საქმე №ას-290-2021 17 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ჯ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.კ–ვის სარჩელი მოპასუხე ნ.ჯ–ვას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორის დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, კასატორის წარმომადგენლის თ.ბ–ის მეუღლეს, ლ.ბ–ს ჩაბარდა 2021 წლის 16 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენლის თ.ბ–ის მეუღლეს, ლ.ბ–ს ჩაბარდა 2021 წლის 16 აპრილს.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 17 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 აპრილს (პარასკევი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი