საქმე №ას-560-2021 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ტ.ქ–ი, მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ტ.ქ–მა და მ.მ–ძემ (შემდეგში: პირველი და მეორე მოსარჩელე ან პირველი და მეორე კასატორი) სხვა პირებთან ერთად, სარჩელი აღძრეს შპს ,,ი.მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს 2019 წლის მარტის თვის გაუცემელი ხელფასის, ასევე, 2 თვის კომპენსაციის დაკისრება.
2. სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელეები მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმდნენ შემდეგ პოზიციებზე: პირველი მოსარჩელე - შეფ.მზარეული; მეორე მოსარჩელე - მზარეული; მოსარჩელეები ყოველთვიურად ხელფასის სახით ღებულობდენ შემდეგ თანხას: პირველი მოსარჩელე - 1500 ლარი; მეორე მოსარჩელე - 800 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეები სამსახურიდან დაითხოვა 2019 წლის 15 მარტს. მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2 თვის კომპენსაცია და მარტის თვის ხელფასი.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობებზე და ხელფასის სახით ღებულობდენ სარჩელში აღნიშნული ოდენობის თანხას, მაგრამ შრომითი ურთიერთობა მოპასუხის ინიაციტივით არ შეწყვეტილა. პირველი მოსარჩელე მოპასუხეს ვერ შეუთანხმდა ხელფასის მომატებაზე. აღნიშნულის გამო, პირველმა მოსარჩელემ სხვა დასაქმებულები წააქეზა და მათ, საკუთარი ინიციატივით მიატოვეს სამსახური და აღარ გააგრძელეს შრომითი ურთიერთობა. მოპასუხემ, მოსარჩელეებს მოსთხოვა სამუშაოს შესასრულებლად დაბრუნება, მაგრამ მოსარჩელეები სამსახურში არ დაბრუნდნენ. აღნიშნულის გამო, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს კომპენსაცია არ ეკუთვნით. მათ ასევე, არ ეკუთვნით მარტის თვის ხელფასი, რადგანაც მათ მარტის თვის ხელფასი ანაზღაურებული აქვთ.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 750 ლარის გადახდა, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 350 ლარის გადახდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მიუღებელი ხელფასისა და 2 თვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 50 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 50 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. პირველი მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო იყო შეფ - მზარეულად და ხელფასის სახით ღებულობდა თვეში 1500 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელე დასაქმებული იყო მზარეულად და ხელფასის სახით ღებულობდა თვეში 800 ლარს.
9. დადგენილია, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია 2019 წლის 15 მარტიდან.
10. პროგრამული ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი მოსარჩელეებს მიღებული აქვთ, ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდისთვის, მოსარჩელეებს მოპასუხისაგან არ აქვთ მიღებული ხელფასი (ს.ფ. 147-163).
11. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეების სახელზე შეადგინა წერილები, სადაც მიუთითა, რომ შეტყობინების ადრესატმა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, მიატოვა სამუშაო ადგილი, რის გამოც, საწარმოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. წერილი შეიცავს გაფრთხილებას სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნისა და ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
12. დადგენილია, რომ ფოსტამ 2019 წლის 18 მარტს და 28 მარტს მოპასუხისაგან მიიღო მოსარჩელეების სახელზე გასაგზავნი წერილები (ს.ფ. 23-27).
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინებაში მითითებულ მოსარჩელეებთან ერთად სამუშაოდან გათავისუფლებულ ზოგიერთ პირს ჩაბარდა ზემოაღნიშნული წერილები, ზოგიერთ მათგანს კი - არა. (იხ. ტ.2. ს.ფ. 111).
14. დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მარტის შემდეგ მოპასუხეს გათავისუფლებულ მუშაკებთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაციის მცდელობა. ნაწილმა გათავისუფლებულმა პირებმა ჩაიბარა გზავნილი. დადგენილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობში მოპასუხეს თავისუფალ პოზიციებზე ახალი დასაქმებულები არ მიუღია.
15. სააპელაციო პალატამ სშკ-ის 38-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48-ე მუხლი) გათვალისწინებული მუხლებით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ 2 თვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა უნდა შეფასებულიყო პირველ რიგში, იმის მიხედვით, თუ ვინ იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი - დამსაქმებელი თუ დასაქმებულები (მოსარჩელეები). ასევე, მიღებული აქვთ თუ არა მათ შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (2019 წლის მარტის თვის ხელფასი). ამ საკითხის შესაფასებლად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მიიჩნია, რომ დასაქმებულთა საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინათ, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, ხოლო დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა, რომ პირიქით, შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს დასაქმებულებმა. ამ გზით, მხარეებს მიეცემოდათ მტკიცებულებათა გაბათილების შესაძლებლობა.
16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანია წარმოადგენდა კვების ობიექტს, ხოლო კვების ობიექტიდან ერთდროულად ყველა თანამშრომლის გათავისუფლება არ უნდა ყოფილიყო დამსაქმებლის ინტერესებში. აღნიშნულ მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ის გარემოებაც ამყარებდა, რომ დამსაქმებელი დასაქმებულებთან გაგზავნილი წერილით, მათ სთხოვდა სამსახურში დაბრუნებას. ამის საპირისპირო გარემოებაზე მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ და არც მტკიცებულება წარმოუდგენიათ. პირიქით, მათ მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნა არც კი შეეხებოდა სამსახურში აღდგენას (დაბრუნება პირვანდელ თანამდებობაზე) არამედ, მოსარჩელეთა ინტერესს მარტის თვის ხელფასის და 2 თვის კომპენსაციის თანხის დაკისრება წარმოადგენდა.
17. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე წერილობითი შეტყობინებების გაგზავნით, მოსარჩელეებს სთხოვდა სამსახურში დაბრუნებას და შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას (მოსარჩელეებმა მოპასუხისგან სხვა შინაარსის წერილების მიღება ვერ დაამტკიცეს). ეს გარემოება კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აქარწყლებდა მოპასუხის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნების არსებობას, რაც თავის მხრივ, იმის დასტურია, რომ დასაქმებულებმა თვითნებურად მიატოვეს სამუშაო ადგილი, რითაც, ფაქტობრივად მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორების როლი შეასრულეს.
18. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ სამუშაოს პირადი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
19. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების ქმედება - განმარტებების გარეშე, სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შეფასდეს, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნების გამოხატვა და ეს ნება დამსაქმებელმა მიიღო, მოსარჩელეთათვის სამუშაო ადგილზე გამოცხადების თხოვნისა და წერილობითი გაფრთხილებების გაგზავნის შემდეგ.
20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც აპელანტებს სურთ, კერძოდ, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით დადგენილი წესებიდან გამომდინარეობს.
21. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს 2019 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდის ანაზღაურება არ მიუღიათ. ამ მიმართებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოპასუხის მიერ 2019 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდისთვის მოსარჩელეთა ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სარჩელი, სააპელაციო საჩივარი, მხარეთა განმარტებები) თანახმად, მეორე მოსარჩელის ხელფასი 800 ლარი იყო, მისი ნახევარი თვის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 400 ლარით და არა 350 ლარით.
22. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად (ახალი რედაქციით 47.1.,,დ“ მუხლი), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
23. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას კომპენსაციის გაცემის წესი დადგენილია კანონით და მისი გაცემის საფუძველი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებთან ერთად, არის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით. სხვა საფუძვლით სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლება არ იწვევს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. დასაქმებულის ინიციატივით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებლის მიერ კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას კანონი არ ითვალისწინებს.
25. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლებული არიან პირადი ინიციატივით, დამსაქმებლისგან კომპენსაციის გაცემის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
26. მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, როგორც მიუღებელი ხელფასის დაკისრების, ასევე, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტის ნაწილში, არსებითად, დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეცდომით იქნა დაანგარიშებული მეორე მოსარჩელის ნახევარი თვის ხელფასი, ამ ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა (პირველი და მეორე მოსარჩელე) წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
28. კასატორები სადავოდ ხდიან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მათივე ინიციატივით (ნებით) და მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის სშკ-ის 37 მუხლის „დ“ პუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი) შეფასებას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათი გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც საწარმოო აუცილებლობით სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება. კასატორები აღნიშნავენ, რომ დამსაქმებელმა ისინი დაითხოვა იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში, მათ კვლავ დააბრუნებდნენ დაკავებულ თანამდებობაზე.
29. კასატორები აღნიშნავენ, რომ მხარეთა შორის არსებობდა კომუნიკაცია და დამსაქმებელი პირობად უყენებდა დასაქმებულებს, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამსახურში, თუ დასთანხმდებობდნენ კომუნალური დანახარჯების (სამზარეულოში ონკანის მოშვების შედეგად წყლის დაღვრა) ანაზღაურებას, რაზეც უარი განაცხადეს, ამის გამო კი დამსაქმებლისაგან მათ უარი ეთქვათ სამსახურში დაბრუნებაზე. სწორედ ამის შემდეგ მოიფიქრა დამსაქმებელმა გაფრთხილების წერილების შედგენა სამუშაოს თვითნებურ მიტოვებაზე.
30. კასატორები აღნიშნავენ, რომ შეტყობინების - გაფრთხილების წერილების დასაქმებულებზე ჩაბარება უნდა დადასტურებულიყო კორესპონდენციის ჟურნალზე ხელმწერით, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ აქვს დამსაქმებელს.
31. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლომ გვერდი აუარა მთელ რიგ გარემოებებს, რათა შეგნებულად დაედგინა, რომ სამუშაოს მიტოვების ინიციატორები სწორედ დასაქმებულები იყვნენ. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხე კომპანიაში ერთდროულად რამდენინე პირი გათავისუფლდა სამუშაოდან და არა მხოლოდ პირველი და მეორე მოსარჩელე. ამ პირებმა, პირველ და მეორე მოსარჩელესთან ერთად წარადგინეს სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში და სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, სადაც გაფრთხლების წერილების ჩაბარების საკითხზე მსჯელობდა, არ დააკონკრეტა კონკრეტულად რომელ მოსარჩელეს არ ჩაბარდა გაფრთხილების წერილი, რაც შეგნებულად გააკეთა. გაფრთხილების წერილი კასატორებს არც პირადად და არც ოჯახის წევრის მეშვეობით არ ჩაბარებიათ. ფოსტის რეესტრზე ხელმომწერი პირები დასაქმებულთა ოჯახის წევები რომ არიან, ეს არ დასტურდება. ამასთან, დაუდგენელია, ფოსტის რეესტრის მიხედვით რა სახის კრესპონდენციიაზეა საუბარი და არის თუ არა ეს ნამდვილად გაფრთხილების წერილები. შესაბამისად, კასატორებისათის გაუგებარია, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა მათ მიმართ სარჩელი. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხე კომპანიას მუშაობა არ შეწყვეტია, რაც დასტურდება აუდიტორული დასკვნით. აღნიშნული კი, დაუსაბუთებელს ხდის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მოპასუხე კვების ობიექტია და მის ინტერესებში არ უნდა ყოფილიყო დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 50 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 50 ლარის გადახდა.
35. განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა მოთხოვნას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა 16.03.2019წ-დან 31.03.2019წ-მდე ხელფასისა და 2 თვის კომპენსაციის გადახდაზე (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ.2.).
36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ:
37. - პირველი მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ხელფასის სახით ღებულობდა თვეში 1500 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელე - 800 ლარს.
38. - მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია 2019 წლის 15 მარტიდან.
39. - პროგრამული ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი მოსარჩელეებს მიღებული აქვთ, ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდისთვის, მოსარჩელეებს მოპასუხისაგან არ აქვთ მიღებული ხელფასი (ს.ფ. 147-163).
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 31-ე მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციით 41-ე მუხლი) მიხედვით, შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ.
41. ამდენად, შრომის სამართლის მარეგულირებელი ნორმები ადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების ვალდებულებას და დასაქმებულის მიერ დაქვემდებარების პრინციპით სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე კომპანია მხოლოდ 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით იყო ვალდებული პირველი და მეორე მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა ხელფასი. შესაბამისად, თუკი პირველი მოსარჩელის ხელფასი 1500 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელისა 800 ლარს შეადგენდა, ნახევარ თვეზე დამსაქმებელს უნდა გადაეხადა პირველი მოსარჩელისათვის 750 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელისათვის 400 ლარი.
42. მოცემულ შემთხვეაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა გაუცემეელი ხელფასის - 750 ლარის გადახდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ 350 ლარი დააკისრა მოპასუხეს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დამატებით 50 ლარი მიაკუთვნა მეორე მოსარჩელეს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებულია.
43. რაც შეეხება 2 თვის კომპენსაციის მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილშიკასატორთა პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
44. სშკ-ის ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, კასატორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდებოდათ 2 თვის კომპენსაცია, თუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორები დასაქმებულები არ იქნებოდნენ. კასატორთა პრეტენზიაც სწორედ ამ მიმართულებითაა წარმოდგენილი, კერძოდ, კასატორები მიიჩნევენ, რომ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საწარმოოს აუცილებლობიდან გამომდინარე და მაშასადამე აღნიშნული უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა სშკ-ის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტით, არამედ „ა“ პუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციით სშკ-ის 47 მუხლი). კასატორები აღნიშნავენ, რომ დამსაქმებელმა ისინი დაითხოვა იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში, მათ კვლავ დააბრუნებდნენ დაკავებულ თანამდებობაზე. მხარეთა შორის არსებობდა კომუნიკაცია და დამსაქმებელი პირობად უყენებდა დასაქმებულებს, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამსახურში, თუ დასთანხმდებობდნენ კომუნალური დანახარჯების (სამზარეულოში ონკანის მოშვების შედეგად წყლის დაღვრა) ანაზღაურებას, რაზეც უარი განაცხადეს, რის გამოც დამსაქმებლისაგან მათ უარი ეთქვათ სამსახურში დაბრუნებაზე. სწორედ ამის შემდეგ მოიფიქრა დამსაქმებელმა გაფრთხილების წერილების შედგენა სამუშაოს თვითნებურ მიტოვებაზე (იხ. საკასაციო საჩივარი).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კვლევის საგანია, თუ რეალურად რა გახდა დასაქმებულთა გათავისუფლების საფუძველი. მხოლოდ მხარეთა მითითება, არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასადგენად. რეორგანიზაცია, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ მუხლის მიხედვით, საწარმო/დაწესებულება/ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული ცვლილებაა, რომელიც პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუ ეს გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგებმა განაპირობა და არა უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესმა (შდრ: იხ. სუსგ: №ას-732-732-2018, 14.02.2020წ.; №ას-665-636-2016, 9.12.2016წ.; №ას-883-845-2014, 30.01.2015წ.; №ას-1325-1263-2014, 8.04.2015წ.).
46. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელი უარყოფს, რომ დასაქმებულთა გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით განხორციელდა, საპირისპირო ვარგისი მტკიცებულება არც დასაქმებულებს (კასატორები) წარმოუდგენიათ. პირიქით, დადგენილია სამუშაო ადგილზე დასაქმებულ პირველ და მეორე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნების გამოხატვა და ეს ნება დამსაქმებელმა მიიღო, მოსარჩელეთათვის სამუშაო ადგილზე გამოცხადების თხოვნისა და წერილობითი გაფრთხილებების გაგზავნის შემდეგ (იხ., ტ. 2. ს.ფ. 114).
47. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებს ამ ნაწილშიც დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არა დასაქმებულთა ინიციატივით, არამედ, რეორგანიზაციის საფუძვლით განხორციელდა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48-ე მუხლი) მართებულად მოაწესრიგეს.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება საპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ ამ შემთხვევაში, დასაქმებულებს არ მიეცემა კომპენსაცია, რამდენადაც, როგორც აღინიშნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას კომპენსაციის გაცემის წესი დადგენილია სსკ-ით და მისი გაცემის საფუძველი სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებთან ერთად (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48-ე მუხლი), არის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით. სხვა საფუძვლით სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლება არ იწვევს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. დასაქმებულის ინიციატივით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებლის მიერ კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას კანონი არ ითვალისწინებს.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;).
50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
52. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
54. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
56. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს, თავის მხრივ, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას.ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ, წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
58. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
59. განსახილველ შემთხვევაში, მხართა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი მოწესრიგებიდან, სადაც განსხვავებულადაა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული, თუმცა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დასაქმებულები სადავოდ ხდიან სამუშაოს თავისი ინიციატივით (თვითნებურ) მოტოვებას, საპირისპირო მტკიცების ტვირთი სწორედ მათ დაეკისრათ, რომლებმაც წარმატებით თავი ვერ გაართვეს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეების მოთხოვნას დარჩენილი ხელფასი და 2 თვის კომპენსაცია წარმოადგენდა და, არა სამუშაო ადგილზე აღდგენა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.ქ–ის და მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლ.მიქაბერიძე
ე. გასიტაშვილი