საქმე №ას-16-2021 5 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ.ქ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.კ.ჯ. m.c.g." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შუამავლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს "მ.კ.ჯ.m.c.g"-ს სარჩელი მოპასუხე რ.ქ–ძის მიმართ, შუამავლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების და ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ბ.ბ–ს ჩაბარდა 2021 წლის 22 თებერვალს.
2021 წლის 26 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის11 მარტის განჩინებით, რ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა.
აღნიშნული განჩინება, რ.ქ–ძის წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა, 2021 წლის 5 მაისს.
2021 წლის 13 მაისს კასატორის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამასთან, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული ვადის 2 დღთ გაგრძელების თაობაზე, რადგან კასატორს გარდაეცვალა ბებია და ოჯახით იმყოფება ზესტაფონში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
აღნიშნული განჩინება, ფოსტის მეშვეობით, კასატორის წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა 2021 წლის 17 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ კასატორის წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა 2021 წლის 17 ივნისს, დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 2-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 18 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 21 ივნისს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი გამოესწორებინა 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი