საქმე №ას-582-2021 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ს–ძე (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მხარეთა შორის 2018 წლის 10 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის აპრილში გარდაეცვალა მეუღლე. მოპასუხის მშობლები – მ. და ე. გ–ძეები დაპირდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ მის მოვლა-პატრონობას მდგომარების შეცვლამდე, რის საფუძველზეც 2018 წლის 10 აგვისტოს გააფორმა სადავო ჩუქების ხელშეკრულებები, გარდაბნის რაიონის სოფელ ........... არსებულ ერთადერთ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე.
3. ხელშეკრულებების გაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოსარჩელე, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის მოვლა უჭირდა, დარწმუნდა, რომ მოტყუვდა. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არათუ ეხმარებოდნენ და უვლიდნენ, არამედ ახსენებდნენ, რომ ქონება მისი აღარ იყო, მიმართავდნენ უხეში ფორმით და სრულიად მიუსაფარი და ავადმყოფი 2018 წლის 12 დეკემბერს, მოსავლელად და სამკურნალოდ იძულებული გახდა წაყოლოდა ძმისშვილს ახალციხეში, საიდანაც სახლში დაბრუნდა აპრილში, გარდაცვლილი მეუღლის წლისთავზე. მოპასუხე და მისი ოჯახი კვლავ განაგრძობდნენ უყურადღებობას და იჩენდნენ უმადურობას, რის შემდეგაც იძულებული გახდა, მოეთხოვა ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, რაზეც მოპასუხის და მისი მშობლების მხრიდან მოჰყვა სასტიკი უარი და აგრესია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არის 2018 წლის 24 აპრილს გარდაცვლილი მისი ბაბუის მეუღლე მეორე ქორწინებიდან, რომლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მხრიდან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მისი ნების უშუალო გამოხატულება იყო და მისივე დაჟინებული თხოვნით განხორციელდა. მოსარჩელე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი და გარდაცვლილი მეუღლის უძრავ-მოძრავი ქონება მოპასუხისათვის უნდა დაეტოვებინა ანუ გაეფორმებინა მის სახელზე.
5. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ მოპასუხის დედა სადავო ქონების ჩუქების შემდეგ მას მოვლა-პატრონობას დაპირდა. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ისედაც ყოველთვის დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ ბებია-ბაბუას მიმართ, რაც გაგრძელდა ბაბუის გარდაცვალების შემდეგაც. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელის მხრიდან იყო მადლიერების გამოხატვა ამ ყურადღებისა და მზრუნველობისათვის. მოპასუხე ყოველთვის ზრუნავდა მოსარჩელის კვებაზე, მოვლაზე, მკურნალობაზე, ასევე ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე, რაც გამოიხატებოდა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში. მოსარჩელე მისი ნების შესაბამისად, რჩებოდა გაჩუქებამდე თავის საკუთრებაში არსებულ სახლში, ხან მოპასუხის მშობლებთან. შესაბამისად, უმადურობას ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონებების ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ნაჩუქარი უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადება შეეხება 2018 წლის 10 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ადგილი აქვს დასაჩუქრებულის მიერ დიდი უმადურობის გამოჩენის და მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლიასთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. სსკ-ის 530-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის არც 529-ე მუხლით და არც 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძვლები.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ, სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მიუთითა მოწმეთა (ლ.ს–ძე, გ.ი–ძე, ლ.ბ–ძე, ნ.ს–ძე) ჩვენებებზე, რომლებიც განმარტავდნენ, რომ მოპასუხე და მისი მშობლები უყურადღებობას იჩენდნენ და არ ზრუნავდნენ მოსარჩელეზე, ასევე მოპასუხის დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები იმ საფუძვლით, რომ მოწმეები უშუალოდ ფაქტის შემსწრენი არ ყოფილან, აღნიშნული მათ იციან მხოლოდ მოსარჩელის გადმოცემით. რაც შეეხება ლ.ს–ძისა და ნ.ს–ძის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ მოსარჩელეს სურდა სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმება და ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ გააფორმებინეს, ამ კუთხით საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენდა არა ჩუქების გაუქმების, არამედ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენდა.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა იმ განმარტებაზე, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მოპასუხის ოჯახი მოსარჩელის მიმართ იჩენდა უმადურობას იმ მხრივ, რომ მას ტოვებდნენ მარტო, მოსარჩელე იყო მოხუცი და მას სჭირდებოდა მუდმივი მეთვალყურეობა, საკვები პროდუქტები და ასევე მედიკამენტები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმის – ლ.ო–ძის ჩვენებაზე, რომ მხარეებს ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, აღნიშნული დაადასტურა ასევე მოწმე მ.ი–ძემ, რომელმაც განმარტა, რომ ისინი ყურადღებას იჩენდნენ მოსარჩელის მიმართ, უყიდეს მაცივარი, ტელევიზორი, მიჰქონდათ სურსათი. აღნიშნული ნაწილობრივ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც დაადასტურეს. მედიკამენტების, სურსათის ყიდვის, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია მოპასუხის მიერ (2020 წლის 10 მარტსა და 29 ივნისს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის დაფარვის გრაფიკი; ბანკიდან ამონაწერი; კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები; მედიკამენტების და პროდუქტების შესყიდვის ქვითრები).
16. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოპასუხის მხრიდან ეს გამოიხატა მჩუქებლის სასარგებლოდ კომუნალური გადასახადების გადახდაში, ასევე დასტურდება მოსარჩელის ყოფითი ცხოვრების გაუმჯობესება, რაც გამოიხატება საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედებად უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ასევე საკვები პროდუქტების შეძენა, რაც ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც ნაწილობრივ დაადასტურეს. მოსარჩელის თავისუფალ გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე თავისი სურვილისამებრ ცხოვრობს იმავე სახლში, რომელიც გააჩუქა და არავინ უშლის ხელს იქ ცხოვრებას.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ გაუარესდა და მას არ აქვს საკუთარი თავის რჩენისათვის საარსებო საშუალება. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი და იღებს კანონით დადგენილ შემწეობას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მას პირველად სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ქულა მიენიჭა 2010 წლის 2 მარტს, შემდეგ – 2014 წლის 19 თებერვალს, 2016 წლის 11 აგვისტოს, 2018 წლის 19 მაისს და 2018 წლის 18 ივნისს. ჩუქების ხელშეკრულება კი მოდავე მხარეთა შორის დაიდო 2018 წლის 10 აგვისტოს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ არ გაუარესებულა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაახასიათა რა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. ფაქტობრივად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მშობლებმა გამოხატეს უმადურობა, არ უვლიდნენ მას და მოსარჩელე იძულებული გახდა, სხვა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად თავის ძმისშვილთან, რათა მიეღო საჭირო მზრუნველობა. შესაბამისად, კასატორის მიმართ დაირღვა კეთილსინდისიერების, ზნეობრივი და სამართლიანი ქცევის ელემენტები.
20. კასატორმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინები პირობა, ვინაიდან გაჩუქებიდან გასულია 2 წელი და 9 თვე, ხოლო მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არსებითად კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. სადავო უძრავი ნივთის გაჩუქებით მას შესაძლებლობა მოესპო, გაექირავებინა იგი და მიეღო შემოსავალი ან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით განეკარგა ქონება, მოვლისა და ფინანსური მხარდაჭედის სანაცვლოდ.
21. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის №ას-710-676-2015 გადაწყვეტილებით დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გამჩუქებლის პრეტენზია.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 148-ე და 149-ე მუხლები, რადგან არასათანადოდ დაკითხა მოწმეები, არ დაუსვა საჭირო კითხვები. ასევე არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოწმეები – პირადად არ შესწრებიან მომხდარს. მათ დაადასტურეს, რომ არაერთხელ პირადად შესწრებიან, რომ მოსარჩელე იყო სახლში მარტო, მშიერი და მოუვლელი. მხარემ ყურადღება გაამახვილა მოწმე ლ.ო–ძის განმარტებაზე, რომელიც რეალურად არ შესწრებია სადავო მოვლენებს, მან სასამართლოს გადასცა მოპასუხის მონაყოლი. აღნიშნულმა მოწმემ მიუთითა, რომ მოპასუხე კვირაში სამჯერ დადიდოა მოსარჩელესთან, თუმცა არც მოსარჩელის ადვოკატმა და არც თავად სასამართლომ არ გამოარკვია, თუ როდის ასწრებდა მოპასუხე მოსარჩელის მონახულებასა და მოვლას მაშინ, როცა სამსახურის შემდეგ უნდა გაევლო დაახლოებით ერთსაათიანი გზა საკუთარ სახლამდე, მოწესრიგებულიყო, დაეხარჯა 20 წუთი მოსარჩელის სახლამდე მისასვლელად, შემდეგ კი ენახა მოწმე და გადაეცა მოსარჩელესთან ყოფნის ამბავი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
23. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მოპასუხის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხის დედის მიერ მისთვის სახეში გარტყმის ფაქტს უშუალოდ არავინ შესწრებია, თუმცა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გარტყმის შედეგად სახისა და ყბის ტკივილზე მოსარჩელე მოწმეთა თანდასწრებით გამოთქვამდა პრეტენზიას, რაც ხელს უშლიდა საუბარსა და ჭამაში.
24. კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისათვის ტელევიზორი და მაცივარი შეიძინა ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული თანხით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო კრედიტის დაფარვის ამონაწერით კი არ დასტურდება, რომ აღნიშნული დოკუმენტებით გაფორმებული მაცივარი სწორედ მოსარჩლეეს გადაეცა, რადგან მოპასუხემ ამ პერიოდში სხვა ნივთებიც შეიძინა პირადი მოხმარებისათვის. მაცივრის იდენტიფიცირება კი ვერ მოხერხდა, რადგან მოპასუხემ იგი სადავო სახლიდან გაიტანა. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სიმცირე ადასტურებს, რომ მას მაცივარი არც ჩაურთავს, რადგან შესანახი პროდუქტი არ გააჩნდა.
25. კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მედიკამენტების უმრავლესობაც არ იყო მოსარჩელისათვის განკუთვნილი. ასევე, 9 თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ დახარჯული კომუნალური გადასახადებზე – 15 ლარისა და საკვებისათვის 48 ლარის დახარჯვა არ წარმოადგენს მოსარჩელე მზურველობისა და პატრონობის მტკიცებულებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი 2020 წლამდე, რაც მისი სიღატაკის მანიშნებელია.
26. კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების – 2000 ლარის დაკისრების შესახებ.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონებების ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ნაჩუქარი უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
31. განსახლველი დავა ეფუძნება მოსარჩელის პრეტენზიას, რომ არსებობს ჩუქების ხელშეკრულებების სსკ-ის 529-ე და 530-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს კერძო სამართლის ისეთ ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, როგორიცაა მხარეთა კერძო ავტონომია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძველი ხდება. უპირველესად, ეს გამოიხატება ხელშეკრულების თავისუფლებით, რომელსაც სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს.
33. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012).
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).
35. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება.
37. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საკუთრების უფლება სუბსტანციურად შეზღუდული უფლებაა. კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდვა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის ერთი მონაწილის (დასაჩუქრებულის) შეზღუდვას მეორე მონაწილის (მჩუქებლის) სასარგებლოდ. დიდი უმადურობით გამოწვეული ვნების სუბიექტი მჩუქებელია, რაც განპირობებულია ჩუქების განსაკუთრებული ზნეობრივ-სამართლებრივი ხასიათით. ჩუქების გაუქმების ნებადართულობით, სამართალი იცავს საზოგადო ინტერესებსაც, რადგან საზოგადო ინტერესი გულისხმობს სტაბილურ, უსაფრთხო და გაწონასწორებულ სამოქალაქო ბრუნვას, როცა ბრუნვის მონაწილეების ქცევები კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერია ამ ინტერესის გამოხატულება, ვინაიდან დასაჩუქრებულის არაზნეობრივი მოქმედება ძირს უთხრის ნაჩუქრობის, როგორც მორალურ სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტის არსებობას (იხ. თ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში (ავტორთა კოლექტივი), თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, 2017, 250.).
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
39. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია, ნამდვილი და, შესაბამისად, უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძვლები, ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება ან ვინ არის მჩუქებლის ახლო ნათესავი. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
41. სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი). „საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა იმგვარი ნათესაური კავშირი- მამაშვილობა, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს“ (შდრ. სუსგ №ას-984-924-2012, 16 ივლისი, 2012).
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 529 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად განსაზღვრულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ჩუქება გაუქმებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დასაჩუქრებულის უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მოტივით, მჩუქებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება. გერმანული სამართლის მსგავსად, რომელიც გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლით მოწესრიგებული მოთხოვნის საფუძველზე ამყარებს, (შდრ. Koch in MüKo, BGB, Band 3., 5.Aufl. §531, Rn.2. Gehrlein in Bamberger, Roth (Hrsg.), BGB Komm. 3. Aufl. §531, Rn.2. Hoppenz in Prutting/Wegen/Weinreich (Hrsg.), BGB Komm. 2006, §531, Rn.2.), ქართულ სინამდვილეშიც გაჩუქებული ქონების დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1011-954-2015, 18 მარტი, 2016; შდრ. №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015.).
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. სსკ-ის 530-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
46. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცების წესის დარღვევა მხარეთათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
47. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
48. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
49. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ შეაფასა თავად მხარეთა პოზიცია, მოწმეთა ჩვენებები, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებანი და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 529-ე და 530-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
50. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის მითითება იმ საკითხზე, მოპასუხე საკმარისად ზრუნავდა თუ არა მოსარჩელეზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სსკ-ის 529-ე და 530-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების, როგორც თვალთმაქცური გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ, სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.
51. რაც შეეხება მოპასუხის ოჯახის წევრების მხრიდან მოსარჩელისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას, თავად კასატორი ადასტურებს, რომ აღნიშნულ ფაქტს არცერთი მოწმე არ შესწრებია. ამდენად, მითითებული გარემოება, მოსარჩელის განმარტების გარდა, სხვა, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებულად ვერ ჩაითვლება.
52. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება სადავო ჩუქების ხელშეკრულებების სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე გაუქმების შეუძლებლობის შესახებ, სააპელაციო პალატის დასაბუთებას (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 17).
53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია იურიდიული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ე. გასიტაშვილი