საქმე №ა-4227-შ-98-2020 28 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
შუამდგომლობის ავტორი – სს ,,ყ.ს.შ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ი–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №3524-18-00-2/3507)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №3524-18-00-2/3507), შპს ,,ტ–ის“ და ა.ო. ძე ი–ძეს (პ/ნ 60003007218) სს ,,ყ.ს.შ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა დავალიანება 204 485 453.50 ტენგე და 50 ტიინი, ასევე თანაბარწილად სახელმწიფო ბაჟი - 6 134 563.60 ტენგე და 60 ტიინი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა სს ,,ყ.ს. შ.ბ–მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. თერმიტაუს საქალაქო სასამართლოს ცნობის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობა, ამასთან, ცნობაში მითითებულია, რომ სასარჩელო განცხადება ყველა თანდართული დოკუმენტით, ასევე - სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მოწინააღმდეგე მხარეს ფოსტის მეშვეობით მის საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3524-18-00-2/3507) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.
6. შუამდგომლობის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დაცვით, მოწინააღმდეგე მხარემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3524-18-00-2/3507) ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 28 ივნისს გამართულ სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3524-18-00-2/3507) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს ასევე სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს), მე-3 და მე-4 პუნქტებით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
13. მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და საკუთარ პოზიციას აფუძნებს იმაზე, რომ ის სათანადოდ არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არც ბანკის მიერ აღძრული სარჩელის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. სარჩელის ასლის გადაცემის შესახებ 2018 წლის აგვისტოს შეტყობინებაზე ხელმოწერა მოწინააღმდეგე მხარეს არ ეკუთვნის, ამასთან, სხვა მტკიცებულება, რომელიც მხარის უწყების ჩაბარების გზით სასამართლოში გამოძახებას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სახეზეა თუ არა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა (მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება) და სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები) გათვალისწინებული საფუძველი.
15. საკასაციო პალატა მოწინაღმდეგე მხარის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლო უწყებით სათანადო წესით იყო გაფრთხილებული საქმის განხილვის თარიღის თაობაზე. ამ უკანასკნელმა სასამართლოში წარადგინა განცხადებაც, რომლის თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას არ აღიარებს.
16. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის), თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება (შდრ. საქმე №ა-4744-შ-119-2017, 2018 წლის 30 მაისის განჩინება; საქმე №ა-5067-შ-130-2017, 2018 წლის 26 აპრილის განჩინება).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეიცავს მკაფიო მითითებას საქმის განხილვაში მოპასუხის კანონით დადგენილი წესით ინფორმირების თაობაზე, ეს უკანასკნელია ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადაეცა უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა როგორც გადაწყვეტილებით, ისე თანდართული საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.
19. გარდა გადაწყვეტილებისა, საქმეში წარმოდგენილია თერმიტაუს საქალაქო სასამართლოს ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობა და სასარჩელო განცხადება ყველა თანდართული დოკუმენტით, ასევე - სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეს ფოსტის მეშვეობით მის საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნა. საქმეში წარდგენილია ასევე 2018 წლის 2 აგვისტოს შეტყობინებაც სასარჩელო განცხადების ასლის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარების თაობაზე.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადო წესით იყო ინფორმირებული უცხო ქვეყანაში წარმოებული საქმის თაობაზე. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია და სასარჩელო განცხადების ასლის მხარისათვის ჩაბარების თაობაზე შეტყობინებაზეც ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.
21. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიები უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ყ.ს.შ.ბ–ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3524-18-00-2/3507) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ყარაგანდის ოლქის ქ. თემირტაუს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №3524-18-00-2/3507), რომლითაც შპს ,,ტ–ის“ და ა.ო. ძე ი–ძეს (პ/ნ ......) სს ,,ყ.ს.შ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა დავალიანება 204 485 453.50 ტენგე და 50 ტიინი, ასევე თანაბარწილად სახელმწიფო ბაჟი - 6 134 563.60 ტენგე და 60 ტიინი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე