Facebook Twitter

18 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-1261 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „გ.ვ.გ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ L.P.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ.ვ.გ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე/საარბიტრაჟო მოსარჩელე აპელანტი, კასატორი ან გადამზიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 აგვისტოს განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ L.P“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე/საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხემ თავდაპირველად ტვირთის დაგვიანებით ჩამოტანა მიუთითა, ხოლო შემდგომ საერთოდ უარყო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, შესაბამისად, მხარის აღირების არსებობის პირობებში მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა ვლინდება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეებს შორის 2016 წლის 6 იანვარს დაიდო ტვირთის გადაზიდვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულება, რომლის #06.01.2016 დანართით ტრანსპორტირების ღირებულება 1850 ევროს (რომელიც დამკვეთს ტვირთის მიღებიდან 7 დღეში უნდა აენაზღაურებინა), ხოლო ტვირთის აღებიდან მისი მიწოდების ვადა 15-19 სამუშაო დღეს შეადგენდა.

5.4. 2016 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადამზიდველ კომპანიას მომსახურება მოპასუხის სასარგებლოდ არ გაუწევია.

5.5. 2016 წლის 10 მარტს მხარეებს შორის კვლავ დაიდო 2016 წლის 6 იანვრის გარიგების მსგავსი ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება.

5.6. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „სამართლიანი არბიტრის“ 2016 წლის 28 ნოემბრის #588-16 გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) კი, საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეს 1 100 ევროსა და პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 0,5%-ის, 5.5 ევროს (2016 წლის 5 ივლისიდან იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით - 77 ევროს), გადასახდელი თანხის 1%-ის, დღეში 11 ევროს (2016 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით - 1430 ევროს) და გადასახდელი თანხის 1%-ის დღეში 11 ევროს, გადახდა დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 29 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. გადაზიდვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) სსკ-ის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე) 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა უმთავრესი გარემოება, რომ შპს „გ.ვ.გ–ს“ სარჩელში დასახელებული თანხის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, ვინაიდან სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი მოგვარების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე, ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს, შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან (სსკ-ის 316.1 მუხლი). აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (შდრ. სუსგ საქმე # ას-245-233-2017 6.06.2017). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა.

2016 წლის 6 იანვრის ხელშეკრულება, რომელსაც კასატორი ეყრდნობა, ასეთი მოთხოვნის წარდგენის საშუალებით მას ვერ აღჭურვავს, რადგანაც ხელშეკრულებითა და მისი დანართით შეთანხმებული გადაზიდვის რეალურად განხორციელება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უმთავრესი გარემოებაა საქმის მასალებით არ დასტურდება.

8. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის არსებობაზე, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი გაწეული მომსახურების რეალობის დამტკიცებას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით შეეცადა, კერძოდ, მიუთითა, რომ 2016 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში ტვირთი მოპასუხის სასარგებლოდ გადაზიდა და მას სასამართლოსათვის სხვა მტკიცებულება (რაც მოპასუხის სასარგებლოდ ტვირთის გადაზიდვას დაადასტურებდა) არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება მეორე მხარემ/მოპასუხემ უარყო. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი გარემოების - ტვირთის რეალურად გადაზიდვის დამტკიცება, მით უფრო, რომ კასატორს დავის ეს ნაწილი საკასაციო პრეტენზიებში სათანადო დასაბუთებით არ გაუმყარებია. შესაბამისად, არ ვლინდება სსკ-ის 668-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები (წინამძღვრები).

10. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოპასუხემ თავდაპირველი შესაგებლით აღიარა ტვირთის გადაზიდვა.

10.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 131-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვით, საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას (შდრ.სუსგ №ას-373-354-2015; 13.11.2015წ). თუმცა, იმავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამდენად, კანონი ფაქტის აღიარების გაქარწყლების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობის პირობებში, როგორიცაა - შეცდომა, რომელიც აღიარების შემდეგ გახდა ამღიარებლისათვის ცნობილი, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდა, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.

10.2. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც 2016 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ ტვირთის გადაზიდვას დაადასტურებდა და მხარეებს შორის გაფორმებულია ზემოაღნიშნული შეთანხმების მსგავსი სახელშეკრულებო ურთიერთობა (2016 წლის 10 მარტის გადაზიდვის ხელშეკრულება); საკასაციო სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია მოპასუხის მსჯელობა, რომ თავდაპირველ შესაგებელში მან თვალსაზრისი/პოზიცია შეცდომით გამოხატა, ვინაიდან იგი არა 2016 წლის 6 იანვრის, არამედ 2016 წლის 10 მარტის შეთანხმებას და მის საფუძველზე წარმოქმნილ ურთერთობებს მოიაზრებდა (თავდაპირველ შესაგებელსა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოპასუხის შედავებებიც მსგავსია). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ მოპასუხემ მხარემ აღიარების გაქარწყლება სათანადო ფორმით განახორციელა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები საქმის განხილვისას მართებულად დაეყრდნენ მოპასუხის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ შესაგებელში ჩამოყალიბებულ პოზიციას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, მისთვის გადაზიდვის საზღაურის და ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 472.67 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 12.10.2020წ), 70% - 330, 86 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ვ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ.ვ.გ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს ვ.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 472.67 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 12.10.2020წ), 70% - 330,86 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე