Facebook Twitter

საქმე№ას-296-2021 23 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ყ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.პ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ნ.პ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დააკმაყოფილა, არ არის დასაბუთებული.

1.1 კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას შემდეგი მოტივებით ასაჩივრებს: 1. სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ მოპასუხე და მისი ოჯახი არის ბინის მართზლომიერი მფლობელი, სადაც 2011 წლიდან ცხოვრობს; 2. მოსარჩელემ, 2012 წელს სადავო ქონება ფიქტიურად შეიძინა; 3. ბმა „ჯ–ის ..“-ის კრების ოქმი გაყალბებულია, რადგან არ ჩატარებულა და, ასეთ ფაქტს ადგილიც რომ ჰქონოდა, მოსარჩელე ბმა-ს ამოქმედებამდე ამხანაგობის წევრი არ ყოფილა; 4. საქმეში წარდგენილ მასალებში ჩანს, რომ მოპასუხე გაურემონტებელ ფართში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი სხვენმა საცხოვრებელი ფართის სახე მიიღო; 5. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს დაადასტურებდნენ; 6. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები დაარღვია; 7. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბების გამო, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

1.2 კასატორი, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, შუამდგომლობს დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, მისი დარღვეული უფლების აღსადგენად. შუამდგომლობას ასაბუთებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ არის სოციალურად დაუცველი და ადვოკატის აყვანას ვერ ახერხებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

5. წინამდებარე დავის, კერძოდ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

6. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

6.1. ქ. ბათუმში, ......, (სხვენსართული 81.39 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებაა.

6.1.1 მითითებული ფართის (სკ №.....) მესაკუთრედ მოსარჩელე 17.04.2015 წელს, ბმა „ა–ბა ..“-ის 2015 წლის 8 აპრილის #15 კრების ოქმის საფუძველზე აღირიცხა.

6.1.2. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, 2012 წლამდე მოპასუხის ოჯახის წევრი, ე.ყ–ი ფლობდა.

6.1.3 ის გარემოება, რომ მოპასუხე არის ე.ყ–ის ოჯახის წევრი და ამჟამად ფლობს ამ უძრავ ქონებას (N ...... ს/კოდით რეგისტრირებულ სხვენს) მხარეთა შორის სადავო არ არის.

6.1.4 ე.ყ–მა 2017 წლის 6 ნოემბერს ქ. ბათუმში, ......, სხვენსართულზე მდებარე სხვენი #24ა, ფართით 72.01 კვმ. საკადასტრო კოდით - ..... საკუთრებაში დაირეგისტრირა.

6.1.5 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ყ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ......, მდებარე სხვენი #24ა-ზე, საკადასტრო კოდით - ......) გაუქმდა.

6.1.6 ე.ყ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას # .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2015 წლის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ე.ყ–ის საკუთრებად რეგისტრირებული სხვენი, ფართით - 72.01 კვმ, რეგისტრირებულია დამოუკიდებელი ს/კოდით - ......, მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სხვენის საზღვრებში, ს/კ №......, ფართი - 81.39 კვ.მ;

6.1.7 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ე.ყ–ი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსახლებული იქნა №....... ს/კოდით რეგისტრირებული 81.39 კვ.მ ფართიდან და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა დაევალა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა ე.ყ–ის გარდაცვალების გამო.

6.1.8. უდავოა, რომ მოპასუხეს, ქალაქ ბათუმში, ......., საკუთრების უფლებით უძრავი ქონება არ ერიცხება.

6.1.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს - საკადასტრო კოდით №..... არ ფლობს და მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთს (სკ .......) მოსარჩელის კუთვნილ ფართთან არ გააჩნია შემხებლობა.

6.1.10 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სკ-ით №...... მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე.

6.1.11. მოპასუხეს სადავო ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

8. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

9. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 14-15), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

11. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

13. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობენ გადახდისუუნარო მხარეები ისეთ საქმეებში, როცა საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გამო, საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახაზინო ადვოკატის დანიშვნისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ წინაპირობებს, რისთვისაც საკმარისი არ არის მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარე სოციალურად დაუცველია. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას საყურადღებოა, ის ფაქტიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორის (მოპასუხის) უფლებებს წარმომადგენელი იცავდა (იხ. ს.ფ 58). ამდენად, არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური