საქმე №ას-132-2019 30 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – დ. ლ–ი, გ. ლ–ი, ქ. ლ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „აპელანტი“) და შპს „კ–ს“ (შემდგომში - „მსესხებელი“, „კომპანია“ ან „შპს“) შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0002.2632454.001 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 18 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №2632454-2783095 ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 264000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.6%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%;
2. მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმებული №0002.2632454.001 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 27 ივნისს მოსარჩელესა და ი.მ. გ. ლ–ს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), დ. ლ–სა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) და ქ. ლ–ს (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
3. №0002.2632454.001 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 27 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის არაერთი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ...... ბინა №56, ს.კ. ....., ამჟამინდელი ს.კ. ......; ქალაქი რუსთავი, ...... №1, ბინა №1, ს.კ. .....; ქალაქი რუსთავი, ......, სართული №1, ბინა №2, ს.კ. კოდი: ......; ქალაქი რუსთავი, ....., №17, ს.კ. .....; ქალაქი რუსთავი, . ..... ქ. მიმდებარე ტერიტორია, ს.კ. .....; ქალაქი რუსთავი, ......, სართული №1, ბინა №1, ს.კ. .....; გარდაბანი, სოფელი ....., ს.კ. ......; გარდაბანი, სოფელი ...., ს.კ. .....; გარდაბანი, სოფელი ........, ს.კ. .....; ქალაქი რუსთავი, ..... №5, სართული №1, ბინა №5, ს.კ. ........
4. მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი. 2016 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, №2632454-2783095 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს: 311 505,15 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 231 206,50 აშშ დოლარი, პროცენტი 26 025,48 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 54 273,17 აშშ დოლარი.
5. მოპასუხეები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ბანკი შეწყვეტდა საკრედიტო ურთიერთობას და გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით კომპანიას უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. იმავე სასამართლოს 2016 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა მოვალის - კომპანიის რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა №16153921/3 გადაწყვეტილება შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩა განუხილველი.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ - №2632454-2783095 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 311 505,15 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების ძირითად თანხაზე - 231 206,50 აშშ დოლარზე წლიური 9,6%-ის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის - 231 206,50 აშშ დოლარის 0,2%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონებიდან.
9. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათ მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლზე და განმარტეს, რომ ვინაიდან კომპანიის რეგისტრაცია გაუქმებულია, აღარ არსებობს ძირითადი მოვალე და შესაბამისად, ძირითადი ვალდებულება, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს თავდების ვალდებულებას.
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე და 893-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ კომპანიის ვალდებულება ბანკის მიმართ შეწყდა კომპანიის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან, რის გამოც, ასევე აღარ არსებობდა ვალდებულება თავდების მიმართ.
12. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: №2632454-2783095 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 311 505,15 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების ძირითად თანხაზე - 231 206,50 აშშ დოლარზე წლიური 9,6% გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 1 825 აშშ დოლარს) სარჩელის შეტანის დღიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე და პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2% ოდენობით (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 463 აშშ დოლარს) სარჩელის შეტანის დღიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე; დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ამასთან, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონებიდან.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში განვითარებული მსჯელობა.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 463-465-ე, 867-868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით და წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბანკის სარჩელი მოპასუხეებისათვის დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეები ბანკთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და პასუხს აგებენ კომპანიასა და ბანკს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის ვალდებულებებზე.
17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
18.1. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მატერიალური ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, თავდები აქცია ძირითად მოვალედ. მისი განმარტებით, თავდები ძირითად მოვალესთან ერთად წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს. ეს არის თავდებობის არსის წარმოუდგენელი ინტერპრეტაცია;
18.2. კასატორმა მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლი და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე ადგენს იურიდიული პირის ვალდებულების შეწყვეტას მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული ადასტურებს კომპანიის ვალდებულების გაუქმებას;
18.3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იპოთეკის საგნის რეალიზაციის, მოპასუხეთათვის წლიური სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. იგი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაეკისრათ მოპასუხეებს დავალიანების ეს ოდენობა;
18.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს - 311 505,15 აშშ დოლარს. სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ დავალიანების მოცულობა მოპასუხეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასმულ კითხვაზე სადავო გარემოებებთან დაკავშირებით, მოპასუხეებმა უარყოფითი პასუხი გასცეს, სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა ფაქტობრივი გარემოებების განხილვა დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა, მოპასუხეები შესაგებელში უთითებდნენ, რომ არ ეთანხმებოდნენ დავალიანების ოდენობას, რაც დამატებით დააფიქსირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება გამოიტანა მოპასუხეთა სასარგებლოდ, რის გამოც მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ედავათ დავალიანების ოდენობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებამ გამოწვია თუ არა კომპანიის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოყენებული პირადი (თავდებობა) და სანივთო (იპოთეკა) უზრუნველყოფის საშუალებების გაქარწყლება.
24. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებამდე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს თავდებობისა და იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების, სამართლებრივი ბუნება.
25. თავდებობა ეს არის მოთხოვნის უზრუნველყოფის პირადი (პიროვნული) საშუალება. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას მესამე პირის, ძირითადი მოვალის კრედიტორის წინაშე პასუხი აგოს ამ მესამე პირის ვალდებულებებისათვის (სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილი) მთელი თავისი ქონებით. თავდებობას აქცესორული ბუნება აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ მისთვის განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების არსებობა. თავდებობა მისი წარმოშობის, გაქარწყლების, მიკუთვნების (სსკ-ის 891-ე მუხლი), ისევე როგორც პასუხისმგებლობის ფარგლებისა (სსკ-ის 898-ე მუხლი) და მოთხოვნის განხორციელების (სსკ-ის 899-ე მუხლი) კუთხით, ხანგრძლივად დამოკიდებულია მთავარ ვალდებულებაზე და, ამგვარად, წარმოადგენს ე. წ. დამხმარე ვალდებულებას. თუმცა, ეს აქცესორული ბმა შეიძლება შერბილდეს ან საერთოდ მოირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის უზრუნველყოფის მიზანთან (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 891, www.gccc.ge) .
26. რაც შეეხება იპოთეკას, იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო (ნივთობრივი) საშუალება, რომელიც უზრუნველყოფილ კრედიტორს ანიჭებს უფლებას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). მსგავსად თავდებობისა, იპოთეკაც წარმოადგენს აქცესორული ხასიათის უფლებას. მისი დადგენისათვის აუცილებელია მოთხოვნის არსებობა, იმ მოთხოვნისა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იტვირთება უძრავი ქონება.
27. ამდენად, თავდებობისა და იპოთეკის აქცესორული ხასიათიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, ძირითადი მოვალის, კომპანიის რეგისტრაციის გაუქმება, იწვევს თუ არა პიროვნული და სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების გაუქმებას.
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.
29. დასახელებული სამართლებრივი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის კომენტირებისას მითითებულია, რომ „ის ფაქტი, რომ იურიდიული პირი შეიძლება ქონების გარეშე დარჩეს ან იგი გადახდისუუნარო აღმოჩნდეს, თავისთავად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი - წიგნი მესამე, გვ.566 - გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001წ.; სუსგ საქმე №ას-401-2019, 25 ივნისი, 2020 წელი).
30. ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლი კონკრეტულად იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ვალდებულების შეწყვეტის საგამონაკლისო წესს განსაზღვრავს. კრედიტის უზრუნველყოფის სამართალში გამოყენებული პირადი (პიროვნული) თუ სანივთო უზრუნველყოფის სახეების აქცესორულობა სამართლებრივად სწორედ იმის მაუწყებელი და განმსაზღვრელია, რომ მიუხედავად იურიდიული პირის სალიკვიდაციო პროცესის დასრულებისა, ეს არ აქარწყლებს ძირითადი მოვალის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს. სსკ-ის 454-ე მუხლის იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალე საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის გამო წარმოიშვება, იმთავითვე აუქმებს კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ საშუალებებს მათი აქცესორულობის გამო და პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს უზრუნველმყოფ პირებს, მთლიანად გამოაცლის საფუძველს საკრედიტო ურთიერთობებში უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსებობას, დანიშნულებასა და მიზანს. მოთხოვნის უზრუნველყოფა არის კრედიტორისათვის მინიჭებული უფლება, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ან სხვაგვარად გამოყენების გზით (იხ. ლადო ჭანტურია - კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გვ. 15, თბილისი, 2012წ.). კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და უზრუნველმყოფ პირებს შორის წარმოიშობა, ასეთ ხელშეკრულებას დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და საკუთარ თავში ატარებს კაუზას, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება დამოუკიდებელი ხასიათისაა; უზრუნველმყოფი პირები საკუთარ ვალდებულებას ასრულებენ და არა სხვის ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-647-647-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წელი; ასევე, შედარებითი სამართლის ჟურნალი №3/2019 - გ. რუსიაშვილი, აქცესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის მაგალითზე, გვ.15; სუსგ საქმე №ას-401-2019, 25 ივნისი, 2020 წელი).
31. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებისა, ძალაში დარჩა მისი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოყენებული პიროვნული და სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები. შესაბამისად, თავდები პირები - მოპასუხეები პიროვნულად, მთელი თავისი ქონებით, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრე - პირველი მოპასუხე, ასევე, იპოთეკის საგნით, პასუხს აგებენ ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის - კომპანიის ვალდებულებებისათვის.
32. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორებს, რომ ძირითადი მოვალე და თავდები არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში მსგავსი განმარტება არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, რომლებიც პასუხს აგებენ კომპანიის ვალდებულებებზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდები შესრულებით ასრულებს თავის საკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგაც ძირითადი ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასზე გადადის. ამიტომ თავდები და ძირითადი მოვალე ვერ ჩაითვლებიან სოლიდარულ მოვალეებად, მათ შორის, ვერც სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში.
33. კასატორებმა სადავოდ გახადეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება დავალიანების მოცულობასთან დაკავშირებით.
34. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში არაკვალიფიციური შესაგებელი წარადგინეს, რომელშიც მხოლოდ ზოგადად არის მითითებული, რომ ისინი არ ეთანხმებიან ფაქტობრივ გარემოებას (მე-5 ფაქტობრივი გარემოება) დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
35. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები არც სააპელაციო შესაგებელში მიუთითებენ რაიმე ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დავალიანების ოდენობის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, ისინი საკასაციო საჩივარში თავად განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში დავალიანების მოცულობა არ ყოფილა მსჯელობის საგანი.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც თავად მოპასუხეებს არ ჰქონიათ შედავება ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
38. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილში კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო შედავება.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, თუკი კასატორი კონკრეტულად არ მიუთითებს მისი პრეტენზიის საფუძვლებზე, საკასაციო სასამართლო თავისი ინიციატივით მათზე ვერ იმსჯელებს.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-401-2019, 25 ივნისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
45. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30% - 1800 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასრაგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ლ–ის, გ. ლ–ისა და ქ. ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ. ლ–ს (პ/ნ: .....), გ. ლ–სა (პ/ნ: .....) და ქ. ლ–ს (პ/ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30% – 1800 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი