Facebook Twitter

25 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-1061-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (განმცხადებელი, მოპასუხე) – შპს „M G.“ (წარმომადგენელი ა.კ–ი)

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ნ პ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „M G -ს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, საწარმო, პირველი კასატორი, განმცხადებელი) დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია ფიზიკური პირი - მ.მ–ი (შემდეგში - მსესხებელი, პარტნიორი ან დირექტორი).

2. 2015 წლის აგვისტოში, მსესხებელმა და თ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) ხელმოწერებით დაადასტურეს შეთანხმება ვალის აღიარებისა და დაფარვის შესახებ, შემდეგი შინაარსით:

„ერთი მხრივ თ.გ–ი და მ.მ–ი, შემდგომში წოდებულნი როგორც „კრედიტორები“ და მეორე მხრივ მ.მ–ი, შემდგომში წოდებული როგორც „მოვალე“... თანხმდებიან შემდეგზე: მოვალეს კრედიტორების წინაშე ერიცხება ფულადი დავალიანება 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალე აღიარებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ დავალიანებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ დავალიანებას დაფარავს 2016 წლის 30 ნოემბერს.“

3. ზემომითითებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე დავის მოსარჩელემ, პარტნიორის წინააღმდეგ 2017 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 150 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასახელებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მსესხებელს თ.გ–ის სასარგებლოდ 150 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, პარტნიორის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. პარტნიორს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი აქტივების სახით ერიცხებოდა უძრავი ქონება - ქ.ქუთაისში, ..... და 100%-იანი წილი საწარმოში.

საწარმოს, თავის მხრივ, საკუთრებაში ერიცხებოდა ქ.ქობულეთში, .....მდებარე უძრავი ნივთი - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სასტუმროს დანიშნულების შენობა-ნაგებობა.

პირველი მოპასუხის საქმიანობის საგანი სასტუმრო მომსახურების შესრულება იყო, რასაც ის თავის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული უძრავი ნივთის გამოყენებით ასრულებდა.

5. 2017 წლის 24 იანვარს, მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებულ - ქ.ქუთაისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადო თავისი ძმის მეუღლესთან, ნ.გ–ძესთან. იმავე დღეს უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ნ.გ–ძე აღირიცხა.

6. 2017 წლის 17 ივლისს დაფუძნდა „ნ პ–ი“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც - მოპასუხეები), რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე ნ.გ–ძეა, ხოლო დირექტორი - მსესხებლის მეუღლის ძმა – ა.ა–ძე.

7. სამეწარმეო რეესტრში მეორე მოპასუხის რეგისტრაციიდან მეორე დღეს, 2017 წლის 18 ივლისს, მოსარჩელე საწარმოსა და მეორე მოპასუხეს (დირექტორი, ა.ა–ძე) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ქობულეთში, ........ №42-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხე აღირიცხა.

ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგნის ღირებულება 3 250 000 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 3 240 000 ლარი მყიდველს (მეორე მოპასუხე) ბანკი „ქ–ში“ უნდა გადაეხადა.

8. მოსარჩელემ, სადავო გარიგების საფუძველზე დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

9. მეორე მოპასუხის დამფუძნებელი ნ.გ–ძე პირველი მოპასუხის დამფუძნებლისა და დირექტორის - მსესხებლის ძმის მეუღლეა (რძალი), ხოლო მეორე მოპასუხის დირექტორი ა.ა–ძე, მსესხებლის მეუღლის ძმაა (მაზლი).

10. მსესხებელს კრედიტორის (წინამდებარე დავის მოსარჩელე) მიმართ არ შეუსრულებია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულება.

11. პირველ მოპასუხეს, უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, რაიმე მატერიალური აქტივი აღარ ერიცხება. აქტივები არც მსესხებელს არ ერიცხება, გარდა საწარმოში (პირველი მოპასუხე) 100%-იანი წილისა.

12. წინამდებარე საქმის მოსარჩელეა კრედიტორი, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, მათ შორის 2017 წლის 18 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის საგნის პირველი მოპასუხის (წინამორბედი მესაკუთრე) საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2017 წლის 18 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ქ.ქობულეთში, .... №42-ში მდებარე უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ სადავო გარიგება კანონსაწინააღმდეგო (მოჩვენებითი) იყო.

სასამართლოს ეს დასკვნა რამდენიმე მოსაზრებას დაეფუძნა, კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები:

1). სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი აქტით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) მსესხებელს კრედიტორის (წინამდებარე საქმის მოსარჩელე) მიმართ ეკისრება 150 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

დაკისრებული თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და დაკისრებული თანხის ამოღება უნდა მოხდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულებისათვის დადგენილი წესით, რაც, ასევე, მოიცავს აღსრულების მიქცევას მოვალის აქტივებზე (მაგალითად, სასამართლო აქტით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, მოვალის კუთვნილი ქონების რეალიზაცია).

2). იმ პერიოდში, როდესაც კრედიტორი (წინამდებარე საქმის მოსარჩელე) ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა, მსესხებელმა განკარგა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ.ქუთაისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი). მსესხებელმა ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადო თავისი ძმის მეუღლესთან, ნ.გ–თან და ეს უკანასკნელი ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში იმავე დღეს აღირიცხა.

გარდა ამისა, მსესხებელმა, როგორც საწარმოს (პირველი მოპასუხე) დამფუძნებელმა და დირექტორმა, განკარგა საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ.ქობულეთში, ....... მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სასტუმროს დანიშნულების შენობა-ნაგებობა) და აღნიშნული ქონება გარიგების გაფორმების წინა დღეს დაფუძნებულ კომპანიას მიჰყიდა, რომლის დამფუძნებელია (100%-იანი წილით) მისი ძმის მეუღლე - ნ.გ–ძე, ხოლო დირექტორია მსესხებლის მეუღლის ძმა, ა.ა–ძე.

3). არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (შდრ. იხ. სუსგ. №ას-571-879-09, 30.04.2010).

15.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაუშვა პრეზუმფცია, რომ მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო პირველი მოპასუხის დამფუძნებელსა (მსესხებელი) და წინამდებარე საქმის მოსარჩელეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მსესხებელს მოსარჩელის მიმართ ეკისრებოდა (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტის საფუძველზე). ეს გარემოებები საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, რომ გარიგებაში მონაწილე საწარმოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი ფლებამოსილებით აღჭურვილი პირები (რომლებიც ერთმანეთის ნათესავები იყვნენ), სადავო გარიგების დადებისას მოქმედებდნენ განზრახვით - მსესხებელს თავიდან აერიდებინა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა ქმედება შეაფასა, როგორც უფლების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები). ამავდროულად, სასამართლომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება შეაფასა, როგორც მოჩვენებითი გარიგება (სსკ-ის 56.1 მუხლი).

15.3. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სადავო ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს არ გამორიცხავდა მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მსესხებელს რეალურად ჰქონდა განზრახული საწარმოს კუთვნილი ქონების რეალიზაცია, რა მიზნითაც 2014 წელს სარეკლამო ბანერები დაამზადებინა და საზოგადოებრივ სივრცეში განათავსა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სასტუმროს გაყიდვის შესახებ. ხსენებული გარიგების მოჩვენებით ხასიათს ვერც ის გარემოება ვერ გამორიცხავდა, რომ სადავო ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, საწარმომ (პირველი მოპასუხე) დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა გადაიხადა, რომელიც კრედიტორის (წინამდებარე საქმის მოსარჩელე) მიმართ მსესხებლის დავალიანებას აჭარბებდა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. მათ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:

16.1. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნამდვილი ნება გამოხატეს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეში არსებობს. სასამართლომ დეტალურად არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სადავო ხელშეკრულების დადების შედეგად სახელმწიფოს სასარგებლოდ დღგ-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დეტალური ახსნა-განმარტება, აგრეთვე, ცნობები უძრავი ქონების გაყიდვის საიტიდან და მის გასხვისებასთან დაკავშირებული განცხადებების განთავსების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ პირველი მოპასუხე ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებამდეც და შემდეგაც ცდილობდა ნასყიდობის საგნის გასხვისებას და სადავო ტრანზაქციის განხორციელებისას, მისი მიზანი არ ყოფილა ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება.

თუკი სასამართლო ზემომითითებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევდა და მხარეთა ახსნა-განმარტებებთან შეაჯერებდა, სწორ დასკვნამდე მივიდოდა და მხოლოდ ნათესაური ურთიერთობების არსებობის ფაქტს არ დაეყრდნობოდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი ნათესავებს შორის გარიგების დადებას არ კრძალავს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. 2021 წლის 25 ივნისს პირველმა მოპასუხემ (წარმომადგენელი ა.კახნიაური) საკასაციო სასამართლოში განცხადება შემოიტანა, რომლითაც მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა ითხოვა, დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობს გამო.

18.1. შუამდგომლობა იმითაა დასაბუთებული, რომ მხარეები მორიგდნენ და მსესხებელმა მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, მსესხებელს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (150 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი), გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი (7 520 ლარი) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული სასამართლო ხარჯი (5 550 ლარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა პირველი მოპასუხის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

19. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა - მოპასუხეებს შორის 2017 წლის 18 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის საგნის (ქ.ქობულეთში, ....... მდებარე უძრავი ქონება) პირველი მოპასუხის (წინამორბედი მესაკუთრე) საკუთრებაში აღრიცხვა. მოსარჩელის მიზანი ისაა, რომ შესაბამისი გარიგების ბათილად ცნობის შედეგად, ნასყიდობის საგანი პირველი მოპასუხის საკუთრებაში დაბრუნდეს. საბოლოოდ, მოსარჩელეს ამით იმის მიღწევა სურს, რომ შესაძლებელი გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც პირველი მოპასუხის დამფუძნებელს (მსესხებელი) მის სასარგებლოდ 150 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, განსახილველი სარჩელის აღძვრის მიზანია, მსესხებლისგან (რომელიც პირველი მოპასუხის დამფუძნებელია) სესხის დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საბოლოოდ სწორედ მსესხებლის (რომელიც პირველი მოპასუხის დამფუძნებელია) მიმართ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს მოთხოვნა კი, თავის მხრივ, 150 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაბრუნებაში მდგომარეობს.

20. პირველი მოპასუხის წარმომადგენელ ა.კ–ის განცხადებითა და თანდართული მასალების შემოწმებით დგინდება, რომ მსესხებელმა ნებაყოფლობით შეასრულა მოსარჩელის მიმართ ვალდებულება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და რომლის აღსრულების უზრუნველყოფაც განსახილველი სარჩელის მიზანია. აქვე პალატა მხედველობაში იღებს საქმეში არსებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, ა.კ–რი სასამართლოში პირველი მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. ხსენებული მინდობილობა საწარმოს დირექტორის მიერ 2020 წლის 26 ივნისს გაიცა და იგი ძალაუნარიანია (გაცემულია 3 წლის ვადით). საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადება კი, საწარმოს სახელით შედგენილი და წარმოდგენილია 2021 წლის 25 ივნისს (ტომი 3, ს.ფ. 88). შესაბამისად, აღნიშნული გარემოება პალატას უფლებამოსილს ხდის, იმსჯელოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ წარმომადგენლის განცხადებაზე (სსსკ-ის 93.1 და 96.2 მუხლები).

21. პალატის განსჯით, ზემომითითებული გარემოებები საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ დღეის მდგომარეობით მიღწეულია მიზანი, რისთვისაც განსახილველი სარჩელი აღიძრა. რაკი მსესხებელმა მოსარჩელეს 150 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი დაუბრუნა, ცხადია, რომ აღნიშნული თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურებამ გააქარწყლა სარჩელის მიმართ არსებული იურიდიული ინტერესი.

ამასთან, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით აღარ არსებობს დავის საგანი და ასეთ ვითარებაში, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას.

22. პალატას მხედველობაში იღებს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და რომლითაც დადგენილია შემდეგი: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი კასატორის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

23. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს შპს „ნ პ–ის“ კუთვნილი ქ.ქობულეთში, . ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .......).

24. რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 54.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხის შეფასებისას, პალატა მხედველობაში იღებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებს. ხსენებული ორდერებით ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ (წარმომადგენელი ა.კახნიაური) მოსარჩელეს აუნაზღაურა პროცესის ხარჯები, მათ შორის, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეთათვის დაკისრებული პროცესის ხარჯი (მთლიანობაში 5 550 ლარი, კერძოდ: სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი, სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟის - 50 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი - 2 500 ლარი). ეს გარემოება პალატას შესაძლებლობას აძლევს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯი მოპასუხეებს თავად აღარ დააკისროს და დაეყრდნოს მხარეთა მიერ შემოთავაზებულ განაწილებას, რაც წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებიდან იკვეთება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 1991-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „M G -ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება თ.გ–ის სარჩელისა გამო შპს „M G -სა“ და შპს „ნ პ–ის“ მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის საგნის შპს „M G -ს“ საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისგან გათავისუფლდეს შპს „ნ პ–ის“ საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, ....... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ......).

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე