Facebook Twitter

საქმე №ა-834-შ-18-2021 9 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს ,,კ.ა.თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,B.“ (შპს ,,ბ–ი“)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფერედარციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №A56-53370/2018)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №A56-53370/2018), მოპასუხე შპს „B.“-ს (შპს „ბ–ი“) მოსარჩელე შპს „კ.ა.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის 15.06.2015 წელს დადებული №150615 ხელშეკრულებიდან გამომდინარე. გადასახდელი თანხა განისაზღვრა 787 724.96 რუბლით, პირგასამტეხლო - 245 770.00 რუბლითა და საპროცესო ხარჯები 23 335.00 რუბლით.

2. შპს „კ.ა.თ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით, შპს „კ.ა.თ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №A56-53370/2018) ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „B.“-ის დირექტორს ვ.ხ–ს ჩაბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით.

5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ განსახილველი შუამდგომლობა ეხება უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ „რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1995 წლის 5 აპრილის ფედერალური საკონსტიტუციო კანონის პირველი მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში საარბიტრაჟო სასამართლოები წარმოადგენენ ფედერალურ სასამართლოებს და შედიან რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოების სისტემაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოცემული შუამდგომლობის განხილვისას იხელმძღვანებელებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №A56-53370/2018), მოპასუხე შპს „B.“-ს (შპს „ბ–ი“) მოსარჩელე შპს „კ.ა.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის 15.06.2015 წელს დადებული №150615 ხელშეკრულებიდან გამომდინარე. გადასახდელი თანხა განისაზღვრა 787 724.96 რუბლით, პირგასამტეხლო - 245 770.00 რუბლითა და საპროცესო ხარჯები 23 335.00 რუბლით.

9. 2015 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით მოწესრიგებულია მხარეთა შორის სადავო საკითხების განხილვის წესი. ამ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან, ექვემდებარება სასამართლო განხილვას სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოში.

10. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 3 ნოემბერს და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამასთან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა.

11. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

12. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

13. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა, მას საკუთარი საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია.

14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

16. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

17. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №A56-53370/2018) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კ.ა.თ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფერედარციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №A56-53370/2018) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფერედარციის ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რაიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №A56-53370/2018), რომლითაც შპს ,,B.-ს“ (შპს ,,ბ–ი“) (მისამართი: საქართველო, ძველი თბილისი, ვ. ...... ს/კ 404410099) შპს ,,კ.ა.თ–ის“ (.......) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2015 წლის 15 ივნისის (№150615) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 787 724 რუბლი და 96 კაპიკი, პირგასამტეხლო - 245 770 რუბლი და საპროცესო ხარჯი - 23 335 რუბლი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე