საქმე №ას-1113-2018 10 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძის უფლებამონაცვლე მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -
სს „ს.კ.ა–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უძრავი ქონების აღრიცხვა საკუთრების უფლებით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ძის (შემდგომში - „მსესხებელი“ ან „გარდაცვლილი“) უფლებამონაცვლის მ.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის: №2246021 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 124,59 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; №3203917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7276,82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; №3203918 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 25,54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; გარდაცვლილის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ......, ს/კ ..... (შემდგომში - „უძრავი ქონება“, „იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება“ ან „იპოთეკის საგანი“), საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრების უფლების დარეგისტრირება; გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს დავალიანებას, მისი დაფარვის მიზნით, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში მოსარჩელის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით. საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;
2.2. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2014 წლის 23 ოქტომბერს მსესხებელმა აიღო კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 10% სარგებლის დარიცხვის პირობით (სესხის №2246021). სესხი გაიცა ტრანშებად;
2.3. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2015 წლის 08 დეკემბერს მსესხებელზე კვლავ გაიცა კრედიტი 6740 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 10% სარგებლის დარიცხვის პირობით (სესხის №3203917);
2.4. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად, მისი განუყოფელი დანართის სახით, გაფორმდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სადაზღვევო სესხის შეთანხმება, რომლითაც მსესხებელზე გასაცემი ყოველწლიური ავტომატური ტრანშის ოდენობა განისაზღვრა 48,52 აშშ დოლარით, ხოლო წლიური სარგებელი 18%-ით. სადაზღვევო სესხის ტრანში გაიცა 2015 წლის 08 დეკემბერს (სესხის №3203918);
2.5. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულებებზე დართული გრაფიკებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა მან დაარღვია აღნიშნული ვალდებულება 2016 წლის სექტემბრიდან და მას შემდეგ სესხი გადაუხდელია;
2.6. გადაუხდელ დავალიანებას სარჩელის შეტანის დღემდე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.7. 2016 წლის დეკემბერში ბანკისათვის ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე (მამა), რომელიც ვალდებულია მიღებული აქტივის ფარგლებში დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესები. მსესხებლის მემკვიდრეს გაეზგავნა წერილობითი მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;
2.8. სარჩელის შეტანის დროისათვის მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს შემდეგს: №2246021 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12124,59 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10679,62 აშშ დოლარი, სარგებელი - 674,13 აშშ დოლარი, ჯარიმა - 744,70 აშშ დოლარი და საკომისიო - 26,14 აშშ დოლარი; №3203917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7276,82 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6455,04 აშშ დოლარი, სარგებელი - 400,39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 407,49 აშშ დოლარი და საკომისიო - 13,90 აშშ დოლარი; №3203918 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 25,55 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 12,91 აშშ დოლარი, სარგებელი - 1,45 აშშ დოლარი და ჯარიმა - 11,19 აშშ დოლარი.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
3.1. მსესხებლის გარდაცვალების მიზეზი გახდა უბედური შემთხვევა. მას დაეჯახა დამფრთხალი ცხენი და თავის არეში მოხვდა ცხენის ჩლიქი. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შეასრულოს ს.კ.ა–მა (შემდგომში - „სადაზღვევო კომპანია“, „მზღვეველი“ ან „მესამე პირი“), ვინაიდან ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უბედური შემთხვევის გამო მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, საკრედიტო ვალდებულების შესრულება სწორედ სადაზღვევო კომპანიას ეკისრება;
3.2. მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით - სადაზღვევო კომპანიით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოსარჩელის მხარეს ჩაება სადაზღვევო კომპანია.
5. მესამე პირმა სასამართლოში წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც არ დაეთანხმა მოპასუხის მითითებას უბედური შემთხვევის გამო დავალიანების სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურების თაობაზე. მისი განმარტებით, ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული „ოფსეტური იპოთეკური ან/და სამომხმარებლო სესხის მომხმარებლებისთვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის“ დანართი №3-ის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდების შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილის ქმედება - ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს ცხეზე ჯდომა, სადაზღვევო კომპანიის მიერ შეფასდა საკუთარი ნებით თავის ხიფათში ჩაგდებად, რის გამოც არ არსებობდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 426,35 აშშ დოლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს დაიდო №GAI053266 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა 100 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 48%-ით;
9.2. №GAI053266 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 17 ოქტომბერს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო №SAI053267 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;
9.3. №GAI053266 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე;
9.4. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2014 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა №GAI053266 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI053506 (კრედიტის №2246021), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით - 23.10.2024 წლამდე შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 10%; სესხის გაცემის საკომისიო - სესხის 0,4% მინიმუმ 50 ლარი; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5%. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
9.5. 9.1.მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა №GAI053266 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI064988 (კრედიტის №3203917), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6740 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით - 08.12.2025 წლამდე შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 10%; სესხის გაცემის საკომისიო - სესხის 0,4% მინიმუმ 50 ლარი; ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5%. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
9.6. №GAI053266 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართის სახით, მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება (კრედიტის №3203918), რომლის საფუძველზეც №GAI053266 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევის პოლისის მოსაპოვებლად ან/და შესაბამისი პრემიის გადასახდელად, მსესხებელზე გასცა წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული დაზღვევისათვის კრედიტი, თითოეული ტრანშის მაქსიმალური - 48,52 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18%-ის დარიცხვით, 286 თვის ვადით (დაზღვევის კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 405 აშშ დოლარი). შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე (შეთანხმებაზე) თანდართული გრაფიკის მიხედვით;
9.7. მოსარჩელის (დამზღვევი) ოფსეტური იპოთეკური და/ან სამომხმარებლო სესხების პორტფელი - ბანკის ფინანსური ინტერესი, მისი მსესხებელი ფიზიკური პირის - მსესხებლის (დაზღვეული) მიმართ, დაზღვეული იყო მოსარჩელესა და სადაზღვევო კომპანიას (მზღვეველი) შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ,,ოფსეტური იპოთეკური ან/და სამომხმარებლო სესხის მომხმარებლებისთვის სიცოცხლის დაზღვევის №GL/G001/R00005/14/02 ღია პოლისის’’ (დაზღვევის ხელშეკრულება) საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში 2015 წლის 08 დეკემბერს გაცემული სიცოცხლის დაზღვევის №706031907 პოლისით. საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები განისაზღვრა №GL/G001/R00005/14/02 ღია პოლისის №3 დანართით;
9.8. აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, დაფარულ რისკებს წარმოადგენს დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, რომელთა შორის არის - დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება (2.11 პუნქტი). იმავე დანართის 3.6. პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით, რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმებს;
9.9. 2016 წლის 01 აგვისტოს გარდაიცვალა მსესხებელი. №170151646 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა (მათ შორის, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება) და პასივებით სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - მოპასუხემ (მამა). შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს მსესხებლის უფლებამონაცვლეს;
9.10. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის გადახდა შეწყდა მსესხებლის გარდაცვალების გამო. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არც მის უფლებამონაცვლეს - მოპასუხეს შეუსრულებია;
9.11. მოსარჩელემ მსესხებელთან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები შეწყვიტა 2017 წლის 21 აპრილს. ამ მდგომარეობით, მსესხებლის დავალიანებამ ბანკის წინაშე შეადგინა: №2246021 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 12 124,59 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10679,62 აშშ დოლარი, პროცენტი - 674,13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 744,70 აშშ დოლარი და საკომისიო - 26,14 აშშ დოლარი; №3203917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7276,82 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6455,04 აშშ დოლარი, პროცენტი - 400,39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 407,49 აშშ დოლარი და საკომისიო - 13,90 აშშ დოლარი; №3203918 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 25,55 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 12,91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1,45 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 11,19 აშშ დოლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას გაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ და მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა სადაზღვევო თანხის - 17 134,66 აშშ დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული წერილის პასუხად, 2016 წლის 27 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს გაუგზავნა შეტყობინება (პასუხი), რომლითაც უარი უთხრა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. მისი განმარტებით, როგორც წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვეოდა, გარდაცვლილი ცხენიდან ჩამოვარდნის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც უნდა შეფასებულიყო, როგორც საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, ვინაიდან დაზღვეულს თავისი ქმედების განხორციელების დროს შეეძლო გაეთვალისწინებინა ამ ქმედების შედეგები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას დადებითად გადაეწყვიტა ბანკის მიერ მოთხოვნილი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბანკს ჰქონდა მცდელობა მასსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებლის გარდაცვალების გამო მოეთხოვა სადაზღვევო ანაზღაურება, თუმცა, ვინაიდან, სადაზღვევო კომპანიის აზრით, სახეზე არ იყო სადაზღვევო შემთხვევა (არამედ, დგინდებოდა საგამონაკლისო შემთხვევის - საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდების ფაქტი), ბანკს მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მასსა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ხოლო მოპასუხე არის მსესხებლის უფლებამონაცვლე, იგი მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეა.
13. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მან სარჩელის საპასუხოდ წარადგინა მხოლოდ საპროცესო შედავება მოპასუხის არასათანადოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 1328-ე, 1484-ე მუხლებით და წინამდებარე განჩინების 11.11 პუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხისათვის 19 426,35 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე იმავე სასამართლოს მიერ 2018 წლის 16 ივლისს მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება; გარდაცვლილის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადგინდა მისი უფლებამონაცვლის - მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება; გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა გადაწყვეტილების აღსრულების განხორციელება იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, განისაზღვრა იძულებითი აღსრულება მოპასუხის სხვა ქონებაზე, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 301-ე მუხლით და, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ხოლო ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ასევე დამატებით გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.
17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის პოზიციაზე მის არასათანადოობასთან დაკავშირებით;
17.2. კასატორი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ იგი მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. მან სასამართლოს წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მსესხებელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ საკითხზე და განეხილა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა, რაც გამორიცხავდა მოპასუხის ფინანსურ პასუხისმგებლობას. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე გაიზიარა სადაზღვევო კომპანიის პოზიცია და თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ამ უკანასკნელის წერილი ბანკის მიმართ, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი შეფასების გარეშე დატოვა;
17.3. ვინაიდან სადავოა სადაზღვევო შემთხვევის არსებობა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება;
17.4. სასამართლომ მართებულად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია მოპასუხის უფლებები.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, რამდენად განხორციელებადია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ იმ საფუძვლით, რომლებიც მასში არის მითითებული.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. მაგ. სუსგ №ას-501-475-2015, 31 მარტი, 2016 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი; №ას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია. შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 417-418-ე, 867-868-ე, 1421-ე და 1484-ე მუხლები, თუმცა მოპასუხემ სადავოდ გახადა ბანკის მიმართ მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მან მიუთითა ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებაზე და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელი გარდაიცვალა, აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ბანკის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა მზღვეველს.
24. კასატორის საკასაციო პრეტენზიიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
26. დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს სიცოცხლე. სიცოცხლის დაზღვევა პირადი დაზღვევის სახეს წარმოადგენს და მისი ინტერესია დამზღვევის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვეულმა პირმა გარკვეული სარგებელი მიიღოს. ამასთან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაიცვას მისი სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 844, www.gccc.ge).
28. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო ბანკსა (დამზღვევი) და სადაზღვევო კომპანიას (მზღვეველი) შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ღია პოლისის საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში 08.12.2015წ. გაცემული სიცოცხლის დაზღვევის №706031907 პოლისით. დაზღვევის პირობები განისაზღვრა დანართი №3-ის მიხედვით (შემდგომში - „დანართი №3“). აღნიშნული დანართის 2.1. პუნქტის თანახმად, დაზღვევის ფარგლებში დაფარულ რისკებს წარმოადგენს: დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით ან დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, მათ შორის, როდესაც გარდაცვალება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია - დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდებით. იმავე დანართის 3.6. პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით, რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმებს.
29. დადგენილია, ასევე, რომ მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 01 აგვისტოს, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ უარი განუცხადა ბანკს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, ვინაიდან მსესხებლის გარდაცვალება მის მიერ შეფასდა, როგორც საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება. სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ გარდაცვლილი ცხენიდან ჩამოვარდნის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
30. დადგენილია, რომ მიუხედავად სადაზღვევო კომპანიისადმი თავდაპირველი მიმართვისა, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ ბანკს არ გამოუყენებია სხვა სამართლებრივი საშუალება საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად (არ აღუძრავს სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკს ჰქონდა მცდელობა მსესხებლის გარდაცვალების გამო მოეთხოვა სადაზღვევო ანაზღაურება და მიიჩნევს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლებლობების ასეთი ფორმალური განკარგვა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს (იხ. სუსგ საქმე №ას-388-2019, 14 თებერვალი, 2020 წელი).
31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი).
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1258-2017, 29 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-158-158-2018, 23 თებერვალი, 2018 წელი). ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა.
33. სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას, რის საფუძველზე მოითხოვს. პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც მოთხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლის) სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 10 მაისი, 2017 წელი). სასამართლო ვალდებულია გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ საქმე №ას-190-179-2017, 30 აპრილი, 2018 წელი).
34. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკს საკუთარი ინტერესების დასაცავად არ მიუმართავს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებისათვის. მას შეეძლო ესარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 844-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი ბანკის მოთხოვნის განხორციელება მსესხებლის უფლებამონაცვლის მიმართ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე, განუხორციელებადია, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
35. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მსესხებელი გარდაცვალებამდე ჯეროვნად ასრულებდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებას. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში, აღარ იარსებებდა დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის წინაპირობები.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებიდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი და შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
40. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მ.ბ–ძის უფლებამონაცვლის მ.ბ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 971,32 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ.ბ–ძის უფლებამონაცვლის მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ს.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 971 (ცხრაას სამოცდათერთმეტი) აშშ დოლარისა და 32 (ოცდათორმეტი) ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე