ახლად აღმოჩენილი გარემოებები
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ 3გ-ად-7-ა-02 5 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992წ. 10 მარტის ¹290 დადგენილების საფუძველზე, მიწის რეფორმის განხორციელების მიზნით, ზესტაფონის რაიონში შეიქმნა მიწის რეფორმის ფონდი, რომლიდანაც ხდებოდა კომლის მიწის ნაკვეთების შევსება. ¹290 დადგენილების საფუძველზე, 1992წ. 25 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით მ. კ-ას გადაეცა 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების შესაბამისად, მ. კ-ას შვილზე – ვ. კ-აზე აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
2000წ. 8 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. კ-ამ და მიუთითა, რომ მასზე, როგორც პირველი კატეგორიის კომლზე, ირიცხება 0,9 მიწის ნაკვეთი. 1993 წლიდან მეზობლებმა – ო. და ნ. კ-ებმა თვითნებურად მიითვისეს ამ ნაკვეთიდან 0,2 ჰა ნაკვეთი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების მიერ მითვისებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა და დაბრუნება კანონიერ საკუთრებაში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ.კურცხალიას სარჩელი. მოპასუხეებს ო. და ნ. კ-ებს ჩამოერთვათ სადავო 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლებით გადაეცა ვ. კ-ას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ნ. კ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება. გარდა ამისა, ნ. კ-ამ საოლქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2000წ. 20 მარტს ვ. კ-აზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹377 სახელმწიფო აქტის გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ო. და ნ. კ-ების შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ – ბათილად ცნო ო. კ-ას სახელზე გაფორმებული, 1994წ. 25 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹341 სახელმწიფო აქტი; ზესტაფონის რაიონის სოფელ .... საკრებულოსა და ზესტაფონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამმართველოს დაევალა კანონის შესაბამისად, ო. კ-აზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ნ. კ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, ვ. კ-ას მიწის მიღება-ჩაბარების ¹377 სახელმწიფო აქტიდან სადავო 0,2 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვა და მათ საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.
2002წ. 22 ოქტომბერს ო. და ნ. კ-ებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლებმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად, მოითხოვეს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 22 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
კურცხალიების მითითებით, სოფ. ზორვეთის ახალმა საკრებულომ შემთხვევით აღმოაჩინა ო. კ-ას სახელზე რეგისტრირებული ¹341 აქტი, რომლითაც სადავო 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ო. კ-ას. აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ – 2002წ. 23 სექტემბერს და ¹341 აქტის თაობაზე ცნობილი რომ ყოფილიყო უზენაეს სასამართლოსათვის, მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო ო. და ნ. კ-ების განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: «განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება».
რადგან მოცემული დავა არსებითად განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლომ და 2002წ. 30 აგვისტოს მანვე გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ო. და ნ. კ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. და ნ. კ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. განჩინების ასლები დადგენილი წესით დაეგზავნოთ მხარეებს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2002, # 7, admin., gv. 929-933.