Facebook Twitter

საქმე №ას-626-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი/კერძო საჩივრის ავტორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ.ე.ბ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა; უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,გ.ე.ბ–ომ“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი კასატორი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა თანხის დაკისრება და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

2. მოსარჩელის განმარტებით: 2019 წლის 13 ივნისს, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N144, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მიშენების II-ე და III-ე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 135784,77 ლარს. მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდალური დღის ვადაში, 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდალური დღის ვადაში.2019 წლის 2 აგვისტოს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილით საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებით, შეთანხმება დაიდო 26 აგვისტოს.მოსარჩელემ განმარტა, რომ მათ სამუშაო დადგენილ ვადაში დაასრულეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებდა სამუშაოების ფაქტიურ შესრულებას, მოცულობების ათვისება დაფიქსირებული იყო შესაბამისი აქტებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის დაცვით. ამის მიუხედავად, 2019 წლის 13 დეკემბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წერილით ამცნეს, რომ განსაზღვრული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის მოპასუხე დაჯარიმდა 14393,10 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, ჯარიმის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მათ ვადები არ დაურღვევიათ და ზედამხედეველს არასოდეს უცნობებია მათთვის გრაფიკის დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გეგმა-გრაფიკის დაუცველად მიჩნეული სამუშაოების უმეტესობა ვადის სრული დაცვით იყო შესრულებული. სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილზე ფიქსირდებოდა ვადაგადაცილება, რისი თავიდან აცილებაც მოსარჩელეს არ შეეძლო, რადგან დღის წესრიგში დადგა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის დაგეგმილი სამუშაოების შეცვლის აუცილებლობა, რის გამოც, 2019 წლის 2 აგვისტოს კომპანიამ შესაბამისი წერილით მიმართა მოპასუხეს. შეთანხმება ცვლილებებთან დაკავშირებით დაიდო 3 სექტემბერს, ფაქტობრივად 24 დღის დაგვიანებით დამტკიცდა კორექტირებული გეგმა-გრაფიკი.

3. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა უსაფუძვლოდ დაკავებული ნარდობის საზღაურის - 14393,10 ლარის გადახდის დაკისრება.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომმოსარჩელემ დაარღვია N144 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკი, კერძოდ: პუნქტი 13 - 2 დღით; პუნქტი 14 - 3 დღით; პუნქტი 20-04 დღით; პუნქტი 22 - 12 დღით; პუნქტი 23 - 34 დღით; პუნქტი 24 - 27 დღით; პუნქტი 25 - 6 დღით; პუნქტი 27 - 02 დღით; პუნქტი 31 - 01 დღით; პუნქტი 1 - 11 დღით, სულ ჯამში 102 დღით. შესაბამისად, მომწოდებელი დაჯარიმდა გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, რის გამოც, პირგასამტეხლომ (ჯარიმამ) შეადგინა 14393,10 ლარი.

5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14393.10 ლარის გადახდა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 14 055 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 13 ივნისს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის (№NAთ190007805) საშუალებით ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მიშენების II-ე და III-ე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (შემდეგში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 135 784,77 ლარს. ხელშეკრულებით მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდალური დღის ვადაში, 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განეხორციელებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ (მუხლი 8.1). მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მუხლი 8.2). ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია შპს ,,ს.მ.ჯ–ი“. შემოწმება უნდა განხორციელებულიყო ადგილზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შერულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარისხზე (მუხლი 8.3);

9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებული იყო მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 5% (მუხლი 12.1). მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით (მუხლი 12.2) (იხ.ს/ფ 16-20).

10. დადგენილი, იქნა, რომ 2019 წლის 04 სექტემბერს, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება №1, რომლის თანახმადაც დაკორექტირდა ხელშეკრულების ღირებულება და იგი განისაზღვრა 129 462,63 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (იხ. ს/ფ 23). 23.07.2019წ. მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 ივნისს, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულების ფარგლებში, შემსრულებლის მიერ მიწოდებული და კომისიის მიერ მიღებული იქნა2019 წლის 13 ივნისიდან 2019 წლის 13 ივლისამდე შესრულებული სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულება წარმოდგენილი ფორმა №2-ის მიხედვით შეადგენდა 24 412,65 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიგადასახადების ჩათვლით (იხ. ს/ფ 335).

11. 11.09.2019წ. ინსპექტირების ანგარიშით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 ივნისს,მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები შესაბამისობაში იყო წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და შესრულებული სამუშაოებისღირებულება ინსპექტირების ჩატარების შედეგად შეადგენდა 53 113,46 ლარს, დარიცხვების გათვალისწინებით. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი ფორმა №2-ს მიეცა დადებითი შეფასება. აღნიშნული შუალედური სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული იქნა დამკვეთის მიერ (იხ. ს/ფ 76-90, 338).

12. 24.10.2019წ. ინსპექტირების ანგარიშით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 ივნისს,მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 03 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები შესაბამისობაში იყო წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და შესრულებული სამუშაოებისღირებულება ინსპექტირების ჩატარების შედეგად შეადგენდა 48 290,89 ლარს, დარიცხვების გათვალისწინებით. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი ფორმა №2-ს მიეცა დადებითი შეფასება. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი №3 გაფორმდა 2019 წლის 03 ოქტომბერს. აღნიშნული საბოლოო სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული იქნა დამკვეთის მიერ (იხ. ს/ფ 186-198, 326).

13. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ნარდობის ხელშეკრულებითგათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა, საბოლოოდ, სამუშაოები შესრულდა და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 03 ოქტომბერს. შესაბამისად, სამუშაოები შესრულდა 21 დღის ვადაგადაცილებით.

14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები დაობდნენ შესრულებული სამუშაოების ნაწილის ღირებულების ანაზღაურებაზე - 14 393,10 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გადაუხადა მას და უსაფუძვლოდ ჩაუთვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში. შესაბამისად, სარჩელი გამომდინარეობდა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, დაკორექტირდა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება და ნაცვლად, 129 462,63 ლარისა განისაზღვრა - 135 784,77 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

16. დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან - 13.06.2019წ., 91 კალენდალური დღის ვადაში - 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განეხორციელებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 13 ივლისამდე მოსარჩელის მიერ შესრულდა 24 412,65 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 2019 წლის 05 სექტემბრამდე - 53 113,46 ლარის ღირებულების სამუშაოები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მიიღო აღნიშნული შუალედური სამუშაოები და რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოების მოცულობებზე, ღირებულებებსა და ხარისხზე არ გამოუთვამს.

17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე კომპანიას შესასრულებელი დარჩა ბოლო ეტაპის 59 776,08 (135784,77-24 412,65-53 113,46=59 776,08) ლარის ღირებულების სამუშაოები. მოსარჩელე კომპანიამ სწორედ აღნიშნული ბოლო ეტაპის სამუშაოები შეასრულა 21 დღის ვადაგადაცილებით - ნაცვლად 12 სექტემბრისა სამუშაო 3 ოქტომბერს დაასრულა. აღნიშნულს, ანუ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამუშაოები არ დასრულებულა 12 სექტემბერს, არამედ დასრულდა 3 ოქტომბერს (ე.ი 21 დღის ვადაგადაცილებით ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიში ს.ფ. 190), რომლის თანახმად 2019 წლის 14 ივნისიდან 3 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 48 280,89 ლარს საქმეში (ს.ფ. 326-ზე) წარმოდგენილი მესამე, საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად 2019 წლის 3 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს ფორმა N2ის მიხედვით 48 503,32 ლარს. აღნიშნული აქტით უდაოდ დადასტურდა, რომ სამუშაოები დასრულდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2019 წლის 12 სექტემბერს არამედ 3 ოქტომბერს ე.ი. 21 დღის ვადაგადაცილებით.

18. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის (ე.ი. 2019 წლის 12 სექტემბრისათვის) დროისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 51 796,64 + I ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ოდენობა 24 412 ანუ = 76 208 ლარი (იხ I და II მიღება-ჩაბარების აქტები), ხოლო შეუსრულებელი 135 784-76 208=59 756 ლარის სამუშაო.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულებაში. აღნიშნული კი, წარმოშობდა მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. თუმცა, უარყოფილი იქნა მოპასუხის მოსაზრება პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგაშიების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა.

21. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია.

22. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც.

23. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - ანუ 51 936,52 ლარიდან.

24. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების 12.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.

25. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

26. სააპელაციო პალატამ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულიბაზე და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით დამკვეთს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, ასევე, არ დადასტურდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი. ამასთან, გათვალსწინებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს), შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ის ოდენობით სრულად უზრუნველყოფდა შემკვეთის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, ხოლო 21 დღის დაგვიანების გამო, მიუწოდებელი ,,მომსახურების“ ღირებულების 0.1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება, არაგონივრული იქნებოდა და გამოიწვევდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.

27. ამდენად, 51 936,52 ლარის ღირებულების სამუშოების 21 დღის დაგვიანებით შესრულებისათვის პირგასამტეხლო დაანგარიშდა 0,02%-ის ოდენობით და შეადგინა 218,19 ლარი(51 936,52x0,02%=10,39 ლარს x 21 დღეზე=218,19 ლარს). შესაბამისად, 2019 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, სსკ-ის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს ანგარიშში უსაფუძვლოდ ჩათვლი დარჩენილი გადაუხდელი საზღაური - 14 174,91 (14 393,10-218,19=14 174,91) ლარი.

28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე (მიმწოდებელი) დაჯარიმდა გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით და შესაბამისად, პირგასამტეხლომ (ჯარიმა) შეადგინა 14 393.10 ლარი. მოსარჩელის დაჯარიმება განხორციელდა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაზე თანდართული კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გარფიკის ყოველდღიური ვადა გადაცილებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავის მხრივ, მოსარჩელემ ტენდერში თავისი ხელმოწერით დაადასტურა შეთავაზებული პირობები. ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით.

30. ამასთან, აპელანტმა (მოპასუხე) კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, რომლითაც გასწორდა, №2/ბ-420-20 სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში დაშვებული უზუსტობა; გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში, ნაცვლად ჩანაწერისა: ,,დაეკისროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,გ.ე.ბ–ო“-ს სასარგებლოდ 14 055 ლარი“ მიეთითა: ,,დაეკისროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,გ.ე.ბ–ო“-ს სასარგებლოდ 14 174,91 ლარი“.

31. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული დაკისრებული თანხის ოდენობა - ნაცვლად 14 174,91 ლარისა, 14 055 ლარი, რაც წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას და სსსკ-ის 260-ე მუხლიდან გამომდინარე გასწორდა.

32. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:

33. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებულ განჩინებაზე, რომლითაც გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და მოპასუხისათვის (აპელანტი) დასაკისრებელი თანხის ოდენობად მიეთითა 14 174.91 ლარი, ნაცვლად 14055 ლარისა.

34. კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებულ და კონკრეტულ არგუმენტს გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ასევე, 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული კერძო საჩივარიც.

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. განსახილველი დავის საგანია მხარეთა შორის წარმოშობილი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობა. კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებასა და 14 393.10 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლიანობაზეა დამყარებული.

38. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიმართ კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

39. დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებელი (მოსარჩელე) ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან - 13.06.2019წ., 91 კალენდალური დღის ვადაში - 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განეხორციელებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში, არაუმეტეს ორჯერ. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 13 ივლისამდე მოსარჩელის მიერ შესრულდა 24 412,65 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 2019 წლის 05 სექტემბრამდე - 53 113,46 ლარის ღირებულების სამუშაოები. მოპასუხემ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მიიღო აღნიშნული შუალედური სამუშაოები და რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოების მოცულობებზე, ღირებულებებსა და ხარისხზე არ გამოუთვამს.

40. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე კომპანიას შესასრულებელი დარჩა ბოლო ეტაპის 59 776,08 (135784,77-24 412,65-53 113,46=59 776,08) ლარის ღირებულების სამუშაოები. მოსარჩელე კომპანიამ სწორედ აღნიშნული ბოლო ეტაპის სამუშაოები შეასრულა 21 დღის ვადაგადაცილებით - ნაცვლად 12 სექტემბრისა სამუშაო 3 ოქტომბერს დაასრულა (ინსპექტირების ანგარიში - ს.ფ. 190).

41. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის (ე.ი. 2019 წლის 12 სექტემბრისათვის) დროისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 51 796,64 + I ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ოდენობა 24 412 ანუ = 76 208 ლარი (იხ I და II მიღება-ჩაბარების აქტები), ხოლო შეუსრულებელი 135 784-76 208=59 756 ლარის სამუშაო.

42. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერებასთან მიმართებით, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს მოპასუხემ განახორციელა. პირველ რიგში, მხედველობაში იყო მისაღები ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცლების პერიოდი, რომელ პერიოდზეც მსჯელობაა წინამდებარე განჩინების პ: 41-ში და რომლის ოდენობა შეადგენს 21 დღეს.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ( შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

44. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

46. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

48. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

49. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.

50. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ პირგასამტეხლო დაიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია (21 დღე). პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან (იხ., ილონა გაგუა, „ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა“, 2017 წელი, გვ: 59-75). პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (შედრ: სუსგ № ას - 853 - 81 7 - 2014, 23 თებერვალი , 2015 წელი).

51. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (შდრ: სუსგ №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020; )

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. რაც შეეხება კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

56. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ-ები №ას-1369-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-636-597-2011, 24.06.2011წ., № ას-1489-2018, 31.01.2019წ.).

57. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1.სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 055 ლარი. 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელს უნდა ანაზღაურებოდა პირგასამტეხლოს ანგარიშში უსაფუძვლოდ ჩათვლილი დარჩენილი გადაუხდელი საზღაური - 14 174,91 (14 393,10-218,19=14 174,91)ლარი. თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად 14 174,91 ლარისა, მიეთითა 14 055 ლარი.

58. აღნიშნული წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას, რის გამოსასწორებლადაც სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით.

59. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ.

60. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ: სუსგ Nას-541-2019 , 26 დეკემბერი, 2019 წ.).

61. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

მ.ერემაძე