საქმე №ას-1170-2020 7 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ზ.მ–ძე (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ.მ–ძემ (შემდგომ – ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ის (შემდგომ – ძირითად სარჩელში მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, მოწინააღმდეგ მხარე) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა. თავის მხრივ შეგებებული სარჩელი აღძრა ძირითადი სარჩელით მოპასუხემაც და უძრავი ქონების გაუმჯობესებით გამოწვეული ხარჯის - 37000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მხარეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელით მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს 27465 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
განმცხადებლის მოთხოვნა:
6. აპელანმტა 2020 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუცი ნაწილი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 მარტის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ 79.04 კვ.მ. უძრავ ქონებას.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელის დავის საგანი იყო თანხის დაკისრება.
9. სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება, ვთქვათ, ქონების რეალიზაციის გამო, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. აღნიშნული კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას განაპირობებს.
საჩივრის ავტორის მოთხოვა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ძირითადმა მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
12. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი წლების განმავლობაში ცხოვრობს და სარგებლობს მისი საკუთრებით. სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ძირითად მოსარჩელესაც დააკისრა თანხის გადახდა.
13. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო არა შეგებებული სარჩელის ავტორის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას, არამედ სრულიად სხვა ქონებას, რაც არასწორია. ყადაღადადებული ქონება მხარეთა შორის დავის საგანი არ არის.
14. საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსასრულებლად შეიძლება მისი საცხოვებელი სახლი გაიყიდოს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა მის უძრავ ქონებაში გააგრძელოს ცხოვრება.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაარღვია და შეგებებული სარჩელის ავტორს უფლება მისცა შეგებებული სარჩელით მოპასუხის ინტერესები უხეშად დაერღვია, ამასთან, ამ უკანასკნელისგან მიეღო სამართლებრივი სიკეთე და ამავდროულად მისივე უძრავ ქონებაზე სანქცია გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილზეც, რომლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; მასში ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საფრთხე უნდა შეფასდეს სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელე მხარისათვის არ აწესებს მტკიცების მაღალ სტანდარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად და საკმარისად მიიჩნევს დასაბუთებულ ვარაუდს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები საკმარისია დასკვნისთვის, რომ დავის საგნის დაცვის მიზნით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 196-ე მუხლისა და 1961-ე მუხლების პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
22. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მასალების შესწავლა იძლება საფუძველს დასკვნისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც შეგებებლი სარჩელით მოპასუხის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.
25. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად (ძალადაკარგულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. მაშასადამე, სსსკ-ის 271-ე მუხლის პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
26. საკასაციო პალატა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 17-ე პუნქტში) განმარტავს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში.
27. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
28. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
29. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს - 27465 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვა საჭიროა იმ მიზეზით, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში ხდება), არამედ, ასევე, - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოხდა.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადება დასაბუთებულია, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში, ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
33. საკასაციო პალატა მიუთუთებს, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას და მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარე სადავო უძრავი ქონების ფლობას აგრძელებს, რითაც საჩივრის ავტორის უფლებები და ინტერესები ირღვევა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
34. დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მითითებაც, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება მხარეთა შორის დავის საგანი არ არის და იგი არ შეიძლება იყოს გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები მოცემულია სსკ-ის 198-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენების საკანონმდებლო დათქმას წარმოადგენს ის, რომ ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოპასუხეს მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფის ობიექტი მესაკუთრის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფება თუ არა და მნიშვნელობა არ აქვს უძრავი ქონება მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს თუ არა.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა ინტერესების პროპორციულობის საკითხზეც და განმარტავს, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახე გონივრულობის პრინციპით უნდა შეარჩიოს, რომ ერთიხ მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი გარანტიები შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები შეძლებისდაგვარად მინიმალურად შეზღუდოს. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის გამოყენებულია მკაცრი უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, თუმცა, ვინაიდან მესამე ინსტანციის სასამართლოშიც საქმისწარმოება დამთავრდა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, შეგებებული სარჩელით მოპასუხის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა) საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის პროპორციულობაზე იმსჯელოს.
36. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
37. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე