლი იარაღი;
3.4. ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, 2018 წლის 30 აგვისტოს №0011644962 დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №007080818005 საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით დადგინდა, რომ საქმეში არსებული ცეცხსასროლი იარაღი ჩამოერთვას მოსარჩელეს და გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
4. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შეად. სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).
6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.4 ქვეპუნქტები) და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
7. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო იარაღზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. მართალია, იგი თავად აპელანტმა წარადგინა შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მიზნით, თუმცა მას უარი ეთქვა აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იარაღის გამოთხოვის უფლების მქონე პირად. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია სსკ-ის 158-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის მოხმობა, რადგან მითითებული ნორმით გავალისწინებული პრეზუმფცია შეუძლებელია გავრცელდეს ნივთებზე, რომელთაც საკუთრების უფლებაც საჭიროებს რეგისტრაციას. მით უმეტეს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სათანადო ორგანოების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანების მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, იარაღის რეგისტრაცია არის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა. ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას, თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 2014 წელს გარდაცვლილი მამის საკუთრებაში არსებული მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციას, რაც სცილდება მითითებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოპასუხე კანონთ აღჭურვილია უფლებით, მოახდინოს ამ ნივთის ჩამორთმევა. აქედან გამომდინარე კი, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს ნივთის ფლობის უფლება.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ იგი სადავო იარაღის მესაკუთრეს წარმოადგენს, ვერ იქნა გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მეტიც, ვინაიდან იარაღი სპეციალიზებულ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ნივთია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულებია, დაურეგისტრირებელი იარაღის მიმართ გაატაროს კანონით დადგენილი ღონისძიებები. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც აპელანტმა მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)
13. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
14. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.4 ქვეპუნქტები) არ არის სადავო. კასატორის მოთხოვნა ეფუძნება მამის სამკვიდროდან მიღებული ნივთის -იარაღის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. საგულისხმოა, რომ არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელემ სადავო მოძრავი ნივთი, რომლის მოპასუხეთაგან გამოთხოვასაც ითხოვს, მემკვიდრეობით მიიღო. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. პირველი მუხლი) და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი სამოქალაქო ბრუნვის სპეციალიზებულ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ნივთია, როგორც ეს მართებულად აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ, დასახელებული სპეციალური კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს იარაღის რეესტრის წარმოებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტს მიერ, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია, სპეციალური კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ. გარდა ამისა, დასახელებული სპეციალური კანონის საფუძველზე და მისი მიზნებისათვის შსს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N 164-ე ბრძანება აწესრიგებს იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში გასატარებელ ღონისძიებებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემოდა, ემსჯელა მოსარჩელის (კასატორის) მამის, როგორც მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაზე და მასში შემავალ აქტივებსა და პასივებზე, ხოლო აქედან გამომდინარე სსკ-ის 158-ე მუხლის დანაწესზე „1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. 2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში”, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იარაღის, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სპეციფიკური ნივთის, მოსარჩელის მამისადმი კუთვნილება და შედეგად მისი მემკვიდრეობით მიღების ფაქტობრივი გარემოების შესახებ მსჯელობა შეუძლებელია მოსარჩელის სტადიაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების მიხედვით; ზემოხსენებული სპეციალური კანონის მიხედვით იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას და რეესტრის წარმოების წესი განსაზღვრულია სპეციალური კანონით, დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მის მესაკუთრედ მიჩნევას და ამ სტატუსით მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის სამართლებრივ საფუძველს მიანიჭებდა.
15.განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, გარდა მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მიცემული განმარტებისა, არ არის გამყარებული სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რაც გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ შექმნიდა წინაპირობას, მისი გაუქმებისა და დასაშვებად ცნობისათვის არსებითად განსახილველად.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.კ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.ლ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 8 სექტემბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე