Facebook Twitter

საქმე№ას-188-2021

8 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ს.გ.წ.კ–ია" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლის 31 დეკემბრის №281-31 ბრძანებით, ს.პ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) ცხელი ხაზის უფროსის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე დაინიშნა.

2. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლიდან 2015 წლამდე არაერთხელ გაგრძელდა, ხოლო 2015 წლის 9 ოქტომბრის №134-234 ბრძანებით კი, განუსაზღვრელი ვადით დაიდო.

3. 2014 წლის 24 ივლისის №137-12 ბრძანებით, კომპანიის დირექტორის 2013 წლის 31 დეკემბრის №256-87 ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 1500 ლარით, ხოლო 2015 წლის 9 ოქტომბრის №134-234 ბრძანებით 1800 ლარით განისაზღვრა.

4. კომპანიის დირექტორის 2018 წლის 17 სექტემბრის №პ/3706 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

5. შრომითი ურთიერთობის მანძილზე დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არასოდეს ყოფილა. 2014 წელს, მოსარჩელე დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო თანამშრომელი“. კომპანიის, 2018 წლის 18 ივლისის №პ/2525 ბრძანებით, მოსარჩელეს 900 ლარის ოდენობის პრემია მიეცა.

6. სასარჩელო მოთხოვნა

6.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 13 ნოემბერს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შეწყდა. კომპანიამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.1.1 ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;

8.1.2 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 45 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

8.1.3. სასარჩელო მოთხოვნები მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის, სამსახურში აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8.2 სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციით, სშკ-ის იმ დროს მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე (შემდეგში: სსსკ) მუხლებით იხელმძღვანელა.

8.3 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელეს დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამო უნარ-ჩვევები გააჩნდა.

8.4 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარ გარემოებათა ერთობლიობა, რაც ამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ არც გათავისუფლების ბრძანება და არც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გაგზავნილი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთება, გარდა სამართლებრივი საფუძვლისა (სშკ-ის 37.1 „ო“ ქვეპუნქტი), არ შეიცავს არც ერთ გარემოებაზე მითითებას, რაც მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის ობიექტურ გარემოებად იქნებოდა მიჩნეული. სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ სარჩელის წარდგენის შემდეგ, მის უარმყოფელ წერილობით შესაგებელში მოპასუხემ, ზოგადად, კონკრეტული ფაქტების მითითების გარეშე, აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობისათვის არ იყო შესაფერისი.

8.5 სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის სშკ-ის 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს, ამასთან, არც აღნიშნული საფუძვლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები არ არის გამოვლენილი. ის ფაქტი, რომ დასაქმებული (მოსარჩელე) არ იყო შესაფერისი დაკავებულ თანამდებობასთან, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება. აღნიშნული მტკიცების ტვირთი სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დასძლია მოპასუხემ.

8.6 სასამართლომ საქმეში არსებულ უდავო გარემოებებზე მიუთითა, რომელთა მიხედვით მხარეთა შორის ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, მოსარჩელის მიმართ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან სხვა მოტივით, რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცემოდა საპრემიო დანამატი. 2014 წელს კომპანიამ მოსარჩელე „წლის საუკეთესო თანამშრომლის” ნომინაციაში დააჯილდოვა.

8.7 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დასახელებული გარემოებები ქმნის დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელე მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს სათანადოდ ასრულებდა და დამსაქმებელს მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. აღნიშნული პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევის არსებობა, კონკრეტული ფაქტები, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელის სათანადო უნარ-ჩვევების არქონაზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებაზე, ან/და არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა.

8.8 სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლზე „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ დაყრდნობით, დამსაქმებლის 2018 წლის 17 სექტემბრის №პ/3706 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნო.

8.9 სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ცხელი ხაზის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნულია სხვა პირი. შესაბამისად, ის პოზიცია, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა, ვაკანტური არ არის. კომპანიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული არც ერთი სხვა თანამდებობა, მათ შორის, არც ის, რომელიც ამ ეტაპისათვის ვაკანტურია, ფუნქციებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ტოლფას თანამდებობას, ამასთან, მათზე დასაქმებაზე მოსარჩელე არ გამოთქვამს თანხმობას.

8.10 სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოზე აღდგენის გზით პირვანდელი მდგომარეობა ვერ აღდგება, რის გამოც, არ არსებობს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნისა და შესაბამისად, აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი.

8.11 სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სამუშაო გამოცდილების, შრომითი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, მაშინ, როდესაც მოპასუხემ სათანადოდ არ დაასაბუთება გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველი, ამგვარი ბუნდოვანი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებში, გასაზიარებელია მოსარჩელის განმარტება, რომ მიუხედავად მისი კვალიფიკაციისა, მან ვერ შეძლო ახალ შრომით ურთიერთობაში შესვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების - ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადის, მოსარჩელის დასაქმების პერსპექტივის გათვალისწინებით, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენისათვის გონივრული ოდენობის კომპენსაციად 45 000 ლარი უნდა ჩაითვალოს.

8.12 დაყოვნებული თანხის პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილი არ იყო სშკ-ის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქმის განხილვისათვის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საიდანაც პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნას იძულებით განაცდურზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

9. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

9.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 8.3-8.12 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობა).

10.3 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დამსაქმებლის შედავება ატარებს ზოგად, აბსტრაქტულ ხასიათს და მოპასუხემ ვერ მიუთითა იმგვარი გარემოების არსებობის თაობაზე, რაც დასაქმებულის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის და/ან სხვა საფუძვლით ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

10.4 სააპელაციო სასამართლომ შრომით სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულ თავისებურებაზე მიუთითა და გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დამსაქმებელმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

10.5 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი (გათავისუფლების დროისათვის მოქმედი სშკ-ის 38.8ე მუხლი იდენტუი შინაარსისაა) გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან სშკ დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა.

10.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა უდავო გარემოებაზე, რომ კომპანიის ცხელი ხაზის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშნულია სხვა პირი. ამასთან კომპანიაში 20 ვაკანტური სამუშაო ადგილია, რომელთაგან არც ერთი თანამდებობა, მხარეთა განმარტებით, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას პოზიციას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის უფლების რესტიტუცია უნდა განხორციელდეს მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით.

10.7 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები).

10.8 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგად სწორად იქნა გამოყენებული სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი (გათავისუფლების დროისათვის მოქმედი ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ და ვინაიდან არ არსებობდა თავისუფალი, ტოლფასი თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში, სავსებით მართებულად დააკისრა დამსაქმებელ კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 45000 ლარი (ხელზე მისაღები თანხა).

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2 კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად დაასკვნეს, რომ გათავისუფლების ბრძანებას არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი.

11.3 კომპანიამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო. დამსაქმებელმა სშკ-ის დადგენილი წესით რამდენიმე დღით ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აცნობა მოსარჩელეს და 2 თვის კომპენსაცია მისცა. შესაბამისად, კომპანიას არ დაურღვევია სშკ-ის მოთხოვნები.

11.4 კასატორის მტკიცებით, კომპანიამ მართებულად გამოიყენა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, ვინაიდან არ არსებობდა კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა საფუძველი.

11.5 კასატორის განმარტებით, სადავოა სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაც. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებად, მან გაითვალისწინა ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მოსარჩელეს უნდა ემუშავა დაკავებულ თანამდებობაზე და მისი ხელფასის ოდენობა, რომ არ მომხდარიყო მისი გათავისუფლება. სასამართლოს მოცემული მსჯელობა არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობან 2018 წლის 17 სექტემბერს მოხდა და მას სშკ-ით დადგენილი ნორმების შესაბამისად, აუნაზღაურდა კომპენსაცია 2 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, 2 თვის გათვალისწინებით, 2018 წლის 17 ნოემბრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გასულია არასრული 21 თვე. ამასთან, მოსარჩელის ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1440 ლარს (დარიცხული 1807). სასამართლოს მოსარჩელის კომპანიაში სავარაუდო მუშაობის პერიოდად მიჩნეული აქვს 31 თვეზე მეტი ვადა (45000/1440=31.25), რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

11.6 გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 21 თვის ვადაში მოსარჩელე არ იყო უმუშევარი, ის პერიოდულად დაკავებული იყო სხვადასხვა ტიპის სამუშაოებით და იღებდა ხელფასს, ასევე სავარაუდოა, რომ ხელფასს ის მიიღებს მომავალშიც, შესაბამისად, დაახლოებით 2021 წლის ივლისის თვის ჩათვლით მისაღები ხელფასის კომპანიისთვის დაკისრება არის ზედმეტად სუბიექტური და მხოლოდ მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას ემსახურება.

11.7 კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1800 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის მოპასუხე კომპანიის მიერ ანაზღაურება, ვინაიდან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა შეფასებული სრულყოფილად და გამოტანილ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (შდრ. სუსგ Nას-365-2019, 04.10.2019წ)

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ კასატორმა არამართლზომიერად გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, ხოლო მოპასუხემ საპირისპირო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება.

19. კასატორი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სამუშაოს შესრულების შესატყვისი პროფესიული უნარ-ჩვევები. შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი დაედო (რაც მოქმედი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის იდენტურ მოწესრიგებას წარმოადგენს).

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს დასახელებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა და განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ -ები №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; საქმე №ას-715-2019, 04.07. 2019 წ.).

22. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად (მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლი), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით (ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე , 48-ე მუხლი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შესაძლებელია კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად ჩაითვალოს, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა (იხ. სუსგ N ას-ას-1173-1093-2017, 29.12.2017წ)

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

26. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ უდავო გარემოებებზე მიუთითებს, რომელთა მიხედვით, შრომითი ურთიერთობის მანძილზე დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არასოდეს ყოფილა. 2014 წელს მოსარჩელე დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო თანამშრომელი“. კომპანიის 2018 წლის 18 ივლისის №პ/2525 ბრძანებით მოსარჩელეს 900 ლარის ოდენობის პრემია მიეცა.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

28. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მხრიდან სადავოა კომპანიისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაც.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).

30. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო სასამართლომ განმარტა: „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ) ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები:# ას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- #ას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინები 17.1.3 ქვეპუნქტი), (შეად. სუსგ-ებს: # ას-1329-2018, 22.02.2019წ. N ას-1627-2019, 07.02.2020წ; N ას-1172-2020, 12.03.2021წ).

31. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელია, მოცემული თანამდებობა არ არის ვაკანტური. შესაბამისად, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი) თანახმად, მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა მართებულად დაეკისრა.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება.

33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა კომპენსაცია 45 000 ლარის ოდენობით, რაც განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტისა და მოსარჩელის თანამდებობაზე (ტოლფას თანამდებობაზე) აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლო კომპენსაციაა, რაც მოსარჩელისათვის ყოფილი დამსაქმებლის 2015 წლის 9 ოქტომბრის №134-234 ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურების -1800 ლარის 25-მაგი ოდენობაა (1800X25). მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში თუკი ბათილად იქნება ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რისგანაც, ცხადია, ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავდება განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტა, როდესაც თუკი შეუძლებელია იმ პირის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ვისთანაც უვადო შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, დამსაქმებელს არათუ ერთ წელიწადზე გადაანგარიშებით, არამედ უფრო მეტი ვადის გათვალისწინებითაც შეიძლება დაეკისროს გასაცემი კომპენსაცია, რაც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს ეფუძნება და დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით.

34. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ).

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.

36. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4%-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ N ას-818-784-2016, 16.11.2016წ).

37. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მიერ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

38. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის ნაწილის - 1800 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლოს მიერ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოდ დაკისრებასთან მიმართებით.

39. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს.გ.წ.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ს.გ.წ.კ–იას" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2345 ლარის (საგადახდო დავალება N5687427, გადახდის თარიღი 2021 წლის 3 თებერვალი, 70% – 1641,5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური