საქმე №ას-472-2021 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ბ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 2006 წლის 12 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 12 ივლისიდან. მთელი პერიოდის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, მხარეებს ერთად ყოფნა ხშირად არ უწევდათ. ისინი დაახლოებით 5 წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ვერ ეწყობიან ერთმანეთს.
3. მეუღლეთა თანაცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, მოსარჩელეს შექმნილი აქვს ფაქტობრივი ოჯახი სხვა ქვეყანაში სხვა ადამიანთან.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, მართალია, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 2006 წლის 7 აპრილს შეეძინათ შვილი, რომელსაც დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და სისტემატიურად იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 12 ივლისს მხარეები დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – 2006 წლის 7 აპრილს დაბადებული შ.მ–ი. რამდენიმე წელია, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე – ქ.თბილისში, ხოლო მოსარჩელე – თურქეთის რესპუბლიკაში.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მეუღლეთა შესარიგებლად ვადის დანიშვნის მიზანშეწონილობას გამორიცხავს.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ასევე, ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, მოსარჩელის პოზიციის მოსმენის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს. მოსარჩელე მხარე სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრობს და მისი სამომავლო საოჯახო გეგმები ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ ითვალისწინებს.
10. სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნია, რომ, შესარიგებელი ზომების გამოყენების მიუხედავად, მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა შორის პოზიციების დასაახლოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული არ არის, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
13. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
14. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე სასამართლოსგან შესარიგებელი ვადის განსაზღვრის აუცილებლობაზე უთითებდა, შესაბამისად, სწორედ მას უნდა ემტკიცებინა გარემოებები, რომ აღნიშნული ვადის მიცემა მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის რეალურ წინაპირობას შექმნიდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, თავად აპელანტმა განმარტა, რომ მოდავე მხარეთა შორის კომუნიკაცია არ არსებობს, მართალია, მხარემ აღნიშნულის მიზეზად მოსარჩელის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შესახებ მიუთითა, თუმცა სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით აღნიშნული გარემოება ვერ დადასტურდა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის აღდგენისთვის ორმხრივი მზაობა არსებობდა.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 93-ე მუხლის შინაარსზე და აპელანტის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოსარჩელის სახელით სასამართლოში გაჟღერებული პოზიცია (შერიგების სურვილის არქონის შესახებ) აღარ წარმოადგენდეს ამ უკანასკნელის ნამდვილ ნებას და განმარტა, მოსარჩელის სახელით მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, საქმეს ერთვის წარმომადგენლის სახელზე სანოტარო წესით გაცემული მინდობილობა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, საქმეში წარმოდგენილია წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ წარმომადგენელი წარმოდგენილი პირის სახელით და მის ინტერესებში მოქმედებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც აღნიშნულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა და სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით პოზიცია შეცვალა. აღნიშნულის საპირისპიროდ, აპელანტმა თავად დაადასტურა, რომ მას მოსარჩელესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ხელი არ შეუწყო მხარეთა ოჯახის შენარჩუნებას, არ გაითვალისწინა, რომ მათ ჰყავდათ არასრულწოვანი შვილი, რომელიც განიცდის ოჯახის დანგრევის ფაქტს და აქვს ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა.
18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა განესაზღვრა მხარეთათვის შესარიგებელი ვადა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
22. 2006 წლის 12 ივლისს მხარეები დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – 2006 წლის 7 აპრილს დაბადებული შ.მ–ი. რამდენიმე წელია, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე – ქ.თბილისში, ხოლო მოსარჩელე – თურქეთის რესპუბლიკაში.
23. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატას უნდა მიეცა მხარეთათვის ვადა შესარიგებლად და გაეთვალისწინებინა, რომ მეუღლეებს ჰყავდათ არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
26. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
27. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ 15.02.2019წ. საქმე №ას-1753-2018).
28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მხარეთა შორის წლების მანძილზე საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილია. მეტიც, მოსარჩელე ცხოვრობს სხვა პირთან ერთად და უარს აცხადებს მოპასუხესთან ოჯახური თანაცხოვრების აღდგენაზე.
29. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არ მისცა მეუღლეებს შესარიგებელი ვადა.
30. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ 9.10.2003წ. საქმე №ას-225-921-03). საკასაციო პალატა იზიარებს წინამდებარე განჩინების პ. 14-ში განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა.
31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 4 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ.ბ–ას (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 4 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ე. გასიტაშვილი