Facebook Twitter

საქმე №ას-346-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.ჩ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის დავალიანების – 32 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 30 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2 000 აშშ დოლარი, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 12 მარტს მოპასუხეს გადასცა 30 000 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარში. სესხი გაიცა სარგებლის გარეშე და უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 12 სექტემბერს.

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო საერთო თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ხელშეკრულების მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სესხის სახით მიღებული თანხიდან 26 300 აშშ დოლარი დააბრუნა, ხოლო გადასახდელი 3 700 აშშ დოლარი გადასახდელი დარჩა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, 2012 წლის 12 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 10 100 (ათი ათას ასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 12 მარტს მოსარჩელემ, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც „იპოთეკარი“, მოპასუხეს, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც „მსესხებელი“ გადასცა 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. სესხი სარგებლის გარეშე გაიცა და იგი 2012 წლის 12 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.

9. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვადის დადგომისათვის მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 5 400 აშშ დოლარი (6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად – 900 აშშ დოლარი).

10. მოპასუხემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელეს 24 900 აშშ დოლარი გადაუხადა.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სადავოდ გამხდარი 6 400 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 317-ე მუხლის, 623-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. სამოქალაქო კოდექსის ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. სსკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულება არსებობდა, რომლისთვისაც საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება არ გათვალისწინებულა, სადავოდ არ გამხდარა.

14. სადავოდ არ გამხდარა ასევე არც ის გარემოება, რომ სასესხო ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, მეტიც, რაიონულ სასამართლოში მოპასუხემ მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში ცნო.

15. სააპელაციო საჩივრის საფუძვლების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა წარმოადგენს, გასცდა თუ არა სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას, როდესაც მოვალის მიერ გადახდილი თანხა სრულად პირგასამტეხლოდ არ დააკვალიფიცირა, არამედ მისი დიდი ნაწილი სესხის ძირითად თანხად მიიჩნია, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და, ამგვარად, მოვალეს, პირგასამტეხლოს სახით, დამატებით გადასახდელად 6400 აშშ დოლარი დააკისრა.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

17. როგორც სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკითაა დადგენილი, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ვალდებულების მოცულობის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მიიჩნიოს და შეამციროს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად 900 აშშ დოლარს უხდიდა, სულ მას 24 900 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, სესხის თავდაპირველ მოცულობას კი, 30 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღლად მიიჩნია და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება დაადგინა.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა მცირდება, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან რჩება გარკვეული ოდენობის გამოთავისუფლებული თანხა, რომლის სამართლებრივი ბუნებაც სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ანუ სწორედ სასამართლოა უფლებამოსილი, დაადგინოს პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად დარჩენილი თანხა ძირითადი ვალდებულების, თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ვალდებულების დაფარვას უნდა მიემართოს.

19. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების გამოყენება გასაჩივრებული არ არის, ივარაუდება, რომ აპელანტი ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს იმ ოდენობამდე შემცირებას, როგორც ეს სასამართლოს მიერ მოხდა. ასევე, პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლოს ზუსტად დაანგარიშება ვერ ხერხდება, მისი ოდენობა კეთილსინდისიერებისა და მხარეთა უფლებების თანაბარზომიერად დაცვის საწყისებზე უნდა განისაზღვროს. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხე მოსარჩელეს თანხას სხვადასხვა პერიოდულობით, ნაწილ-ნაწილ აძლევდა და იყო შემთხვევა, როდესაც თანხა ორი და სამი თვის განმავლობაში მიცემული არ ჰქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებული დღეებისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით გადახდილი 24 900 აშშ დოლარიდან 5 000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს თანხაში მართებულად ჩაითვალა, ხოლო დარჩენილი თანხა ასევე მართებულად გამოაკლდა სესხის ძირითად თანხას, რის შედეგადაც მოპასუხეს გადასახდელად 10 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) გადახდა დაეკისრა (საიდანაც მხარემ 3400 აღიარა).

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი მოქმედების პრინციპია განმტკიცებული, რომელსაც არ შეესაბამება კრედიტორის მიერ მიღებული სოლიდური თანხის მთლიანად პირგასამტეხლოში გაქვითვა, სესხის ძირითადი თანხის შეუმცირებლად. სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას აძლევს, ამ უფლების გამოყენების პირობებში კი, შემცირებული პირგასამტეხლოს ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხა, სწორედ სასამართლომ უნდა დააკვალიფიციროს, ანუ სამართლებრივი შეფასების გზით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, იგი ძირითადი თანხის თუ სხვა შეთანხმებული ვალდებულების ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.

21. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ გასცდენია სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც მისი უცვლელად დატოვების საფუძველია.

22. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტმა განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო დაწერილი, ვინაიდან იმ დროს, როდესაც მხარეს გადაწყვეტილება ჩაბარდა, მისი მიმღები მოსამართლე უკვე სხვა სასამართლოში ასრულებდა უფლებამოსილებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დღეს-დღეობით სასამართლო სისტემაში არსებული საქმეთა სიმრავლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მოსამართლეთა როგორც პალატებში, კოლეგიებში თუ შემადგენლობებში ასევე, სხვადასხვა სასამართლოებში გადაყვანის საჭიროება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოსამართლის სხვა სასამართლოში ან სხვა პალატაში გადასვლა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ვერ გახდება. აღნიშნულთან მიმართებით უნდა გაიმიჯნოს დრო, როდესაც მოსამართლე აცხადებს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და დრო, როდესაც გადაწყვეტილება ტექნიკურად მზადდება და მხარეებს გადაეცემა. მოსამართლის მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას უდევს საფუძვლად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ყალიბდება, შესაბამისად, გადაწყვეტილების მოგვიანებით მომზადება, თუნდაც იმ დროს, როდესაც მოსამართლე უკვე სხვა სასამართლოში ასრულებს მის უფლებამოვალეობას, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

24. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც მ.კ–ს მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში ხელი შეუშალა (მოტყუების ფაქტი), თუმცა, მას ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. აპელანტმა პალატას ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები მოტყუებით ჩაიწერა ან/და ის გარემოება, რომ მან ხელშეკრულებას მოტყუებით მოაწერა ხელი. საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ აპელანტის განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა კრედიტორისთვის 3600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების უსაფუძვლობა. იმ პირობებში, როდესაც იგი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლების გამოყენებას არ ასაჩივრებდა, გაურკვეველია პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის ოდენობა, რა ვალდებულების დაფარვას უნდა მოხმარებოდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხის მიერ სასესხო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა. მეტიც, რომ რაიონულ სასამართლომ მოპასუხემ მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში ცნო. აღნიშნული გარემოება რეალობას არ შეესაბამება.

27. კასატორის განმარტებით, მოპასუხე აღიარებდა 3700 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა 3400 აშშ დოლარი.

28. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება შეიცავს მსჯელობას ვინმე მ.კ–ის საქმეზე, რომელიც მოცემულ დავას არ შეეხება.

29. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა კრედიტორისათვის 3600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების უსაფუძვლობა. იმ პირობებში, როდესაც იგი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლების გამოყენებიას არ ასაჩივრებდა, გაურკვეველია პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის ოდენობა რა ვალდებულების დაფარვას უნდა მოხმარებოდა. პალატის ამგვარი დამოკიდებულება განჩინების დასაბუთებულობის მიმართ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

30. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების უსწორობა იმაში მდგომარეობს, რომ სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხისათვის 32 000 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც 30 000 აშშ დოლარი სესხის ძირია, ხოლო 2000 აშშ დოლარი – პირგასამტეხლო. ამასთან, მოსარჩელემ უარი განაცხადა მთავარ სხდომაზე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – 2000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე. შესაბამისად, სადავო დარჩა მხოლოდ 30 000 აშშ დოლარი. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ გადახდილი 5000 აშშ დოლარი ისე ჩათვალა პირგასამტეხლოდ, რომ აღნიშნული მოსარჩელეს არ მოუთხოვია. მართალია, მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებს, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრება არ წარმოადგენდა.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

34. 2012 წლის 12 მარტს მოსარჩელემ, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც „იპოთეკარი“, მოპასუხეს, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც „მსესხებელი“ გადასცა 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. სესხი სარგებლის გარეშე გაიცა და იგი 2012 წლის 12 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

35. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.

36. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვადის დადგომისათვის მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 5 400 აშშ დოლარი (6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად – 900 აშშ დოლარი).

37. მოპასუხემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელეს 24 900 აშშ დოლარი გადაუხადა.

38. წინამდებარე საკასაციო საჩივრით კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, როდესაც მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა, ვინაიდან მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელით არ მოუთხოვია. ასევე, გასაჩივრებული განჩინების ნაწილი შეეხება ფიზიკურ პირს, რომელიც მოცემულ დავაში ჩაბმული არ არის და აღნიშნულ საქმეს არ ეხება.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

46. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და განჩინებით ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

47. სსკ-ის 623-ე მუხლის [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], შესაბამისად, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს სესხის (ძირი თანხის) დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

49. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც.

51. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

52. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

53. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წელი, გვერდი 47).

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340, Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).

56. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., 590).

57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., Nას-971-2019, 28.10.2019წ.).

58. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

60. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

61. სასამართლო მტკიცების პროცესი - ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ - გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

62. სასამართლო შემეცნების ფორმების თვალსაზრისით საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები შეიძლება ორჯგუფად დავყოთ: ა) გარემოებები, რომლებიც განაგრძობენ არსებობას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (ე.წ. აწმყოს ფაქტები) და ამიტომ შესაძლებელია მათი გრძნობადი აღქმის გზით დადგენა და ბ) გარემოებანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში და ამიტომ მათი დადგენა უშუალო შემეცნების გზით შეუძლებელია. ასეთი ფაქტები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გაშუალებული გზით, მტკიცებულების გამოყენებით.

63. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება - დადასტურება.

65. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

66. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ემუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია.პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა.

68. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 420-ე მუხლები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე _ პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა; დ) შესრულების ვადის დადგომა; ე) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).მხარეთა შორის უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხისა და სარგებლის (რომლის ოდენობაც სადავო არაა), ასევე, პირგასამტეხლოს დაკირების მოთხოვნის ნაწილში, წარმატებულია სამოქალაქო კოდექსის 420-ე, 623-ე და 625-ე (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად) მუხლებიდან გამომდინარე“( შდრ. სუსგ №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.

70. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „მოვალის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, ნოტარიუსმა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე. მოსარჩელე (მსესხებელი) განმარტავდა, რომ მის მიერ გადახდილია სადავო თანხა, თუმცა, პალატის მოსაზრებით, თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება თვითკმარ საფუძველს არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალეს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა. ამდენად, მოსარჩელემ (მსესხებელმა) ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია“ (შდრ. სუსგ №ას-1755-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

71. სხვა საქმეებშიც დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პრეტენზია შეეხებოდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მსესხებლის მიერ წარმოდგენილი არაა [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. მან ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული თანხის ფარგლებში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. [სსსკ-ის 105-ე მუხლი]“(შდრ. სუსგ№ას-474-474-2018, 13 ივლისი, 2018 წელი;№ას-1425-1345-2017, 30 აპრილი, 2018 წელი;№ას-1452-1372-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).

72. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა საერთო თანხის 0.3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხემ მოსარჩელეს სხვადასხვა დროს სულ დაუბრუნა 24 900 აშშ დოლარი. თანხის დაბრუნებისას მისი სამართლებრივი დანიშნულება საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება.

73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელში მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მისთვის გადახდილი 24900 აშშ დოლარი მთლინად პირგასამტეხლოდ შეაფასა და ამის გათვალისწინებით, ძირი სესხის დასაფარავად მოითხოვა 30000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადასახდევინებლად დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ 92).

74. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

75. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.19), რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი 24900 აშშ დოლარიდან, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოდ უნდა მიჩნეულიყო მხოლოდ 5000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 19900 აშშ დოლარი კი - უნდა მიჩნეულიყო მოვალის მიერ სესხის ძირითად თანხაში გადახდილად (ამ ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა).

76. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია მსჯელობა ისეთი ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც მოცემულ დავასთან შეხება არ გააჩნდა.

77. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. წინამდებარე განჩინების პ.24) საქმეში არამონაწილე პირის მიმართ განვითარებულ მსჯელობას, სამართლებრივი გავლენა არ მოუხდენია განსახილველი საქმის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტაზე და წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს. სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

78. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

79. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

80. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

81. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

83. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 12 მაისს №10876459574 საგადახდო დავალებით გადახდილი 339 ლარისა და 2021 წლის 22 მაისს ლ.შ–ას მიერ №10926398.. საგადახდო დავალებით გადახდილი 727,23 ლარის, სულ – 1066,23 ლარის 70% – 746,36 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.კ–ის (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 12 მაისს №10876459574 საგადახდო დავალებით გადახდილი 339 ლარისა და 2021 წლის 22 მაისს ლ.შ–ას მიერ №109263.. საგადახდო დავალებით გადახდილი 727,23 ლარის, სულ – 1066,23 ლარის 70% – 746,36 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ე. გასიტაშვილი